დასავლეთის ენერგეტიკულ ფრონტზე სერიოზული სანქციებია

იდლიბის ფრონტზე მძიმე ბრძოლებია. კორონავირუსთან გამკლავების პროცესში გლობალური ეკონომიკის ფრონტზეც სირთულეებია. ფერხდება ისეთი მსხვილი ეკონომიკები, როგორიცაა იაპონიის, ინდოეთის და, რაც მთავარია, თავად ჩინეთის. მცირდება მოთხოვნა ენერგომატარებლებზე და, შესაბამისად, მათზე ფასებიც. გაზისა და ნავთობის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი რუსეთი კორონავირუსით გამოწვეულ შეფერხებებს კიდევ ადვილად გადაიტანდა, რომ არა მისი ინდივიდუალური თავის ტკივილი, რაც გამოწვეულია დასავლეთის, კონკრეტულად კი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ახალ- ახალი სანქციებით მის გიგანტურ ენერგეტიკულ კომპანიებთან – „გაზპრომთან“ და „როსნეფტთან“, მათ უშუალო ხელმძღვანელებთან და უმსხვილეს პროექტებთან დაკავშირებით.

არცთუ ისე დიდი ხნის წინ აშშ- ის ადმინისტრაციამ მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, როდესაც ქვეყნის თავდაცვის დეპარტამენტმა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის“ აქტის მეშვეობით სანქციები დაუწესა იმ კომპანიებს, ვინც „ნორდსტრიმ 2“-ის გაზსადენის მშენებლობაში მონაწილეობდა. კონკრეტულად ეს ეხებოდა შვეიცარიულ კომპანია AllSeas Group SA-ს, რომლის გემსაც იმ დროისთვის გაზსადენი გაჰყავდა. შვეიცარიულმა კომპანიამ დაუყოვნებლივ შეწყვიტა მუშაობა და უსწრაფესად გაეცალა დანიის ტერიტორიულ წყლებს. რუსეთის ხელისუფლებამ მაშინ კი გააკეთა ომახიანი განცხადებები, კერძოდ, ვლადიმირ პუტინმა ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ, მართალია, მცირედით გახანგრძლივდება გაზსადენის მშენებლობის დასრულება, მაგრამ რუსეთს ძალუძს ამ პროექტის დამოუკიდებლად ბოლომდე მიყვანა.

პროექტში ჩართულმა ცნობილმა ავსტრიულმა ნავთობისა და გაზის კომპანია OMV-მ ასევე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი მართლაც შეძლებდა გაზსადენის 1,230 კილომეტრიდან დარჩენილი სულ რაღაც 160-კილომეტრიანი მონაკვეთის დამოუკიდებლად გაყვანას. რეალურად რუსეთსა და პროექტის მონაწილეებს იმედი ჰქონდათ და აქვთ, რომ რუსეთის ხელთ არსებული, ამ პროექტისთვის ერთადერთი, აღჭურვილობითა და ტექნოლოგიურად მეტ-ნაკლებად მისადაგებული გემი “აკადემიკოსი ჩერსკი“ შეძლებდა პროექტის განხორციელებას. მიუხედავად მათი ოპტიმიზმისა, საქმე არც ისე მარტივადაა.

პირველ რიგში, რუსეთის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს გემი სანქციების შემოღების დროს შორეულ აღმოსავლეთში იმყოფებოდა და მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დატოვა ნახოდკის პორტი. დანიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონამდე მისაღწევად მას რამდენიმე თვე დასჭირდება, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ძირითადი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ “აკადემიკოს ჩერსკის“, ამ პროექტზე მუშაობა რომ შეძლოს, ძალიან სერიოზული გადაიარაღება/მოდერნიზება დასჭირდება. თუ შვეიცარიულ გემს ურთულეს კლიმატურ პირობებშიც კი შეეძლო 15-17 კმ-ის გაყვანა, რუსული გემი საერთოდ არ არის მზად ზღვაზე ამინდის გაუარესების შემთხვევაში მუშაობისთვის და იდეალურ კლიმატურ პირობებშიც კი 4-5 ჯერ ჩამოუვარდება ტემპებში შვეიცარიელებს. შესაბამისად, რუსული გემის აღჭურვასა და მოდერნიზებას კიდევ დამატებით თვეები დასჭირდება. პროექტის მხარდამჭერი ექსპერტების ოპტიმისტური შეფასებით, მისი დასრულება შესაძლებელია 2021 წლის პირველი კვარტალის ბოლოს. თუმცა არც ექსპერტებისა და მით უმეტეს არც რუსეთის ხელისუფლების ოპტიმიზმს არ იზიარებს აშშ-ის ადმინისტრაცია.

ცოტა ხნის წინ მიუნხენში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა, დენ ბრულეტმა “ბლუმბერგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გადავადება იქნება ხანგრძლივი, ვინაიდან რუსებს არ გააჩნიათ ტექნოლოგია. აშშ-ის მაღალჩინოსნები უფრო შორსაც მიდიან თავიანთ განცხადებებში და ამბობენ: როდესაც ვამბობთ, რომ „ნორდსტრიმ 2“ არ დასრულდება, ე.ი. ის არ დასრულდება. არადა, სულ რაღაც 160 კმ, სულ რაღაც დარჩენილი 6% და 11-მილიარდევროიანი პროექტით რუსეთი შეძლებს გერმანიას მიჰყიდოს 55 მლრდ კუბური მეტრი წელიწადში.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ეს პროექტი, ცოდვილობა-წვალებით მაინც დასრულდეს, მაგრამ ცხადია, აშშ-მ რუსეთს ენერგეტიკულ ფრონტზე სერიოზული ნაღმი აუფეთქა. როგორც და როდესაც არ უნდა დამთავრდეს “ნორდსტრიმ 2“-ის პროექტი, ეს არ არის რუსეთთან დასავლეთის ენერგეტიკულ ფრონტზე ბრძოლის დასასრული. გაზის სექტორში ტორპედირების შემდეგ აშშ რუსულ ნავთობგიგანტ “როსნეფტსაც“ მიადგა. ვენესუელის ოპოზიციისა და მისი ლიდერის, ხუან გუაიდოს გასული წლის წარუმატებელი მცდელობების შემდეგ შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს აშშ-ის ინტერესი მსოფლიოს ყველაზე დიდი ნავთობის მარაგების მქონე ლათინურ-ამერიკული ქვეყნის მიმართ განელდა, მაგრამ სულ ტყუილად: ჯერ იყო და თებერვლის დასაწყისში ყოველწლიური მიმართვის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განსაკუთრებულად გამოყო დარბაზში მყოფი ახალგაზრდა ვენესუელელი ლიდერი ხუან გუაიდო, მეორე დღეს თეთრ სახლშიც მიიღო, როგორც სახელმწიფო ლიდერის პროტოკოლს შეეფერებოდა, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ აშშ- ის ხაზინის დეპარტამენტმა გამოაცხადა გადაწყვეტილება რუსული “როსნეფტის“ შვეიცარიაში დარეგისტრირებული „როსნეფტ ტრეიდინგის“ მიმართ სანქციების შემოღების შესახებ. სანქციებში მოხვდა „როსნეფტ ტრეიდინგის“ პრეზიდენტი და “როსნეფტის“ ვიცე- პრეზიდენტი დიდიე კასიმიროც, ხოლო მისი აქტივების აშშ-ში აღმოჩენის შემთხვევაში მოხდება მათი დაპატიმრება.

სანქციები შემოღებულ იქნა სანქციების ქვეშ მყოფ, ვენესუელურ სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA- სთან საქმიანობისა და ვენესუელური ნავთობის სხვადასხვა, მ.შ. ევროპულ ნავთობგადამმუშავებელი ქარხნებისთვის მიწოდების გამო.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა 90 დღის ვადა მისცა კომპანიებს, გაწყვიტონ ურთიერთობა “როსნეფტ ტრეიდინგთან“. ეს სანქციები არ ნიშნავს “როსნეფტისთვის“ ვაჭრობის სრულად აკრძალვას (ასეთ შემთხვევაში მსოფლიო ნავთობის ბაზარი ჩამოიშლებოდა), მაგრამ ეს ნამდვილად არის კიდევ ერთი რუსული “გემის ჩაძირვა“ ნავთობდოლარებით მიღებული შემოსავლების ხაზით და სერიოზული გეოპოლიტიკური დარტყმა რუსეთისთვის ვენესუელის მიმართულებით.

თვითმარქვია მადურომ დაუყოვნებლივ შეკრიბა სპეციალური საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც ნავთობკომპანიის ხელმძღვანელი და თავდაცვის მინისტრი ვლადიმირ პადრინო შევიდნენ და განაცხადა, რომ მისი ხელისუფლება მიიღებდა შესაბამის ზომებს ახალი რეალობიდან გამომდინარე. იმ პირობებში, როდესაც ჩინეთში კორონავირუსი მძვინვარებს და ქარხნები კი არა, ათეულმილიონიან ქალაქებშია სიცოცხლე “გაჩერებული“, როდესაც რუსეთისთვის სანქციები სანქციებზე წესდება, რა ზომები შეიძლება მიიღოს თვითმარქვია მადურომ, რთული წარმოსადგენია.

დაბოლოს, თამამად შეიძლება სანქციების რიგში გავიყვანოთ ჰააგის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად რუსეთს დაეკისრა „იუკოსის“ აქციონერებისთვის 50 მილიარდი დოლარის გადახდა. კომპანიის მიტაცებაში მთავარ ფიგურანტებად მოიაზრებიან უშუალოდ ვლადიმირ პუტინი და მისი უახლოესი თანამზრახველი, “როსნეფტის“ ხელმძღვანელი სეჩინი. ცხადია, არავის აქვს ილუზია, რომ რუსეთი დაიწყებს ამ კომპენსაციების გადახდას, მაგრამ რეალური საფრთხე ექმნება მის ფარგლებს გარეთ მდებარე რუსეთის კუთვნილ მსხვილ ობიექტებს. აგრეთვე, ექსპერტთა შეფასებით, ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ ისედაც წამხდარ საინვესტიციო კლიმატს რუსეთში კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმა მიადგა.

ამდენად, შესაძლოა ჯერჯერობით კრემლში ვლადიმირ პუტინი, ერიხ მარია რემარკის ცნობილი ნაწარმოების არ იყოს, უცვლელია, მაგრამ დასავლეთის ენერგეტიკულ ფრონტზე სერიოზული სანქციებია, რაც ბოლო-ბოლო რუსეთის მმართველობაშიც გარდაუვალი ცვლილებების მომასწავებელია.

ჩვენ გირჩევთ

დერივატივები: ფინანსური რისკების უკეთ მართვა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები

ქართული ფული და ამერიკული ლობი

დერივატივები: ფინანსური რისკების უკეთ მართვა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები

დერივატივები: ფინანსური რისკების უკეთ მართვა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები

წინა სტატია

Google Tells All North American Employees To Work From Home Due To Coronavirus
11 მარტი, 2020

შემდეგი სტატია

ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ქართული კომპანია საერთაშორისო ბაზარზე
11 მარტი, 2020
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
ახალი გათვლები
მენეჯერები | აგვ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker