ქართული ღვინის სექტორის კვლევა - საექსპორტო ქვეყნები და რისკები

ქართული ღვინის სექტორის კვლევა - საექსპორტო ქვეყნები და რისკები

ღვინის სექტორი საქართველოში ფინანსურად ჯანსაღია, – ამის შესახებ ნათქვამია თიბისი კაპიტალის მიერ ღვინის სექტორის კვლევაში.

კვლევის მიხედვით, სექტორის სტაბილური და დაბალი ფინანსური ბერკეტები მიანიშნებს იმაზე, რომ არსებობს უფრო მეტი ზრდის მოლოდინი, ასევე ინდუსტრიის ლიკვიდურობასთან დაკავშირებული რისკები დაბალია, თუმცა გაყიდვების ერთ ბაზარზე მაღალი კონცენტრაცია რისკებს აჩენს.

გარდა ამისა, როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველოში ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის ბრუნვა იზრდება.

ადგილობრივი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლების საერთო შემოსავლები 2019 წელს მოსალოდნელია, რომ ჯამში 1,47 მილიარდ ლარს შეადგენს. “ჩვენ ველოდებით, რომ ალკოჰოლის ფორმალურ ბაზარზე 2019 წლის საერთო ბრუნვის 91% მოდის, მაშინ როდესაც არაფორმალური მწარმოებლები (ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების) მთლიანი ბრუნვის 9%-ი იქნება, რაც დაახლოებით იგივეა, რაც 2018 წელს იყო”, – წერია კვლევაში.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბაზარი საკმაოდ დანაწევრებულია. დიდი კომპანიები 2018 წელს, ბაზრის ბრუნვის 28%-ს მოიცავდნენ, 2017 წელს კი 26,7%-ს. ამის მიზეზად დასახელებულია სასოფლო-სამეურნეო მიწების ფლობის სტრუქტურა ქვეყანაში, ვინაიდან ძირითადად მცირე ფერმერები ფლობენ ვენახებს, რომელთა 95,4% 1 ჰექტრამდე მიწას ფლობდა 2014 წლის აღწერის მიხედვით.

რაც შეეხება ექსპორტს, როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2019 წელს საქართველოდან ღვინის მთლიანი ექსპორტის მოცულობის 62% (43,4მლნ ლიტრი) რუსეთზე მოდიოდა. დსთ-ის დანარჩენ წევრ ქვეყნებსა და უკრაინაზე კი ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლის 19% მოდიოდა.

“ამ ქვეყნების ურთიერთდაკავშირებული ეკონომიკები და რეგიონში არსებული პოლიტიკური რისკები რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ქართული ღვინის სექტორისთვის, ვინაიდან ეკონომიკური მდგომარეობა და გაცვლითი კურსის დინამიკა სავაჭრო პარტნიორებთან გავლენას ახდენს ქართული ღვინის ფასებსა და მოთხოვნაზე აღნიშნულ ქვეყნებში”, – წერია კვლევაში.

დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ი, გერმანია, ჩინეთი, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, კანადა, პოლონეთი, შვეიცარია, ნიდერლანდები, რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი არიან ყველაზე მიმზიდველი ქვეყნები ქართული ღვინის ექსპორტისთვის.

თიბისი კაპიტალის კვლევაში ასევე წერია, რომ საქართველო მსოფლიოში ღვინის მწარმოებელ პირველ 20-ეულში შედის. “ღვინის ექსპოტი გაიზარდა 13%-ით 2019 წელს და შეადგინა 223 მლნ დოლარი”, – წერია კვლევაში.

თიბისი კაპიტალის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია 17 თებერვალს გაიმართა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *