ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალი მეთოდოლოგია

ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალი მეთოდოლოგია

მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან საქსტატი ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას-ი) ახალ სტანდარტებზე (SNA 2008) გადავიდა, რაც გულისხმობს მთლიანი შიდა პროდუქტისა (მშპ-ი) და მთელი რიგი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად გაანგარიშებას.

ეას-ი წარმოადგენს ინტეგრირებული ანგარიშებისა და ბალანსების ერთობლიობას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო დონეზე შეთანხმებულ ცნებებს, კლასიფიკაციებსა და აღრიცხვის ზოგად წესებს. მისი მეთოდოლოგიური საფუძველია გაეროს, ევროსტატის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული საერთაშორისო სახელმძღვანელო (System of National Accounts (SNA), 2008).

ეას-ის ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლა ევროკავშირის ქვეყნებმა 2014 წლიდან დაიწყეს. მათ რიგებს 2015 წლიდან ასევე შეუერთდა სომხეთი, თურქეთი, უკრაინა და ბელარუსი.

დღეის მდგომარეობით აღნიშნული სისტემა (SNA 2008) საქართველოს გარდა მსოფლიოს 80- მდე ქვეყანაშია დანერგილი. ამასთან, ქვეყნების გარკვეული ნაწილი კვლავ ეროვნულ ანგარიშთა სისტემის წინა ვერსიით (SNA 1993) ხელმძღვანელობს. ეას-ის ახალი მეთოდოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებული სამუშაოები, საერთაშორისო ექსპერტების აქტიური ჩართულობით, საქსტატში 2017 წლიდან დაიწყო. ამასთან, აღნიშნულ სტანდარტებზე გადასვლა გათვალისწინებული იყო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების სამოქმედო გეგმით.

ეას-ის ახალ მეთოდოლოგიაზე (SNA 2008) გადასვლამ ეროვნულ ანგარიშებში მთელი რიგი ცვლილებები განაპირობა, რაც, ერთი მხრივ, უკავშირდებოდა სხვადასხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლის გაანგარიშებას ახალი სტანდარტის შესაბამისად, ხოლო მეორე მხრივ, მონაცემთა წყაროს არსებით გაუმჯობესებას, დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბების შეფასებისა და ადმინისტრაციულ მონაცემთა დამუშავების თვალსაზრისით.

ეას-ის ძველსა და ახალ მეთოდოლოგიას შორის არსებული განსხვავებები ძირითადად დაკავშირებულია ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასების (FISIM) ცვლილებასთან, კვლევებსა და დამუშავებასთან დაკავშირებული ხარჯების კაპიტალიზაციასთან და საკუთარი საცხოვრისის პირობითი რენტის გაანგარიშების გაუმჯობესებასთან. კერძოდ:

* ეას-ის წინა ვერსიის (SNA 1993) მიხედვით, თუ FISIM-ი წარმოადგენდა შუალედურ მოხმარებას და აქედან გამომდინარე, არ მონაწილეობდა მშპ-ის გაანგარიშებაში, ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად (SNA 2008), განხორციელდა მისი გარკვეული ნაწილის გადაკვალიფიცირება საბოლოო მოხმარებად, რამაც მშპ-ის დონის ზრდა განაპირობება.

* გარდა ამისა, კვლევებსა და დამუშავებაზე გაწეული ხარჯები ეას- ის წინა ვერსიის მიხედვით, ითვლებოდა შუალედურ მოხმარებად, ხოლო ახალი მეთოდოლოგია მას განიხილავს ძირითად კაპიტალში განხორციელებულ ინვესტიციებად, რაც ასევე განაპირობებს მშპ-ის დონის ზრდას.

* ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად, ასევე გარკვეული ცვლილებებია შესული საკუთარი საცხოვრისის პირობითი რენტის გაანგარიშებაში, რაც ევროკომისიის რეგულაციებს ეფუძნება. ამასთან, თუ ადრე აღნიშნული კომპონენტის შეფასებები მხოლოდ შინამეურნეობების გამოკვლევის შედეგებს ეფუძნებოდა, ახალი სტანდარტის შესაბამისად მნიშვნელოვნად გაფართოვდა მონაცემთა შეფასებისა და გაანგარიშების წყაროები.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, განხორციელდა მთელი რიგი მეთოდოლოგიური ხასიათის ცვლილებები, რასაც ახალი სტანდარტის დანერგვა ითვალისწინებდა, კერძოდ: ეროვნულ ანგარიშებში დაინერგა ეკონომიკური საქმიანობის სახეებისა და პროდუქტების ახალი კლასიფიკატორები (NACE Rev. 2 და CPA 2008), მშპ-ის გაანგარიშება დაეფუძნა რესურსებისა და გამოყენების ცხრილებს, გაუმჯობესდა არასაბაზრო პროდუქციის გამოშვების გაანგარიშებისა და მარაგების ცვლილების შეფასება, არსებითი ცვლილებებია შესული დაზღვევის გამოშვების გაანგარიშებაში, ასევე გაუმჯობესდა დეფლირების მეთოდები, რაც ფასების ინდექსების წრის გაფართოებასთან იყო დაკავშირებული.

ამასთან, გადასახადების აღრიცხვისას საკასო მეთოდის ნაცვლად უკვე გამოიყენება დარიცხვის მეთოდი, რაც თანხვდენაშია ეროვნული ანგარიშების შედგენის საერთაშორისოდ აღიარებულ მეთოდთან.

მონაცემთა წყაროს გაუმჯობესების თვალსაზრისით ჩატარდა დაუკვირვებადი ეკონომიკის სპეციალური კვლევები სასტუმროებისა და რესტორნების, სოფლის მეურნეობისა და მშენებლობის სექტორებში, რომელთა შედეგებიც ახალი მეთოდოლოგიით შედგენილ ეროვნულ ანგარიშებში აისახა. მიმდინარე წლის განმავლობაში ასევე ჩატარდა ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების გამოკვლევა, რომლის შედეგებიც გამოყენებულ იქნა ვაჭრობის სექტორში დაუკვირვებადი ეკონომიკის შესაფასებლად. გარდა ამისა, ევროსტატისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემოთავაზებული და საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, დაუკვირვებადი ეკონომიკის შეფასების მეთოდები გაუმჯობესდა და მშპ-ში გათვალისწინებულ იქნა არალეგალური საქმიანობის გამოშვება.

წყაროს გაუმჯობესების მიმართულებით აღსანიშნავია ასევე შუალედური მოხმარების სტრუქტურის განახლება სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე, რომელიც საქსტატმა მიმდინარე წლის განმავლობაში ჩაატარა. გამოკვლევამ მოიცვა ყველა ინსტიტუციური სექტორი, რამაც არსებითად გააუმჯობესა რესურსებისა და გამოყენების ცხრილების ხარისხი.

ახალი მეთოდოლოგიით წარმოებული მშპ-ის და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრეგატების გაანგარიშებასთან ერთად, დღის წესრიგში დადგა წინა წლების მონაცემებთან შესადარისობის საკითხი, რაც გულისხმობდა ისტორიული მწკრივის გადაანგარიშებას, რათა უზრუნველყოფილიყო 2018 წლის ახალი მეთოდით გაანგარიშებული მონაცემების სრული შესადარისობა წინა პერიოდის მონაცემებთან. შესაბამისად, საქსტატმა განაახლა და გადაიანგარიშა მონაცემები 2010 წლიდან.

ახალ სტანდარტზე გადასვლის შედეგად 2018 წელს მშპ-ის დონე, წინა მეთოდოლოგიით გაანგარიშებულ მონაცემთან შედარებით, 8.6%-ით გაიზარდა. აღნიშნულ ზრდაში მეთოდოლოგიური ხასიათის ცვლილების გავლენა 3.0%-ით შეფასდა, ხოლო სტატისტიკური წყაროს გაუმჯობესების შედეგად მშპ-ის დონე 5.6%-ით გაიზარდა.

აღნიშნული ცვლილებების შედეგად დაახლოებით 376 დოლარით გაიზარდა მშპ-ის მოცულობა ერთ სულზე და 4722 დოლარი შეადგინა.

მეთოდოლოგიურმა ცვლილებებმა გარკვეული გავლენა იქონია მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაზეც. 17%-დან 13.9%-მდე შემცირდა ეკონომიკაში ვაჭრობის სექტორის წილი. შემცირებულია ასევე მრეწველობისა (17%-დან 14.6%-მდე) და მშენებლობის სექტორების (9.3%-დან 8.3%-მდე) წილი. ადრე გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით გაიზარდა სასტუმროებისა და რესტორნების (3.2%-დან 4.6%-მდე), ასევე უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორის (7.4%-დან 11.4%-მდე) წილი.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნული მეთოდოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებული სამუშაოები საქსტატში რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლებშიც, ევროკავშირის პროგრამა Twinning-ის ფარგლებში, აქტიურად მონაწილეობდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები, ასევე შვედეთის, დანიისა და ჩეხეთის სტატისტიკის სამსახურების წარმომადგენლები.

ახალი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული მშპ და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრეგატები საქსტატის მიერ მიმდინარე წლის 15 ნოემბერს გამოქვეყნდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *