ენერგორეფორმები 2020

ენერგორეფორმები 2020

2020 წელს ენერგეტიკის სექტორი დიდი გამოწვევებით იწყებს.

ეს არის რეფორმირების პირველი წელი, რომელიც ელექტროენერგიის ბაზრის სრულ მოდერნიზებას მოიცავს. რაც შეეხება ბუნებრივი გაზის ბაზარს, იქ რეფორმირების ძირითადი ნაწილი 2021 წლიდან დაიწყება. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე უმეტესწილად ელექტროენერგიის სექტორში მოსალოდნელ ცვლილებებზე ვისაუბრებ. სიახლეები იქნება ყველა სეგმენტისთვის, მათ შორის მოქალაქეებისთვის, ინვესტორებისთვის, ენერგეტიკის სექტორში უკვე მოქმედი კომპანიებისა თუ უწყებებისთვის. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, სემეკის, როლი და ფუნქციები კიდევ უფრო იზრდება და, შესაბამისად, მატულობს პასუხისმგებლობაც. ახალ რეალობაში კომისიის მიერ ბალანსის დაცვა მომხმარებლებსა და ენერგეტიკის სექტორის მონაწილეებს შორის უფრო დიდ გამოწვევებთან იქნება დაკავშირებული.

ევროპული ტიპის კანონის ძირითადი დებულებები ამოქმედებულია და ახლა თანამდევი ნაბიჯების დროა იმისათვის, რომ ენერგეტიკის სექტორში ახალი, ეფექტიანი რეგულაციები დაინერგოს. ცვლილებები, რომლებიც ევროპის ენერგეტიკულ დირექტივებთან ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზების მიზნით უნდა განხორციელდეს, გარკვეულწილად აზრთა სხვადასხვაობას, რიგ შემთხვევაში, ალბათ, მწვავე კრიტიკასაც გამოიწვევს. სანამ დეტალურად ვისაუბრებ 2020 წლის გამოწვევებზე, მინდა აღვნიშნო, რომ ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის მისაღები და სასურველია. შესაბამისად, ველით საინტერესო იდეებსა და მოსაზრებებს, გარედან დანახულ შეფასებებს სემეკის საქმიანობის შესახებ.

ენერგეტიკაში ახალი ფურცელი ასე იწყება: 2019 წლის 27 დეკემბრიდან ამოქმედდა “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონი, რის შედეგადაც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 1997 წლის 27 ივლისის კანონი “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ”. თუმცა ახალი კანონის საფუძველზე რიგი ნორმატიული აქტების შემუშავებამდე და ძალაში შესვლამდე, იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ძველი კანონის საფუძველზე მიღებული და მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ახალი კანონი ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს საქართველოს კანონმდებლობაში ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნათა მისაღებად და ასამოქმედებლად.

ფაქტობრივად, კანონის საფუძველზე ენერგეტიკული ბაზრები რამდენიმე წელიწადში ახლებურად ჩამოყალიბდება, გაუმჯობესდება კონკურენტული გარემო, ამისთვის კი მნიშვნელოვანი და, ვიტყოდი, რომ რთული 2020 წელი გვექნება გასავლელი, რომელიც განსაზღვრავს ახალი კონცეფციის არსს. სწორედ ის პერიოდი იწყება, რომელზეც მარეგულირებელი კომისია წლებია, საუბრობს – ერთი მონოპოლისტი მიმწოდებლის ნაცვლად ბაზარზე გაჩნდება მრავალი მიმწოდებელი, პირობითად, ბევრი “თელასი” ან “თბილისი ენერ ჯი” და ჩვენ, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მომხმარებლებს, გვექნება შესაძლებლობა, რომ მომსახურებისთვის ავარჩიოთ ის მიმწოდებელი კომპანია, რომელიც საუკეთესო საფასურსა თუ სერვისს შემოგვთავაზებს.

პირველ ეტაპზე იგეგმება ელექტროენერგიის ბაზრის ნაწილობრივ გახსნა, რადგან სრული გახსნისთვის ბევრი სამუშაოა და ევროპული ქვეყნების პრაქტიკა ამას გვიჩვენებს, რომ კონკურენციისათვის ბაზრის სრულ გახსნას მინიმუმ ხუთი წელი მაინც სჭირდება.

უფრო კონკრეტულად, რა ძირითად მოვლენებს უნდა ველოდოთ 2020 წელს:

– შეიქმნება საფუძველი ე.წ. დღით ადრე ბაზრისა, მოხდება მისი პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვა და ტესტირება. რას ნიშნავს დღით ადრე ბაზარი? – ეს არის საბითუმო ბაზარი, სადაც ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვა განხორციელდება ფიზიკური მიწოდების წინა დღეს. ელექტროენერგიის შემთხვევაში ეს ვაჭრობა იქნება საათობრივადაც. აღნიშნულის განხორციელება ევალება ახლახან ჩამოყალიბებულ ენერგეტიკულ ბირჟას, რომელიც 2021 წლიდან აამოქმედებს ერთი დღით ადრე ბაზრის ელექტრონულ პლატფორმას. ბირჟას ხელმძღვანელობს სემეკში ჩემი წინამორბედი, ირინა მილორავა, და ეს ნიშნავს, რომ ბირჟა გამართულად იმუშავებს და წარმატებული იქნება. ვაჭრობაში მონაწილეობას მიიღებენ ის კომპანიები/ პირები, რომლებიც დარეგისტრირდებიან დღით ადრე ბაზრის სავაჭრო პლატფორმაზე;

– დაიწყება ე.წ. “ანბანდლინგის” (unbundling – გაყოფა) პროცესი, იგივე კომპანიების საქმიანობის განცალკევება. მაგალითისთვის, ეს ნიშნავს, რომ ერთი კომპანია ერთად აღარ განახორციელებს განაწილებისა და მიწოდების საქმიანობას. საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს განცალკევების გეგმას გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის. განაწილების საქმიანობის ნაწილში სემეკის მიერ განაწილების სისტემის ოპერატორს სტატუსი მიენიჭება და შესაბამისი ლიცენზია გაიცემა, ხოლო რაც შეეხება მიწოდების ნაწილს, რეფორმირების პროცესში მომხმარებელთა დაცვის მყარი გარანტიების შესაქმნელად, ჩამოყალიბდება ე.წ. უნივერსალური მიმწოდებელი, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგიის მიწოდებას საჯარო მომსახურების გაწევის სახით, რეგულირებადი პირობებით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისა და მცირე საწარმოებისათვის. ამ კატეგორიის მომხმარებლებში, ძირითადად, მოიაზრებიან ისინი, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ სურთ, თავად აარჩიონ ელექტროენერგიის მიმწოდებელი. ამ კატეგორიას, რომელიც მომარაგდება უნივერსალური მიმწოდებლის მიერ, საჭიროებისამებრ, სამომხმარებლო ტარიფს სემეკი დაუდგენს.

ამ პროცესში ყველაზე მეტი სამუშაოს შესრულება სემეკს მოუწევს. დავიწყოთ იმით, რომ ახალი კანონის მოთხოვნების საფუძველზე 2020 წელს უნდა მივიღოთ რამდენიმე ათეული (30-ზე მეტი) ნორმატიული აქტი, რომლებიც იქნება ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრების ახლებურად დარეგულირების სამართლებრივი საფუძველი. მათ შორის არის საცალო ბაზრის წესები, საბითუმო ბაზრის წესები, ლიცენზირების წესები, გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესები, ასევე, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობის წესები. ჩვენი მიზანია, რომ ენერგეტიკის მიმართ ინტერესი გაიზარდოს და ამისათვის კი აუცილებელია სწორი სამართლებრივი ბაზის შექმნა.

ელექტროენერგიის ახალი ბაზრის პირობებში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივი წარმოების განვითარება, რათა წარმოების ნაწილში კონკურენცია განვითარდეს და არ ჩამოვყალიბდეთ ნეტო იმპორტიორ ქვეყნად. იმის გამო, რომ ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება, ელექტროენერგიის ბაზარი სულ უფრო დეფიციტური ხდება. ამიტომ, ვფიქრობ, შეჩერებული ჰესების პროექტების დაძვრა, ახალი პროექტების დაწყება 2020 წელს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. აღნიშნული უნდა განხორციელდეს ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობითა და საყოველთაო კონსენსუსით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *