2019 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპმა მოლოდინს გადააჭარბა - IMF-ის მიგნებები

2019 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპმა მოლოდინს გადააჭარბა - IMF-ის მიგნებები

2019 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპმა მოლოდინს გადააჭარბა, რაც ეკონომიკის მდგრადობაზე მიუთითებს, – ასეთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის საქართველოში ვიზიტის დროს გაკეთებული ერთ-ერთი მიგნება. მისიის დასრულების შემდეგ ფონდმა ოფიციალური პრესრელიზი გაავრცელა, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში საჭიროა გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელება ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად და ინფლაციის 3 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებლამდე 2020 წლის ბოლოსთვის შესამცირებლად, ასევე, მისიის განცხადებით, სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება გაზრდის ქვეყნის ეკონომიკის მედეგობას საგარეო შოკების მიმართ და გააუმჯობესებს ეკონომიკის ზრდის საშუალოვადიან პერსპექტივას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით, საქართველოში 5-11 თებერვალს იმყოფებოდა. მისიის მიზანი იყო ქვეყნის ეკონომიკაში და საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესების და სტრუქტურული რეფორმების პროგრესის შეფასება. ვიზიტის დასასრულს ვერა-მარტინმა განაცხადა:

“საქართველოს ეკონომიკის ზრდა კვლავაც მყარია. წინასწარი შეფასებების მიხედვით 2019 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა, რაც სსფ-ს 4.6 პროცენტიან პროგნოზს აღემატება, ხოლო 2019 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე, მშპ-ს 4.4 პროცენტამდე. იმპორტი თითქმის არ გაზრდილა, მაღალი ადგილობრივი მოთხოვნის მიუხედავდ. ექსპორტი, კი, 12 პროცენტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიუხედავად დაკრედიტების ზრდის ტემპი შენარჩუნდა, რაც ნაწილობრივ ბანკებისთვის უცხოური ვალუტის სარეზერვო მოთხოვნების შემცირებით იყო განპირობებული. შემოსავლების ზრდამ შესაძლებლი გახადა სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა რეკორდულ მაჩვენებლამდე (მშპ-ს 8 პროცენტამდე) ისე, რომ ფისკალური დეფიციტი არ გაზრდილა და მშპ-ს 2.1 პროცენტი შეადგინა. ინფლაცია 2019 წლის ბოლოს 7 პროცენტი იყო, შემდეგ იკლო და იანვარში 6.4 პროცენტი შეადგინა წინა წელთან შედარებით.

საქართველოს ეკონომიკის 2020 წლის ზრდის პერსპექტივა სტაბილურია და ზრდის პროგნოზი 4.3 პროცენტს შეადგენს; რისკები დაბალანსებულია 2019 წელს მოსალოდნელზე მაღალი აქტივობის გამო. ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს (წლიურ 3 პროცენტს) 2020 წლის ბოლოს მიუახლოვდება, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გამო, ასევე ერთჯერადი ფაქტორების გავლენის მილევასთან ერთად. გაურკვეველი საერთაშორისო პერსპექტივა მოითხოვს გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნებას, რეზერვების დაგროვებას, და გონივრული მაკრო პოლიტიკის გაგრძელებას. სსფ-ს გუნდი მიესალმება ხელისუფლების განზრახვას შეინარჩუნოს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ვიდრე ეს საჭირო იქნება და ასევე განახორციელოს პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკა.

2020 ბიუჯეტი მართებულად ინარჩუნებს ნეიტრალურ ფისკალურ პოზიციას. ფისკალური დეფიციტი 2020 წელს იზრდება მშპ-ს 2.4 პროცენტამდე, 2019 წლის 2.1 პროცენტთან შედარებით. სსფ-ს გუნდი მიესალმება ხელისუფლების ძალისხმევას დღგ-ს ანაზღაურების ასწრაფების მიმართულებით, ანაზღაურების ავტომატური სისტემის შემოღებით; ასევე კერძო-საჯარო თანამშრომლობის ჩარჩოს დასასრულებლად და სახელმწიფო საწარმოების მართვის გასაუმჯობესებლად გადადგმულ ნაბიჯებს, რათა ხელისუფლება იყოს ყურადღებით რომ არ მოხდეს ფისკალური რისკების დაგროვება.

სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება მნიშვნელოვანია საგარეო შოკებისადმი მდგრადობის გასაზრდელად და მეტად ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად საშუალოვადიან პერიოდში. მისია იწონებს ბანკების რეზოლუციის ახალი ჩარჩო მექანიზმის ამოქმედებას და გადახდისუუნარობის კანონის მიღებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. არსებული ვითარება რეფორმების გაგრძელების საშუალებას იძლევა, ვგულისხმობთ საბაზისო პენსიებისთვის ინდექსირების წესის შემოღებას, ინფრასტრუქტურაში ინვესტირების საჭიროებების დაკმაყოფილებას და განათლების გაუმჯობესებას, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის საქმიანობას და შექმნის სამუშაო ადგილებს.

სსფ-ს მისია ელოდება დიკუსიის გაგრძელებას ქვეყნის ხელისუფლებასთან მიმდინარე პროგრამის მეექვსე მიმოხილვის ფარგლებში ა.წ. აპრილში. სსფ-ს გუნდი მადლობას უხდის ქვეყნის ხელისუფლებას და ტექნიკურ საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო მოხელეებს, კერძო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გულახდილი განხილვებისთვის”.

მისიის ხელმძღვანელის განცხადებას სსფ-ი ოფიციალური პრესრელიზის სახით ავრცელებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *