იაფდიპლომიანი ბედნიერი ერი

საქართველოში ხარისხიანი განათლება ძნელად მისაღებია. ეს ეხება ყველა დონის განათლებას: სასკოლოს, უმაღლესს თუ პროფესიულს. ამას, ერთი შეხედვით, მარტივი მიზეზი აქვს: მოთხოვნა არ არის ხარისხიან განათლებაზე და, შესაბამისად,  მიწოდებაც არ არის ასეთი განათლების. “ხარისხიან განათლებაზე“ მოთხოვნაც გადაჭარბებული ნათქვამია, რეალურად განათლებაზე არ არის მოთხოვნა. მოთხოვნა არის ფორმალურ საბუთებზე, რომლებიც განათლების მიღებას ადასტურებს - იქნება ეს სკოლის ატესტატი თუ უნივერსიტეტის დიპლომი. მშობლებს უნდათ, მათი შვილები სკოლაში დადიოდნენ. უბრალოდ დადიოდნენ. კი არ სწავლობდნენ, დადიოდნენ. ასევე უნდათ, შვილებმა უნივერსიტეტში ჩააბარონ. კი არ ისწავლონ, უბრალოდ ჩააბარონ. თუ ჩააბარებს, მთელი სანათესავო და სამეგობრო გაიგებს, რომ კარგად აღუზრდიათ შვილი. იშვიათი გამონაკლისების გარდა, რადგან რეალურ განათლებაზე მოთხოვნა არ არის, ლოგიკურად არის პრეტენზია, რომ განათლება  ძვირია და იაფი უნდა იყოს, ან საერთოდ უფასო უნდა იყოს.

მორალურად სწორია, რაც შეიძლება დაბალი ხარისხის თუ გინდა, ძვირი რატომ უნდა იყოს? არავინ ითხოვს, ოღონდ სკოლა და უნივერსიტეტი მაღალი ხარისხის განათლებას იძლეოდეს  და ძვირს გადავიხდითო. ითხოვენ, რაც შეიძლება მეტი სკოლა იყოს, ყველა სოფელსაც კი ჰქონდეს ერთი სკოლა მაინც და რაც შეიძლება მეტი უნივერსიტეტი უნდა იყოს. მოთხოვნაა მეტ შენობაზე, სადაც ფორმალური განათლების ფლობის საბუთებს გასცემენ. რადგან მოსახლეობის დიდ ნაწილს სინამდვილეში არც სასკოლო განათლება უნდა და არც საუნივერსიტეტო და მხოლოდ თავში ცოდნის დამადასტურებელი საბუთი უნდა და არა თავად თავში ცოდნა, არ უნდა განათლებაში  ფულის გადახდა. გამოსავალიც ნაპოვნია.

არსებობს ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის ფულსაც რიგითი ქართველი თავის ფულად არ მიიჩნევს და, შესაბამისად, თუ ეს ბიუჯეტი დაუფინანსებს შვილის სწავლას, გამოდის, რომ მისთვის განათლება უფასოა. ამ ყველაფერს ერთი უცნაურობა ახლავს – ვერბალურად განათლება მაინც დაფასებულია. ანუ, თითქოს ცალკე ადამიანმა თუ ერმა იცის განათლების ფასი. ბუნებრივია, ეს დამოკიდებულება ყალბია და ერთმანეთს ვატყუებთ, რომ განათლებას ვაფასებთ. რიგითი ქართველი არ მოიკლებს ჯიპს, ბოლო მოდელის მობილურს, 99-ე ხინკალს, ერთ ღერ სიგარეტს და მოიკლებს განათლებას. აქ ვაწყდებით ყველაზე დიდ პრობლემას: გვინდა უფრო განათლებული ერი, რომელიც შექმნის სამუშაო ადგილებს, გააძლიერებს ქვეყანას და ყველა ვიცხოვრებთ  უკეთ, მაგრამ ამაში ფულის ჩადება არ გვინდა, მეტიც, რასაც ვხარჯავთ, შესაძლოა ისიც ბევრია. 

შესაბამისად, დღევანდელი სისტემით უმრავლესობა კმაყოფილია, რადგან შეგიძლია, უფასოდ ან ძალიან იაფად დაამთავრო სკოლა და უნივერსიტეტი და თან ისე, რომ არაფერი ისწავლო. სწორედ ამაზეა მოთხოვნა.

    slide37  

გამონაკლისის სახით გულწრფელად უკმაყოფილონიც არსებობენ. ისინი ძირითადად ახერხებენ კერძო სკოლებსა და უნივერსიტეტებში ასწავლონ შვილებს და ამაში გაცილებით მეტიც გადაიხადონ, ვიდრე სახელმწიფო სკოლა და უნივერსიტეტი  ღირს. ან საზღვარგარეთს მიმართონ. ამ მხრივ ძალიან სწრაფად მზარდი ტენდენციაა. 2011 წელს ქართველებმა საზღვარგარეთ განათლების მიღებაში 43 მილიონი დოლარი დახარჯეს, 2018 წელს კი – 115 მი ლიონი დოლარი.

2019 წლის საბოლოო მონაცემები ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ  შესაძლოა, 150 მილიონ დოლარამდე იყოს ხარჯი. ყველაზე პოპულარული აზრია, რომ ჩვენი განათლების სისტემას და ხარისხს სახელმწიფო ბიუჯეტიდან კიდევ უფრო მეტი ფულის დახარჯვა  უშველის. ეს მცდარი აზრია, რადგან პრობლემა ძალიან კომპლექსურია და მხოლოდ ბიუჯეტიდან მეტი ფულის ხარჯვა არაფერს შეცვლის. ამის მაგალითი უკვე გვაქვს: 2012 წელთან შედარებით, 2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2.3-ჯერ მეტი თანხა დაიხარჯა, ჯამში 1.5 მილიარდი ლარი. ამ თანხის ნახევარი მხოლოდ სასკოლო განათლებაზე დაიხარჯა.

PISA-ს ბოლო კვლევამ კი აჩვენა, რომ საქართველოში სასკოლო განათლების ხარისხი  გაუარესდა. შედეგი ლოგიკურია. თუ უხარისხო განათლებაში ორჯერ მეტს გადაიხდი, ის ამით უფრო ხარისხიანი ვერ გახდება. განათლების სამინისტრო წლიდან წლამდე ისე ზრდის განათლებისთვის გამოყოფილ თანხებს, რომ განათლების ხარისხის ამაღლება მიზნადაც არა აქვს.

slide36

ეს კარგად ჩანს პროგრამული ბიუჯეტის მიზნებში. სამინისტრო პასუხობს მოსახლეობის დაკვეთას, აშენებს სკოლებს, არემონტებს, ზრდის მასწავლებლების ხელფასებს და ამას აკეთებს მხოლოდ ერთი მიზნით – ბავშვებმა სკოლებში იარონ. კი არ ისწავლონ, იარონ. რადგან არ უნდა ისწავლონ, დიდი მნიშვნელობა არც იმას აქვს, რას ასწავლიან სკოლაში. განათლების სამინისტრო მხოლოდ ბუღალტერიით არის დაკავებული – სად რამდენი ფული უნდა ჩარიცხოს. გამოსავალი დღევანდელ  პოპულარულ და ამავე დროს პოპულისტურ  აზრთან დაპირისპირებაა! განათლების სამინისტროს ბიუჯეტის ზრდა პრობლემას არ გადაჭრის. უფასო განათლება არ არსებობს. განათლება რაც უფრო იაფი ეღირება, უფრო უხარისხო იქნება. სკოლის  ან უნივერსიტეტის საკუთრების ფორმა მნიშვნელოვანი არ არის. საგანმანათლებლო დაწესებულება ფასობს იმ ცოდნის ხარისხით, რომელსაც იძლევა და არა საკუთრების ფორმით ან სამართლებრივი სტატუსით, სსიპ-ია, აიპ თუ შპს.

მასწავლებლებისა და ლექტორების ხელფასი სასურველია, უფრო მაღალი იყოს, იმიტომ რომ უფრო კვალიფიციური მასწავლებლები გვყავდეს მომავალში და არა იმიტომ, რომ არსებული 70 ათასამდე მასწავლებელი და ლექტორი  შევინარჩუნოთ და არჩევნებზე სახელისუფლებო პარტიას დაეხმარონ. 

საქართველომ ისტორიულად თითქმის გამოტოვა ის პერიოდი, როდესაც კაცობრიობამ განათლების ძალა დაინახა. ჩვენამდე მხოლოდ ფასადმა მოაღწია, რომ განათლებული ადამიანი რატომღაც უნდა ფასდებოდეს. შემდეგ აღმოჩნდა, რომ განათლებული უბრალოდ დიპლომიანს ჰქვია და საბოლოოდ, დიპლომი დაფასდა. ასე გაჩნდა ორდიპლომიანი მოსახლეობა, რომელსაც ნახევარი დიპლომის ცოდნაც არ გააჩნია. საქსტატის მიერ შესწავლილი სამომხმარებლო კალათის მიხედვით,  საქართველოს მოსახლეობა საშუალოდ განათლებაზე უფრო ნაკლებს ხარჯავს (5%-ს), ვიდრე ალკოჰოლსა და სიგარეტზე (6.6%-ს). სანამ მოსახლეობა არ შეიგნებს, რომ განათლებაში მეტი ფული უნდა დახარჯოს და მხოლოდ სახელმწიფო  ბიუჯეტიდან განათლების დაფინანსების ზრდას დაველოდებით, მნიშვნელოვნად არაფერი შეიცვლება, საქართველოს განათლების სისტემა დარჩება ჩამორჩენილი.

slide40

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, საქართველო 141 ქვეყნიდან 125 ადგილზეა სამუშაო ძალის განათლების დონის მიხედვით. ამავე დროს, სკოლაში გატარებული წლების მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მე-13 ადგილზეა. დასტურდება ის, რომ ბავშვები სკოლაში დადიან, მაგრამ არ სწავლობენ, ზოგ შემთხვევაში არც ასწავლიან. ამ დროს, საქართველო ღარიბია ბუნებრივი რესურსებით და ჩვენი გამდიდრების ერთადერთი გზა კარგი ბიზნესგარემო და განათლებული მოსახლეობაა. თუ გვინდა, საქართველოში საშუალო ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზარდოს და უმუშევრობამაც აღარ შეგვაწუხოს, საქართველოს სამუშაო ძალა გაცილებით განათლებული, მაღალკვალიფიციური და პროდუქტიული  უნდა გახდეს. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. საქართველოს ეკონომიკაში განათლების სექტორის წილი 4.4-5%-ს შორის მერყეობს.

იყო საუბარი, რომ აღნიშნული წილი 10%-მდე უნდა გაიზარდოს, რაც არარეალურია, თუ საქართველო განათლების ექსპორტს არ დაიწყებს, ანუ აქ სხვა ქვეყნებიდან არ ჩამოვა ათიათასობით სტუდენტი განათლების მისაღებად. სექტორის გარკვეული ზრდა შესაძლებელია განათლების ხარისხის ამაღლებითა და საფასურის შესაბამისი ზრდით. როდესაც სიყალბიდან გამოვალთ და რეალური განათლება დაფასდება (აქ მართლა შეუძლია მთავრობას თავისი მნიშვნელოვანი სიტყვა თქვას საჯარო სექტორში ნეპოტიზმის გამორიცხვით) მოსახლეობა საკუთარ და სხვის განათლებას სხვადასხვა გზით დააფინანსებს. ეს იქნება პირადი ხარჯი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქველმოქმედო და კერძო ფონდებიდან, კურსდამთავრებულთა ფონდებიდან, სასწავლო სესხით, სტიპენდიებით და ა.შ. დღეს სწავლის დაფინანსების ალტერნატიული ფორმები არ ვითარდება და ყველა ელოდება ბიუჯეტიდან მეტი თანხის ხარჯვას, თანაც ისე, რომ სწავლა არ უნდა გაძვირდეს. მაგალითად, მერე რა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებს არ შეუძლიათ 2,250 ლარად ხარისხიანი სასწავლო  პროგრამის შექმნა, მაინც არ უნდა გაძვირდეს, რადგან მთავარი სიკეთე იაფი დიპლომია და არა განათლების ხარისხი.

ჩვენ გირჩევთ

ბაზრის ამბიციური მოთამაშე

ნორვეგიის სუვერენული სიმდიდრის ფონდმა 2019 წელს $180 მლრდ გამოიმუშავა

ბაზრის ამბიციური მოთამაშე

ბაზრის ამბიციური მოთამაშე

წინა სტატია

Global stocks plummet again in worst week since 2008 financial crisis
28 თებერვალი, 2020

შემდეგი სტატია

გასული კვირის ყველაზე "წაგებულები": ბეზოსიდან ცუკერბერგამდე
02 მარტი, 2020
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker