ახალი ტემპით

ჟალუზის წარმოებით დაწყებული გზა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხნამდე - რას ჰყვება საქართველოში ბიზნესის წარმოებაზე “დიოს” 23-წლიანი ისტორია.

1996 წელს, 23 წლის წინ, ბიზნესი ნულოვანი კაპიტალით დაიწყეთ. ეს ის პერიოდია, როცა ბევრი ბიზნესი იწყებდა, მაგრამ ცოტა თუ ინარჩუნებდა თავის პროფილს, იზრდებოდა და ფართოვდებოდა. “დიო” ამ კუთხით ერთ-ერთი პოზიტიური გამონაკლისია, ამიტომაც დაინტერესდა Forbes Georgia თქვენით და ამ ბიზნესით.

იმ დროისათვის საბჭოთა კავშირი უკვე დაშლილი იყო და ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსის წინაშე იდგა. საქართველოში ადამიანები თვითგადარჩენისთვის იბრძოდნენ. ჩვენც, ისევე როგორც ბევრი სხვა ოჯახი იმ დროს, ვფიქრობდით, თავი როგორ გადაგვერჩინა.

ბიზნესი მართლაც ნულოვანი კაპიტალით დავიწყეთ. ეს ოჯახური ბიზნესია. გაგვიჩნდა იდეა, რომ ქვეყანაში შემოგვეტანა ფარდა- ჟალუზი და მომხმარებლისთვის ეს ახალი პროდუქტი გაგვეცნო.

1996 წელს კარდაკარ სიარულით დავიწყეთ. ბიზნესში ჩასადები ფული არ გვქონდა. ადამიანებთან მივდიოდით და ვუხსნიდით, რა პროდუქტია ჟალუზი, ფოტოებს ვაჩვენებდით. ერთხელ კი ერთი ადამიანი სრულიად უცნობებს გვენდო და წინასწარ მოგვცა თანხა შეკვეთისათვის. იმ თანხით მასალები ვიყიდეთ.

მაშინ სტუდენტი ვიყავი. მახსოვს, ერთხელ ღამის კლუბში ჟალუზის ვამონტაჟებდი და ქვემოთ ჩემი თანატოლები ერთობოდნენ. ერთი წუთითაც არ დამწყვეტია გული. ვიცოდი, რომ ეს ჩემი გზა იყო და ჩემი გასაკეთებელი ბოლომდე უნდა მეკეთებინა. დღესაც ასე ვფიქრობ: უნდა გჯეროდეს იდეის და ყველა არსებული რესურსი უნდა გამოიყენო. როდესაც მაღალი მოტივაცია გაქვს, ეს უკვე წარმატების 50%-ია.

მაშინ საქართველოში განსაკუთრებით დიდი გაჭირვება იყო, მახსოვს, ზოგიერთი ბიზნესმენი თუ ცოტა ფულს მოიგდებდა ხელთ, მაშინვე საუკეთესო ავტომანქანას ყიდულობდა. ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია: ბიზნესიდან მიღებულ თითოეულ თეთრს ისევ ბიზნესში ვაბრუნებდით. არ ვფიქრობდით, რომ კარგი მანქანისა თუ რაიმე სხვა ნივთის ყიდვაა თვითმიზანი. ჩვენი მიზანი ბიზნესის განვითარება იყო.

გამოდის, თქვენ შექმენით ბაზარი იმ პროდუქტისთვის, რომელსაც მომხმარებელი არც კი იცნობდა. როგორც წესი, პირიქით ხდება ხოლმე. ეს როგორი გამოწვევა იყო და ვინ იყვნენ თქვენი პირველი დამკვეთები?

ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ჩვენი პროდუქცია მომხმარებლისთვის გაგვეცნო. იმ პერიოდში ცოტა მყიდველი გვყავდა, იმიტომ რომ მოსახლეობა პრაქტიკულად შემოსავლების გარეშე იყო დარჩენილი. ჩვენი პირველი დამკვეთები იურიდიული პირები იყვნენ, ძირითადად - უცხოური ორგანიზაციები: საელჩოები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობები. მათთვის ეს პროდუქტი ცნობილი იყო, ამიტომ მათთან ურთიერთობა უფრო გვიადვილდებოდა. ამას მოჰყვა უკვე კერძო პირების დაინტერესებაც და მომხმარებლის ნდობაც. ეს ნდობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ საქმისთვის საკუთარი კაპიტალი არ გვქონდა და მომხმარებლების იმაში დარწმუნება გვიწევდა, რომ ფულსაც არ დაკარგავდნენ და ხარისხიან პროდუქტსაც მიიღებდნენ.

როგორ აღმოჩნდა ეს ნდობა საკმარისი იმ ძალიან დიდი პრობლემების თუ გამოწვევების გადალახვისთვის, რაც იმ დროს თან სდევდა?

ნამდვილად ბევრ გამოწვევას გავუმკლავდით. საბაჟო, საგადასახადო და სხვა სახელმწიფო სტრუქტურები გამართულად არ მუშაობდნენ, კრიმინალის მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო, ყველგან კორუფცია მძვინვარებდა... შედეგად, ბიზნესიც დიდ წნეხს განიცდიდა.

თუმცა ამ პერიოდს დადებითი მხარეც ჰქონდა - ძალიან მაღალი მოტივაცია, რომ რაღაც შეგვექმნა და წარმატებისთვის მიგვეღწია. თითოეული თეთრი, რომელსაც ჩვენ გამოვიმუშავებდით, ისევ კომპანიის განვითარებას ხმარდებოდა.

მაშინ ბევრი ბიზნესი ვერ გადარჩა და როცა ვფიქრობ, რატომ ვერ გადარჩნენ, სწორედ ეს პასუხი მაქვს - ბოლომდე არ იხარჯებოდნენ თავიანთი ბიზნესისთვის და იმ სარგებელს, რასაც ისინი თავის დროზე იღებდნენ, უკან ბიზნესში არ აბრუნებდნენ. ჩვენ უარი ვთქვით ყველანაირ პიროვნულ კომფორტზე და ყოველი თეთრი ისევ ბიზნესში რეინვესტირდებოდა - ამ მიდგომითაც ვამართლებდით იმ ნდობას, რასაც იმ რთულ პერიოდში მომხმარებელი იჩენდა ჩვენ მიმართ.

ფაქტია, ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ შეძლებდა. გუნდიც გჭირდებოდათ. სად პოულობდით პროფესიონალებს?

პარადოქსია, მაგრამ ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, კვალიფიციური კადრის პოვნა დღეს უფრო ჭირს, ვიდრე მაშინ.

რატომ?

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძალიან ბევრი პროფესიონალი უმუშევარი დარჩა. შესაბამისად, მათაც დიდი მოტივაცია ჰქონდათ. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ უმაღლესი განათლების მქონე პროფესიონალები მზად იყვნენ, ნებისმიერი ტექნიკური სამუშაო თავად შეესრულებინათ. ასეთმა კვალიფიციურმა კადრმა დიდწილად განაპირობა ჩვენი კომპანიის წარმატება.

როგორ შეიცვალა მომხმარებლის მოთხოვნა ამ 23 წლის მანძილზე და თუ ახდენს ის გავლენას თავად ბიზნესის წარმოების პროცესზე?

ჩვენ ვიყავით კომპანია, რომელმაც ქართველ მომხმარებელს პირველად გააცნო რამდენიმე პროდუქტი - ფარდა-ჟალუზი, გარე დამცავი ჟალუზი, ავტოფარეხის ავტომატური მართვა, საჩრდილობელი ტენტები. ასევე, ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც პერგოლა (ძალიან გამძლე მოძრავი გადახურვა) ადგილობრივ ბაზარზე დანერგა; პირველად ჩვენ შემოვიტანეთ და ახლა უკვე აქ, ადგილზე ვაწარმოებთ მინაპაკეტში ჩასმულ ჟალუზის. ეს არის პროდუქტი, რომელიც არც ძველდება და არც მტვერი ედება. დიდია იმ პროდუქციის ნუსხა, რომელიც პირველად ჩვენ გავაცანით ქართველ მომხმარებელს.

ჩვენი გეზი მაშინ ასეთი იყო: თუ შევატყობდით, რომ იმპორტირებული ახალი პროდუქტი ბაზარზე ფეხს ადვილად იკიდებდა, ჩვენ მის ადგილობრივ წარმოებას ვიწყებდით. პირველი იმპორტიდან - 1995-96 წლებში - ზუსტად ერთი წლის თავზე უკვე მწარმოებლები ვიყავით. ადგილობრივი წარმოების დაწყება არ იყო ადვილი, მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ძალიან საჭირო საქმეა. ჩვენ დღესაც არ ვყიდულობთ პროდუქციას და არ ვყიდით: ვცდილობთ, ტექნოლოგია ავითვისოთ და მეტი დამატებითი ღირებულება შევქმნათ ადგილზე - მეტი ადამიანი დავასაქმოთ, მეტი ფული დავტოვოთ საქართველოში. სწორედ ეს სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას.

ამასთან, შემუშავებული გვაქვს უკუკავშირის მთელი სისტემა, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას, თუ რას ფიქრობს ჩვენზე მომხმარებელი - როგორც ელექტრონულად, ისე უშუალოდ, პირისპირ შეხვედრებით. ჩვენ სულ გვახსოვს, რომ ხელფასს ჩვენი მომხმარებელი გვიხდის.

თქვენი კომპანიის ვებგვერდზე ძალიან დიდი წილი ეთმობა სტანდარტებს, ხარისხს და ა.შ. - რამდენად არის დღეს მომხმარებელი მზად ამ ხარისხის შესაძენად?

ეს გამოწვევაა. ყოველთვის მირჩევნია, რომ პრობლემას გამოწვევა დავარქვათ, თორემ თუ სხვაგვარად მივუდგებით, გამოვა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება პრობლემების მოგვარებაა. მე კი არ მინდა, რომ ჩემს საქმიანობას ნეგატიური დატვირთვა ჰქონდეს. პირიქით, ჩვენ ვვითარდებით და გამოწვევებს ვპასუხობთ.

2005 წლიდან გვაქვს ISO სერტიფიკატი, რომელიც გერმანული უწყების მიერ არის გაცემული და რომლის განახლებაც ყოველწლიურად ხდება კომპანიის შესაბამისი შემოწმების შემდეგ.

“დიო” ყოველთვის ასოცირდებოდა მაღალ ხარისხთან და არცთუ ისე დაბალ ფასთან. დროთა განმავლობაში შევძელით პროდუქციის ეკონომიური ხაზის წარმოების დაწყება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს ვთავაზობთ უფრო ხელმისაწვდომ ფასს, მაგრამ არა ხარისხის ხარჯზე. ამასობაში საქართველოშიც უფრო მეტად დაფასდა ხარისხი. ახლა უკვე ბევრმა მომხმარებელმა იცის, რომ, მაგალითად, იაფი ფანჯრის შეძენა ნიშნავს, რომ ორჯერ მოგიწევს გადახდა.

როგორ ფიქრობთ, დღეს - ციფრულ, მაღალი კონკურენციისა და ახალი ტექნოლოგიების სამყაროში - რომ იწყებდეთ ბიზნესს, შეძლებდით ისევ ნულოვანი კაპიტალით მის დაწყებას?

მჯერა, რომ დღესაც შესაძლებელია ისეთი ბიზნესიდეის მიგნება, რომელიც ნულოვანი კაპიტალით შეიძლება, გამართულ ბიზნესად შედგეს. დღეს საქართველოში გაცილებით უფრო მაღალი კონკურენციაა, მაგრამ ასევე მარტივად მიგვიწვდება ხელი ახალ ინფორმაციასა თუ ტექნოლოგიებზე.

ბიზნესი რომ დავიწყეთ, მაშინ არც ინტერნეტი იყო, არც მობილური, არც ქალაქის ტელეფონი მუშაობდა გამართულად. იმ დროს კომუნიკაციის პირველი დისტანციური საშუალება იყო პეიჯერი. სწორედ პეიჯერით ვატყობინებდით თანამშრომლებს დავალებებს.

შესაბამისად, ამ თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში უამრავი რამის მოფიქრება შეიძლება, ოღონდ ამისთვის აუცილებელია, ადამიანმა საკუთარ თავზე მუდმივად იმუშაოს: გულწრფელად მჯერა, რომ თუ თითოეული ჩვენგანი მოინდომებს, განათლებას მიიღებს, უნარებს დახვეწს, საქართველო შეძლებს, იგივე გაიმეოროს, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბალტიის ქვეყნებმა შეძლეს.

მსხვილ ბიზნესად ხედავთ საკუთარ თავს?

მსხვილ ბიზნესად გადაქცევა ჩვენი თვითმიზანი არ არის. გვინდა, რომ განვვითარდეთ არა სწრაფად, არამედ სტაბილურად. ასეთი განვითარების შემთხვევაში უფრო კარგად შევინარჩუნებთ ჩვენი პროდუქციისა და მომსახურების ხარისხს. ქვეყნის ეკონომიკური ზრდა როგორც კი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენი ამბიციებიც გაიზარდოს - ასეც მოხდება.

რამდენად პირდაპირია კავშირი ქვეყნის ეკონომიკასა და თქვენი კომპანიის განვითარებას შორის?

ბიზნესის განვითარება ქვეყნის განვითარების ტემპს ებმის. თუ ეკონომიკა სწრაფად იზრდება, მაშინ მოტივაციაც, რომ ამ ქვეყანაში ბიზნესმა დაინახოს თავისი მომავალი, გაცილებით იმატებს. ეკონომიკური განვითარების ხედვა თუ არ არსებობს, ზრდის ტემპიც თუ შენელებულია - ინტელექტუალური და სხვა რესურსი ქვეყნიდან გაედინება.

სად არის დღეს საქართველო ამ კონტინუუმზე?

საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი, თავისი განსაკუთრებული ადგილი დაიკავოს მსოფლიო ეკონომიკურ კონკურენციაში. თუმცა შეუძლებელია, ეს შანსი დიდხანს გაგრძელდეს, ამიტომ მას დღეს უნდა გამოყენება. ბიზნესმენი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი და სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს, რომ ბევრი ადამიანი ჩაერთოს ბიზნესში, ანუ ეკონომიკურ საქმიანობაში.

რამ ან ვინ უნდა განავითაროს ეკონომიკა?

პირველ რიგში, გვჭირდება კარგი ბიზნესგარემო და რაც შეიძლება მეტი უცხოური ინვესტიცია. სულ უნდა გვახსოვდეს, რომ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ძალიან დიდ კონკურენციასთან გვიწევს გამკლავება, განსაკუთრებით – აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნებთან. ეს ქვეყნები ისეთ ინვესტორებს ეძებენ, რომლებსაც ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიები და ცოდნა შემოაქვთ.

ყველა საერთაშორისო საფინანსო თუ სარეიტინგო ორგანიზაციისგან გვესმის, რომ ბიზნესგარემოს მიმზიდველობის გასაზრდელად საქართველომ სტრუქტურული რეფორმები უნდა გაატაროს. თქვენ რომ ადგენდეთ ამ პრიორიტეტებს, რას მიანიჭებდით უპირატესობას?

მთავარია, მომავალ თაობაში ჩავდოთ ინვესტიცია. პრიორიტეტი - განათლებაა. ჩვენი ახალგაზრდების უნარებს თუ გადავხედავთ - კითხვის, მათემატიკური აზროვნების უნარებს - დავინახავთ, რომ ძალიან ჩამოვრჩებით განვითარებად ქვეყნებს, განვითარებულ ქვეყნებზე არც არის საუბარი. განათლებული ადამიანების გარეშე ბიზნესი წინ ვერ წავა. ბიზნესს პროფესიონალიზმი სჭირდება.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული განათლება. დღეს საქართველოში პროფესიული განათლების მქონე კადრების დიდი დეფიციტია. პროფესიული განათლების წარმატების ძალიან კარგი მაგალითია გერმანია და ჩრდილოეთ ევროპის სხვა ქვეყნები. ჩვენი კომპანია სიამოვნებით მოამზადებს ქარხანაში მომუშავე პერსონალს, მაგრამ ქვეყანაში არ არსებობს გამართული სისტემა, რომელიც ასეთ დაინტერესებულ ახალგაზრდებს პროფესიული სასწავლებლების მეშვეობით ჩვენთან დააკავშირებს.

რამდენად ადვილია თქვენს გუნდში ახალ წევრად შემოსვლა?

როდესაც ჩვენ ახალ თანამშრომელს ვასაქმებთ, მას “დიოს” კორპორაციულ კულტურას ვაცნობთ. ეს კულტურა მოიცავს მომხმარებელზე ზრუნვას, პატიოსნებას, კომპანიის შიგნით ერთმანეთის დახმარებას. ეს ის ძირითადი ღირებულებებია, რომლებზეც კომპანიაში ვთანხმდებით. თუ ამ მიმართულებით საერთო დამოკიდებულებები და ხედვები არ გვექნება, მაშინ ერთად ვერ ვიმუშავებთ. ჩვენ არასდროს ვატყუებთ მომხმარებელს, იმიტომ რომ ჩვენ არასდროს ვატყუებთ ერთმანეთს კომპანიის შიგნით.

ჩვენი მიდგომა ასეთია: “სადაც მუშაობ, ბოლომდე უნდა დაიხარჯო”, რადგან ხარისხი დეტალებით მიიღწევა. არ გვინდა, რომ ადამიანი “დიოში” მარტო ხელფასისთვის მუშაობდეს. ვცდილობთ, თანამშრომლებს მივცეთ საკუთარი ცოდნისა და უნარების განვითარების საშუალება. გვინდა ვიცოდეთ, 200 თანამშრომლიდან ვის რა მისწრაფება აქვს, სად ხედავს საკუთარ თავს, რა საქმის კეთება აინტერესებს. შინაგანი მოტივაცია უმნიშვნელოვანესია. როდესაც ადამიანი იმას აკეთებს, რაც მას აინტერესებს, ის გაცილებით უკეთეს პროდუქტს ქმნის, ვიდრე მხოლოდ გასამრჯელოს გამო მომუშავე ადამიანი.

“დიოს” ყველა თანამშრომელი მოწოდებულია, სამუდამოდ დაანგრიოს მითი “საქართველოში მომსახურება არ იციან”. ჩვენ ვიცით თითოეული კლიენტის ფასი და ისიც კარგად ვიცით, რომ ჩვენი მისია მათ ოჯახებსა თუ ოფისებში კომფორტის შექმნაა.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ვისმენ თქვენს ძალიან კონკრეტულ, თანამიმდევრულ ხედვას, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ქვეყანა, ეკონომიკა, ბიზნესი, კვალიფიციური მუშახელი. სახელმწიფოსგან ხედავთ იმავეს?

მიზანი უნდა იყოს რაც შეიძლება გამარტივებული ბიზნესგარემო.

ამიტომ გეკითხებით: სახელმწიფო ერთი ხელით განაწილებულ მოგებას ბეგრავს და ამით საგადასახადო ლიბერალიზაციისკენ დგამს ნაბიჯს; მეორე ხელით - პირდაპირ გადმოაქვს ევროკავშირის ბევრი რეგულაცია გავლენის წინასწარი შეფასების გარეშე და ამით თავისუფალ ბაზარს ზღუდავს - ეს ხომ ერთმანეთისგან განსხვავებული ხედვებია?

რეგულაციები, რომლებიც სიცოცხლის დაცვასა და ჯანმრთელობას ეხება, ძალიან კარგია, რომ დაინერგა.

მაგრამ არსებობს სხვადასხვა რეგულაცია, რომელიც ქმნის უსარგებლო ბიუროკრატიას. მაგალითად, როდესაც ბიზნესი გეგმავს ახალი ქარხნის აშენებას, მას სხვადასხვა მარეგულირებელ სახელმწიფო უწყებასთან უწევს ურთიერთობა და ეს უწყებები ერთმანეთთან კოორდინირებულად არ მუშაობენ. მე ვფიქრობ, ამ პრობლემას მოაწესრიგებს “ბიზნესსახლის” იდეა, რომელიც ადრე გაჟღერდა, მაგრამ შემდეგ აღარ განხორციელებულა. ეს არის ერთ სივრცეში თავმოყრილი სახელმწიფო სერვისები ბიზნესისთვის.

ადრე საერთოდ არ იყო რეგულაციები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი რეგულაციების დანერგვა დაიწყო, რომლებიც ადამიანის სიცოცხლეს ეხება. აუცილებელია, საქართველოში მეტი ვიფიქროთ შრომის უსაფრთხოებაზე, რათა მშენებლობას ადამიანის სიცოცხლე აღარასოდეს შეეწიროს. ყველაფერი შესაძლებელია შესაბამისი სტანდარტების შემუშავებითა და დაცვით. რა თქმა უნდა, შრომის უსაფრთხოების ახალი პირობები ბიზნესისგან გაცილებით მეტ შრომასა და დანახარჯს მოითხოვს, მაგრამ ეს ძალიან საჭირო შრომა და აუცილებელი ხარჯია. თუ ამას მიაღწიეს განვითარებულმა ქვეყნებმა, ჩვენ რატომ ვერ მივაღწევთ?

ხანდახან ამბობენ, რომ საქართველოში ბიზნესმენები არ უყვართ. საიდან მოდის ბიზნესთან დაკავშირებული ეს სტერეოტიპი და, თქვენი აზრით, ვინ კვებავს ამ სტერეოტიპს დღემდე?

ვფიქრობ, ეს სტერეოტიპი პოსტსაბჭოეთის დროინდელია. მაშინ არაერთმა ადამიანმა ისარგებლა იმით, რომ სახელმწიფო, საერთო სახალხო ქონება, ჩალის ფასად მიითვისა, ამით შეიქმნა იოლი სასტარტო პირობები და გამდიდრდა.

თუმცა ისიც აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ბიზნესმიდგომები განსხვავდება და ამ ქვეყანაში პატიოსანი და კანონმორჩილი ბიზნესიც ბევრია. სწორედ მათი წინა პლანზე წამოწევა, მათი წარმოჩენა უნდა ხდებოდეს იმისთვის, რომ ბიზნესის წარმოება დაკავშირებული იყოს სწორ ღირებულებებთან. ამ შემთხვევაში ქვეყანა აღარ იქნება სოციალურ დახმარებებზე დამოკიდებული და ის რეალურად შექმნის დოვლათს, რომელიც აუცილებელია როგორც კონკურენციისთვის, ისე სიღარიბის დასაძლევად.

შეცდომებზე სწავლა რამდენად ადვილია? რა ისწავლეთ თქვენ თქვენ მიერ დაშვებული შეცდომებიდან და ამ გადმოსახედიდან, კმაყოფილი ხართ იმ მიღწევებით, რაც თქვენს კომპანიას აქვს?

ჩვენ მუდმივად გვაქვს მომხმარებელთან კომუნიკაცია. ერთხელ სოციალურ ქსელში ერთმა მომხმარებელმა დაწერა, პროდუქტს რაღაც გაუფუჭდა, “დიოში” მივიტანე გასაკეთებლად და ვიკითხე, რა ეღირება შეკეთებაო. შეხედეს და მითხრეს - არაფერი ეღირება, იმიტომ რომ ეს ჩვენი წუნი ყოფილაო. ის ადამიანი გაკვირვებული და მადლიერი იყო. გახსნილობა და პატიოსნება - ჩემი აზრით, ეს ის ღირებულებებია, რომლებზეც უნდა იდგეს ქართული ბიზნესი, რაოდენ ძნელიც არ უნდა იყოს ამ გზით სიარული.

რა აზრის ხართ სოციალურ კორპორაციულ პასუხისმგებლობაზე - ძალიან მოდურია დღეს ეს მიმართულება - რას ნიშნავს თქვენთვის CSR-ი?

მომხმარებელს ხშირად ჰგონია, რომ ბიზნესი უშუალო სარგებლის გარეშე არაფერს აკეთებს - მით უმეტეს, ისეთ საქმეს, რასაც მისთვის მოგება არ მოაქვს. ჩემთვის ეს ასე არ არის.

ჩვენ არ გვინდა, ვიყოთ მდიდარი ბიზნესი ღარიბ ქვეყანაში. “დიოში” დასაქმებული თითოეული ადამიანი საქართველოს მოქალაქეა და ქვეყნის სატკივარი მისი სატკივარიც არის. ამიტომ ვცდილობთ, იქ მივმართოთ ჩვენი დახმარება, სადაც ეს ყველაზე მეტად საჭიროა: დაარსების დღიდან ვეხმარებით ბავშვთა ჰოსპისს, ეს დაწესებულება ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს და მათ ოჯახებს უფასოდ ემსახურება. ის რამდენიმე წლის წინ ფონდის “ღია საზოგადოება - საქართველოს” ინიციატივით გაიხსნა; დახმარება გავუწიეთ ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ბიბლიოთეკების აღდგენასა და გახსნაში; ვცდილობთ, წავახალისოთ მასწავლებლები და ხელი შევუწყოთ განათლების განვითარებას; ხელს ვუწყობთ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

ბიზნესის რუტინა საკმაოდ მძიმეა, ამიტომ ჩვენც სიამოვნებას ვიღებთ, როცა შეგვიძლია, მას დროებით მოვწყდეთ და სწორედ ამ ბიზნესის შედეგად მიღებული რესურსი გავანაწილოთ ისე, რომ ზუსტად ვიცოდეთ - კარგ საქმეს ვაკეთებთ. ეს კიდევ უფრო მეტად ზრდის ჩვენს მოტივაციას, უფრო აქტიურად დავუბრუნდეთ ბიზნესის ყოველდღიურ რუტინას.

საერთაშორისო რეიტინგებში ბიზნესის წარმოების ყველა ის ასპექტი არ ჩანს, რაზეც თქვენ, როგორც პრაქტიკოსი, ყურადღებას ამახვილებთ. თუმცა ვთანხმდებით, რომ ბიზნესის დაწყება საქართველოში მარტივია. მაშინ ჩემი კითხვაა: აქ ბიზნესის შენარჩუნება მარტივია? მისი გაზრდა მარტივია?

ეს ძალიან საინტერესო კითხვაა, იმიტომ რომ ერთია - დაიწყო, მეორეა - შეინარჩუნო, მესამეა - გაზარდო ბიზნესი. ჩვენ 90-იან წლებში დავიწყეთ. გარკვეული შეღავათები მაშინაც იყო: ბიზნესი, დაწყებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვთქვათ, იმავე საგადასახადო შემოწმებისგან თავისუფლდებოდა; მოგების გადასახადის გადახდას ორი წლის შემდეგ იწყებდა - ეს ნამდვილად საგრძნობი შეღავათები იყო და მაშინ ყველამ ისარგებლა. თუმცა იმ დროს ბიზნესის შენარჩუნება ძალიან რთული იყო - ქვეყანაში კრიმინალური სიტუაციის და კორუფციის გამო. ამიტომ ეს შეღავათებიც, ჯამში, ფასს კარგავდა.

დღეს ჩვენს პირობებში ბიზნესის განვითარებას ხელი შეიძლება შეუშალოს დაბალმა ეკონომიკურმა ზრდამ, გაუფასურებულმა ეროვნულმა ვალუტამ, ბაზარზე არასამართლიანმა კონკურენციამ. ბიზნესს დღეს საქართველოში მიზანმიმართულად არავინ ერჩის - ამის მტკიცედ მჯერა. გარკვეული არასასიამოვნო შემთხვევები შეიძლება იყოს, მაგრამ ეს ერთეული შემთხვევებია. დღეს ბიზნესი უფრო თავისუფალია, ვიდრე არათავისუფალი. შესაბამისად, ასეთი მოცემულობა გვაქვს: წამყვანი მნიშვნელობისაა ისეთი ბიზნესგარემოს შენება, რომელიც ინვესტორს მეტი განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

ლარის გაუფასურებას მე ირიბ გადასახადს ვარქმევ - გადასახადს, რომელსაც თითოეული ჩვენგანი არასწორად წარმოებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად იხდის. მეთანხმებით?

დიახ. ჩვენ ვიბეგრებით არასწორი პოლიტიკის გამო. ეს ყველაფერი კი ბიზნესის განწყობებზეც მოქმედებს. ბიზნესი ლარის კურსს უყურებს, მომხმარებელი კი – მაცივარს. თუ სასიკეთო ცვლილებას ვერც ერთი ვერ ხედავს, მაშინ ფურცელზე დაწერილი რიცხვები არაფერს ნიშნავს.

დღეს ინფლაციის ზრდის ერთი მიზეზი გაუფასურებული ეროვნული ვალუტაც არის...

მეტიც, ინფლაცია ზომავს ფასების ზრდას მხოლოდ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე. ჩვენ მარტო იმას არ უნდა ვზომავდეთ, თუ რამდენად შეუძლიათ ადამიანებს ფიზიკური გადარჩენისთვის აუცილებელი პროდუქცია იყიდონ. ეს არასწორია.

ანუ ამბობთ, რომ ინფლაცია კიდევ უფრო მაღალია?

რა თქმა უნდა. ადამიანის მისწრაფება, გამოიმუშაოს მეტი და დააგროვოს მეტი დოვლათი, ნორმალურია. ის არა მხოლოდ თვითგადარჩენაზე უნდა ზრუნავდეს, არამედ ცხოვრების დონის ამაღლებაზეც და მას ამის საშუალება უნდა ეძლეოდეს. საქართველოში ადამიანები ხშირ შემთხვევაში აუცილებელ შემოსავალსაც ვერ იღებენ.

საბანკო რეგულაციებზე რა აზრის ხართ ამ ჭრილში?

მე ვეთანხმები, რომ ხელაღებით ამდენი კრედიტის გაცემა არ იყო სწორი. რეგულაციები და ამ სფეროს მოწესრიგება მნიშვნელოვანია, რათა ადამიანები ცდუნების წინაშე არ დავაყენოთ.

მაგრამ საიდან მოდის ეს ცდუნება? ეს რეგულაციები მიზეზთან ბრძოლაა თუ შედეგთან?

ახლა უკვე შედეგთან - მაგ ნაწილში გეთანხმებით. მიზეზი სწორედაც რომ ინვესტიციებისა და ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების ტენდენციაა. ერთადერთ ინვესტორად ამ ქვეყანაში გადაიქცა ბანკი და ეს მხოლოდ ბანკის ბრალი სულაც არ არის.

როგორ მომავალს ირჩევს “დიო”?

ჩვენ გავიზრდებით. ახლა ვაშენებთ ახალ საწარმოს, სადაც ახალი დანადგარები განთავსდება, ახალი თანამშრომლები დასაქმდებიან და საწარმოო პროცესი ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც უფრო გაიმართება. და რაც მთავარია - რითაც მე განსაკუთრებით ვამაყობ - წარმოების გარკვეულ ნაწილს ქუთაისში გადავიტანთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი დედაქალაქში არ იყოს კონცენტრირებული. მიხარია, რომ ქუთაისში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შევძლებთ.

ჩვენ გირჩევთ

LE MÉRIDIEN - ბათუმის ღირსშესანიშნაობა

Forbes Georgia-მ გალა-მიღება გადადო

LE MÉRIDIEN - ბათუმის ღირსშესანიშნაობა

LE MÉRIDIEN - ბათუმის ღირსშესანიშნაობა

წინა სტატია

საქართველოს ბანკი მომხმარებელს Apple Wallet-ით თანხის გამოტანას სთავაზობს
19 დეკემბერი, 2019

შემდეგი სტატია

მსოფლიოს მასშტაბით Google შეფერხებით მუშაობს
19 დეკემბერი, 2019
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker