"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში

"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში

სამშენებლო და უძრავი ქონების ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა საქართველოში. 2019 წელს მშენებლობაზე გაცემული ნებართვების ოდენობა, მართალია, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0,2%-ით ნაკლებია, თუმცა ფართობი 7,8%-ით მეტია. ნებართვების 11.1% აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე მოდის, გაცემულ ნებართვებში კი განსაკუთრებული პოპულარობით მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები სარგებლობს, რომელთა უმეტესობა ბათუმში ხორციელდება. აჭარაში მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროექტი კომპანია “ეიარ მერიდიანსის” WHITE SAILS-ია – თეთრი იალქნების ქალაქი ბათუმში. პროექტი დასკვნით ეტაპზეა და, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ექსპლუატაციაში 2020 წლის იანვრიდან შევა. დეტალებზე Forbes Georgia “ეიარ მერიდიანსის” დირექტორს, ნათია გოგიძეს ესაუბრა.

ცოტა მეტი გვითხარით ბათუმში თქვენი პირველი პროექტის – “ვაით სეილსის” შესახებ – რატომ აირჩიეთ ბათუმი და რა შედეგის მიღწევას ელოდებით?

“White Sails”-ის ამოცანა საკმაოდ ამბიციურია: მან უნდა დააკმაყოფილოს 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში მოქმედი ყველა სტანდარტი, რაც დაკავშირებულია თანამედროვე ცხოვრებისა და დასვენების ფუფუნების საგნებთან. ამ მიზნით პროექტის გეგმარებას ჩვენივე არქიტექტურული კომპანია BWC Project Group-ი ახორციელებს, რომელსაც ამ სფეროში ათ წელზე მეტი გამოცდილება აქვს და მისი პორტფოლიო ითვლის 35-ზე მეტ მაღალი კლასის შენობა-ნაგებობას, 15-ზე მეტ ადმინისტრაციულ შენობას, 21 სასტუმროს, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს, აეროპორტებსა და სხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ჯამში 1 მლნ კვ/მ-ზე მეტ მშენებლობას.

BWC Project Group მიმდინარე წელს The New York Time-ის ლიცენზიატმა გამომცემლობა “ბიზნესსახელებმა” 2018 წლის ხუთ საუკეთესო ქართულ კომპანიას შორის დაასახელა – “წლის არქიტექტურული კომპანიის” ნომინაციაში, ხოლო დაჯილდოება სენატორების მონაწილეობით, კონგრესში, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენი კომპლექსი გათვლილია მაქსიმალურ კომფორტზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც ცხოვრების სტანდარტებს გააუმჯობესებდა. შენობების შედარებით პატარა მასშტაბი ვარჩიეთ და უფრო დიდი ტერიტორია დავუთმეთ ეზოს ინფრასტრუქტურას. კომპლექსი მოიცავსროგორც სტუდიოს ტიპის ბინებს, ასევე ერთ- და ორსაძინებლიან ბინებსაც. ყველა ბინას აქვს აივანი, ყველა ბინა ნათელია. მეტი კომფორტის შექმნის მიზნით, ბინებს ვაბარებთ დასრულებული რემონტით, ჩაშენებული სამზარეულოთი და სრულად დაკომპლექტებული სააბაზანოთი. კომპლექსი ასევე მოიცავს ორი მაღალი კლასის ბრენდირებულ სასტუმროს, რომელთაგანაც ერთ-ერთი დადასტურებულად იქნება IBIS STYLES-ი, ხოლო მეორე სასტუმროს თაობაზე ოპერატორთან ხელმოწერის პროცესი მიმდინარეობს და დეტალები საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს საქართველოში უმსხვილესი სამშენებლო კომპანია “ანაგი”, რომელიც ბაზარზე 1989 წლიდან მოქმედებს. “ანაგმა” წარმატებით გაიარა რესერტიფიცირება სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესების მიხედვით და მოიპოვა ISO 9001:2015 სერტიფიკატი. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიკაციური საინჟინრო კადრებით, რომელთა უმეტესობას ათ წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აქვს. ამიტომ მშენებლობის ხარისხიც ძალიან მაღალია.

დავაზუსტოთ: რამხელა ინვესტიციაზე ვსაუბრობთ და რა პერიოდში?

კომპლექსის მშენებლობა 2016 წელს დავიწყეთ, ინვესტიციის მოცულობა საკმაოდ შთამბეჭდავია და დაახლოებით სამოც მილიონ ლარს შეადგენს. ამ დროისათვის ბინების 40% უკვე გაყიდულია.

საინტერესოა საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს თქვენეული შეფასება. აქ ბიზნესის კეთება უფრო ადვილია / ნაკლები რეგულაციაა / გათვლა შეიძლება გაკეთდეს არა მხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ მომხმარებელზეც – თუ რა მიზეზი ან მიზეზებია, რატომაც აირჩია “ეიარ მერიდიანსმა” საქართველო ბიზნესის წარმოებისთვის?

ბათუმის, როგორც ტურისტული ქალაქის განვითარების ტემპებმა განაპირობა ჩვენი ჩანაფიქრის განხორციელება. გვინდოდა, თანამედროვე, ბათუმის განაშენიანებისთვის მისაღები, მიმზიდველი კომპლექსი შეგვექმნა, რომელიც გათვლილი იქნებოდა როგორც კომფორტული ცხოვრებისა და დასვენებისთვის, ასევე უძრავ ქონებაში ინვესტიციის განსახორციელებლად. “White Sails”-ი ბათუმში ზღვის პირველ ზოლში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მდებარეობს და ჯამში 29,445 კვ/მ მიწის ფართობს მოიცავს. მულტიფუნქციურ კომპლექსში შედის ოთხი აპარტოტელი, მაღალი კლასის საცხოვრებელი სახლი და ორი ბრენდირებული სასტუმრო. მომავალში კომპლექსში გათვალისწინებულია ეზო, 27-მეტრიანი ღია საცურაო აუზი, საბავშვო აუზი, რესტორნები, კაფეები, სწრაფი კვების ობიექტები, სპორტული მოედნები, სპორტული დარბაზები და სხვა გასართობ- გამაჯანსაღებელი წერტილების მოწყობა, რომლებით სარგებლობაც ჩვენი მომხმარებლებისთვის უფასო იქნება. ყველა შენობა კარგად ნიავდება და ინსოლირდება. ეზოში ბულვარის ტიპის სარეკრეაციო ზონა მოეწყობა, ჯამში 1,3 ჰექტარ ფართობზე. ჩვენი კომპლექსი ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის და ნებისმიერი დანიშნულებისთვის არის გათვლილი, აქ ცხოვრებაც კომფორტულია და დასვენებაც. სწორედ აღნიშნული უპირატესობები გვაძლევს საშუალებას, გათვლა გავაკეთოთ როგორც ქართველ მომხმარებელზე, ასევე უცხოელებზეც.

ჩვენი მომხმარებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი და დაცულობის შეგრძნება. სწორედ ამიტომ ყველა მომხმარებელს საჩუქრად გადავცემთ “ჭკვიანი სახლის” ფუნქციას, რაც მოიცავს:

– კვამლის დეტექტორს, რომელიც საშუალებას გაძლევთ, თავიდან აირიდოთ ხანძარი. კვამლის დაფიქსირებისთანავე ირთვება ხმოვანი სიგნალი ადგილობრივად, ასევე გიგზავნით შეტყობინებას აპლიკაციაში.

– წყლის გაჟონვის დეტექტორი, რომელიც წყლის გაჟონვის დაფიქსირებისთანავე აპლიკაციაში გიგზავნით შეტყობინებას, მანძილის შეუზღუდავად, რაც გაძლევთ შესაძლებლობას, თავიდან აირიდოთ სახლის დატბორვა;

– მოძრაობის დეტექტორი, რომელიც აფიქსირებს მოძრაობას და დაპროგრამების შესაბამისად ასრულებს სხვა დავალებას.

– გაღება-დაკეტვის სენსორი, რომელიც აფიქსირების კარის/ ფანჯრის გაღება-დაკეტვას.

შემოსავლების სტრუქტურას თუ შევხედავთ, საქართველოში საშუალო ფენა პრაქტიკულად არ არსებობს – რამდენად არის ეს გამოწვევა იმ სექტორისთვის, რომელსაც თავად წარმოადგენთ და რატომ?

საქართველოში საშუალო ფენის არარსებობა ყველა ბიზნესსექტორისთვის გამოწვევაა. რაც უფრო მეტ ადამიანს ექნება შემოსავალი, მით მეტი ადამიანი იყიდის ბინას, მით მეტი ადამიანი ჩამოვა ბათუმში და მით მეტი ადამიანი დაისვენებს. ყველანაირად ვცდილობთ, მომხმარებლებისთვის პარტნიორ ბანკებთან ერთად შევქმნათ მოქნილი გადახდის სისტემა, რათა უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, უძრავი ქონება შეიძინოს, საიდანაც მომავალში გარანტირებულ შემოსავალს მიიღებს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რომელ სეგმენტზეა თქვენი შეთავაზებები გათვლილი? რა ღირს საშუალოდ “WHITE SAILS”-ის აპარტამენტები?

ჩვენი კომპლექსი საშუალო და მაღალ სეგმენტზეა გათვლილი. კვადრატული მეტრის ღირებულება საშუალოდ 900 აშშ დოლარიდან იწყება. ფასი დამოკიდებულია ბინის მდგომარეობაზე. “ეიარ მერიდიანსი” აქტიურ სარეკლამო კამპანიას ეწევა აგრეთვე საზღვარგარეთ, შესაბამისად, ჩვენი მომხმარებლები არიან იტალიის, რუსეთის, უკრაინის, ისრაელის, ბალტიისპირეთისა და ახლო აღმოსავლეთის მოქალაქეები. ეს მშვენიერია, ვინაიდან, ერთი მხრივ, მრავალეროვნება ქმნის კულტურულ მრავალფეროვნებას, რაც საზოგადოების სწრაფ პროგრესს ემსახურება, მეორე მხრივ კი კურორტის მუდმივი მომხმარებლის რიცხვს ზრდის, რომელთაც ჩვენ მიერ შეთავაზებული კომფორტული საცხოვრებელი და დასასვენებელი სივრცე მიიზიდავს. მიგვაჩნია, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ მიბმული რომელიმე ქვეყნის ბაზარს, რათა მომავალში დივერსიფიცირების შესაძლებლობა გვქონდეს. “WHITE SAILS”-ი ამის ნათელი მაგალითია.

რას ეტყვით მათ, ვისაც აქვს ბათუმში ბინის შეძენის საშუალება, მაგრამ ამბობს, რომ ამ ფასად დიდხანს და მეტხანს დაისვენებს და ამიტომ ამ ტიპის ინვესტიცია მისთვის საინტერესო არ არის?

ჩვენი ფასი ძალიან კონკურენტულია კომპლექსის უპირატესობებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, გვაქვს 2-წლიანი შიდა უპროცენტო განვადებაც და გადახდის მოქნილი პირობებიც. ამასთან, ბათუმის ბაზარი მზარდია, ტურისტების ნაკადი წლიდან წლამდე იზრდება, ისევე როგორც იზრდება ქალაქი. ჩვენი კომპლექსი ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და განვითარებად ლოკაციაზე მდებარეობს და თან ჩვენს მომხმარებელს ყველაფერს ერთ სივრცეში ვთავაზობთ, ამიტომ ჩვენთან ბინის ყიდვა ინვესტიციის თვალსაზრისითაც მოგებიანია. გარდა ამისა, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში არ არის ქონების გადასახადი, თუ წლიური შემოსავალი 40,000 ლარს არ აღემატება, სხვა შემთხვევაშიც საკმაოდ დაბალია. ყველაფერთან ერთად, ისიც გასათვალისწინებელია, რომ დღევანდელი დატვირთული ცხოვრების რიტმის გამო ხშირად ვერ ვახერხებთ საზღვარგარეთ წასვლას, დასვენება და გარემოს შეცვლა კი ყველას გვჭირდება. ბათუმი ამ შემთხვევაში იდეალური გამოსავალია, თან თუ შენი ფანჯრიდან ზღვა ჩანს, წინ კი ბულ ვარი გაქვს.

როგორია დღეს ბათუმში ბინის შეძენის მსურველის მოთხოვნა – ის უყურებს ბინას, როგორც აქტივს, რომელსაც მოიხმარს, თუ როგორც საინვესტიციო აქტივს, რომელსაც, ვთქვათ, გააქირავებს და დამატებით ფულს იშოვის?

ორივე. როცა ბინას არჩევენ, უყურებენ საინვესტიციო კუთხითაც და გათვლას აკეთებენ საკუთარ დასვენებაზეც. გარდა ამისა, ჩვენი მენეჯმეტ-კომპანია აპარტამენტების მუდმივ ორგანიზებულ გაქირავებას განახორციელებს, რაც გარანტირებული შემოსავლის წინაპირობებს ქმნის.

2019 წლის პირველი იანვრიდან ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები შევიდა ძალაში, რაც სესხის აღების მსურველთათვის სხვადასხვა სახის შეზღუდვებს ითვალისწინებს. როგორია თქვენი მოსაზრება ამ რეგულაციებზე და როგორ ფიქრობთ, ეს ხომ არ იმოქმედებს გაყიდვებზე?

აღნიშული რეგულაციები საკმაოდ გვიშლის ხელს გაყიდვებში. გვაქვს შემთხვევები, როცა მომხმარებელს რეალურად შეუძლია თავისი შემოსავლებით მოემსახუროს იპოთეკურ სესხს. თუმცა არსებული რეგულაციებით, სესხის აღების საშუალება არა აქვს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ უცხოელი მომხმარებლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია გრძელვადიანი იპოთეკური სესხების არსებობა.

ბათუმს ჯერ არა აქვს განაშენიანების გენერალური გეგმა, თუმცა, როგორც გვესმის, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს – ასეთი დოკუმენტის არსებობას რა მნიშვნელობა აქვს სექტორისთვის და თქვენთვის, როგორც ამ სექტორის წარმომადგენლისთვის? ასეთი დოკუმენტი გაამარტივებდა მშენებლობას, თუ პირიქით, გაართულებდა?

გეგმისა და სტრატეგიის არსებობა ყველა სფეროშია მნიშვნელოვანი. ბიზნესშიც ასეა, როცა იცი, რა გინდა და საითკენ მიდიხარ, შემსრულებელსაც უკეთესად არჩევ და შედეგსაც უკეთესს იღებ. თუ ბათუმს გენგეგმა ექნება, ქალაქის განვითარება, იერსახე და მომავალი უფრო მოწესრიგებული, თანამიმდევრული და გარკვეული იქნება. ამასთან მნიშვნელოვანია, გენგეგმა ემსახურებოდეს ქალაქის განვითარებას და არა კონსერვაციას. ბათუმი ისტორიულად იყო თანამედროვე, გამორჩეული და მოდური არქიტექტურის ქალაქი, ასე უნდა გაგრძელდეს მომავალშიც.

კომპანია “ეიარ-მერიდიანსის” სამომავლო გეგმებიც რომ გაუმხილოთ “ფორბსის” მკითხველს…

ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანი და საზრუნავი ისაა, რომ იმ ასეულობით მომხმარებელს, რომლებმაც ჩვენს კომპლექსში განახორციელეს ინვესტირება, შევუსრულოთ ნაკისრი ვალდებულებები.

თუმცა, პოტენციურ მომხმარებლებსაც აქტიურად აცნობთ პროექტს – მათ შორის, როგორც პროგრამა “მასტერშეფის” პარტნიორი…

ჩვენი კომპანიისთვის ყველაფერი ქართული მნიშვნელოვანია. ჩვენს უცხოელ მომხმარებლებთან თავს ვიწონებთ ქართული სამზარეულოთი და სტუმარმასპინძლობით. “მასტერშეფის” წინა სეზონი საკმაოდ შთამბეჭდავი იყო და კიდევ უფრო კარგად დავინახეთ ქართული სამზარეულოს მომავალი და მისი განვითარების საშუალება. ჩვენ თვითონ ვართ დაინტერესებული კულინარიული ტალანტების აღმოჩენით და მოძიებით. როგორც უკვე აღვნიშნე, “ვაით სეილსის” კომპლექსის ტერიტორიაზე გვექნება რესტორნები და მომავალში შესაძლოა პროფესიულ თანამშრომლობაზეც შევთანხმდეთ. “მასტერშეფის” გამარჯვებული ჩვენს პროექტში საჩუქრად აპარტამენტს მიიღებს. ყველა მონაწილეს მთელი გულით ვუსურვებთ წარმატებას

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *