უპრეცედენტო ნახტომი

უპრეცედენტო ნახტომი

ქართული კომპანია “პულსარი” უკვე სამი წელია, ბაზარზე წარმატებით ოპერირებს.

“პულსარი” ექსკლუზიურად ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მომუშავე ქართული კომპანიაა, რომელიც 2018 წლიდან, მრავალი წარმატებული პროექტის შემდგომ, ხელოვნური ინტელექტის პროგრამულ უზრუნველყოფას როგორც მომსახურებას (SaaS) სთავაზობს მომხმარებელს. ამან კომპანიას საშუალება მისცა, უფრო მეტი ყურადღება გაემახვილებინა გლობალური ბაზრის კვლევაზე, რათა საერთაშორისო ასპარეზზე სწრაფი განვითარებისთვის მიეღწია.

2019 წელს, დაფინანსების მოძიების ძალიან წარმატებული პირველი რაუნდი – 1.2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია – “პულსარმა” სილიკონის ველის ანგელოზი ინვესტორებისა და ვენჩურული ფონდებისგან მიიღო. “პულსარს” ისეთი წარმატებული ინვესტორები აფინანსებენ, როგორიცაა Ridge Ventures-ი, 122 West VC, ცნობილი პოლიტიკური კონსულტანტი მაიკ მერფი, Great Oaks VC, Ten Eighty Capital-ი და ა.შ. მათთან თანამშრომლობა, გარდა ფინანსებისა, ინტელექტუალური და საკონსულტაციო რესურსის მიღების საუკეთესო საშუალებაა, რაც კომპანიას განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მნიშვნელოვნად დაეხმარება.

2018 წელს “პულსარმა” თიბისი ბანკთან ერთად გადახდის ინოვაციური მეთოდისთვის საერთაშორისო გადახდების ჯილდო მოიგო, 2019 წლის მსოფლიოში საუკეთესო მობილური საბანკო პროგრამა კი სწორედ “პულსარის” ხმის ტექნოლოგიას იყენებს.

“პულსარმა” ადგილობრივ ბაზარზე უნიკალური ტექნოლოგიები შექმნა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართული ენის Natural Language Processing-ი (ბუნებრივი ენის დამუშავება), ხმოვანი ტექნოლოგიების ჩათვლით – სიტყვის ტექსტად და ტექსტის სიტყვად გარდაქმნა. “პულსარმა” ამ ინსტრუმენტების შექმნის მეშვეობით საშუალება მისცა ქართულ კომპანიებს, დაენერგათ ტექნოლოგიური და ინოვაციური გადაწყვეტილებები თავიანთი ბიზნესის წინსვლისთვის.

“პულსარი” 2016 წელს დაჩი ჭოლაძემ და ზაალ გაჩეჩილაძემ დააფუძნეს, დღეს კი კომპანიის დამფუძნებელთა სიაში წარმატებული ქართველი ანტრეპრენიორი ჯორჯ არისონიც და სოფო ჭყოიძეც არიან.

საინტერესოა ჯორჯ არისონისა და “პულსარის” გუნდის შეხვედრის ისტორია. 2018 წელს “პულსარის” გუნდი სილიკონის ხეობაში იმყოფებოდა, სადაც მათ Shift-ის დამფუძნებელი ჯორჯ არისონი გაიცნეს. პულსარის დამფუძნებლებსა და ჯორჯ არისონს შორის თანამშრომლობის თემები მალევე გამოიკვეთა.

აშშ-ის საავტომობილო ინდუსტრიის ერთ–ერთი ურთულესი პრობლემის გადაჭრა “პულსარის” NLP და Conversation Automation ტექნოლოგიამ წარმატებით შეეძლო.

არისონის გამოცდილება, ცოდნა და კონტაქტები კი საავტომობილო ინდუსტრიაში ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა ქართული კომპანიისთვის. ჯორჯ არისონისა და “პულსარის” გუნდის ტანდემმა 2019 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო მუშაობა საავტომობილო ინდუსტრიის მომხმარებელთა ჩართულობის ავტომატიზაციაზე. თბილისის ოფისს ამერიკის ოფისი დაემატა, “პულსარის” ბიზნესგუნდი ამერიკაში, კერძოდ, სან-ფრანცისკოში გადავიდა, ხოლო გუნდი, რომელიც საქართველოში დარჩა, ტექნოლოგიების კვლევისა და განვითარების მიმართულებით მუშაობს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *