ინტერნეტგემოვნების ეროვნული თავისებურებები: საქართველო და მსოფლიო

ხშირად ვმსჯელობთ, როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან ქვეყნები კულტურით, ეკონომიკით, განათლებით, რელიგიით ან ტემპერამენტით. თუმცა ინტერნეტმა ჩვენ თვალწინ იმდენად დიდი და მრავალმხრივი ადგილი დაიკავა ადამიანების ცხოვრებაში, ვეღარ იტყვი, იქ უფრო ვარსებობთ, თუ ხელშესახებ სამყაროში. ძილი, ჭამა და ხვნა-თესვა ალბათ უფროა დღეს ონლაინ ყოფნის დანამატი, ვიდრე პირიქით. შესაბამისად, ბუნებრივია ვიკითხოთ, ვინ, რისთვის და რა ცხოვრებით ვცხოვრობთ, სადაც ნოლების და ერთების უსასრულო ნაკადი ყველას და ყველაფრის ავატარია. როგორც Alexa.com-ის მონაცემები აჩვენებს, ონლაინსამყაროს გლობალურობის მიუხედავად, დიდ როლს ინარჩუნებს ადგილობრივი საიტები. Myauto.ge და On.ge ისევეა კოჰაბიტაციაში ამაზონთან და ფეისბუკთან, როგორც ხაჭაპური - კოკა- კოლასთან. თუმცა ქვეყნების შედარება შეიძლება იმით, სად რომელი საერთაშორისო საიტები უყვართ და რამდენად. რამდენიმე გლობალური საიტი - გუგლი, იუთუბი, იაჰუ - მეტ- ნაკლებად თანაბრად პოპულარულია თითქმის მთელ მსოფლიოში. მაგრამ არსებობს საერთაშორისო საიტები, რომლების პოპულარობაც მკვეთრად იცვლება ქვეყნების მიხედვით. ინტერნეტგემოვნება ქმნის ერების ახალ ინდივიდუალურ შტრიხებს ისევე, როგორც ჩქარი მუსიკა, ცხარე საჭმელი და შავი ტანსაცმელი. ან იქნებ პირიქით - ერების შტრიხები აყალიბებს ინტერნეტგემოვნებებს. გვანახეთ, რა საიტები გიყვართ და გეტყვით, ვინ ხართ თქვენ.

                                    

საქართველო - სპორტი, თამაში, ლაივ-კამერები და რუსული საიტები  

საქართველოში ყველაზე პოპულარული 50 საიტიდან 23 საერთაშორისოა. თუმცა არსებობს მხოლოდ ერთი საიტი, რომელიც არსად იწვევს ქართულთან მიახლოებულ ინტერესსაც კი და ეს სპორტული ანგარიშების საიტი Flashscore.com-ია. ფლეშსქორი რეიტინგით მეთერთმეტეა საქართველოში და ოცეულშიც კი ვერ ხვდება ვერც ერთ სხვა ქვეყანაში. რთული სათქმელია, რა დგას სპორტული ანგარიშების მიმართ ჩვენი ასეთი ლტოლვის უკან, თუმცა თავისი წვლილი ალბათ „ტოტალიზატორების” სიყვარულსაც შეაქვს. სპორტული ფსონების საიტი Bet365.com საქართველოში უფრო პოპულარულია, ვიდრე ქვეყნების 90%-ში. ქართველი ინტერნეტმომხმარებლები ასევე მსოფლიო ლიდერები არიან ონლაინთამაშების საიტების, Roblox.com-ისა და Y8.com-ის სიყვარულით - ეს საიტები კიდევ უფრო პოპულარული მხოლოდ ბაჰამის კუნძულებზე და სომხეთშია. სპორტისა და ონლაინთამაშების სიყვარულის გარდა, ქართულ ინტერნეტში ჯერ მკვეთრად იგრძნობა რუსული საინფორმაციო სივრცის გავლენა: სოციალურ ქსელ „ოდნოკლასნიკებს” საქართველოზე მყარი პოზიციები მხოლოდ სომხეთსა და მოლდოვაში უჭირავს. ასევე გამორჩეულად პოპულარულია ფილმების საიტი 1plus1tv.ru და ალიექსპრესისა და გუგლის რუსული ვერსიები.

ქვეყნების ტოპ 20%-ში ვართ ფოსტა Mail.ru-ს, საძიებო სისტემა იანდექსისა და სოციალური ქსელი ვკონტაქტეს პოპულარობით. მსოფლიოს პირველ 20%-ში ქართველი ინტერნეტმომხმარებლები კიდევ ერთ კატეგორიაში არიან: ეროტიკული ლაივ- კამერების საიტების, Livejasmin.com -ისა და Bongacams.com-ის მონახულებით. როგორც ჩანს, შოთას და ილიას ერს ვირტუალურიც „ცოცხლად” და ლაპარაკით ურჩევნია - სხვა, უფრო ტრადიციული პორნოსაიტების პოპულარობით ჩვენი პოზიციები ზომიერია. ბოლო, ქართველების ფავორიტებს შორის, ონლაინვაჭრობის საიტი Ebay-ია, რომლის პოპულარობითაც მხოლოდ 25 ქვეყანა გვისწრებს 132-დან. ცალკე უნდა აღინიშნოს ფეისბუკი და ინსტაგრამი: მათი ვებ- ვერსიების შედარებითი „დაქვეითება” საქართველოში შესაბამისი მობილური აპლიკაციების განსაკუთრებული წარმატებით იხსნება. საქართველო ასევე ზომიერად უსწრებს მსოფლიო საშუალოს ვიკიპედიის პოპულარობით, რაც ალბათ ამ სიაში ყველაზე დამაიმედებელია ინტერნეტის აზრიანი გამოყენების გულშემატკივრებისთვის. დანარჩენი საერთაშორისო საიტების მიმართ ინტერესი ჩვენთან საშუალო ან საშუალოზე დაბალია - მაგალითად, ვერაფრით მოიკიდა ფეხი ბლოგინგისა და მიკრობლოგინგის საიტებმა, როგორიცაა ბლოგსპოტი და ტვიტერი.  

სხვა ქვეყნები  

საქართველოსავით დეტალურად სხვა ქვეყნებს, ბუნებრივია, არ გავარჩევთ, თუმცა ჩვენზე არანაკლებ სახასიათო შტრიხები სხვებსაც აქვთ. თუ ვინმე უდგება ინტერნეტს საქმიანად, ეს ინდოელები არიან - პროფესიული სოციალური ქსელი ლინკდინი ქვეყნების 88%-ში ტოპ 50-ეულშიც კი ვერ ხვდება, მაგრამ ბოლივუდის სამშობლოში მე-16- ეა. მეორე საიტი, რომლის რეიტინგითაც ინდოეთი ყველას უსწრებს, პროგრამისტული შეკითხვების ფორუმი Stackoverflow.com-ია. თუ ამ საიტებზე ინდოელების აქტივობა ცოტათი მაინც შედეგიანია, სპილოების სამშობლოს ეკონომიკური მომავალიც ცოტათი უფრო ნათელია. ასევე თბილი ჰავა, მაგრამ სხვა პრიორიტეტებია ბარბადოსზე, რომელიც მსოფლიოში პირველია ინსტაგრამისა და პორნოსაიტების - პორნჰაბისა და Xvideos.com-ის რეიტინგით. სხვა რა უნდა უყვარდეთ მოსახლეობით აჭარისხელა კუნძულზე, რომელმაც მსოფლიოს თვით რიანა და უკვე კლასიკოსებად ქცეული დი-ჯეიები - აფრიკა ბამბაატაა და გრენდმასტერ ფლეში მისცა. იემენელი და სირიელი ინტერნეტმომხმარებლების ქცევის უკან მრავალწლიანი სამოქალაქო ომების დრამაა: ეს ქვეყნები მსოფლიო ლიდერები არიან ბლოგსპოტის, ტვიტერისა და დაკავშირებული საიტების გამოყენებით, რომლებიც ონლაინაქტივიზმის მთავარი პლატფორმები გახდა მუდმივი პოლიტიკური კრიზისის ფონზე. ამასობაში სხვა არაბულ ქვეყანაში, ქუვეითში ნავთობის მოტანილს აიფონებს ატანენ და ლიდერობენ ეპლის საიტის ნახვებით.

                                                       

ვინ ვის ჰგავს ინტერნეტში

თუ არსებობს საკითხი, რაშიც ქვეყნები არაა მიბმული გეოგრაფიაზე, ეს ინტერნეტგემოვნებაა. იმ ქვეყნების ათეულში, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს ისრაელს რჩეული საერთაშორისო საიტებით, მხოლოდ ერთია მთელი ახლო აღმოსავლეთიდან და ისლამური სამყაროდან. ისრაელთან ყველაზე ახლო ინტერნეტგემოვნების ქვეყანა? შვეიცარია. ინტერნეტი გვკარნახობს, რომ ისრაელისა და მისი მეზობლებისგან განსხვავებით, კავკასიურ ქვეყნებს საზღვრებზე გაცილებით მეტი აქვთ საერთო. საქართველოსთან მსგავსების კოეფიციენტით მკვეთრად ლიდერობს სომხეთი. თავად სომხეთის ტოპ- სამეული: მოლდოვა, საქართველო, აზერბაიჯანი. აზერბაიჯანის - სომხეთი, საქართველო, უზბეკეთი. ტყუპი ძმები შეიძლება ერთმანეთს აღარ ესალმებოდნენ, მაგრამ ხალი ორივეს ექნება. რუსეთის ტოპ- ათეულის ათივე ადგილს პოსტსაბჭოთა ქვეყნები იკავებს, ბელარუსიდან აზერბაიჯანამდე. რბილი ძალის კუნთები მკვრივია. სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიც ინტერნეტგემოვნებით ძირითადად ერთმანეთთან და ყოფილ დიდ ძმასთან ახლობლობენ. ამერიკელების გემოვნებასთან ყველაზე მეტი სიახლოვე, ბუნებრივია, ინგლისურენოვან ქვეყნებს აქვს: პირველი- მეორე - კანადა და ავსტრალია. თუმცა აშშ- ის პირველ ათეულშია არაბთა გაერთიანებული საამიროებიც, ყატარიც და ქუვეითიც.

ათეულს მოსდევს სინგაპური და შვეიცარია. ამერიკულ ონლაინოცნებასთან ან ენა დაგაახლოებს, ან საფულე. საერთაშორისო საიტების რეიტინგები ასევე მკაფიოდ ასახავს ზოგიერთი ქვეყნის ონლაინგანდეგილობას: ჩინეთთან არც ერთ ქვეყანას არა აქვს 1-ზე მაღალი მსგავსების კოეფიციენტი. აშშ- სთან ამაზე მაღალი მსგავსება ყველა ქვეყანას აქვს, თავად ჩინეთის, ინდონეზიისა და თურქმენეთის გარდა. კანადისა და ავსტრალიის, ბრიტანეთისა და შვედეთის, ავსტრიისა და გერმანიის ინტერნეტგემოვნებები ამაზე 6-7-ჯერ მეტად ემთხვევა. ჩინეთამდე ბევრი უკლია, მაგრამ ასევე განზე დგას ირანიც: ირანელებთან ყველაზე მეტი მსგავსება ქუვეითელ ინტერნეტმომხმარებლებს აქვთ - 1.6. ეს დაახლოებით ისეთივე დაბალი კოეფიციენტია, როგორიც საქართველოს სირიასთან აქვს: ჩვენ- თვის 131 ქვეყანაში 122-ესთან. 

        

                                                    

ჩვენ გირჩევთ

გარდამტეხი 2020

სამსახური სამსახურის წილ

გარდამტეხი 2020

გარდამტეხი 2020

წინა სტატია

Norway Hands Out $2,000 Fines Or Jail For Ignoring Coronavirus Quarantine
18 მარტი, 2020

შემდეგი სტატია

ბილ გეითსი - ძალიან ვწუხვარ ეკონომიკური ზიანის გამო
19 მარტი, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker