HENNESSY X.O-ის შვიდი "დიდებული სამყარო"

HENNESSY X.O-ის შვიდი "დიდებული სამყარო"

Hennessy X.O. (Extra Old ), რაც განსაკუთრებულად ძველს ნიშნავს, ბრენდის მფლობელებმა სიმბოლურად ასევე განსაკუთრებულად ძველი და უმნიშვნელოვანესი მარშრუტის გასაცოცხლებლად გამოიყენეს.

პროექტით – “ოდისეა აბრეშუმის გზაზე 2.0: Hennessy X.O.” კონიაკის ლეგენდარულმა ბრენდმა კიდევ ერთხელ გაიაზრა მოგზაურობისა და აღმოჩენების იდეა და 2017 წელს “აბრეშუმის გზას” დაადგა – გზას, რომელიც ყოველთვის იყო სიახლის გავრცელებისა და თავგადასავლების წყარო.

2019 წელს Hennessy X.O.ლეგენდარულ აბრეშუმის გზას უნიკალური გასტრონომიული თავგადასავლისთვის დაუბრუნდა. Le Guide Michelin-ის კურატორობით, შვიდი შეფ- მზარეული აბრეშუმის გზაზე Hennessy X.O.-ის ოდისეას მდიდარი და გასაოცარი კულტურული გამოცდილებებისათვის შეუერთდა. ოდისეის ერთ- ერთ მთავარ გაჩერებად, რა თქმა უნდა, თბილისი შეირჩა და 3 ოქტომბერს “სამედიცინო ველნეს კურორტ ბიოლში” პროექტის დაწყება ექსკლუზიური ვახშმით აღინიშნა.

მწველი ცეცხლი, შოკოლადის ხავერდოვნება, მზარდი მხურვალება, ხის ისტორია, პიკანტური ზღვარი, ტკბილი ნოტები და უსასრულო ექო – ეს მსოფლიოში სახელგანთქმული კონიაკის შვიდი სადეგუსტაციო ნოტია, რომელთა შთაგონებითაც და ქართული გემოების დახვეწილი შტრიხების გათვალისწინებით, ფრანგმა შეფ- მზარეულმა ფანი რეიმ, ქართველ კოლეგასთან, თეკუნა გაჩეჩილაძესთან ერთად სტუმრებს Hennessy X.O.-ის განსხვავებული მენიუ წარუდგინა.

“მე და თეკუნამ ერთად გადავწყვიტეთ, რა უნდა მოგვემზადებინა. ქართული სამზარეულოს ტრადიციები და ფრანგული კონიაკის სახლი “ჰენესი” იდეის ცენტრი იყო. ქართული სამზარეულოს ინტენსიური გემო საინტერესო, სტრუქტურული და რელიეფურია. მიყვარს ასეთი ცოცხალი გემოს შეგრძნება. ქართული სუფრა უხვია, ის საკუთარ თავში არა მხოლოდ მზადების, არამედ გაზიარების ტრადიციასაც მოიცავს. სწორედ ეს ქმნის ქვეყნის იდენტობას. ვფიქრობ, საინტერესო მენიუ გამოვიდა, რომელიც საქართველოს შთაბეჭდილებებით შეიქმნა”, – გვიმხელს ფანი რეი.

36 წლის ფანი რეი ერთადერთი ქალი იყო, რომელმაც 2017 წელს პრესტიჟული Michelin Guide-ის ვარსკვლავი მოიპოვა. იგი პარიზის Ritz-სა და პროვანსის Ousteau de Baumanière-ში მუშაობდა. წარმოშობით ბურგუნდიელი, პროვანსზე შეყვარებული ფანი 2012 წელს საცხოვრებლად პარიზში გადავიდა და საკუთარი რესტორანი გახსნა.

“სამედიცინო ველნეს კურორტ ბიოლში” გამართულ ვახშამზე პირველი ძირითადი კერძი შავი ზღვის მგელთევზა იყო ნიგვზის კროკეტითა და ბროწეულის სოუსით, მეორე ძირითად კერძად სტუმრებს ბატკანი კაპერსებით, ლიმონით, ანჩოუსებითა და კონცენტრირებული პიტნის წვენით შესთავაზეს. ყველის დაფა წარმოდგენილი იყო თხის ყველით, ფერმენტირებულ ლეღვთან ერთად. წინასადესერტო ჩაროზად შეარჩიეს ორბელიანის კაკლუჭა – კარამელიზებული ნიგოზი ოქროს ფურცლით, ბოლო კერძად კი – მერენგი გაყინული ნუგით და მოცვით.

“რადგან მე მასპინძელი ვარ, გადავწყვიტე, მაქსიმალურად ფანისთვის დამეთმო ასპარეზი, საზოგადოებისთვისაც ეს უფრო საინტერესო იქნებოდა. შვიდკერძიანი მენიუდან მე მხოლოდ სამზე ვიზრუნე და იქაც ჩემი ფრანგი კოლეგის რეკომენდაციები გავითვალისწინე. ვთვლი, რომ კოლაბორაცია ყოველთვის ძალიან საინტერესოა. ახალი გემოები და ურთიერთობა კი გამოცდილებაა”, – გვეუბნება თეკუნა გაჩეჩილაძე.

Maison Hennessy – “ჰენესის” სახლი 250 წელზე მეტია, კონიაკის წარმოებაში უპირობო მსოფლიო ლიდერია. ეს არის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების პირველი სახლი, რომელიც ISO 14001 სერტიფიკატს ფლობს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ “ჰენესის” სახლის წარმატება და ხანგრძლივი ისტორია ბალანსის უნიკალურ ფორმულაშია: სახლი არ უშინდება ინოვაციებს, თუმცა ამავდროულად იცავს კონიაკის დამზადების ტრადიციულ უნიკალურ პროცესს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.

სწორედ ეს ფაქიზი, პროფესიონალური დამოკიდებულება კონიაკის მიმართ, საფრანგეთში, შარანტის რეგიონის შუაგულში დაფუძნებულ Hennessy-ს არა მხოლოდ ამ ქვეყნის კულტურის, არამედ მისი ეკონომიკის მტკიცე ქვაკუთხედადაც აქცევს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ დღეს წარმოებული კონიაკის 65% სულ სამ კომპანიაზე მოდის – აქედან “ჰენესის” 42% უჭირავს. 2018 წელს საფრანგეთიდან ექსპორტზე 13 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ალკოჰოლური სასმელი გავიდა – ამ ღირებულების 73% კონიაკზე მოდის.

დამფუძნებლის, რიჩარდ ჰენესის სულისკვეთებით შექმნილი ბრენდი დღეს 130-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, საქართველოში კი “ჰენესის” ექსკლუზიური დისტრიბუტორი კომპანია GD Alco-ა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *