აქციზი და სააქციზო პოლიტიკა საქართველოში

აქციზი და სააქციზო პოლიტიკა საქართველოში

აქციზი ლათინური სიტყვა “accensare”-დან მოდის, რაც “დაბეგვრას” ნიშნავს. პირველად აქციზი მე-17 საუკუნის ბრიტანეთის კუნძულებზე შემოიღეს მდიდარი მეწარმეებისა და შეძლებული უძრავი ქონების მფლობელების დასაბეგრად. იყო დრო, როცა აქციზით ჟურნალ-გაზეთები, ყავა და შაქარიც კი იბეგრებოდა.

მოგვიანებით აქციზმა პოლიტიკურ-სოციალური დატვირთვა მიიღო და გამოიყენებოდა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა თუ გარემოს დაცვის რეგულირების მიმართულებებით. დღევანდელ მსოფლიოში აქციზით იბეგრება საზოგადოებისათვის “მომეტებული საფრთხის” შემცველი პროდუქტი, კერძოდ:

– საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით – თამბაქო და ალკოჰოლი

– გარემოს დაცვის მიმართულებით – ნავთობპროდუქტები

– სოციალური მორალის მხრივ – აზარტული თამაშები და პროსტიტუცია

აქციზი სახელმწიფო საბიუჯეტო შემოსულობების მნიშვნელოვანი წყაროა, შესაბამისად, ნებისმიერი ქვეყნის მთავრობა დაინტერესებულია, ეფექტიანი სააქციზო პოლიტიკა ჰქონდეს.

აღნიშნული თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და შესაბამისი ადგილი უჭირავს თამბაქოს სააქციზო პოლიტიკას. ევროგაერთიანების ყველა ქვეყანას თამბაქოზე აქციზის ზრდის საკუთარი გეგმა აქვს, რომელიც 3-5 წელზეა გაწერილი და საგადასახადო კოდექსის ნაწილს წარმოადგენს. მსგავსი გეგმა არსებობს ევროგაერთიანების ასოცირების შეთანხმების მონაწილე ქვეყნებში – უკრაინასა და მოლდოვაში. საქართველოს მეზობელ ქვეყნებს – სომხეთს, რუსეთსა და თურქეთს თამბაქოზე აქციზის ზრდის შესაბამისი გეგმები აქვთ. ასეთი გეგმის არსებობის რაციონი გადის ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაზე, საბაჟო საზღვრების დაცულობასა და, შესაბამისად, ქვეყანის ზოგად უსაფრთხოებაზე.

ამ კუთხით საქართველო გამონაკლისი არ არის და უფრო მეტიც – მსოფლიო მასშტაბით იმ იშვიათ ქვეყანათა რიცხვშია, რომელთა საბიუჯეტო შემოსულობების თითქმის 10%-ს თამბაქოდან მიღებული აქციზი შეადგენს. შესაბამისად, ქვეყნისთვის დაბალანსებული სააქციზო პოლიტიკის არსებობას თამბაქოს აქციზის მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მთელი რიგი მიმართულებებით:

1. ეკონომიკურ-ფინანსური სტაბილურობა – აქციზის ზრდის დაბალანსებული პოლიტიკა ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის პირდაპირპროპორციულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა თამბაქოს ინდუსტრია ქვეყნის ეკონომიკის 10%-ია და მის მიერ პირდაპირ და არაპირდაპირ დასაქმებულთა რაოდებობა 50 000 ადამიანს აჭარბებს. საქართველოში თამბაქოზე აქციზის ზრდის გეგმა არ არსებობს და, სამწუხაროდ, 2013 წლიდან მოყოლებული აქციზი ექვსჯერ გაიზარდა, მათ შორის ორჯერ უკიდურესად რადიკალურად – 35%-ითა (2017) და 52%-ით (2019), ამასთან აქციზის სტრუქტურის ცვლილების ჩათვლით, კერძოდ 2015 წელს შემოღებულ იქნა ე.წ. ადვალორული აქციზი ფიქსირებულ კომპონენტთან ერთად, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია თამბაქოს ბაზრის საფასო მდგომარეობის უხეში დევიაცია და საფასო ომები. ყოველივე ზემოთ აღნიშნულმა გამოიწვია 400-მილიონლარიანი საბიუჯეტო დეფიციტი მიუღებელი აქციზის სახით. აღნიშნული მერყეობები, ერთი მხრივ, განპირობებული იყო ე.წ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუაზრებელი პოლიტიკის იმპლემენტაციით მწეველთა რაოდენობის შემცირების პირობის საფარქვეშ, რამაც საბოლოოდ ფიასკო განიცადა, მეორე მხრივ, რეგულაციების გაუცნობიერებელი კანონშემოქმედებითობით ევროგაერთიანების მიერ მრავალგზის ლობირებული RIA-ს (რეგულაციების ზეგავლენის ანალიზი) გარეშე და ასევე სააქციზო პოლიტიკის არარსებობით, მათ შორის აქციზის ზრდის გეგმის ჰიპოთეზური სახითაც კი.

2. საბაჟო საზღვრის დაცულობა – თამბაქოზე სააქციზო პოლიტიკის არარსებობა, მით უფრო აქციზის ზრდის გეგმის არქონა თამბაქოზე აქციზის მოულოდნელი რადიკალური ზრდის ფონზე რეგიონალური სააქციზო Status Quo-ს მხედველობაში მიღების გარეშე, იწვევს არალეგალური პროდუქტის შემოდინებების მნიშვნელოვან ზრდას. დღეს არსებული მდგომარეობით აქციზი ორჯერ მეტია საქართველოში, ვიდრე სომხეთში და ერთ- -ნახევარჯერ მეტი, ვიდრე რუსეთში. ერთ კოლოფ სიგარეტზე სამი ლარია სხვაობა საქართველოსა და სომხეთს შორის, რაც მხოლოდ ათი ბლოკი სიგარეტის

არალეგალურად შემოტანის შემთხვევაში 100-დოლარიან მარჟას იძლევა. არალეგალური პროდუქციის შემოდინებები სომხეთიდან საქართველოში და რუსეთიდან აფხაზეთის გავლით საქართველოში საგრძნობლად გაზრდილია.

შემოსავლების სამსახურის მიერ არალეგალური პროდუქციის ამოღებები გაორმაგებულია, ზოგ შემთხვევებში გასამმაგებულიც კი. თამბაქოს პროდუქტებით არალეგალური ვაჭრობა შეუჩერებელი სენია ისეთი ძლიერი ქვეყნისთვისაც კი, როგორიცაა კუნძულოვანი სახელმწიფო დიდი ბრიტანეთი, რომლის გარშემო წყალია და ერთი შეხედვით შეუძლებელიც კი უნდა იყოს რაიმე პროდუქტის ფარულად შეტანა. ასევე ქვეყნებისთვის, რომელთა შემოსავლებისა და საბაჟოს სამსახურები უახლესი ტექნიკითა და სხვა საშუალებებით არიან აღჭურვილნი, თუმცა მხოლოდ თამბაქოს პროდუქტებში არალეგალური ვაჭრობის ხვედრითი წილი, სხვადასხვა კვლევით, 15-20%-ის ფარგლებში მერყეობს.

მსოფლიო მასშტაბით თამბაქოს პროდუქტების არალეგალური ვაჭრობის შედეგად 40 მილიარდი დოლარი იკარგება მხოლოდ გადასახადების სახით. საქართველოში აღნიშნული თემა მზარდია და ეფექტიანი სააქციზო პოლიტიკის არარსებობის პირობებში მნიშვნელოვან საბიუჯეტო დანაკარგებს იწვევს.

3. ქვეყნის უსაფრთხოება და საზოგადოებრივი ჯანდაცვა – მსოფლიო ქვეყნების, მათ შორის ევროგაერთიანების გამოცდილებით, არალეგალურ თამბაქოს ისეთი სხვა არალეგალური შემოდინებები სდევს თან, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალებები და იარაღი. ამ ყველაფერს კი, თავის მხრივ, უპირობოდ მოჰყვება კრიმინალის ზრდა. საქართველოში თამბაქოზე აქციზის რადიკალურმა ზრდამ ე.წ. დაჭრილი თამბაქოს არალეგალური შემოდინებების კრიტიკული ზრდა გამოიწვია, რამაც ორი მნიშვნელოვანი უარყოფითი ეფექტი გამოიღო: (ა) დაჭრილმა თამბაქომ, სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ბაზრის 50%-ზე მეტი დაიჭირა, აღნიშნულმა კი ყოველთვიურად გამოიწვია 32 მილიონი ლარის სააქციზო დეფიციტი სახელმწიფო ბიუჯეტში, რამაც 2019 წლის ჭრილში 400 მილიონი ლარი შეადგინა; (ბ) დაჭრილი თამბაქოს უკონტროლო შემოდინებამ მისი ხარისხის კონტროლიც შეუძლებელი გახადა და, ჩატარებული კვლევის მიხედვით, რკინისა და სხვა მავნე ნივთიერებების შემცველობამ კანონით დაშვებულზე რამდენიმეჯერ მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ გარდაუვალად აუცილებელია საქართველოში დაბალანსებული სააქციზო პოლიტიკის არსებობა. რადიკალური აქციზური შოკები მნიშვნელოვანი ნეგატიური ეფექტის მქონეა, რაც პრაქტიკაშიც რეალიზდა. ამდენად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რეგიონალური საგადასახადო პოლიტიკის გათვალისწინებით, თამბაქოზე აქციზის ზრდის მოკლე- და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება და, ერთი მხრივ, მისი ინკორპორირება საგადასახადო კოდექსში, მეორე მხრივ კი აქტიური იმპლემენტირება რეალურ ცხოვრებაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *