სინდი კროუფორდისა და რენდი გერბერის სიურპრიზი: ახალი ტეკილა

სინდი კროუფორდისა და რენდი გერბერის სიურპრიზი: ახალი ტეკილა

ცნობილი წყვილი გვიყვება ცხოვრების, სიყვარულისა და ალკოჰოლური სასმელების შესახებ.

კვლევაზე დახარჯული უამრავი საათი ერთერთი იმ ღირსებათაგანია, რომელიც თან ახლავს საკუთარი ულტრაპრემიუმ-კლასის ტეკილას დამზადებას. უახლოესი მეგობრებისაგან შემდგარ ფოკუს-ჯგუფზე უკეთ განა შეძლებს ვინმე თქვენი აგავასგან დამზადებული ალქიმიის დაგემოვნებას? სწორედ ასე გაჩნდა ტეკილა სახელწოდებით Casamigos-ი.

რენდი გერბერსა და მის მეუღლეს – სინდი კროუფორდს კაბო-სან-ლუკასში (მექსიკა) მსახიობ ჯორჯ კლუნისთან მომიჯნავე აგარაკი აქვთ. ახალ ტეკილას სწორედ ამ აგარაკების პატივსაცემად უწოდეს Casamigos-ი, რაც ესპანურად „მეგობრების სახლს ნიშნავს”. საკუთარი ტეკილას დამზადების იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც რენდი გერბერმა და ჯორჯ კლუნიმ ვერ ნახეს ისეთი ტეკილა, რომელიც მათ უზადო გემოვნებას დააკმაყოფილებდა.

„მე და ჯორჯი ბევრ დროს ვატარებდით მექსიკაში, როდესაც ჩვენს აგარაკებს ვაშენებდით, – ამბობს 52 წლის ბიზნესმენი გერბერი. ცნობილი ღამის კლუბები The Whiskey მაიამიში და SkyBar-ი ლოს-ანჯელესში სწორედ მისი კომპანიის, Gerber Group-ის მიერ არის დაარსებული. – და როგორც ყველა, ვინც მექსიკაში აღმოჩნდება, ჩვენც ბევრ ტეკილას მივირთმევდით. ჩვენი სასტუმროს ბარში ტეკილას დიდი არჩევანი იყო. ასე რომ, მე და ჯორჯმა ბევრი ნაირსახეობა დავაგემოვნეთ. რამდენიმე

თვის განმავლობაში ჩვენ ალბათ მექსიკაში არსებული ტეკილას ყველა ნაირსახეობა გავსინჯეთ, ვიდრე ჯორჯი არ მომიბრუნდა და მითხრა: „ხომ არ ჯობია, საკუთარი ტეკილა გამოვუშვათ?”

ასეც მოიქცნენ. ჯერ ადგილობრივ მეგობრებთან გაიარეს კონსულტაცია და მხოლოდ შემდეგ შეუდგნენ მუშაობას ტეკილას გამოხდის ოსტატთან მექსიკის ჯალისკოს ოლქიდან. ისინი ეძებდნენ კონკრეტულ არომატს, რომელსაც არ დაჰკრავდა დამწვრის ან სიმწრის გემო. გერბერი და კლუნი უპირატესობას ანიჭებდნენ უფრო რბილ და დაბალანსებულ ტეკილა Reposado-ს, რომელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში აძველებენ მუხის კასრებში.

„ჩვენ ერთი წელი მოვანდომეთ სხვადასხვა ნიმუშის შექმნას მანამ, ვიდრე საბოლოოდ არ მივაგენით, ჩვენი აზრით, ტეკილას სრულყოფილ არომატს, – იხსენებს გერბერი. – იმდენჯერ გვეგონა, რომ მივაგენით იმას, რასაც ვეძებდით, რომ საბოლოო ჯამში ნიმუშის 700 ბოთლი მივიღეთ. საბედნიეროდ, საკმარისად გვქონდა დრო, მოთმინება და ფული, რომ ჩვენი მიზნისათვის მიგვეღწია”.

საბოლოო ჯამში ისინი ჩამოყალიბდნენ ცისფერი ვებერის სახელით ცნობილი აგავას 100%-იან ნაზავზე, რომელსაც აგურის ღუმელში ნელ ცეცხლზე ხარშავენ და დიდი ხნის განმავლობაში აფერმენტებენ. შედეგად ვიღებთ ძალიან რბილი გემოს ტეკილას, რომელსაც არ სჭირდება მარილი ან ლაიმი გემოს გასანეიტრალებლად. „ჩემი მეუღლეც კი სვამს მას რაიმეს მიყოლების გარეშე, – ამბობს გერბერი. – რაც მთავარია, მეორე დღეს ნაბახუსევით გამოწვეული დისკომფორტი არ გაქვთ”, – იფიცებს იგი.

„მაშინ არც კი ვიცოდით ამის შესახებ, – აგრძელებს მოყოლას გერბერი, – მაგრამ როდესაც ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომლისაგან ინტერვიუ აიღეს, მან თქვა, რომ ჩემთან და ჯორჯთან მუშაობა ძალიან სახალისო იყო, რადგან ჩვენ ვიცოდით, რას ვაკეთებდით. თუმცა მან ასევე დასძინა, რომ მე და ჯორჯი ზოგჯერ ძალიან მომაბეზრებლებლად ვიქცეოდით”.

სინდი კროუფორდი, რომელიც 1998 წლიდან გერბერზეა დაქორწინებული, ეთანხმება ზემოთ ხსენებულ შეფასებას. „არასოდეს შევხვედრივარ ადამიანს, რომელიც ამდენ ყურადღებას აქცევს ყოველ დეტალს, როგორც ამას რენდი აკეთებს”, – ამბობს 48 წლის სუპერმოდელი და გერბერის ორი

შვილის დედა და ამატებს: „მიკვირს, რომ შევძელი მისი მკაცრი კრიტერიუმების დაკმაყოფილება. ჩემთვის ზოგჯერ 90%-ით კარგი უკვე საკმარისია, რადგან არ მიყვარს დროის კარგვა სრულყოფილების ძიებაში. მაგრამ რენდის ასე არ შეუძლია. იგი არასოდეს არის კმაყოფილი, სანამ ასპროცენტიან სრულყოფილებას არ მიაღწევს. მან ექვსი თვე მოანდომა ნიუ-იორკში თავისი პირველი ბარის თანამშრომლებისათვის მაისურების დიზაინის შექმნას. მის ადგილას მე მხოლოდ ერთხელ გავივლიდი ამ თემას და სხვა საკითხებზე მუშაობას გავაგრძელებდი”.

თავდაპირველად გერბერსა და კლუნის არ ჰქონიათ არანაირი განზრახვა, რომ თავიანთი ტეკილა გაეყიდათ. მაგრამ ცნობილი მეგობრებისა (და მადლიერი დამგემოვნებლების) წაქეზებით, 2013 წელს მათ დაიწყეს Casamigos-ის გასაყიდად დამზადება თავიანთ მესამე მეგობართან – მაიკ მელდმენთან ერთად. ეს უკანასკნელი Discovery Land-ის აღმასრულებელი დირექტორია.

ორ წელიწადზე ნაკლებ დროში Casamigos-ი ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად გაყიდვად ტეკილად იქცა ამერიკის 50-ვე შტატში, ასევე კანადაში, მექსიკაში, ბაჰამის კუნძულებსა და ჰონკონგში. აპრილის თვეში

Grey Goose-ის შემქმნელი კომპანია – Sidney Frank Importing-ი – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კარიბის კუნძულებზე Casamigos-ის ექსკლუზიური შემომტანი გახდა.

ტეკილამ უკვე მიიღო რამდენიმე ჯილდო და მთავარი როლიც შეასრულა ჯორჯ კლუნისა და ამალ ალამუდინის სექტემბერში შემდგარ ქორწილში. გებერმა ვენეციაში დაგეგმილი საქორწილო ღონისძიებებისათვის 100 კასრი ტეკილა გადააფრინა კომპანიის კუთვნილი თვითმფრინავით: 2-თვიანი დაძველების Blanco და 14-თვიანი დაძველების Añejo. მიუხედავად იმისა, რომ გერბერი და კლუნი 20 წელიწადზე მეტია, რაც მეგობრობენ, მას და სინდის არ უცდიათ ახალდაქორწინებული წყვილისათვის ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებული რჩევა-დარიგებების მიცემა. „მას მეუღლესთან ურთიერთობის სწავლება ჩემგან არ სჭირდება. ჯორჯი თავადაც კარგად ართმევს ამას თავს, – ამბობს გერბერი. – იგი უკვე კარგად ერკვევა ამ საკითხში და რაც დრო გავა, კიდევ უფრო კარგად გაერკვევა”.

რაც შეეხება მათი 16-წლიანი ქორწინების საიდუმლოს, სინდი კროუფორდი ამბობს: „მაშინაც კი, როდესაც ერთმანეთზე ნაწყენი ვართ, ჩვენ ერთმანეთს არ ვეუბნებით ისეთ სიტყვებს, რომელთაც უკან ვერ წაიღებ – ასე ზიანი ნაკლებია”.

„ჩვენ ერთმანეთს პატივისცემით ვეჩხუბებით, – ხუმრობს კროუფორდი. – ჩვენ მართლაც ძალიან განსხვავებული ადამიანები ვართ. მიუხედავად ამისა, მასთან თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა სახლების დიზაინზე ერთობლივი მუშაობაა. ამ დროს ჩვენ სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში ვთანხმდებით და შედეგიც ყოველთვის მოსალოდნელზე უკეთესია. ეს იმიტომ, რომ ორივეს ძალიან გვიყვარს ეს საქმე”. ამ მხრივ მათი ურთიერთობა მალე კიდევ ერთ გამოცდას გაივლის, რადგან კროუფორდი და გერბერი მალიბუში თავიანთი სახლის რემონტს იწყებენ. კროუფორდი ამ სახლს თავის „ბედნიერ ადგილს” უწოდებს, რადგან „ჩვენი ეზოს ახლოს სანაპიროა, რაც ჩვენი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”.

ბოლო პერიოდში სინდი კროუფორდი განსაკუთრებით დიდ დროს ატარებს თავის ქალიშვილ კაიასთან ერთად, რომელიც დედის კვალს გაჰყვა და უკვე სამოდელო ბიზნესში მოღვაწეობს. 13 წლის კაია კროუფორდის ახალგაზრდა ვერსიას ჰგავს (მას, უბრალოდ, ტუჩთან ხალი არა აქვს). მან უკვე მიიღო მონაწილეობა Versace-ის პირველ ბავშვთა კამპანიაში. „კაია ჯერჯერობით თავისი ძალების მოსინჯვას ცდილობს, – ამბობს კროუფორდი და აღნიშნავს, რომ იგი არ აძლევს კაიას რაიმე რჩევებს კამერის წინ პოზირებასთან დაკავშირებით. – მე მას მოდელობასთან დაკავშირებით არაფერს ვურჩევ, იმიტომ რომ ამ პროფესიისთვის საჭირო ჩვევები მან თავად უნდა აღმოაჩინოს საკუთარ თავში. რაც შეეხება კამერის წინ პოზირებას, თუ თქვენ კომფორტულად არ გრძნობთ თავს, მაშინ ან უნდა გსურდეთ ამ უნარ-ჩვევების შეძენა, ან – არა”.

მას შემდეგ, რაც სინდიმ პირველად შედგა პოდიუმზე ფეხი და მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად იქცა, სამოდელო ბიზნესმა დრამატული ცვლილებები განიცადა. კროუფორდის თქმით, დღეს რომ იწყებდეს ამ ბიზნესში მოღვაწეობას, ალბათ იმავე წარმატებას ვერ მიაღწევდა. „მე არასდროს ვყოფილვარ ძალიან გამხდარი,

– ამბობს სინდი, – მაგრამ იმ დროს არც ერთი სუპერმოდელიარ იყო ძალიან გამხდარი. ჩვენ უფლება გვქონდა, სხეულის უფრო სავსე ფორმები გვქონოდა. მე არ ვატარებ ნული ზომის ტანისამოსს. ჩემი ტანსაცმელი ექვსი ზომისაა. მაშინ არც არსებობდა ნული ზომა!” თუმცა კროუფორდი ყოველთვის კომფორტულად გრძნობდა თავს თავისი სავსე ფორმებით. მას კარგად ახსოვს, როგორ ცდილობდა ნაომი კემპბელის ჯინსებში ჩაკვეტებას. „ჯინსი თეძოებს ზევით აღარ ამომდიოდა – ხუმრობს კროუფორდი, – მაგრამ ჩემი სამუშაო იმაში მდგომარეობდა, რომ მომერგო ტანსაცმელი და მე ეს გამომდიოდა. ასევე ჩემი დანიშნულება იყო, რომ ტანსაცმელი ლამაზად წარმომეჩინა და მე ესეც ვისწავლე”.

სანამ გერბერი თავისი ტეკილა Casamigos-ის (და რომის, Caliche-ს) შექმნით იყო დაკავებული, სინდი კროუფორდმა გააფართოვა თავისი მოღვაწეობის არეალი მოდელობის მიღმა და მთელი თავისი ენერგია საკუთარ კანის მოვლის ხაზს Meaning­ful Beauty-სა და ავეჯის კოლექციის შექმნას დაუთმო. კროუფორდი ასევე მუშაობდა თავის ახალ წიგნზე – ესეებისა და ფოტოების კრებულზე, რომელიც მისი სამოდელო კარიერის იუბილეს ეძღვნება.

საღამოს პაემნებისათვის დროის გამონახვა ხშირად რთულია, მაგრამ გერბერსა და კროუფორდს მიაჩნიათ, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანია წარმატებული ქორწინებისათვის. „ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ურთიერთობებზე. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია გამოვნახოთ დრო ერთმანეთისათვის, თუნდაც ეს მხოლოდ სანაპიროზე ერთად გასეირნებას ნიშნავდეს”, – ხაზგასმით ამბობს კროუფორდი. გერბერი კი ამატებს: „ჩვენ არასოდეს მივდივართ დასაძინებლად გაბრაზებული”.

და ზოგჯერ მათ არც კი სძინავთ ერთად.

მას შემდეგ, რაც ტეკილა Casamigos-ის ფართო საზოგადოებისათვის წარდგენა გადაწყდა, გერბერი და კლუნი მალიბუში მდებარე გერბერის კუთვნილ კაფე Habana-ში დასხდნენ თავიანთი ბიზნესსტრატეგიის დასაგეგმად. მაგიდაზე ერთი ბოთლი საკუთარი ტეკილაც დაიდგეს. რაც შემდეგ მოხდა, ტეკილა Casamigos- ის პირველი სარეკლამო რგოლის ინსპირაციად იქცა.

გერბერმა და კლუნიმ მთელი ბოთლი დაცალეს და მიხვდნენ, რომ მანქანის მართვა არც ერთს აღარ შეეძლო. სახლამდე ტაქსით მიაღწიეს და გერბერმა კლუნის თავის სახლში, სტუმრებისთვის განკუთვნილ საძინებელში დარჩენა შესთავაზა. „ზოგჯერ, როცა სახლში ნასვამი მოვდივარ, ჩემი შვილების ოთახში ან სტუმრებისთვის განკუთვნილ საძინებელში ვიძინებ, – აღიარებს გერბერი. – ამჯერადაც შევიხედე ჩვენს საძინებელში და იქ სინდის ეძინა ბავშვებთან ერთად. ჩემი ვაჟის საწოლ ოთახში შევედი და იქ ჩამეძინა”.

ღამის ორი საათი იყო და გერბერი არსად ჩანდა. სინდიმ გადაწყვიტა, სტუმრებისთვის განკუთვნილ საძინებელში მოეძებნა თავისი მეუღლე. შეიხედა ოთახში და დაინახა საწოლზე ჩაძინებული ჩაცმული მამაკაცი. საწოლზე ერთი ბოთლი ტეკილაც იდო. „იგი ჩაწვა საწოლში, ზურგზე მომეფერა და მითხრა „საყვარელო, გაიხადე და ჩამიწექი”. ამის გაგონებაზე კლუნიმ თავი მოატრილა და სინდიმ დაინახა, რომ ეს მისი ქმარი სულაც არ იყო. მოყოლას გერბერი აგრძელებს „ჯორჯს ეგონა, რომ ოთახები აერია და შემთხვევით ჩვენს საძინებელში შევიდა!”

კროუფორდმა როგორც იქნა იპოვა გერბერი თავიანთი ვაჟის საძინებელში და მოუყვა მას ამ უხერხული შემთხვევის შესახებ. უცებ მათ კიბეზე ფეხის ხმა შემოესმათ. „სამზარეულოში ჩავედი და იქ ჯორჯი დამხვდა, – ამბობს გერბერი. – ჩვენ იქ ერთი თარო გვაქვს, კამფეტებით და ჩიფსებით სავსე. ჰოდა, შევუდექით ჭამას და თან ისტერიულად ვიცინოდით. მოგვიანებით სინდიც შემოგვიერთდა და ჯორჯმა უთხრა: „ესეც იდეა ჩვენი სარეკლამო კამპანიისთვის ‘დალიეთ Casamigos-ი და გაიღვიძეთ საწოლში სინდი კროუფორდთან ერთად!’ სინდიმ კი უპასუხა ‘არა – დალიეთ Casamigos-ი და გაიღვიძეთ საწოლში ჯორჯ კლუნისთან ერთად!’

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *