ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის მთავარ რისკებს ასახელებს

ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის მთავარ რისკებს ასახელებს

“მიუხედავად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ბოლოდროინდელი შემცირებისა, იგი კვლავ მაღალია და ქვეყანა საგარეო წყაროებზე დამოკიდებული რჩება. შესაბამისად, მაღალია საქართველოს ეკონომიკის მგრძნობიარობა გლობალური და რეგიონული ეკონომიკური ზრდის შოკებისა და გლობალური ფინანსური პირობების ცვლილებების მიმართ”, – ამის შესახებ საუბარია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსური სტაბილურობის 2019 წლის ანგარიშში.

ეროვნული ბანკი იმ მთავარ რისკებსაც ასახელებს, რომლებიც ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის წინაშე დგას:

რეგიონში პოლიტიკური და ეკონომიკური დაძაბულობით გამოწვეული არასტაბილურობა და რუსეთთან გამწვავებული ურთიერთობები. საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივები მჭიდროდაა დაკავშირებული რეგიონის ქვეყნებში, განსაკუთრებით რუსეთსა და თურქეთში, მიმდინარე მოვლენებთან. რეგიონში ეკონომიკურმა არასტაბილურობამ და რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებამ შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური ზრდის შენელება და საქართველოს ფინანსურ სისტემაში საკრედიტო რისკების ზრდა.

შინამეურნეობების მოწყვლადობა ეკონომიკური შოკების მიმართ, რაც შინამეურნეობების ვალის ისტორიულად მაღალ დონემდე სწრაფი ზრდითაა გამოწვეული. ვინაიდან ვალის მქონე შინამეურნეობების დიდ ნაწილს სესხის მომსახურების მაღალი ტვირთის მქონე მსესხებლები წარმოადგენენ, შინამეურნეობების დანახარჯების მგრძნობიარობა მიმდინარე შემოსავლებისა და მომხმარებელთა განწყობის შოკების მიმართ მაღალია. გარდა ამისა, შინამეურნეობების ვალის მნიშვნელოვანი წილი უცხოურ ვალუტაში ნარჩუნდება. ეს კი, არაჰეჯირებული მსესხებლების შემთხვევაში, გაცვლითი კურსის ცვალებადობის მიმართ შინამეურნეობების დანახარჯებისა და მათი ფინანსური მდგომარეობის ძლიერ მოწყვლადობას წარმოშობს.

სავაჭრო დაძაბულობის ზრდითა და პოლიტიკის გაურკვევლობით განპირობებული გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელება. აღნიშნულმა შესაძლოა გაზარდოს რისკების აღებისგან თავშეკავება (risk aversion) და, შესაბამისად, შეამციროს ქვეყნებს შორის საინვესტიციო და სავაჭრო ნაკადები. რისკის მადა განვითარებადი ბაზრების, მათ შორის საქართველოს, მიმართ მცირდება და რისკის პრემია ზრდის მიმართულებით გადაფასდება. საქართველოდან ექსპორტის შემცირება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შეჩერება ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობას და ვალის ტვირთის ზრდას გამოიწვევს. შედეგად, გაიზრდება საკრედიტო რისკი, რაც კიდევ უფრო გაამძაფრებს ეკონომიკურ ვარდნას გამკაცრებული საკრედიტო პირობებით.

ციკლური დაღმავლობა უძრავი ქონების ბაზარზე. უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორებში სამუშაო ძალისა და ინვესტიციების ათვისება მაღალი ტემპით იზრდება. იგი შერბილებული საკრედიტო პირობებით, მზარდი ტურიზმითა და უძრავი ქონების ფასებზე ოპტიმისტური მოლოდინებით განპირობებული ძლიერი მოთხოვნითაა გამოწვეული. ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნა მეტწილად ციკლური ხასიათისაა, ეკონომიკური ვარდნის შემთხვევაში ამ სექტორებში სამუშაო ძალისა და ინვესტიციების ჭარბმა კონცენტრაციამ შეიძლება უმუშევრობის მკვეთრი ზრდა და ვალის მომსახურების სირთულეები გამოიწვიოს, რასაც საზიანო შედეგები ექნება მთლიანი ეკონომიკისთვის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *