გეითსის თქმით, აშშ-მა ხელიდან გაუშვა ბიზნესების დახურვის თავიდან აცილების შანსი

გეითსის თქმით, აშშ-მა ხელიდან გაუშვა ბიზნესების დახურვის თავიდან აცილების შანსი

Microsoft –ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა განაცხადა, რომ აშშ-მა გაუშვა ხელიდან ბიზნესების დახურვის თავიდან აცილების შანსები, ვინაიდან მან არ იმოქმედა საკმარისად სწრაფად კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ. ახლა კი საჭიროა ბიზნესები იყოს დროებით დაკეტილი.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას მოუწოდა სახლში დარჩენისკენ, რათა ვირუსის გავრცელების ტემპი შემცირდეს. რამდენიმე რეგიონში, მათ შორის ვაშინგტონში, ნიუ-იორკსა და კალიფორნიაში კი ყველა არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ბიზნესებს დროებით დახურვის ბრძანება მისცეს. შედეგად უმუშევრობაც იზრდება.

პრეზიდენტმა ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ მას სურს ყველა ბიზნესი აღდგომისთვის, 12 აპრილისთვის იყოს უკვე გახსნილი, რათა ეკონომიკური გავლენები შემსუბუქდეს. თუმცა, ამ მოსაზრებას მთავრობის ცალკეული წარმომადგენლები და ექსპერტები აკრიტიკებენ და აფრთხილებენ ყველას, რომ მოსახლეობის უკან სამსახურებში დაბრუნება გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ დაინფიცირებას, ფატალურ შედეგს და ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას.

ბილ გეითსიც აცხადებს, რომ თვითიზოლაცია ეკონომიკისთვის იქნება “დამღუპველი“, თუმცა, მისივე თქმით, შუალედური გამოსავალი არ არსებობს. მან ასევე გასულ კვირას განაცხადა, რომ მსგავსი ზომები 6-10 კვირას უნდა გაგრძელდეს.

“ძალიან რთულია ხალხს უთხრა, არ შეწყვიტოთ რესტორნებში სიარული, ახალი სახლების ყიდვა, ჩვენ გვინდა განაგრძოთ ხარჯვა, ვინაიდან არიან ცალკეული პოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მშპ-ის ზრდა არის მნიშვნელოვანი. რთულია ეს უთხრა ადამიანებს ეპიდემიის დროს“, – განაცხადა ბილ გეითსმა.

ამასთან, Microsoft-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ მოსახლეობის ტესტირება უნდა იყოს ორგანიზებული და პრიორიტეტი. “ეს ძალიან ძალიან სასწრაფოა“, – აცხადებს გეითსი.

აღსანიშნავია, რომ ბილ გეითსი დიდი ხანია ჯანდაცვის საკითხებს დიდ დროს უთმობს. მან გასულ კვირას Reddit-ზე ფორუმიც კი გამართა კორონავირუსის პანდემიის შესახებ დისკუსიის მიზნით.

ასევე, საინტერესოა ისიც, რომ ჯერ კიდევ 2015 წელს TED Talk-ში გეითსმა განაცხადა, რომ მსოფლიოს სჭირდებოდა პანდემიებისთვის მომზადება:

“ჩვენ როგორც წესი ძალიან ცოტას ინვესტირებას ვახდენთ ეპიდემიების შესაჩერებად საჭირო ზომებისთვის. ჩვენ არ ვართ მზად მომდევნო ეპიდემიისთვის“.

ახლა კი გეითსმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ მას შემდეგ ძალიან მცირე რამ არის ამ კუთხით გაკეთებული, თუმცა, ის ოპტიმიზმს მაინც ინარჩუნებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *