ყველაზე სწრაფები მსოფლიოში

ყველაზე სწრაფები მსოფლიოში

ერთი წლის წინ FORBES GEORGIA-ში გამოვაქვეყნე სტატია, რომელიც 2017-2018 წლებში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე 10 ქვეყანას ეხებოდა. ამჯერად 2019 წლის ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკებს განვიხილავ.

წინა სტატიაში მოყვანილი ათი ქვეყნიდან ექვსი 2019 წელსაც ტოპ-10-ში ხვდება, ესენია: ეთიოპია, კოტ-დ’ივუარი, ბანგლადეში, განა, ნეპალი და კამბოჯა.

სტატიაში მონაცემთა წყაროდ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მაჩვენებლებია გამოყენებული. სავალუტო ფონდი სისტემატურად აქვეყნებს წევრი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს. ქვეყნების ეკონომიკური ზრდის 2019 წლის პროგნოზი დაახლოებით ერთი თვის წინ განახლდა და, შესაბამისად, პროგნოზები ახლოსაა 2019 წლისთვის მოსალოდნელ რეალურ რიცხვებთან.

2019 წელს მსოფლიო ეკონომიკა – 3%-ით, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა – 1.7%-ით, ხოლო განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა 3.9%-ით გაიზრდება. ყველაზე სწრაფად მზარდი რეგიონი აზიის განვითარებადი ქვეყნებია – წელიწადში საშუალოდ 5.9%-ით.

დღეს ქვეყნის ეკონომიკა მინიმუმ 6.5%-ით თუ იზრდება, ის მსოფლიოს 10 ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყნების ჯგუფში ხვდება. თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში მნიშვნელოვან როლს ე.წ. საბაზისო მდგომარეობაც თამაშობს: ღარიბ ქვეყანაში უფრო იოლია მაღალი ზრდის მიღწევა, ვიდრე მდიდარ ქვეყანაში და ეს გამოუყენებელი რესურსების, დაბალი შიდა კონკურენციის, კაპიტალზე შედარებით მაღალი სარგებლიანობისა და ერთ მოსახლეზე მცირე ეკონომიკის გამო ხდება.

10. მავრიტანია

მოსახლეობა: 4.1 მილიონი

მშპ: $5.7 მილიარდი

მშპ ერთ მოსახლეზე: $1 390

2019 წელს მავრიტანიის ეკონომიკა 6.6%-ით გაიზრდება. მავრიტანია აფრიკის კონტინენტის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, რომლის დაახლოებით 75% საჰარის უდაბნოს უჭირავს. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელს ის ეკონომიკის ზრდით მსოფლიოში მე-10-ა და ბოლო 8 წელიწადში ეკონომიკა საშუალოდ წლიურად 4.1%-ით იზრდება, უღარიბესი ქვეყანაა. ერთ მოსახლეზე შემოსავლით მსოფლიოში 142-ე ადგილზეა. სიღარიბის მიუხედავად, ქვეყნის მოსახლეობა საკმაოდ სწრაფად იზრდება, ბოლო 8 წელიწადში 17%-ით გაიზარდა.

მავრიტანია მდიდარია ძვირფასი და შავი ლითონების საბადოებით. სხვადასხვა ლითონის მადნებს ექსპორტის ნახევარი უჭირავს. ასევე, მავრიტანიამ დაიწყო გაზის ექსპორტი, რამაც ეკონომიკური ზრდა დააჩქარა.

9. კამბოჯა

მოსახლეობა: 16.5 მილიონი

მშპ: $27 მილიარდი

მშპ ერთ მოსახლეზე: $1 620

2019 წელს კამბოჯის ეკონომიკის ზრდის ტემპი დაახლოებით 7%-ია. კამბოჯა უკიდურესი სიღარიბისგან გამოსვლის გზას გადის და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რვა წელია, ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 7.2%-ით იზრდება, ერთ მოსახლეზე შემოსავლით მსოფლიოში 137-ე ადგილზეა. სწრაფად იზრდება ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობაც.

კამბოჯის ეკონომიკის ზრდას განაპირობებს იაფი სამუშაო ძალა, სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების გაუმჯობესება და საგარეო დახმარებები. სწრაფად იზრდება მშენებლობის სექტორი, ექსპორტი და ტურიზმი. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები ქვეყნის მშპ-ის მიმართ 25%-ია, ხოლო სახელმწიფო ვალი – მშპ-ის 30%. ბოლო 5 წლის საშუალო წლიური ინფლაცია 2.6%-ია.

8. ნეპალი

მოსახლეობა: 28.5 მილიონი

მშპ: $30 მილიარდი

მშპ ერთ მოსახლეზე: $1 050

წელს ნეპალის ეკონომიკა 7.1%-ით გაიზრდება და წინა ორი წლის მსგავსად, ეკონომიკური ზრდის მიხედვით წელსაც მსოფლიოს ტოპ-10-შია. კამბოჯისა და მავრიტანიის მსგავსად, ნეპალიც მსოფლიოს უღარიბეს ქვეყანათა ჯგუფშია, ერთ მოსახლეზე შემოსავლით მსოფლიოში 155-ე ადგილზეა.

პირველ რიგში, ბოლო 3 წელიწადში ეკონომიკური ზრდის ამაღლება იმან განაპირობა, რომ 2015 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ნეპალმა მნიშვნელოვანი საგარეო დახმარებები მიიღო. ქვეყნის ყველაზე სტრატეგიული სექტორი ტურიზმია. მიუხედავად იმისა, რომ დასამუშავებელი მიწა ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 20%-ს შეადგენს, მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. ნეპალისთვის მნიშვნელოვანია ემიგრანტთა ფულადი გზავნილები, რაც მშპ-ის 29%-ს აღწევს.

7. ეთიოპია

მოსახლეობა: 96 მილიონი

მშპ: $91 მილიარდი

მშპ ერთ მოსახლეზე: $950

2019 წელს ეთიოპიის ეკონომიკა 7.4%-ით გაიზრდება. ბოლო რვა წელია, მისი ეკონომიკა წელიწადში საშუალოდ 9%-ით იზრდება, მაგრამ ქვეყანამ ჯერ ვერ დააღწია თავი უკიდურეს სიღარიბეს, ის მსოფლიოში 164-ეა ერთ მოსახლეზე შემოსავლის მიხედვით. უკიდურესი სიღარიბიდან თავის ვერდაღწევის ერთ-ერთი მიზეზი დემოგრაფიული ბუმია, ქვეყნის მოსახლეობა ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი კაცით იზრდება. მაგალითად, 2012 წელს მოსახლეობა 86 მილიონი კაცი იყო, 2019 წელს კი 96 მილიონს მიაღწევს.

ეთიოპიის სწრაფი ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი იაფი სამუშაო ძალაა. მოსახლეობის 70% 30 წლამდე ასაკისაა. ყავის წარმოებით მსოფლიოში მე-3 ადგილზეა. მდიდარია ჰიდროენერგორესურსებით, რაც ქმნის საფუძველს, რომ ელექტროენერგიის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორი გახდეს აფრიკასა და შუა აღმოსავლეთში. ზრდის ტემპი მაღალია მომსახურების სექტორსა და მშენებლობაში, რაც ნაწილობრივ სახელმწიფო პროექტებითაა განპირობებული.

6. განა

მოსახლეობა: 30 მილიონი

მშპ: $67 მილიარდი

მშპ ერთ მოსახლეზე: $2 220

განის ეკონომიკა 2019 წელს 7.5%-ით გაიზრდება. განაც ღარიბი ქვეყანაა, საქართველოზე დაახლოებით ორჯერ ღარიბი. ბოლო 8 წელია, მისი ეკონომიკა წელიწადში საშუალოდ 6%-ით იზრდება.

განა მაღალი ინფლაციით (წლიურად 9%), ბიუჯეტის დეფიციტითა და მზარდი სახელმწიფო ვალით ხასიათდება, რაც მიღწეული ეკონომიკური ზრდის ტემპს არასაიმედოს ხდის.

განა დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც ოფიციალური სასაუბრო ენა ინგლისურია. მთავარი საექსპორტო საქონელი კაკაო, ოქრო და ნავთობია – ექსპორტის 75% მათზე მოდის. ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს პირველ რიგში ნავთობის ინდუსტრია განაპირობებს, 2011 წლიდან ნავთობის მოპოვება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

5. კოტ-დ’ივუარი

მოსახლეობა: 25.6 მილიონი

მშპ: $44 მილიარდი

მშპ ერთ მოსახლეზე: $1 700

7.6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიხედვით, მსოფლიოში მეხუთე ადგილზე კოტ-დ’ივუარია. კოტ-დ’ივუარში სწრაფი ეკონომიკური ზრდა 2012 წლიდან დაიწყო და 2012-2019 წლების საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა 8.5%-ია. სხვა აფრიკული ქვეყნების მსგავსად, დემოგრაფიული ბუმი კოტ-დ’ივუარსაც ახასიათებს, 2012 წლის შემდეგ მოსახლეობა 20%-ით გაიზარდა.

კოტ-დ’ივუარი ფრანგულად მოსაუბრე აფრიკის დასავლეთ სანაპიროს ქვეყანაა. 2011 წლამდე, თითქმის ათი წელი, ქვეყანა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში იმყოფებოდა, სიღარიბის დონე მატულობდა. 2011 წლიდან პოლიტიკური სტაბილურობა დამყარდა, მთავრობამ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო, რამაც ეკონომიკური ზრდა საგრძნობლად დააჩქარა. როგორც სხვა ღარიბი ქვეყნები, ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის დიდი წილით გამოირჩევა. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები მშპ-ის მიმართ 23%-ია. ხასიათდება დაბალი ინფლაციით, ბოლო 8 წლის საშუალო ინფლაცია 1.1%-ია.

4. ბანგლადეში

მოსახლეობა: 167 მილიონი

მშპ: $317 მილიარდი

მშპ ერთ მოსახლეზე: $1 900

2019 წელს ბანგლადეშის ეკონომიკა 7.8%-ით გაიზრდება. ბოლო რვა წელიწადში ბანგლადეშში ერთ მოსახლეზე შემოსავალი გაორმაგდა, თუმცა ისევ ღარიბ ქვეყნად რჩება განვითარების უკიდურესი სიღარიბიდან დაწყებისა და დემოგრაფიული ბუმის გამო. მოსახლეობის რიცხოვნობით ბანგლადეში მსოფლიოში მე-8 ადგილზეა და, ქალაქ-სახელმწიფოების გამოკლებით, მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა.

ბანგლადეშში მთავრობის ზომა (ბიუჯეტის ხარჯები) მშპ-ის 15%-ია. დაბალი სახელმწიფო ვალი აქვს, ექსპორტი და იმპორტი კი თითქმის თანაბარია.

ბანგლადეში მაღალ ეკონომიკურ ზრდას პირველ რიგში მრავალრიცხოვანი იაფი სამუშაო ძალით აღწევს. ეს ყველაზე კარგად ტანსაცმლის წარმოებაში გამოიხატება. დღეს ბანგლადეში ტანსაცმლის ექსპორტით მსოფლიოში მეორეა და მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩება. ბანგლადეშს ძალიან ეხმარება ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხებიც.

3. რუანდა

მოსახლეობა: 12.4 მილიონი

მშპ: $10.2 მილიარდი

მშპ ერთ მოსახლეზე: $825

ბანგლადეშის მსგავსად 2019 წელს რუანდის ეკონომიკაც 7.8%-ით გაიზრდება. ბოლო 8 წელია, მისი ეკონომიკა წელიწადში საშუალოდ 7.1%-ით იზრდება. მიუხედავად ასეთი ზრდისა, დემოგრაფიული ბუმის გამო, რუანდა საკმაოდ ნელი ტემპით გამოდის უკიდურესი სიღარიბიდან და 2019 წლის მდგომარეობით, ერთ მოსახლეზე შემოსავლით მსოფლიოში 166-ე ადგილზეა.

რუანდის ეკონომიკური განვითარება საკმაოდ საინტერესოა. ეს არის 1990-იან წლებში გენოციდით ძალიან დაზარალებული, პატარა, რესურსებით ღარიბი ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიული ქვეყანა არ არის, პარლამენტში ქალებს მანდატების 67% აქვთ, რაც მსოფლიოში რეკორდული მაჩვენებელია. რეფორმების შედეგად რუანდამ მიაღწია, რომ ეკონომიკის თავისუფლების ინდექსში 32-ეა, ხოლო ბიზნესის კეთების (Doing Business) რეიტინგში – 29-ე. ეკონომიკის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, რუანდაში უკეთ არის საკუთრება დაცული, ვიდრე საქართველოში, უფრო დაბალი კორუფციაა, ვიდრე საქართველოში, გაცილებით თავისუფალი და ეფექტიანი სასამართლოა, ვიდრე საქართველოში.

რუანდა მიმზიდველი გახდა ინვესტიციებისთვის, თუმცა ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სახელმწიფო ინვესტიციებიც, რის გამოც რუანდის სახელმწიფო ვალი სწრაფად იზრდება და ერთ-ერთ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.

2. სამხრეთი სუდანი

მოსახლეობა: 13.4 მილიონი

მშპ: $3.7 მილიარდი

მშპ ერთ მოსახლეზე: $275

2019 წელს სამხრეთ სუდანის ეკონომიკაც 7.9%-ით გაიზრდება, თუმცა სიღარიბით მსოფლიოში 178-ე ადგილზეა. სამხრეთი სუდანი დამოუკიდებელი სახელმწიფო 2011 წელს გახდა, როდესაც სუდანს გამოეყო. 2013 წელს სუდანში სამოქალაქო ომი დაიწყო, რომელიც 2018 წლის ბოლოს შეწყდა. სამოქალაქო ომში 400 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, მილიონობით ადამიანმა ქვეყანა დატოვა, ეკონომიკა კი, შეიძლება ითქვას, განადგურდა. ერთ მოსახლეზე შემოსავალი 1 300 აშშ დოლარიდან 275 დოლარზე ჩამოვიდა. 2015-2017 წლების ჯამურმა ინფლაციამ 700% შეადგინა, ეროვნული ვალუტა კი დოლარის მიმართ 1000%-ით გაუფასურდა.

2019 წლის მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი მშვიდობის დამყარებისა და ეკონომიკაში დადებითი ტენდენციების ჩასახვის შედეგია. ინფლაციის ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ 2019 წელსაც მაღალია – 35%. ზოგადად, ომის დასრულების შემდეგ, ქვეყნებს სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპი ახასიათებს, რადგან იწყება გაჩერებული ეკონომიკის ამუშავება. სამხრეთი სუდანი მდიდარია ნავთობით, რომლის მოპოვებაც ომის გამო შეფერხდა.

1. დომინიკა

მოსახლეობა: 73 ათასი

მშპ: $0.6 მილიარდი

მშპ ერთ მოსახლეზე: $8 400

განის ეკონომიკა 2019 წელს 9.4%-ით გაიზრდება და ზრდის ტემპით მსოფლიოში პირველი იქნება. გასული 7 წელი დომინიკისთვის საკმაოდ წარუმატებელი იყო. მაგალითად, 2017 წელს მისი ეკონომიკა 9.5%-ით შემცირდა. აქამდე განხილულ ქვეყნებს შორის დომინიკა ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, თუმცა შემოსავლების მიხედვით მსოფლიოში 107-ე ადგილზეა.

დომინიკა პატარა კუნძულოვანი ქვეყანაა კარიბის ზღვაში, რომელიც ნაწილობრივ ოფშორია. ის ასევე გამორჩეულია ტურიზმით და ეგზოტიკური ხილის ექსპორტით. მაგალითად, ბანანის ექსპორტით მსოფლიოში მე-9 ადგილი უჭირავს. რადგან ტურიზმი და სოფლის მეურნეობა ქვეყნის მნიშვნელოვანი დარგებია, ეკონომიკას განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ოკეანიდან წამოსული ქარიშხალი. სწორედ ქარიშხალმა “მარიამ” მიაყენა დიდი ეკონომიკური ზარალი 2017 წელს დომინიკას. შეიძლება ითქვას, რომ 2019 წლის მაღალი ეკონომიკური ზრდის მთავარი მიზეზი სწორედ “მარიასგან” მიყენებული ზარალის თანდათან აღდგენაა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *