რომელი ქვეყნების მოსახლეობა გამდიდრდა ყველაზე მეტად 2019 წელს

ერთი წლის წინ, 2018 წელს ყველაზე მეტად გამდიდრებული ქვეყნების ათეული გაგაცანით. Forbes-ი აგრძელებს აღნიშნულ რუბრიკას და წარმოგიდგენთ ათ ქვეყანას, რომელთა მოსახლეობა 2019 წელს ყველაზე მეტად გამდიდრდა. ყველაზე მეტად მდიდარი ქვეყნების მოსახლეობის შემოსავლები იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ეკონომიკა პროცენტულად სწრაფად აღარ იზრდება, უკვე დაფიქსირებული მაღალი შემოსავლების საბაზისო ეფექტისა და მოსახლეობის კლების (ან დაბალი ტემპით ზრდის) გამო, ერთ მოსახლეზე რეალური შემოსავალი ამ ქვეყნებში უფრო მეტადი ზრდება, ვიდრე განვითარებად ქვეყნებში.

მეთოდოლოგია: ქვეყნის მოსახლეობის გამდიდრებას წლის განმავლობაში ერთი მოსახლის მიერ მიღებული საშუალო შემოსავლის ზრდა განაპირობებს. ერთ მოსახლეზე შემოსავალს სხვადასხვა ინდიკატორით ზომავენ და ყველა ამ ინდიკატორს თავისი გამოყენების არეალი აქვს. როდესაც ერთ მოსახლეზე შემოსავლის ზრდას ვზომავთ იმმ იზნით, რომ შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის მაჩვენებლები ერთმანეთს შევადაროთ, ამ დროს მსყიდველობითი უნარის პარიტეტით (PPP) დათვლილი ერთ მოსახლეზე რეალური შემოსავლის გამოყენება ყველაზე გამართლებულია. ამ მეთოდით დათვლილი შემოსავალი ქვეყნებს შორის ფასების დონეებს შორის სხვაობას ითვალისწინებს. ერთ PPP აშშ დოლარს ყველა ქვეყანაში თანაბარი მსყიდველობითი უნარი აქვს. PPP დოლარებში გამოსახული შემოსავლის ზრდას ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და ინფლაციის დაბალი დონე განაპირობებს. სტატიაში გამოყენებული გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2019 წლის წინასწარი მონაცემები (Purchasing Power Parity, 2011 international dollars).

10. ჩინეთი

2019 წელს ჩინეთში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური რეალური შემოსავალი 930 PPP დოლარით გაიზარდა, რაც ეკონომიკის 6.1%-იანმა ზრდამ და დაბალმა ინფლაციამ (2.2%) განაპირობა. ჩინეთის ეკონომიკა 1978 წლიდან მოყოლებული დღემდე მაღალი ტემპით იზრდება და ქვეყანა თანდათან უახლოვდება მდიდარი ქვეყნების ჯგუფს. 2019 წელს ჩინეთში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალმა 17, 027 PPP დოლარი შეადგინა და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 73-ე ადგილი დაიკავა.

9. სლოვენია

2019 წელს სლოვენიაში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური რეალური შემოსავალი 931 PPP დოლარით გაიზარდა, რაც ეკონომიკის 2.9%-იანმა ზრდამ და დაბალმა ინფლაციამ (2.2%) განაპირობა. გასულ წელს ეკონომიკის ზრდას განსაკუთრებით შეუწყო ხელი ექსპორტისა და ინვესტიციების ზრდამ. 2019 წელს სლოვენიაში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალმა 33,579 PPP დოლარი შეადგინა და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მე-40 ადგილი დაიკავა.

8. რუმინეთი

2019 წელს რუმინეთში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური რეალური შემოსავალი 942 PPP დოლარით გაიზარდა, რაც ძირითადად ეკონომიკის 4%-იანმა ზრდამ განაპირობა. რუმინეთის ეკონომიკა ბოლო წლებში ევროკავშირის ერთ- ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა, რასაც ხელს ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტისა და შიდა მოხმარების ზრდა უწყობს. 2019 წელს რუმინეთში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალმა 24,443 PPP დოლარი შეადგინა და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 58-ე ადგილი დაიკავა.

7. ესტონეთი

2019 წელს ესტონეთში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური რეალური შემოსავალი 949 PPP დოლარით გაიზარდა, რაც ეკონომიკის 3.2%-იანმა ზრდამ და დაბალმა ინფლაციამ (2.5%) განაპირობა. ესტონეთი ევროზონის წევრი ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირში ყველაზე დაბალი სახელმწიფო ვალით და დაბალანსებული ბიუჯეტით გამოირჩევა. ამასთან, მაღალ დონეზეა განვითარებული ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება. 2019 წელს ესტონეთში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი 31,301 PPP დოლარი იყო და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 43-ე ადგილი ეკავა.

6. აშშ

2019 წელს აშშ- ის ეკონომიკა 2.4%-ით, ერთ მოსახლეზე შემოსავალი კი 980 PPP დოლარით გაიზარდა. 2018 წელთან შედარებით, გასულ წელს აშშ- ის ეკონომიკის ზრდის ტემპი შენელდა, მაგრამ 2.4%-იანი ზრდაც კი შემოსავლის მნიშვნელოვან მატებას იწვევს. ბოლო წლებში ამერიკის ეკონომიკის ზრდას განსაკუთრებით უწყობს ხელს საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდა და ტექნოლოგიური კომპანიების წარმატებები. 2019 წელს აშშ- -ში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი 56,844 PPP დოლარი იყო და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მე-10 ადგილი ეკავა.

5. პოლონეთი

2019 წელს პოლონეთში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური რეალური შემოსავალი 1,148 PPP დოლარით გაიზარდა, რაც ეკონომიკის 4%-იანმა ზრდამ და დაბალმა ინფლაციამ (3%) განაპირობა. პოლონეთის ეკონომიკა 600 მილიარდ დოლარზე მეტია და მსოფლიოში მე-20 ადგილზეა სიდიდით. ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპის სამრეწველო ცენტრია. მაღალ დონეზეა განვითარებული საბანკო სექტორიც. 2019 წელს პოლონეთში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი 29,587 PPP დოლარი იყო და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 45-ე ადგილი ეკავა.

4. მალტა

2019 წელს მალტაში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური რეალური შემოსავალი 1,254 PPP დოლარით გაიზარდა, რაც ეკონომიკის 5.1%-იანმა ზრდამ განაპირობა. 2019 წელს განვითარებულ ქვეყნებს შორის მალტის ეკონომიკა ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა. მალტა ფინანსური და ტურისტული ცენტრია. 2019 წელს მალტაში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი 41,386 PPP დოლარი იყო და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 26-ე ადგილი ეკავა.

3. ლიეტუვა

2019 წელს ლიეტუვის ეკონომიკა 3.4%-ით გაიზარდა. ინფლაციამ დაახლოებით 2.4% შეადგინა. ერთ მოსახლეზე რეალური წლიური შემოსავალი 1,299 PPP დოლარით გაიზარდა. ეკონომიკის ზრდის პარალელურად ლიეტუვის მოსახლეობის რაოდენობა მცირდება, რაც ერთ მოსახლეზე შემოსავლის ზრდის ტემპს აჩქარებს. მისი ეკონომიკის 68% მომსახურების სექტორზე მოდის, ინვესტიციების 95%-ს კი ევროკავშირის ქვეყნებისგან იღებს. 2019 წელს ლიეტუვაში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი 32,041 PPP დოლარი იყო და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 41-ე ადგილი ეკავა.

2. უნგრეთი

2019 წელს უნგრეთის ეკონომიკა 4.6%-ით გაიზარდა. ინფლაციამ დაახლოებით 3% შეადგინა. ერთ მოსახლეზე წლიური რეალური შემოსავალი 1,365 PPP დოლარით გაიზარდა. მაღალშემოსავლიანი ქვეყნისთვის 4.6%-იანი ეკონომიკური ზრდა კარგი მაჩვენებელია. უნგრეთი მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალით გამოირჩევა. განსაკუთრებით განვითარებულია საექსპორტო წარმოება, რომელიც იმპორტს აჭარბებს. ექსპორტის 80%-მდე ევროკავშირში გააქვს. 2019 წელს უნგრეთში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი 29,723 PPP დოლარი იყო და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 44-ე ადგილი ეკავა.

1. ირლანდია

2019 წელს ირლანდიის ეკონომიკა 4.3%-ით გაიზარდა. ინფლაციამ დაახლოებით 1.4% შეადგინა. ერთ მოსახლეზე წლიური რეალური შემოსავალი 2,063 PPP დოლარით გაიზარდა და ამ მაჩვენებლით ის გასულ წელს მსოფლიოში პირველი იყო. ირლანდია ევროპის საუკეთესო ადგილია ბიზნესის საკეთებლად, რასაც ბოლო წლების მონაცემები ადასტურებს. სხვადასხვა კომპანიებს წარმოება ირლანდიაში გადააქვთ. 2019 წელს ირლანდიაში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი 72,810 PPP დოლარი იყო და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მე-4 ადგილი ეკავა.

ჩვენ გირჩევთ

2019 წლის

მზადება ახალი ნახტომისთვის

2019 წლის

2019 წლის "ფორბსის" 30 Under 30 - კატეგორია “სპორტი“

წინა სტატია

Virgin Galactic-ი კოსმოსში ექსკურსიების ბილეთების გაყიდვას ანახლებს
26 თებერვალი, 2020

შემდეგი სტატია

Microsoft doesnt expect to meet sales guidance on Windows and Surface computers due to coronavirus
27 თებერვალი, 2020
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
საქართველოს ბანკი განცხადებას ავრცელებს
კომპანიები | მარ, 20, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker