ტოპ-10 სახელმწიფო ტენდერი

სახელმწიფო შესყიდვებში ყოველწლიურად ოთხ მილიარდ ლარზე მეტი იხარჯება. თანხის უმეტესი ნაწილი ელექტრონული ტენდერებით იხარჯება, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქონლისა და მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს შორის კონკურენციას და შემსყიდველს ეკონომიის გაკეთების საშუალება მისცეს. თუმცა ხშირია შემთხვევა, როდესაც ტენდერში მხოლოდ ერთი ან ორი კომპანია მონაწილეობს და, შესაბამისად, კონკურენცია არ არის ან დაბალი დონისაა. ამას ორი მთავარი მიზეზი აქვს: არასათანადოდ გამოცხადებული ტენდერები და ქართული ბიზნესის განვითარების დონე. 2019 წელს 23 ათასზე მეტ ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, მათგან ღირებულების მიხედვით ტოპ-10 ტენდერი გაგაცნოთ, სადაც მიმწოდებელი კერძო კომპანიაა.   

10. შპს ფერი“

20.5 მილიონი ლარი  

20.5 მილიონი ლარი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2019 წლის პირველ ივლისს 28.6 მლნ ლარის ღირებულების საგზაო მშენებლობაზე აუქციონის გარეშე ტენდერი გამოაცხადა, კერძოდ, საჩხერე- ქვემოხევი- უზუნთა- შქმერი- ზუდალის მონაკვეთის მშენებლობაზე. ტენდერში შვიდმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ყველაზე დაბალი ფასით - 20.6-მილიონლარიანი შეთავაზებით შპს „ფერიმ“ გაიმარჯვა. აღებული ვალდებულების შესასრულებლად კომპანიას 2-წლიანი ვადა მიეცა.   

9. შპს კავკასუს როუდ პროჯექტი“

20.9 მილიონი ლარი  

თბილისის მერიამ 2019 წლის 4 სექტემბერს 28 მლნ ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე აუქციონის გარეშე ტენდერი გამოაცხადა, კერძოდ, შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლებით გამაგრების პროექტირება- მშენებლობის სამუშაოებზე. ტენდერში ორმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. მათგან ყველაზე დაბალი ფასით - 20.9-მილიონლარიანი შეთავაზებით შპს „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ გაიმარჯვა. აღებული ვალდებულების შესასრულებლად კომპანიას 420-დღიანი ვადა მიეცა. 

8. შპს დაგი“

21.4 მილიონი ლარი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2019 წლის 11 ივლისს 25 მლნ ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე აუქციონის გარეშე ტენდერი გამოაცხადა, კერძოდ, უნივერსიტეტის მეორე სასწავლო კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. ტენდერში ორმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, მათგან ყველაზე დაბალი ფასით - 21.4-მილიონლარიანი შეთავაზებით შპს „დაგიმ“ გაიმარჯვა. აღებული ვალდებულების შესასრულებლად კომპანიას 2-წლიანი ვადა მიეცა.  

7. შპს დაგი“

21.5 მილიონი ლარი 

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 2019 წლის 15 თებერვალს 23 მლნ ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე აუქციონის გარეშე ტენდერი გამოაცხადა, კერძოდ, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საჯარო სკოლის დეტალური პროექტის მომზადებასა და სამშენებლო სამუშაოებზე. ტენდერში ორმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ყველაზე დაბალი ფასით – 19.8-მილიონლარიანი შეთავაზებით შპს „დაგიმ“ გაიმარჯვა. თუმცა ნოემბერში ხელშეკრულება შეიცვალა და კონტრაქტის ღირებულება 21.5 მლნ ლარამდე გაიზარდა. აღებული ვალდებულების შესასრულებლად კომპანიას 160-დღიანი ვადა მიეცა. 26 დეკემბრის მიღება- ჩაბარების დოკუმენტის თანახმად, „დაგიმ“ დაკისრებული ვალდებულება განახორციელა.   

6. შპს მამისონი“

26 მილიონი ლარი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2019 წლის 3 მაისს 27.5 მლნ ლარის ღირებულების გზის შეკეთების სამუშაოებზე აუქციონის გარეშე ტენდერი გამოაცხადა, კერძოდ, ქუთაისი- წყალტუბო- ცაგერი- ლენტეხი- ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. ტენდერში ორმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. მათგან ყველაზე დაბალი ფასით - 26-მილიონლარიანი შეთავაზებით შპს „მამისონმა“ გაიმარჯვა. აღებული ვალდებულების შესასრულებლად კომპანიას 4-წლიანი ვადა მიეცა.  

5. შპს ენერჯი ინვესტი 2009“

27 მილიონი ლარი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2019 წლის 15 აპრილს 33.8 მლნ ლარის ღირებულების გაზსადენის მშენებლობის შესყიდვაზე აუქციონის გარეშე ტენდერი გამოაცხადა, კერძოდ, შუახევის მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე ბუნებრივი აირის მილსადენის სამშენებლო სამუშაოებზე. ტენდერში მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს „ენერჯი ინვესტი 2009“-მ მიიღო მონაწილეობა და 27-მილიონლარიანი შეთავაზებით კონკურენციის გარეშე მოიგო. აღებული ვალდებულების შესასრულებლად კომპანიას 2-წლიანი ვადა მიეცა. 

4. შპს ცეკური“

33.6 მილიონი ლარი 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2019 წლის 22 თებერვალს 33.6 მლნ ლარის ღირებულების გზის შეკეთების სამუშაოებზე აუქციონის გარეშე ტენდერი გამოაცხადა, კერძოდ, ქუთაისი- წყალტუბო- ცაგერი- ლენტეხი- ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. ტენდერში სამმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, მათგან ყველაზე დაბალი ფასით - 31.5-მილიონლარიანი შეთავაზებით „გენჩ ინშაათის” საქართველოს ფილიალმა გაიმარჯვა. თუმცა აღნიშნულ კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა, რადგან დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია და ხარჯთაღრიცხვა არ წარმოადგინა. აქედან გამომდინარე, გამარჯვებულად შპს "ცეკური“ გამოვლინდა, რომელსაც 33.6-მილიონლარიანი შეთავაზება ჰქონდა. აღებული ვალდებულების შესასრულებლად კომპანიას 3-წლიანი ვადა მიეცა.   

3. შპს ეკოლუქსი“

43.3 მილიონი ლარი 

თბილისის მერიამ 2019 წლის 7 აგვისტოს 43.3 მლნ ლარის ღირებულების საკვები პროდუქტების შესყიდვაზე ელექტრონული პროცედურით ტენდერი გამოაცხადა, კერძოდ, თბილისის საბავშვო ბაგა- ბაღებისთვის საკვები პროდუქტების შესყიდვაზე 2019 წლის 16 სექტემბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ტენდერში მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს "ეკოლუქსმა“ მიიღო მონაწილეობა და 43.3-მილიონლარიანი შეთავაზებით კონკურენციის გარეშე მოიგო. თუმცა შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში კომპანიასთან გაფორმებული შესყიდვა არ ჩანს. შესაძლოა, მასთან ხელშეკრულება დღემდე არ გაფორმებულა.  

2. შპს ჯეუ გრუპი“

46.3 მილიონი ლარი

თბილისის მერიამ 2019 წლის 5 თებერვალს 43.2 მლნ ლარის ღირებულების გზის შეკეთების სამუშაოებზე აუქციონის გარეშე ტენდერი გამოაცხადა, კერძოდ, თბილისში, კახეთის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე. ტენდერში ორმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ყველაზე დაბალი ფასით – 42.9-მილიონლარიანი შეთავაზებით შპს „ჯეუ გრუპმა“ გაიმარჯვა. თუმცა დეკემბერში ხელშეკრულება შეიცვალა და კონტრაქტის ღირებულება 46.3 მლნ ლარამდე გაიზარდა. აღებული ვალდებულების შესასრულებლად კომპანიას 7-თვიანი ვადა მიეცა.  

1. შპს ილი ჯგუფი“

73.1 მილიონი ლარი

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 2019 წლის 7 ოქტომბერს 73.9 მლნ ლარის ღირებულების სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურების შესყიდვაზე აუქციონის გარეშე ტენდერი გამოაცხადა, კერძოდ, პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული მსჯავრდებულების, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს, გარე დაცვის მთავარი სამმართველოს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა და პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომელთა კვებითი მომსახურების შესყიდვაზე. ტენდერში მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს "ილი ჯგუფმა“ მიიღო მონაწილეობა და 73.1-მილიონლარიანი შეთავაზებით კონკურენციის გარეშე მოიგო. აღებული ვალდებულება კომპანიამ 3 წლის განმავლობაში უნდა შეასრულოს.

ჩვენ გირჩევთ

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერის განცხადება საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

საქართველოს ინოვაციების ინტერნაციონალიზაცია

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერის განცხადება საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერის განცხადება საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

წინა სტატია

Financing programs for businesses hit by the coronavirus could amount to $4 trillion, Mnuchin says
24 March, 2020

შემდეგი სტატია

App Store-ის მოხმარების არეალი კიდევ 20 ქვეყანაში გაფართოვდება - მათ შორისაა საქართველოც
24 March, 2020
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
Pfizer-ის ვაქცინის პირველი საჰაერო ტრანსპორტირება განხორციელდა
ახალი ამბები ქართულად | Dec, 01, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker