Domson’s Engineering & Construction-ის განვითარების ეტაპები და საერთაშორისო პერსპექტივები

Domson’s Engineering & Construction-ის განვითარების ეტაპები და საერთაშორისო პერსპექტივები

Domson’s Engineering & Construction-ისთვის 2019 წელი რეგიონული მასშტაბის პროექტების შესრულებით, 20 მილიონი ლარის ინვესტიციით და 500-ზე მეტი დასაქმებულით სრულდება. კომპანია სამშენებლო მიმართულებით საქართველოს ბაზარზე გენერალური კონტრაქტორის სტატუსით ოპერირებს და 2020 წელს საქართველოს პარალელურად გეზს უკვე უზბეკეთის ბაზრისკენ იღებს. სიახლეებზე Forbes Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა, ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა.

Domson’s Engineering & Construction-ის გამოცდილება ელექტრომექანიკურ საინჟინრო სამუშაოებს უკავშირდება, რა მიმართულებითაც “დომსონი” ქართული ბაზრის უპირობო ლიდერია, ხოლო სამშენებლო მიმართულების განვითარებით კომპანიამ საქართველოში გენერალური კონტრაქტორის სტატუსი დაიმკვიდრა.

Domson’s Engineering & Construction-ი თანამშრომლობს ისეთ მსხვილ კომპანიებთან, როგორიცაა თანაინვესტირების ფონდი, “აი-ჯი დეველოპმენტი”, “სილქ როუდ ჯგუფი”, “ევექსი”, “თიბისი” და “ალიანს ჯგუფი”. კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტების რიცხვს მიეკუთვნება კომპლექსი “პანორამა თბილისი”, “სითი მოლის” სავაჭრო ცენტრები, “ევექსის” კლინიკები, “რედისონის” ივენთ ჰოლი, “კარფურის” ჰიპერმარკეტები და ა.შ. რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, კომპანია რამდენიმე ხუთვარსკვლავიანი ბრენდული სასტუმროს, A კლასის ბიზნესცენტრისა და “მაკდონალდსის” საერთაშორისო სტანდარტების საწარმოს სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს.

კომპანიის პრიორიტეტი მისი დამკვეთების კომფორტია, სწორედ ამას უკავშირდება მომსახურების სრული პაკეტის შეთავაზება, რაც სამშენებლო, საინჟინრო, სარემონტო სამუშაოებს, პროექტირებასა და მათ შემდგომ განხორციელებას გულისხმობს.

გუნდურობის პრინციპი და თანამშრომლების საჭიროებებზე ზრუნვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. “ჩვენ, ყველა, ერთ თამაშს ვთამაშობთ”, – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი და ახალგაზრდა, მაღალკვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტებულ გუნდზე გვიყვება, სადაც ყველას, პოზიციის მიუხედავად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში თავისი მნიშვნელოვანი როლი აქვს. Domson’s Engineering & Construction-ის მენეჯმენტისთვის თანამშრომლების გადამზადება ინვესტიციაა, რაც კომპანიის განვითარებისა და წარმატების წინაპირობას წარმოადგენს. დასაქმებულთა შორისაა არაერთი უცხოელი სპეციალისტი გერმანიიდან, უკრაინიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, თურქეთიდან და ბელორუსიიდან. მათი გამოცდილება ქართველ სპეციალისტებს კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარება და მნიშვნელოვან გამოცდილებას სძენს.

განვითარებულ ქვეყნებში ენერგოეფექტიანი შენობების კონცეფცია უფრო და უფრო აქტუალური ხდება. Domson’s Engineering & Construction-ი ამ მიმართულებითაც მოწინავე პოზიციებზეა, რასაც მათ მიერ რეგიონალური მასშტაბის პროექტებში დანერგილი, იაპონური ბრენდის, Daikin-ის A+ კლასის ენერგოეფექტიანობის მქონე სისტემები ადასტურებს. Daikin-ი წარმოადგენს მსოფლიოს ნომერ პირველ ბრენდს კონდიცირებისა და ვენტილაციის მიმართულებით, რომლის წლიური ბრუნვა 24 მილიარდ დოლარს შეადგენს. კომპანიას საერთაშორისო მასშტაბით 70,000 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. Domson’s Engineering & Construction-ი აღნიშნულ ბრენდს საქართველოში 2012 წლიდან წარმოადგენს. კომპანია ზედიზედ მეორე წელია, Daikin-ის საუკეთესო დისტრიბუტორი ხდება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით.

“ჩვენმა ჯგუფმა საკუთარი სასტუმრო კომპლექსისა და ელიტარული ვილების მშენებლობა კახეთში დაიწყო, 10 ჰექტარის ფართობი მქონე მიწის ნაკვეთზე, სადაც ასევე ვენახების გაშენება და ღვინის წარმოება იგეგმება. აღნიშნული დეველოპერული პროექტი ჩვენივე ინვესტიციით ხორციელდება და სამუშაოებს ჩვენივე კომპანიის გამოცდილი სამშენებლო ჯგუფი აწარმოებს”, – ამბობს ლევან მაჭავარიანი.

“ქართული ბაზარი ჯერჯერობით არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მჭიდრო კონკურენციის პირობებში ყველა კარგად გრძნობდეს თავს”, – ლევან მაჭავარიანი ქართულ ბაზარს აფასებს, სადაც დღეს ბიზნესისთვის დღის წესრიგში რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა დგას. პირველი პრობლემა თურქული კომპანიებია, რომელთა უმრავლესობა პირამიდის პრინციპით მოქმედებს და არაგონივრულ საფასო პოლიტიკას აწარმოებს, შესაბამისად, მათთან კონკურენცია არასამართლიანი პირობებით მიმდინარეობს.

კომპანიის დამფუძნებელი საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსურ რეგულაციებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ცვლილებები ამ მიმართულებით საჭიროა. მისი თქმით, მოქნილი საბანკო პროდუქტების გარეშე საქართველოში დეველოპერული ბიზნესის წარმოება ძალიან რთულია, ეს როგორც ცალკეულ კომპანიებს, ასევე ქვეყნის ეკონომიკას აზარალებს.

დატვირთული წლის გათვალისწინებით, უკვე 2020 წელს “დომსონი” თავისი მომსახურების საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანასაც აპირებს. შემდეგი სამიზნე უზბეკეთია, სადაც წლის დასაწყისშივე კომპანია ოფისის გახსნას გეგმავს. პირველი პროექტი საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო იქნება, რომლის განხორციელებაც ამავე წლის გაზაფხულზე დაიწყება.

“რა თქმა უნდა, საქართველოშიც უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და ხარისხის ზრდა ყოველთვის დღის წესრიგში უნდა იდგეს, თუმცა უზბეკეთიც ძალიან საინტერესოა და აქედან გამომდინარე თებერვალში ტაშკენტში ჩვენს პირველ ოფისს გავხსნით და იქ მსხვილი მშენებლობის ტენდერებში აქტიურად ჩავებმებით როგორც სამშენებლო კომპანია, რომელსაც მომსახურების სრული პაკეტის შეთავაზება შეუძლია”, – გვიყვება კომპანიის დამფუძნებელი.

ეს რაც შეეხება უახლოეს გეგმებს, თუმცა Domson’s Engineering & Construction-ს გრძელვადიანი გათვლები უკვე გაკეთებული აქვს. კომპანიამ დეველოპმენტის მიმართულების განვითარება სამომავლო მიზნად უკვე დაისახა, ასევე დაფუძნდება Domson’s Development-იც, რომელსაც მომსახურებას მათივე სამშენებლო კომპანია გაუწევს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *