ახალი თავმჯდომარე, ახალი გამოწვევები

ახალი თავმჯდომარე, ახალი გამოწვევები

2019 წელს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია რამდენიმე სიახლით ასრულებს. ცვლილებები როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაუმჯობესებას, ისე გამანაწილებლების საქმიანობის მოდერნიზებასაც შეეხება, მთლიანობაში კი, სემეკის ახალი თავმჯდომარის შეფასებით, სიახლეები ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციასა და ქვეყანაში უკეთესი ენერგეტიკული საინვესტიციო თუ სამომხმარებლო გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ამ ცვლილებების შესახებ FORBES GEORGIA დავით ნარმანიას ესაუბრა.

ბატონო დავით, 2019 წელი სემეკის მიერ ენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის ჩამოყალიბებისთვის აქტიური საკანონმდებლო ცვლილებებით დაიწყო. მოგვიყევით იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც უშუალოდ 2019 წლის მიწურულს განახორციელეთ.

2019 წელი ძალიან მნიშვნელოვანი წელია ცვლილებების თვალსაზრისით მარეგულირებელი ორგანოსთვის და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებისთვის. მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“, რომელიც ევროპული ტიპის ბაზრის მოდელს გვთავაზობს. მარეგულირებელმა კომისიამ ძალიან სწრაფად აუწყო ფეხი ცვლილებებს. ჯერ კიდევ კანონპროექტის განხილვის პროცესში მომზადდა კანონქვემდებარე აქტები, რომელთა ნაწილი ჩვენ უკვე 2019 წელს დავამტკიცეთ და დავიწყეთ მზადება ახალი ტიპის ბაზრის მოდელისთვის, კერძოდ, სემეკის მიერ სამი მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნა მიღებული. პირველია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებისთვის დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესები, რომლებიც ჩვენ დავამტკიცეთ. წესებით რეგულირებად სექტორებში მოქმედი კომპანიებისათვის სატარიფო რეგულირებისას განხორციელებული დანახარჯების აუდიტის პრინციპები განისაზღვრა, რომელთა საფუძველზეც დადგინდება, რამდენად სრულყოფილად ასრულებს სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს კონკრეტული რეგულირებადი საქმიანობისათვის საჭირო დანახარჯების წარმოშობის, დასაბუთების, გონივრულობისა და სათანადოდ აღრიცხვის კუთხით. თუ ადრე მეტ-ნაკლებად სუბიექტური მიდგომები არსებობდა, ახალი წესების მიხედვით ეს პროცესი უკვე წესის ჩარჩოებშია მოქცეული, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ტარიფი არ დამძიმდება ანუ ხელოვნურად მისი გაზრდა არ მოხდება. წესებში დაკონკრეტდა და განიმარტა კანონმდებლობის ზოგადი მნიშვნელობის ჩანაწერი – ტარიფში გასათვალისწინებელი „რაციონალური და გონივრული” ხარჯები. ასევე, შინაარსობრივად განისაზღვრა სატარიფო პროცესისთვის ნებადართული, მიზანშეწონილი ან/ და არამიზანშეწონილი ხარჯები. ძალიან მნიშვნელოვანია ბაზრის მონიტორინგის ობიექტურად განხორციელება – მომხმარებლის დაცვა არის ის წითელი ხაზი, რომელიც ამ ახალ ნორმას გასდევს.

როგორც ვიცი, მიღებულია ახალი დადგენილებები ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგისა და ინვესტიციების შეფასების წესების შესახებაც.

დიახ, ეს დამატებით ორი ახალი ცვლილებაა, რომლებიც ენერგეტიკული ბაზრის სწორად და ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩამოყალიბების საკვანძო ფაქტორია. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში ინვესტიციების შეფასების წესის მიზანია, განსაზღვროს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული ლიცენზიატების საინვესტიციო გეგმებისა და მათი შემადგენელი საინვესტიციო პროექტების შემუშავების, წარდგენის, შეფასების, დამტკიცების, მონიტორინგისა და მათში ცვლილების შეტანის ძირითადი პრინციპები და კრიტერიუმები. წესის მოქმედება ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და განაწილების ლიცენზიატებზე, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და განაწილების ლიცენზიატებზე, ასევეელექტროენერგიის წარმოების იმ ლიცენზიატებზე ვრცელდება, რომელთაც ელექტროენერგიის წარმოების ტარიფს კომისია უდგენს. ერთი მხრივ, კომპანიებმა აუცილებლად უნდა განახორციელონ კონკრეტული ინვესტიციები სისტემების განვითარებისთვის, ძველი სისტემების რეაბილიტაცია- რეკონსტრუქციისათვის, მეორე მხრივ კი ამ ინვესტიციებს სჭირდება შესაბამისი შეფასება და ტარიფში ასახვა. ჩვენ რომ სუბიექტურობა გამოვრიცხოთ, აქაც შემუშავდა კონკრეტული კრიტერიუმები და წესები, რომელთა მიხედვითაც სემეკი ჯერ აფასებს, შემდეგ კი მათ ტარიფში ასახავს.

ინვესტიციების ტარიფში ასახვის საკითხს მარეგულირებლის სხდომებზე თითქმის ყოველთვის კომპანიების მხრიდან მწვავე პროტესტი მოსდევს ხოლმე. რა იქნება ის მთავარი საზომი და წყალგამყოფი, რომლის მიხედვითაც თქვენ დაადგენთ, რომ ესა თუ ის ინვესტიცია ტარიფში უნდა იყოს გათვალისწინებული?

აქ არის რამდენიმე კრიტერიუმი, რომლებითაც ჩვენ ვაფასებთ ინვესტიციების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებულ საკითხებს. მაგალითად, ერთ- ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი – ქსელში ავარიების სიხშირეა. მეორეა წყვეტები და წყალმომარაგების მიწოდების პერიოდულობა.

თქვენი ყურადღება მინდა მესამე სიახლეზეც გავამახვილო, კერძოდ, დადგენილებაზე ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის წესის შესახებ. რას ითვალისწინებს ეს უკანასკნელი?

ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის წესი საქართველოს ენერგეტიკულ ბაზრებზე კონკურენტულ, თავისუფალ, გამჭვირვალე და სამართლიან ვაჭრობას, მომხმარებლებისა და საწარმოების უფლებების დაცვას, ქსელური საწარმოების ეფექტიან რეგულირებას უზრუნველყოფს. წესი ასევე წარმოადგენს ერთ- ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს რეგიონულ დონეზე ინტეგრირებისა და ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელების ხელშეწყობისა და აღსრულების მიმართულებით. ქვეყანაში ინერგება ევროპული ტიპის ენერგეტიკული ბაზრების მოდელი, რომელიც გულისხმობს ბაზრის გახსნას, „თელასი“ და „ენერგო-პრო ჯორჯია“ რომ ავიღოთ მაგალითისთვის, მათ ექნებათ გატარების საქმიანობის ვალდებულება. რაც შეეხება მიწოდების საქმიანობას, როგორც ცალკე იურიდიულ პირს ექნებათ უნივერსალური მიმწოდებლის ფუნქციაც, რომელიც ბაზარზე ელექტროენერგიას მიაწვდის საყოფაცხოვრებო მომხმარებელსა და მცირე ბიზნესს. ამასთანავე, ბაზარზე გაჩნდებიან სხვა მიმწოდებლებიც, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით რომელიმე მიმწოდებლისგან შეძლებს შედარებით უფრო იაფი ელექტროენერგიის ყიდვას, „თელასსა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კი მხოლოდ ელექტროენერგიის გატარების საფასურს გადაუხდის. ტექნიკურად დღეს ეს შესაძლებელია და ძალიან ბევრმა ქვეყანამ უკვე გაიარა ეს პროცესები. მაგალითად – ბალტიისპირეთის ქვეყნებმა.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით იყო თუ არა მარეგულირებელი კომისიის მხრიდან გამანაწილებელ კომპანიებთან კომუნიკაცია?

გამანაწილებელმა კომპანიებმა იციან, რომ საქართველომ ეს ვალდებულებები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ჯერ კიდევ 2016 წლიდან აიღო. ისინი ჩართულნი იყვნენ კანონის განხილვაში და შესაბამისად, ჰქონდათ ინფორმაცია, თუ რა ცვლილებები  იგეგმებოდა ბაზარზე. იციან, რომ განაწილებისა და მიწოდების საქმიანობები აუცილებლად უნდა გაიყოს და მათ ამ თვალსაზრისით მზაობა გამოთქვეს.

ზოგადად, დღეისთვის რა მიგაჩნიათ ელექტროენერგეტიკის სექტორის ერთ- ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად?

ქვეყანაში შეუქცევადად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება. გაზრდილი მოხმარების დაკმაყოფილება შესაძლებელია ან ადგილობრივი გენერაციის წყაროებით, ან იმპორტირებული ენერგიით. მნიშვნელოვანია აგრეთვე ენერგოეფექტიანობისა და ენერგოდაზოგვის ღონისძიებების ხელშეწყობა. საკუთარი გენერაციის განვითარება ამ გამოწვევის დაძლევის უმთავრესი გზაა, ვინაიდან ენერგეტიკული უსაფრთხოების (მათ შორისაა, გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან გამომდინარე, სხვა ქვეყნებზე ენერგეტიკული დამოკიდებულება) უზრუნველყოფა ქვეყნის პრიორიტეტია.

დიდი ხანი არ არის, რაც სემეკის თავმჯდომარედ დაინიშნეთ, თუმცა 2017 წლიდან, როგორც კომისიის წევრი, აქტიურად საქმიანობდით. გვითხარით, როგორია 2019 წლის მონაგარი, რამაც მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანა როგორც ზოგადად ენერგეტიკის ბაზარზე, ისე მომხმარებლებისთვის?

წელს, ბოლო რამდენიმე წელთან შედარებით, ყველაზე მეტი კომისიის სხდომა გვაქვს ჩატარებული და ძალიან ბევრი საკითხი, კერძოდ – 2000-ზე მეტი, გვაქვს განხილული. მოქალაქეებისათვის ჩამოწერილი თანხების საერთო ოდენობამ 2 მილიონ ლარს გადააჭარბა. მათ შორის სჭარბობს ისეთი დავალიანებები, რომლებიც კომპანიებმა, ძირითადად, ფიზიკურ პირებს უსაფუძვლოდ დააკისრეს ან დავალიანებები, რომლებიც უკვე ხანდაზმულია. მნიშვნელოვანია, რომ განახლებადი ენერგიების უფრო ინტენსიურად გამოყენების მიზნით რეგულაცია შევცვალეთ, რომლის მიხედვითაც ამხანაგობებსა და სამეზობლოებს შეუძლიათ ერთობლივი მზის პანელები და ქარის ელექტროსადგურები დაამონტაჟონ კორპუსებში, მიღებული ენერგია თვითონ მოიხმარონ, ნამეტი ენერგია კი მიყიდონ გამანაწილებელ კომპანიას. ამასთანავე, მოქალაქეებს შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში ელექტროენერგია გამანაწილებელი კომპანიის ქსელიდანაც მოიხმარონ. განხილვის პროცესშია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურისთვის 100-კილოვატიანი შეზღუდვის ხუთას კილოვატამდე გაზრდა, ვინაიდან მომხმარებელში მეტი მოთხოვნა გაჩნდა მზის პანელების საყოფაცხოვრებო პირობებში გამოყენებაზე. ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება ვნახეთ და ვგეგმავთ, რომ უახლოეს ხანებში 500-კილოვატამდე გავზარდოთ მოხმარებისა და ნამეტი ელექტროენერგიის ლიმიტი. ასე რომ, ესეც მნიშვნელოვანი რეგულაცია იყო.

საკმაოდ ნაყოფიერი და საპასუხისმგებლო მემკვიდრეობა გერგოთ თუნდაც წინა თავმჯდომარის საქმიანობიდან გამომდინარე. ახალ ამპლუაში თქვენი ხედვა და გეგმები როგორია მარეგულირებელთან მიმართებით?

ამ უწყებასთან მიმართებით მე კონკრეტულად სამ მიზანს გამოვყოფდი. პირველი გახლავთ მარეგულირებელი კომისიის, როგორც სექტორში რეფორმატორის, ჩამოყალიბება. ვინაიდან ახალი კანონის შესაბამისად, ჩვენ ბაზრის გახსნისა და ახალი ტიპის რეგულაციების მიღების ეტაპზე ვართ, რა თქმა უნდა, ეს იქნება მნიშვნელოვანი ამოცანა ჩემთვის. მეორე – კომისია, როგორც სწორი ბალანსის უზრუნველმყოფი მომხმარებლებსა და მიმწოდებლებს შორის, ხოლო მესამე – კომისია, როგორც მაქსიმალურად ღია და გახსნილი ორგანიზაცია. ამოქმედდება ახალი ვებგვერდი, რომელზეც ყველა საჯარო ინფორმაცია განთავსდება. ახალი ვებგვერდის შექმნისას გათვალისწინებულია როგორც არასამთავრობო სექტორის, ასევე ვებ- გვერდის მომხმარებელთა ჯგუფების (ლიცენზიატები, მოქალაქეები, ჟურნალისტები, იურიდიული პირები და ა.შ.) შენიშვნა/ რეკომენდაციები.

გამოიწვევს თუ არა ზემოთჩამოთვლილი მიზნები სტრუქტურულ თუ საკადრო რეფორმებს?

ახალი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩვენთანაც შიდა მოდერნიზაცია იქნება საჭირო. იმავე ბაზრის მონიტორინგის ახალი ფუნქცია, რომელიც მარეგულირებელს ემატება, გულისხმობს, რომ უნდა შეიქმნას ჯგუფი, რომელიც ამ თემაზე იმუშავებს. ჩვენ გვინდა, რომ მარეგულირებელი კომისიის ხმა უფრო მეტად ისმოდეს, განსაკუთრებით იმის ფონზე, როცა ორი რამის წინაშე ვდგავართ: ერთი, ეს არის ენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნა და ამ თვალსაზრისით მეტი აქტიურობა გვჭირდება. და მეორე – ამ რეფორმის ფონზე მომხმარებელთა უკეთესი ინფორმირება, რისთვისაც მედიასაშუალებებთან უფრო მეტად ვითანამშრომლებთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *