ჯანდაცვის სისტემა და სიზიფეს შრომა

ჯანდაცვის სისტემა და სიზიფეს შრომა

მთავრობის 520-ე დადგენილებამ, მიუხედავად დაძაბული პოლიტიკურიფონისა, კონკრეტული რეფორმის ირგვლივ სერიოზული დებატები გამოიწვია და, ამასთან, უფრო ფართო დისკუსიისა და იმაზე დაფიქრების შესაძლებლობა გააჩინა, თუ საერთოდ რას წარმოადგენს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა.

ამ დროისთვის საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციიდან გამომდინარე, კონფლიქტი ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკების მენეჯმენტს შორის განპირობებულია არსებული სისტემის მიერ შექმნილი დესტრუქციული სტიმულებით. ფაქტობრივად, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი ბიუჯეტის ხარჯზე მკურნალობს, არც ერთ მხარეს – არც ექიმებს, არც კლინიკების მენეჯმენტს, არც სადაზღვევო კომპანიებს და არც თვითონ პაციენტს – არა აქვს სტიმული, იზრუნოს რესურსების ეფექტიან გამოყენებაზე. რაც, მინიმუმ, მარტივად პროგნოზირებადი იყო, რადგან ამგვარი ოპორტუნისტული ქცევა ეკონომისტების განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი ჯერ კიდევ 1960-იან წლებში გახდა, როცა საბაზრო ეკონომიკის მქონე არაერთ ქვეყანაში სოციალისტური სისტემის სხვადასხვა ელემენტი დაინერგა და მკაფიოდ გამოჩნდა, თუ რამდენად დესტრუქციული ხდება ადამიანის ქცევა “საყოველთაო” სისტემების ფარგლებში. დღეს კი ყველა ასეთი საკითხი დეტალურად შესწავლილია და ეკონომიკური თეორიის სახელმძღვანელოებშია აღწერილი.

კარგად ცნობილია ე.წ. ინსტიტუტების ხელში ჩაგდების პრობლემაც, როცა ბიზნესმენი ლეგალურად ურიგდება მთავრობას, ბიუჯეტის ხარჯზე მოგების ზრდის მიზნით. ეს კი განსაკუთრებით გავრცელებულია “რთულ” სექტორებში, ანუ ისეთ ბიზნესში, რომლის შესახებაც რიგითი მომხმარებელი შედარებით ნაკლებად ინფორმირებულია. ასეთია, მაგალითად, ელექტროენერგეტიკა, განათლების სისტემა, წყალმომარაგება, საბანკო სისტემა და, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სისტემა.

სხვათა შორის, ასეთი სექტორის კარგი ინდიკატორია “ექსპერტების” სიმრავლე, რადგან “ობიექტური პოზიციის” მქონე ექსპერტებმა უნდა დამალონ გარიგების ფაქტი და დაიცვან ის ნებისმიერი კრიტიკისგან. ამიტომ, თუ მომხმარებელი იკითხავს, რატომ არ შეიძლება ქალაქში იყოს ორი წყალმომარაგების კომპანია, გაჩნდება “ექსპერტი” კომენტარით “ბუნებრივ მონოპოლიაზე”; თუ ვინმე ლარის გაუფასურების შემდეგ ალაპარაკდა ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაზე, “ექსპერტი” არ დააყოვნებს და გარე შოკებსა და “მთავრობის ბრალს” შეგვახსენებს. და როგორც კი კლინიკების მენეჯმენტმა მოგების მიღების მარტივი გზის დაკარგვის რისკი დაინახეს, გაჩნდა უამრავი ექსპერტის მოსაზრება, თუ რატომაა ეს ცუდი და საშიში. უილიამ ისტერლის ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ეს ყოველივე “ექსპერტების ტირანიის” ინდიკატორია, ანუ საზოგადოების, რომელიც “ექსპერტის მოსაზრების” საკრალიზაციისკენ და, ამავდროულად, ადამიანის თავისუფლებების შეზღუდვისკენაა მიდრეკილი.

და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ცნობილია ოპორტუნისტული ქცევით გამოწვეული პრობლემების გადაჭრის ყველა ის ალტერნატიული გზა, რომლებიც პრაქტიკაში ბიუროკრატების მიერ იყო რეალიზებული. გამარტივებისთვის შეიძლება ორი ძირითადი მიმართულების გამოყოფა:

1. მთავრობა აფინანსებს კერძო სადაზღვევო კომპანიების პაკეტების შეძენას მოქალაქეებისთვის, ხოლო მკურნალობის პროცესის კონტროლს უშუალოდ სადაზღვევო კომპანიები ახორციელებენ (პირობითად აშშ- ის მოდელი);

2. სამედიცინო მომსახურების კონტროლი რჩება მთავრობას დამატებითი რეგულაციების შემოღებასთან ერთად (პირობითად გერმანიის მოდელი).

პირველი გზა, როგორც პრაქტიკამ გვაჩვენა, ხელმისაწვდომობის შემცირებით მთავრდება, სამედიცინო მომსახურების სტაბილური და სწრაფი გაძვირების შედეგად, რაც, თავის მხრივ, სადაზღვევო კომპანიის ეფექტიანი მუშაობის მოტივების დაქვეითებითაა განპირობებული, რადგან მისი მომხმარებელი არა ადამიანია, რომელიც უფრთხილდება თავის სახსრებს, არამედ ბიუროკრატები, რომლებიც სხვის (გადასახადებით შეგროვებულ) ფულს ხარჯავენ. სისტემა მით უფრო უარესდება, რაც უფრო მეტად აქტიურობენ პოლიტიკოსები, ვინაიდან არჩევნების წინ ამომრჩევლების მოსყიდვა მათი ბუნებრივი სურვილია. და ადრე თუ გვიან ძალაუფლებას მეტად სოციალისტი პოლიტიკოსი მოიპოვებს, რომელიც ამ სისტემის გაფართოებას მოითხოვს (როგორც ეს მოხდა აშშ-ში ბარაკ ობამას შემთხვევაში). ეს კი კიდევ უფრო გააძვირებს სამედიცინო მომსახურებას და გაზრდის ბიუჯეტის დეფიციტს.

მეორე ალტერნატივაც, რომელიც ჩვენს რეალობას უფრო მეტად ჰგავს, ხელმისაწვდომობის შემცირებით მთავრდება, თუმცა – პირველისგან განსხვავებული გზით. მთავრობის სურვილი, დაარეგულიროს (პირველ რიგში დასწიოს) ფასი და შეამციროს ოპორტუნიზმი, ბიუროკრატიას ორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანს. პირველი – სახელმწიფო კლინიკების ქსელის შექმნა, რაც ინფორმაციის ნაკლებობის აღმოფხვრის მექანიზმია. ინფორმაცია კი აუცილებელია მეტწილად რეალისტური ფასების დადგენისთვის. თუმცა, ამას ე.წ. ჩანაცვლების ეფექტი მოჰყვება, როცა სახელმწიფო კლინიკები კერძო საავადმყოფოებს ჩაანაცვლებენ და დარჩენილი კლინიკების მოგებიანობას შეამცირებენ. მეორე – კვოტირება, რაც შედარებით დაბალი და ხელოვნური ფასების პირობებში ბაზარზე შექმნილი დეფიციტით და ხარისხის გაუარესების რისკებითაა გამოწვეული.

ამდენად, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა ყველგან ცუდად მუშაობს და თუ დაგროვებულ გამოცდილებას კრიტიკულად მივუდგებით, დავინახავთ, რომ ამ სისტემის გაუმჯობესება სიზიფეს შრომაა. ხოლო დღევანდელი დაპირისპირება მორიგი ეტაპია იმ უსასრულო პროცესის, სადაც: მინისტრი ცდილობს, არაეფექტიანი სისტემის ეფექტიანობა გაზარდოს, კლინიკები მოგების მიღების მარტივი გზის შენარჩუნებას ლობირებენ, ექსპერტები კი ექსპერტობენ. მაგრამ ვინც არ უნდა გამოვიდეს ამ ბრძოლაში გამარჯვებული, ისტორიას happy end არ ექნება, ვინაიდან ჩვენ ვცდილობთ ფუნდამენტურად არასწორი სისტემის გაუმჯობესებას, ნაცვლად იმისა, რომ მისი გაუქმების გზების ძიება დავიწყოთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *