დერივატივები: ფინანსური რისკების უკეთ მართვა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები

დერივატივების ბაზარი, სააქციო და სავალო ინსტრუმენტებთან ერთად, კაპიტალის ბაზრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

დერივატივი თავისი შინაარსით სხვადასხვა აქტივისგან (საბაზო აქტივი) წარმოებული ინსტრუმენტია და მისი ფინანსური შედეგი საბაზო აქტივის ცვლილებაზეა დამოკიდებული. ეს შეიძლება იყოს საბაზისო აქტივის ფასი, საპროცენტო განაკვეთი, ინდექსი, ვალუტის კურსი, სტატისტიკური ინფორმაცია, ფიზიკური, ბიოლოგიური, ქიმიური გარემოს ინდიკატორები და სხვა. მსოფლიოში ეს ინსტრუმენტი მრავალი საუკუნეა, არსებობს და მას თავიდან, ძირითადად, კლიმატური პირობების ცვლილებისაგან მოსავლის დასაზღვევად ფერმერები იყენებდნენ. თუმცა, ფინანსური ბაზრების განვითარებასთან ერთად, გაიზარდა დერივატივების მნიშვნელობა და გამოყენების არეალი. დღეისათვის დერივატივების ბაზარი მსოფლიოში ფინანსური ბაზრების ერთ- ერთი ყველაზე დიდი და აქტიური სეგმენტია, რომლის მოცულობაც, სხვადასხვა შეფასებით, მსოფლიო მშპ-ის მოცულობას რამდენჯერმე აღემატება. საქართველოში, ეკონომიკისა და ფინანსური ბაზრების განვითარებასთან ერთად, იზრდება ფინანსური რისკების მართვის საჭიროებაც, რაც, მათ შორის, დერივატივებით არის შესაძლებელი. საქართველოს რეალობაში ერთ- ერთი ყველაზე გავრცელებული შემთხვევა რომ მოვიყვანოთ მაგალითად: თუ კომპანიას ვალდებულება უცხოური ვალუტით აქვს, ხოლო შემოსავალი – ეროვნული ვალუტით, მას წარმოექმნება სავალუტო რისკი. იგი იღებს სარგებელს, როდესაც ეროვნული ვალუტა მყარდება, თუმცა გაუფასურებისას წარმოიქმნება ფინანსური ზარალი და საბოლოო ჯამში გაურკვევლობა იზრდება.

თუ კომპანია შეიძენს ისეთ დერივატივს, რომელიც უცხოური ვალუტის ცვლილებისას ამის საპირისპირო ფინანსურ შედეგს იძლევა, ანუ იძლევა ფინანსურ სარგებელს, როდესაც უცხოური ვალუტა მყარდება და პირიქით, მაშინ კომპანია შეძლებს სავალუტო რისკის თავიდან აცილებას. შედარებით განვითარებულ ბაზრებზე კომპანიები რისკებს აქტიურად მართავენ და დერივატივების გამოყენების დონე ძალიან მაღალია. მაგალითად, მსოფლიო სავალუტო ბაზრის დერივატივების სეგმენტი რამდენჯერმე მეტია, ვიდრე „სპოტ“ (როდესაც ანგარიშსწორება გარიგებისთანავე ან მეორე, ან მესამე დღეს ხდება) სავალუტო ბაზარი.

საქართველოს შემთხვევაში კი სავალუტო ბაზარი თითქმის მხოლოდ „სპოტ“ –სეგმენტით არის წარმოდგენილი. ჩვენთან ბოლო წლებში ასევე იზრდება მცურავგანაკვეთიანი სესხებისა და ფასიანი ქაღალდების მოცულობა, რაც, ერთი მხრივ, ზრდის საფინანსო სექტორის მოქნილობას, თუმცა, მეორე მხრივ, საპროცენტო განაკვეთების რისკების მართვის აუცილებლობასაც უფრო პრიორიტეტულს ხდის. ამ ტიპის ფინანსური რისკების მართვა კი ძირითადად დერივატივებით ხდება. აღსანიშნავია, რომ საპროცენტო განაკვეთების დერივატივები საერთაშორისო დერივატივების ბაზრის ყველაზე დიდი სეგმენტია.

გასათვალისწინებელია, რომ დერივატივების უმეტესობა მოკლევადიანი ინსტრუმენტებია და საბაზისო აქტივის ღირებულება შეიძლება მრავალჯერ აღემატებოდეს მოსალოდნელ ფინანსურ შედეგს. ამიტომ დერივატივების ბაზარი ვერ იფუნქციონირებს, თუ დერივატივების თითოეული კონტრაქტის დადება რთული და დროში გაწელილი პროცესია ან თუ არსებობს ანგარიშსწორების, ან გარიგების აღსრულების რისკები. ამიტომ დერივატივების ბაზრის არსებობისთვის მკაფიო და გამართული საკანონმდებლო ჩარჩოა აუცილებელი. დერივატივების კანონის შექმნის იდეა რამდენიმე წლის წინ წარმოიშვა. ერთი მხრივ, მოთხოვნა მომდინარეობდა კერძო (საბანკო) სექტორისგან, რომელიც იყენებდა დერივატივებს საერთაშორისო ოპერაციებში, თუმცა შესაბამისი სამართლებრივი მხარდაჭერის გარეშე თითოეული გარიგების დადებას ზოგჯერ თვეები სჭირდებოდა.

ნეტინგის (ვალდებულებების ურთიერთგაქვითვა) შესაძლებლობის გარეშე ასეთი გარიგებები გაცილებით ძვირი, ხოლო თანხები მოცულობით შეზღუდული იყო. მეორე მხრივ, ეროვნულ ბანკს, რომელმაც ბოლო ათი წლის მანძილზე მნიშვნელოვნად დახვეწა საერთაშორისო რეზერვების მართვის მეთოდები, ასევე სჭირდება დერივატივები – რისკების უკეთ მართვისა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების ასათვისებლად. ბოლოს, დღის წესრიგში შიდა ბაზარზე მცურავი კურსისა და ცვალებადი საპროცენტო განაკვეთების პირობებში, ჰეჯირების ინსტრუმენტების განვითარების საჭიროებაც დადგა. ლარის ჰეჯირების ინსტრუმენტების გამოყენების მოთხოვნა უცხოელი ინვესტორებისგანაც მოდის, რომლებიც ქართულ ფასიან ქაღალდებში აბანდებენ თანხებს.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენ მივმართეთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, რომელმაც გამოთქვა მზადყოფნა, დერივატივების კანონზე მუშაობაში დაგვხმარებოდა. მათი მხარდაჭერით პროცესში ჩაერთო საერთაშორისო ექსპერტი, ასევე სვოპებისა და დერივატივების საერთაშორისო ასოციაცია. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, სადაც როგორც ფინანსისტები, ასევე იურისტები იღებდნენ აქტიურ მონაწილეობას. მათი აქტიური ჩართულო ბით დაიწერა კანონპროექტი, რომელიც 2019 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა. კანონის შემუშავებისას გამოყენებულ იქნა „სვოპებისა და დერივატივების საერთაშორისო ასოციაციის“ მიერ შემუშავებული მოდალური კანონი ურთიერთგაქვითვის შესახებ.

კანონ- პროექტი სრულად შეესაბამება ევროდირექტივების მოთხოვნებს და ითვალისწინებს ISDA ნეტინგის მოდალური ხელშეკრულების დებულებებს. გარდა ამისა, კანონი დაკავშირებულია სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებულ კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიასთან, მიზნად ისახავს დერივატივების ბაზრის განვითარების ხელშეწყობას და ითვალისწინებს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების (2002/47/EC ფინანსური გირავნობის დირექტივა) შესრულებას.

დერივატიული ინსტრუმენტები მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტორებისა და ფინანსური შუამავლებისათვის, რადგან ქართულ ბანკებს სწორედ დერივატივების დახმარებით შეეძლებათ ფინანსური რესურსების უფრო მარტივად და იაფად მოზიდვა. საერთაშორისო დერივატივების ხელშეკრულებებისთვის კრიტიკულია, თუ რამდენად უზრუნველყოფს ქართული კანონმდებლობა ასეთი კონტრაქტების აღსრულებას. შესაბამისად, ახალი კანონის მიღება პოზიტიურად აისახება საერთაშორისო დერივატიულ გარიგებებზე, რაც ქვეყანაში დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის წინაპირობას შექმნის.

უნდა გვახსოვდეს, რომ, თუკი ერთი მხრივ დერივატივების გამოყენებით შესაძლებელია რისკების მართვა და შემცირება, მეორე მხრივ თავად დერივატივებიც რისკიანი ფინანსური ინსტრუმენტია. ანუ თუ მათ სწორი დანიშნულებით და გააზრებულად არ გამოვიყენებთ, დერივატივებს საგრძნობი ზარალის მოტანა შეუძლია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია შესაბამისი კვალიფიცური კადრების არსებობა და ფინანსური რისკების მართვის სისტემების დანერგვა. ამ მიმართულებით ეროვნული ბანკი გამუდმებით მუშაობს. EBRD-თან თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა არაერთი ტრენინგი, რომლებსაც როგორც ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, ისე იურიდიული კომპანიები ესწრებოდნენ. საგანმანათლებლო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთო ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაცია GFMTA, რომლის ერთ- ერთი მანდატიც ქართულ ბაზარზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა და შესაბამისი სასწავლო კურსების ორგანიზებაა.

სამომავლოდ იგეგმება სავალდებულო სერტიფიცირების შემოღებაც, რაც ქართულ ფინანსურ ბაზრებზე ახალ მაღალ სტანდარტებს დააწესებს. სერტიფიცირება ისეთი ავტორიტეტული ასოციაციების სტანდარტებით ჩატარდება, როგორიცაა ICMA (International Capital MarketAssociation), ISDA (InternationalSwaps and DerivativesAssociation) და ACI FinancialMarketsAssociation-ი. ეს უდავოდ შეუწყობს ხელს ქართული ბაზრის განვითარებას და მის უფრო მჭიდრო ინტეგრაციას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებთან. წელს უკვე დაგეგმილია ICMA-ს ექვსი ტრენინგის ჩატარება სერტიფიცირებით. მთლიანობაში ფინანსური ბაზრის 80-მდე პროფესიონალი გაივლის აღნიშნულ კურსებს და, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, საერთაშორისო სერტიფიკატს მიიღებს. დერივატივებთან არის დაკავშირებული „ფინანსური გირავნობა“ და „ურთიერთგაქვითვის შეთანხმებები“.

ფინანსური გირავნობა ფართოდ გამოიყენება ფინანსურ ბაზრებზე და ხასიათდება მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების ეფექტიანი და გამარტივებული მექანიზმით. ასევე, რეპო გარიგების შემთხვევაში მოგირავნეს უფლებას აძლევს, უზრუნველყოფაში მიღებული საგანი გამოიყენოს სხვა გარიგებებში. ურთიერთგაქვითვა ამცირებს საკრედიტო რისკებს, ასევე უზრუნველყოფს ფინანსური ინსტიტუტების მიმართ კაპიტალის მოთხოვნების შემცირებას და, შესაბამისად, მცირდება დანახარჯები.

ურთიერთგაქვითვა მნიშვნელოვან სამართლებრივი დაცვის გარანტიებს ქმნის კრედიტორებისთვის, მათ შორის დებიტორის გადახდისუუნარობის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში. იმისათვის, რომ საქართველოს კანონმდებლობა აღიარებული იყოს მსოფლიო მასშტაბით და შესაძლებელი იყოს საერთაშორისო ბაზრებზე დერივატივების გარიგების დადება, საჭიროა ISDA-ის სამართლებრივი დასკვნა, რაზეც აქტიურად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. ამის შემდგომ საქართველოც იქნება იმ ქვეყნების სიაში, სადაც დერივატივების კანონმდებლობის შესაბამისობა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არის აღიარებული. რომ შევაჯამოთ, დერივატივები კაპიტალის ბაზრის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

იმისათვის, რომ დერივატივების ბაზარი ეფექტიანად მუშაობდეს, აუცილებელია მინიმიზებული იყოს მასთან დაკავშირებული რისკები და არ მოხდეს ხელშეკრულებით განსაზღვრული საკითხების განსხვავებული ინტერპრეტირება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ამ გამოწვევას კი 2019 წლის ბოლოს მიღებული კანონი სრულად პასუხობს. ამასთან ერთად, ფინანსური ბაზრის მონაწილეთა კვალიფიკაციის ამაღლება, რომელსაც, სახაზინო ბაზრების ასოციაციასთან ერთად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ვახორციელებთ, დერივატივების ბაზრის განვითარებისათვის კარგ წინაპირობას ქმნის.

წინა სტატია

Statement by the Spokesperson on the agreement about electoral system
09 მარტი, 2020

შემდეგი სტატია

მდიდარ ადამიანებს კორონავირუსის გამო მილიარდობით დოლარის ზარალი აქვთ
10 მარტი, 2020
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
საქართველოს ბანკი განცხადებას ავრცელებს
კომპანიები | მარ, 20, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker