მაუწყებლობის ციფრული ეპოქა საქართველოში

მაუწყებლობის ციფრული ეპოქა საქართველოში

ევროპის და, შეაბამისად, საქართველოს ყველაზე მაღალი დასახლებული ადგილი – ულამაზესი სოფელი უშგული მაუწყებლობის მხრივ დღეს ყველაზე თანამედროვეა. აქ მცხოვრები 63-ვე ოჯახი სამყაროს ციფრული ხარისხით უყურებს, უსმენს და აღიქვამს. ეს მაგთიკომისა და თანამგზავრული ოპერატორის, SES-ის მიერ ერთობლივად განხორციელებული პროექტია, რომელიც საქართველოში დაგეგმილი უდიდესი სამაუწყებლო რეფორმის დასკვნითი ნაწილის პირველი ეტაპი აღმოჩნდა. უშგულელებმა ანალოგური ფორმატიდან ციფრულ მაუწყებლობაზე რამდენიმე კვირის წინ გადაინაცვლეს, რაც 27 ივნისიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე იგეგმებოდა, თუმცა თბილისში მომხდარი სტიქიის გამო პროცესი 1 ივლისამდე გადაიწიეს.

ჯერ კიდევ არსებობს თაობა, რომელსაც ტელემაუწყებლობის შექმნა, პირველი ტელემიმღებები, სახლის სახურავზე დამონტაჟებული ანტენები და ქარის ერთი წამობერვით არეული გამოსახულება ახსოვს. თავად იმ თაობას მივეკუთვნები, რომელიც ფერადი ტელევიზორების, საკაბელო მაუწყებლობისა და ინტერნეტტელევიზიის გამოჩენას მოესწრო. ახლა კი მაუწყებლობა სულ სხვა საფუხურზე ადის და თუ ამ სფეროს ისტორიას გადავხედავთ, ნათლად დავინახავთ, რომ მისი განვითარების დინამიკა ერთ-ერთი ყველაზე ნოვატორული, თანმიმდევრობითი და დროულია.

ამ დღისკენ თითქმის ათი წელია მოვდივართ. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის აუცილებლობის შესახებ ჯერ კიდევ შორეულ 2006 წელს შევიტყვეთ, როდესაც ჟენევაში გამართულ ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (International Telecommunication Union) კონფერენციაზე რეგიონულ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი. ამ დოკუმენტის თანახმად ევროპული სამაუწყებლო ზონა მთლიანად ციფრული უნდა გამხდარიყო, რისი მონაწილე ჩვენი ქვეყანაც უნდა გამხდარიყო. იქვე დადგინდა ზუსტი დრო, როდესაც ეს პროექტი საქართველოში  განხორციელდებოდა – 2015 წლის ზაფხული.

ცხადია, ჩნდება კითხვა, თუ რატომ მივისწრაფვით ციფრული მაუწყებლობის სტანდარტის დამკვიდრებისკენ. პასუხი მარტივია: ტექნოლოგიური პროგრესი ყოველდღიურად აჩენს ახალ შესაძლებლობებს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი უკეთესი ხარისხის გამოსახულებისა და ხმის მიღების შანსი გვაქვს და არა მხოლოდ ეს. ციფრული მაუწყებლობის პირობებში შესაძლებელია, რომ ერთი სიხშირით რამდენიმე არხი მაუწყებლობდეს, სიგნალი მიეწოდებოდეს დიდი ქალაქებიდან შორს მდებარე დასახლებებს (გაიხსენეთ უშგული), მაყურებელი იღებს ე.წ. ინტერაქტიულ ტელევიზიას, როდესაც თავად წყვეტს მოცემულ მომენტში რომელ პროგრამას უყუროს, აირჩიოს სასურველი ენა და სხვა უამრავი სერვისი, რაც არ გააჩნია ანალოგურ მაუწყებლობას.

როგორც SES-ის მარკეტინგული კომუნიკაციების ვიცე-პრეზიდენტი, ანა-კარინ მოდიღი ამბობს, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას ეკონომიკისა და ბიზნესგანვითარების მხრივაც აქვს მნიშვნელობა: „ამ პროექტის განხორციელების აუცილებლობა ეკონომიკური კუთხითაც პრიორიტეტულია. მარტივად რომ ვთქვა,  დანახარჯის გაზრდის გარეშე ვიღებთ სიმძლავრეს, რომელიც მეტი ტელეარხის მაუწყებლობის საშუალებას გვაძლევს. მაგალითად, უკვე დადგენილია, რომ  ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემთხვევაში საქართველოში 8-ჯერ მეტი არხის გაჩენის შესაძლებლობა იქნება. ეს სარეკლამო ბაზრის გაზრდასაც გამოიწვევს. სატელევიზიო სივრცეში რეკლამის განთავსების მსურველთა რაოდენობა მოიმატებს, რადგან ექნებათ გარანტია, რომ მათი პროდუქტის სარეკლამო რგოლს მომხმარებელი გაცილებით უკეთესი ხარისხითა და ქვეყნის ყველა წერტილში ნახავს.“

9 წელიწადი სრულიად საკმარისი დროა მსგავსი მასშტაბის პროექტის მოსამზადებლად და განსახორციელებლად, რისთვისაც ჩვენი სახელმწიფო მზად აღმოჩნდა. ამას SES-ის ვიცეპრეზიდენტი ნორბერტ ჰოლცლეც აღნიშნავდა: „ვფიქრობ, საქართველო ციფრული მაუწყებლობისთვის ძალიან კარგად არის მომზადებული. ქვეყანაში არსებობს ინტერნეტ და სატელიტურ ტელევიზიას შორის არჩევანის შესაძლებლობა; კარგადაა განვითარებული ინფრასტრუქტურა – უკაბელო ინტერნეტი თითქმის მთელი ქვეყნის ტერიტორიაზეა ხელმისაწვდომი. ეს მაფიქრებინებს, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი ადვილად წარიმართება როგორც მომხმარებლისთვის, ისე ტელეკომპანიებისთვისაც“.

2014 წლის თებერვალში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული ციფრული მაუწყებლის სააგენტო შეიქმნა, რომელსაც არა მხოლოდ რეფორმისთვის ხორცის შესხმა, არამედ მოსახლეობისთვის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის აუცილებლობისა და უპირატესობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაევალა. სააგენტოს საიტზე განთავსებულია სრული საინფორმაციო პაკეტი, პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად საჭირო ტექნიკური დეტალები და სხვა. აქვეა მცირე გამოკითხვაც. სააგენტო ორ კონკრეტულ კითხვას სვამს: იცით თუ არა, რომ საქართველო 2015 წლიდან ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადადის და ხართ თუ არა მზად ახალ მაუწყებლობაზე გადასასვლელად? 23 ივნისის მონაცემებით პირველ კითხვაზე დადებით პასუხს 7278 ადამიანი ანუ გამოკითხვის მონაწილეთა 88% იძლევა, ხოლო მეორე კითხვას მხოლოდ 4876 ხმა ანუ 46 % აქვს. შესაბამისად, ირკვევა, რომ გამოკითხვაში მონაწილეთა უმეტესება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად მზად არაა.

ცხადია, ეს, ისევ და ისევ, კომუნიკაციის ანუ ინფორმაციის გავრცელების პრობლემა გახლავთ, რადგან, როგორც არა ერთი წყარო მოწმობს და სააგენტოც ჯიუტად გვიმტკიცებს, რეფორმის განხორციელების მხრივ ტექნიკური მხარე ნაკლებად პრობლემატურია: საკაბელო, თანამგზავრული და ინტერნეტტელევიზიების მომხმარებლებს რეფორმა არ ეხებათ, რადგან ისინი ისედაც იღებენ ციფრულ გამოსახულებას. ანუ რჩება მხოლოდ ის მომხმარებელი, ვინც დღემდე ანალოგური მაუწყებლობით სარგებლობს. მათ კი ციფრული სიგნალის მიღება შეუძლიათ იმავე ანტენით, რომლითაც ანალოგური სიგნალის მიღებისას სარგებლობდნენ (შენობის სახურავზე დამონტაჟებული, იშვიათ შემთხვევაში სახლის ანტენაც). ვისაც ანალოგური სიგნალის მიმღები ტელევიზორები აქვთ, მხოლოდ ციფრული სიგნალის მიმღები აპარატურის, ე.წ. „სეთ-თოფ ბოქსის“ შეძენა მოუწევთ, რომელიც ტექნიკის ნებისმიერ მაღაზიაში იყიდება, ხოლო ტელევიზორების შეცვლა მხოლოდ იმ მომხმარებელს მოუწევს, რომელთა ტელევიზორებსაც RCA ტიპის კაბელი არ უერთდება. შეღავათი ექნებათ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთათვისაც ყველა ტექნიკური ცვლილების დასაფარ ხარჯს სახელმწიფო გაიღებს. ამრიგად ცვლილების პროცესი იმაზე უმტკივნეულოა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს – ცვლილების გარეშე კი მარტივ პროგრესზე საუბარიც შეუძლებელია.

ევროპისა და მასთან ერთად საქართველოს ციფრული მაუწყებლობით უზრუნველყოფას ზემოთ ნახსენები SES-ის, მსოფლიოში ყველაზე დიდი დაფარვის მქონე სატელიტური ოპერატორის ერთ-ერთი სატელიტი განახორციელებს. აღნიშნული სატელიტი კომპანიამ კოსმოსში შარშან მარტში „გაამგზავრა“, მის კორპუსზე კი მედიაპარტნიორ Forbes Georgia-ს ლოგოა განთავსებული. სატელიტს ASTRA 5B ჰქვია, ღია კოსმოსში დანავარდობს და ჩვენთან ერთად ელის წამს, როდესაც ღილაკზე ერთი დაჭერით საქართველოს მაუწყებლობის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყება. დაიწყება და მას ვეღარაფერი შეაჩერებს, რადგან ასე მოხდება მთელ ევროპაში, ასე ხდება მსოფლიოში და იქნებ სადღაც შორს, შორეულ გალაქტიკებშიც…

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *