მარადმწვანე

ამ 38 წლის დიზაინერმა ლოს- ანჯელესიდან პარიზში, პლას- ვენდომზე მდებარე Louis Vuitton-ის მეფურ მაღაზიაში ამოყო თავი. ეს გრძელი გზა იმისთვის განვლო, რომ გაგანია მოდის კვირეულზე პატივი მიაგოს თავის კერპს, ფუფუნების გიგანტ LVMH-ის უფროსს. ბარბერი შთამბეჭდავად გამოიყურება. მოკლედ შეჭრილ ყვითელ- ჟოლოსფერ თმებში შავად შეღებილი დოლარის სიმბოლოები მოუჩანს, კბილებზე მწვანე ბრეკეტები უკეთია, ყელზე შემოხვეულ უჟანგავი ფოლადის ჯაჭვზე კი Louis Vuitton-ის სამგზავრო ჩანთათა არაერთი ბოქლომი აქვს ჩამოკიდებული. "შარშან რამდენიმე ასეული ათასი დავხაჯრე LV-ზე“, - ამბობს ბარბერი. მას ნამდვილად არ უჭირს: მშვენიერ ფულს აკეთებს ისეთი მუსიკალური არტისტების გარეგნობის ინდივიდუალიზებით, როგორიც Migos-ი ან პოსტ მელოუნია. თავის ბოლო ვიდეოში, Saint-Tropez-ში, პოსტ მელოუნს ბარბერის მიერ შექმნილი აბჯარი აცვია, რომელიც შავი ტყავისა და Vuitton-ის ჩანთის ნაზავს წარმოადგენს. ,,ის ერთპიროვნულად განსაზღვრავს თანამედროვე ფუფუნებას“, - ასე ახასიათებს ბარბერი არნოს.

"ეს ლუი ვიტონის ყველაზე გამორჩეული სახლია, - ამბობს არნო პლას-ვენდომის მაღაზიის შესახებ და მის ინგლისურში ფრანგული აქცენტი მკაფიოდ გამოსჭვივის. - შეგიძლია, ბრენდის მთელი სამყარო დაინახო“. ორი წლის წინ გახსნილი ეს სივრცე მუზეუმისა და კერძო კლუბის გზაჯვარედინის შეგრძნებას ტოვებს. გაბრდღვიალებულ ვიტრინებსა და თაროებზე Vuitton-ის ოსტატურად განთავსებულ პროდუქტთა ასორტიმენტია გამოფენილი. მინისრიკულებიან მარმარილოს კიბეებს მეოთხე სართულზე, კერძო ატელიეში აჰყავხარ, სადაც ექვსი მკერავი ქალი უნიკალურ კაბებს კერავს ისეთი ვარსკვლავებისთვის, როგორებიც Lady Gaga და ემა სტო უნი არიან.

"დიზაინში აქტიურად ვიყავი ჩართული“, - ამბობს არნო. ის გამალებით ადევნებს თვალს თავის წამყვან ბრენდებს, განსაკუთრებით კი Louis Vuitton-ს, – კონგლომერატის ფულის მანქანას – რომელიც, ანალიტიკოსთა თანახმად, LVMH-ის 2018 წლის $54-მილიარდიანი შემოსავლის თითქმის მეოთხედზე და მოგებათა დაახლოებით 47%-ზე იყო პასუხისმგებელი (LVMH-ი ფინანსურ დეტალებს თავის ხუთ მთავარ განყოფილებას უზიარებს, მაგრამ არა ცალკეულ ბრენდებს). Vuitton-ის ჩანთების, ტანსაცმლისა და აქსესუარების ნარჩევი კატეგორია, რომელიც ბითუმად არასდროს იყიდება და არც ფასდაკლებებს ექვემდებარება, კლასიკურისა და თანამედროვეს მარად ცვალებად ნაზავს წარმოადგენს; მათ შორისაა, მაგალითად, შეზღუდული ოდენობით გამოშვებული ვარიაცია განთქმული ხელჩანთების, ტყავის ფირუზისფერ Capucine-ების თემაზე, რომლებიც ჰარლემელი არტისტის, 29 წლის ჩაბალალა სელფის ორნამენტებითაა დამშვენებული.

ხოლო 39 წლის ამერიკელმა, Vuitton-ის მამაკაცის ხაზის ახალმა დიზაინერმა ვირჯილ აბლომ ამ წლის დასაწყისში დიდ ვნებათაღელვას დაუდო საფუძველი, როცა სადებიუტო კოლექცია შემოგვთავაზა: მის ჩანთებში, რომლებიც ღამით ანათებენ, ბოჭკოვანი ოპტიკაა გამოყენებული და LV-ის ლოგო ცისარტყელას ფერებში ციმციმებს. "რატომაა Louis Vuitton-ისა და Dior-ის მსგავსი ბრენდები ასეთი წარმატებული? – კითხულობს არნო. – მათში ორი ასპექტია გაერთიანებული, რომლებიც თითქოს ურთიერთწინააღმდეგობრივი უნდა იყოს: ისინი დროს უძლებს [და] თანამედროვეობის უზენაეს დონეს განასახიერებს. ...ეს წყალს და ცეცხლს შეგვიძლია, შევადაროთ“. ამგვარი პარადოქსი რეკორდულ გაყიდვებსა და მოგებებში ითარგმნება LVMH-ისთვის, რომლის 70-ზე მეტი ბრენდის წარმომდგენი კოლექცია მოიცავს Fendi-ს, Bulgari-ს, Dom Pérignon-სა და Givenchy-ს. ეს, თავის მხრივ, LVMH-ის აქციათა ფასის ზრდას უწყობს ხელს: ოთხ წელზე ნაკლებში აქციათა ფასი ლამის გასამმაგებულია. არნო, რომელიც ოჯახთან ერთად კომპანიის აქციათა 47%-ს ფლობს, ახლა $102-მილიარდიანი ქონების პატრონია, სხვა სიტყვებით, ის $68 მილიარდით უფრო მდიდარია, ვიდრე 2016- ში იყო. არნო დედამიწის მესამე ყველაზე მდიდარი ადამიანი გახლავთ და მხოლოდ ჯეფ ბეზოსსა ($110 მილიარდი) და ბილ გეიტსს ($106 მილიარდი) ჩამორჩება.

70 წლის არნოს ბევრი უკლია გაჩერებამდე. ოქტომბრის მიწურულს LVMH-მა, ყოველგვარი წინასწარი მოლაპარაკებების გარეშე, სამკაულების ამერიკულ კომპანიას, 182-წლოვან Tiffany-ს $14.5 მილიარდი შესთავაზა. გარიგება თუ კარგად წავა, ეს არნოს ყველა დროის ყველაზე დიდ შენაძენად იქცევა. ,,Microsoft-ს თუ შეგვადარებთ, პატარები გამოვალთ“, - ამბობს ის. მართლაც, LVMH-ის $214-მილიარდიანი საბაზრო ღირებულება საგრძნობლად ჩამორჩება პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტის $1.1 ტრილიონისას. ,,მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია“, - აცხადებს არნო.

არნოს პირველი ნაბიჯები საფრანგეთის ინდუსტრიულ ჩრდილოეთში დიდად განსხვავდებოდა იმ მოვარაყებული ტახტისგან, რომელშიც ახლა ზის. მისი პირველი სიყვარული მუსიკა იყო, მაგრამ არ ეყო ნიჭი, საკონცერტო პიანისტად რომ ქცეულიყო. მუსიკის ნაცვლად, როცა 1971-ში ელიტური ფრანგული საინჟინრო სკოლა დაამთავრა, მამამისის სამშენებლო ფირმაში დაიწყო მუშაობა, მის ბაბუას რომ დაეფუძნებინა ქალაქ რობეში. იმავე წელს პატარა დიალოგმა ნიუიორკელ ტაქსის მძღოლთან გარკვეულწილად საძირკველი ჩაუყარა იმას, რაც მოგვიანებით LVMH-ად გადაიქცეოდა. არნომ მძღოლს ჰკითხა, საფრანგეთის პრეზიდენტის, ჟორჟ პომპიდუს შესახებ თუ გსმენიათო. ,,არა, - უპასუხა მძღოლმა, - მაგრამ კრისტიან დიორი ვიცი“.

25 წლის ასაკში არნომ საოჯახო ბიზნესის მართვის სადავეები გადაიბარა. როცა 1981-ში საფრანგეთის პრეზიდენტი სოციალისტი ფრანსუა მიტერანი გახდა, არნო შტატებში გადაბარგდა, სადაც თავისი ბიზნესის განყოფილების შექმნა სცადა. მაგრამ მისი ამბიციები სამშენებლო სფეროს სცდებოდა. მას ისეთი საწარმოს აშენება სურდა, რომლის მასშტაბებითაც ითამაშებდა – ბიზნესის, რომელსაც ფრანგული ფესვები და საერთაშორისო გაქანება ექნებოდა. 1984-ში, როცა გაიგო, რომ Christian Dior-ი იყიდებოდა, უმალ ყურები დაცქვიტა. Dior-ის მშობელი, ქსოვილებისა და ერთჯერადი საფენების კომპანია, სახელად Boussac-ი, გაკოტრებულიყო, საფრანგეთის მთავრობა კი მყიდველს ეძებდა.

არნო ოჯახის ფულიდან $15 მილიონს გამოვიდა, შესაძენი ფასის – $80 მილიონის – დანარჩენი ნაწილი კი Lazard-მა უზრუნველყო. იმ პერიოდში, გავრცელებული ცნობების თანახმად, მან პირობა დადო, ოპერაციებს გამოვაცოცხლებ და სამუშაო ადგილებს შევინარჩუნებო, მაგრამ, ნაცვლად ამისა, 9,000 თანამშრომელი გაათავისუფლა და, ბიზნესის უმეტესი ნაწილის გაყიდვის შედეგად, $500 მილიონი ჩაიდო ჯიბეში. კრიტიკოსები სახტად დატოვა მისმა თავხედობამ, რომელიც უფრო ამერიკული სტილისა იყო, ვიდრე ფრანგულად დელიკატური. მედიამ, მოგვიანებით, არნოს ,,ქაშმირის პალტოში გამოწყობილი მგელი“ შეარქვა. არნოს მომდევნო მსხვერპლი Dior-ის სუნამოების განყოფილება იყო, რომელიც Louis Vuitton Moët Hennessy-ის შეეძინა.

კომპანიის ბრენდის ხელმძღვანელთა შორის გაჩაღებულმა კონფლიქტმა კარგი სასტარტო პირობები შეუქმნა. ჯერ Vuitton-ის ბოსს შეეკრა, ტყავის ნაწარმის კომპანიას რომ წარმოადგენდა, რომლის დამფუძნებელი ნაპოლეონ III ცოლისთვის, იმპერატორ ეუჟენისთვის, საგანგებო სკივრებს ამზადებდა. არნო Vuitton-ის უფროსს Moët-ს შეფის ჩამოშორებაში დაეხმარა, მერე კი პირველიც ჩამოაცილა საქმეს. 1990-ისთვის, კვლავ Lazard-ის დაფინანსებითა და Boussac-ის ნაღდი ფულის მეშვეობით, მან კომპანიაზე კონტროლი მოიპოვა, რომელიც მოიცავდა განთქმულ ფრანგულ შამპანურის მწარმოებელ Moët & Chandon-სა და Hennessy-ის – ფრანგული კონიაკის მწარმოებელს, რომლის ისტორია 1765 წელს იწყება.

Louis Vuitton Moët Hennessy-ის დაპყრობის შემდეგ არნომ მილიარდები დახარჯა, რათა ხელში ჩაეგდო წამყვანი ევროპული კომპანიები მოდის, სუნამოების, სამკაულების, საათების, ძვირფასი ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების სფეროებიდან. 2008- იდან მოყოლებული, LVMH-ის ოცი ბრენდი აქვს შესყიდული, ჯამში კი მის ხელთ არსებული ბრენდები 79-ს შეადგენს. 2011-ში კონგლომერატმა სამკაულების იტალიურ კომპანია Bulgari-ში თითქმის $5 მილიარდი გადაიხადა, მეტწილად - სააქციო ხელშეკრულების სახით. ორი წლის შემდეგ კომპანიამ, გავრცელებული ცნობებით, $2.6 მილიარდი დახარჯა ნატიფი შალით მოვაჭრის, Loro Piana-ს შესაძენად. არნომ ბოლო შესყიდვა აპრილში განახორციელა, როცა LVMH-მა $3.2 მილიარდად ლონდონში დაფუძნებული სასტუმრო ჯგუფი Belmond-ი იყიდა, რომლის ფუფუნების ჰოლდინგთა რიცხვშია სასტუმრო Cipriani ვენეციაში, უმაღლესი კლასის სამატარებლო ხაზი Orient Express-ი და სამი ულტრამდიდრული საცხოვრებელი ველური ბუნების მოყვარულთათვის ბოტსვანაში. ,,ბერნარ არნო მტაცებელია და არა შემქმნელი“, - ამბობს ბანკირი, რომელიც Boussac-ის გარიგებას ახლოდან იცნობს.

არნოს ყველა ლაშქრობა როდი ყოფილა წარმატებული. 2001-ში მან წააგო ის, რასაც მედიამ ,,ხელჩანთების ომი“ უწოდა განთქმული იტალიური მოდის სახლის Gucci-ს კონტროლისთვის, რომელშიც გამარჯვებული მისი ფრანგი მეტოქე ფუფუნების სფეროდან, ფრანსუა პინო გამოვიდა. მომდევნო ათწლეულის განმავლობაში LVMH-მა ჰეჯ- ფონდებში გავრცელებულ ჩუმ- ჩუმ ტაქტიკას – ნაღდი ფულით მოგვარებად სააქციო კაპიტალის მიმოცვლას – მიმართა, რათა ძვირფასი აბრეშუმის შარფებისა და Birkin-ის საკულტო ჩანთების 182 წლის მწარმოებლის, Hermès-ის 17% ეყიდა.

Hermès-მა შეძლო ახლოდან თუ დააკვირდები, არნოს გაპრიალებული გარეგნობა ერთგვარი ჯავშანია. ღრუბლიან პარასკევ დილას მას LVMH-ის ნარჩევი ბრენდები აცვია, მათ შორის, Celine-ის კოსტიუმი შეუმჩნეველი ზოლებით, Loro Piana-ს მუქი ლურჯი ყელსაბამი, Berluti-ს შავი ტყავის უთასმო ფეხსაცმელი და Dior-ის თეთრი მანჟეტებიანი პერანგი, რომელზეც, გულის ქვეშ, მისი ინიციალებია ამოტვიფრული. 1.85 სმ-ს სიმაღლის, მოხდენილი, გამხდარი აღნაგობის არნო ფორმას ჩოგბურთის მეშვეობით ინარჩუნებს – კვირაში ოთხ საათს თამაშობს, ხანდახან კი მეგობარ როჯერ ფედერერთან ერთად. ,,ვცდილობ, არ გავსუქდე, როგორც ხედავთ, და სპორტს აქტიურად მივსდევ“, - ამბობს ის.

ეს სპორტული თამაშები მის იშვიათ შესვენებებს წარმოადგენს გიჟური სამუშაო გრაფიკის პირობებში, რომელიც დილის 6:30-ზე იწყება მის მე-17 საუკუნის სახლში, პარიზის მარცხენა სანაპიროს მდიდრულ- მოდურ მე-7 ადმინისტრაციულ ერთეულში (Arrondissement-ში) რომ მდებარეობს. ყოველ დილას კლასიკური მუსიკის მოსმენით, ინდუსტრიის ახალი ამბების გაცნობითა და ოჯახის წევრებსა და ბრენდის შეფებთან მიმოწერით იწყებს. ,,ყოველ დილას მტკიცედ მაქვს გონებაში, რომ ბრენდი ათი წლის შემდეგაც ისეთივე სასურველი უნდა იყოს, როგორიც ახლაა“.

დილის 8 საათისთვის ოფისშია, მონტენის ქუჩის 22-ში, სადაც გვიანობამდე – საღამოს 9-მდე – რჩება. პერიოდულად შეიძლება, 20-30-წუთიანი შესვენება მოიწყოს და Yamaha-ს როიალზე დაუკრას, რომელიც მისი ცხრასართულიანი ოფისის ჰოლში დგას. ,,24 საათი მუშაობს, - ამბობს 44 წლის დელფინ არნო არნოს უფროსი შვილი პირველი ქორწინებიდან და Louis Vuitton-ის აღმასრულებელი ვიცე- პრეზიდენტი. - ძილის დროსაც კი ახალი იდეები ესიზმრება“.

ყოველ შაბათს თავის მაღაზიებს შემოივლის, სადაც გამოფენილ ჩანთებს განლაგებას უცვლის და კლერკებს რჩევებით ამარაგებს. ერთი დილა მას ყოფნის, 25 მაღაზია რომ მოინახულოს (და ჩოგბურთი ითამაშოს). ,,ეს რიტუალია“, - ამბობს მისი 25 წლის ვაჟი ფრედერიკი, რომელიც LVMH-ის საათების წამყვან ბრენდში, TAG Heuer-ში მუშაობს. მაღაზიების მონახულების შედეგებს არნო თავისი წამყვანი ბრენდების შეფებს უზიარებს. ამას წინათ მან Louis Vuitton-ის აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ ბურკი საქმის კურსში ჩააყენა, რომ ახალი „it” ჩანთა, $2,480-იანი Onthego, პლას- ვენდომის მაღაზიაში არ ჰქონდათ.

,,ჩივის, როცა ძალიან ბევრი SKU ბოლო ეგზემპლარამდე გაიყიდება“, - ამბობს ბურკი, რომელიც არნოსთან 1980 წლიდან მუშაობს. სულ ცოტა, თვეში ერთხელ, არნო საკუთარი თვითმფრინავით, Bombardier-ით, თავისი იმპერიის რომელიმე კუთხის მოსანახულებლად მიემგზავრება. ოქტომბერში ის ტეხასის პატარა ქალაქს, კინს, ეწვია, სადაც მან და დონალდ ტრამპმა საზეიმოდ გაჭრეს ლენტი Louis Vuitton-ის ორი ახალი სახელოსნოდან პირველის გახსნისას, რომლებმაც, გეგმის თანახმად, მომდევნო ხუთ წელიწადში 1,000 სამუშაო ადგილი უნდა შექმნან (ბრენდს უკვე აქვს ორი სახელოსნო კალიფორნიაში). ,,აქ მისი პოლიტიკის განსასჯელად არ მოვსულვარ, მე არავითარი პოლიტიკური როლი არ მაქვს“, - უთხრა არნომ რეპორტიორებს. და მაინც, აღნიშნულმა ღონისძიებამ მისსავე წრეებში ერთგვარი სკანდალი გამოიწვია. Vuitton-ის ქალების ხაზის შემოქმედებითმა დირექტორმა, ნიკოლა ჟესკიერმა Instagram-ზე დაწერა: ,,მე მოდის დიზაინერი ვარ, რომელიც ასეთ ასოციაციებზე უარს ამბობს #trumpisajoke #homophobia”.

არნომ ჟესკიერის კრიტიკას არ უპასუხა. ოქტომბრის მიწურულს არნო, ბურკი და Dior-ის აღმასრულებელი დირექტორი პიეტრო ბეკარი სეულში გაფრინდნენ, რათა მაღაზიები მოენახულებინათ, მათ შორის, ფრენკ გერის დიზაინით აშენებული Vuitton-ის ფილიალი. ეს Vuitton-ის მეექვსე მაღაზიაა ხელოვნეარნოსგან ბის გალერიით, რომელშიც გამოფენილი იქნება ნარჩევი ნამუშევრები LVMH-ის მიერ დაფინანსებული Fondation Louis Vuitton-ის დიდი კოლექციიდან. ეს გამოფენა პერიოდულად პარიზშიც ეწყობა – Fondation-ის $135-მილიონიან მუზეუმში (რომლის არქიტექტორიც ასევე გერი გახლავთ).

მიუხედავად იმისა, რომ კონგლომერატი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მასობრივად არის წარმოდგენილი, – 4,590 მაღაზიით 68 ქვეყანაში, – მაღაზიათა გახსნა- დახურვა დამოკიდებულია როგორც არნოს ინსტინქტებსა და იმ რეგიონისა თუ უბნის ატმოსფეროზე, სადაც კონკრეტული მაღაზია მდებარეობს, ისე უფრო ტრადიციულ საზომებზე, როგორიცაა გაყიდვები, რომლებიც თითოეულ კვადრატულ ფუტზე მოდის. ჩინეთში, რომელიც LVMH-ის ერთ- ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს, არნო Louis Vuitton-ის მაღაზიათა რაოდენობას ზღუდავს, ექსპანსიის ტემპი რომ გააკონტროლოს.

გასულ წელს ფორტ- ლოდერდეილში (ფლორიდა) Louis Vuitton-მა მაღაზია იმის გამო დახურა, რომ მეზობელი მაღაზიები, რესტორნები და ავსტოსადგომი საკმარისად ელეგანტური არ იყო. შანზ- ელიზეზე მდებარე უძრავი ქონება არნომ მრავალჯერ მოინახულა, სანამ, როგორც იქნა, გასცა ნებართვა ტრიუმფალურ თაღთან Dior-ის ახალი მაღაზიის გახსნის თაობაზე. ამ უკანასკნელმა ივლისში გააღო კარი, მიუხედავად იმისა, რომ, მონაცემთა თანახმად, შენობის წინა მოიჯარის გაყიდვები დიდი ენერგიულობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა. ,,გიბიძგებს, მაქსიმალურად დარწმუნებული იყო წინდაწინ, - ამბობს Dior-ის შეფი ბეკარი. - უნდა, გამოწვევა მოგიწყოს, ასეთია მისი ტაქტიკა“.

მისიკიდევ ერთი ტაქტიკა მეტოქეთა ნაკლოვანებების გამომზეურებაში მდგომარეობს. ივლისში, როცა ტანსაცმლის ბრენდები ერთმანეთს ეკოლოგიასთან მეგობრულობაში ეჯიბრებოდნენ, მან ბრიტანელ მოდის დიზაინერ სტელა მაკარტნისთან (პოლის ქალიშვილთან) პარტნიორობის შესახებ გააკეთა განცხადება, რომელიც კარგა ხანია, ეკოლოგიური მდგრადობის აპოლოგეტად პოზიციონირებს (იმასაც კი ამბობს, სპორტული ფეხსაცმლის ხაზში წებოს არ ვიყენებო, რადგან ის ცხოველების ნაწილთა დუღილის შედეგად მზადდება).

2018-ში მაკარტნის დაესრულებინა 17-წლიანი პარტნიორობა პინოს ოჯახის ფუფუნების ჯგუფ Kering-თან (Gucci-ს მფლობელთან), ჰოდა, არნოს მოწვევაც მიიღო და დათანხმდა მის ,,საგანგებო მრჩევლის“ სტატუსს. არადა, LVMH-ს არ უთქვამს უარი პროდუქტებში ტყავისა და ბეწვის (და წებოს) გამოყენებაზე. არნო არც ,,მოდის პაქტში“ გაწევრიანდა, რომელსაც Kering-ი თაოსნობს და რომელსაც ტანსაცმლის 32 მწარმოებელი აწერს ხელს, მათ შორის, Chanel-ი, Hermès-ი, სწრაფი მოდის გიგანტი H&M-ი და თვით სტელა მაკარტნი; ყველა მათგანმა პირობა დადო, ნახშირბადის ემისიას შევამცირებთო.

მაგრამ არნომ ეკო-ჟესტების საკუთარ სერიას მიჰყო ხელი. ეს მოდის კვირეულის დროს ხდებოდა, როცა შოუების გაშუქების მიზნით, მედიას პარიზში მოეყარა თავი. Dior-ის სამშაბათის შოუზე, სადაც მოდელები ნაგვით სავსე ტომრებში მოქცეული 170 ხით დეკორირებულ სცენაზე დადიოდნენ, პრესას ეცნობა, რომ თემა ეკოლოგიური მდგრადობა იყო, ხოლო ელექტროენერგიას შოუზე კანოლას ზეთზე მომუშავე გენერატორები უზრუნველყოფდნენ. მომდევნო საღამოს, თავისი სათავო ოფისის აუდიტორიაში LVMH-მა ორსაათ- ნახევრიან ღონისძიებაზე 50 ჟურნალისტს უმასპინძლა. არნო და LVMH-ის ბრენდების ათი შეფი გაბრდღვიალებულ სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და საკუთარი გარემოსდაცვითი აქტივობების შესახებ ჰყვებოდნენ, მათ პრეზენტაციებს კი თან ახლდა წკრიალა ვიდეოები, რომლებშიც პოდიუმზე ამაყად მოსიარულე მოდელები და მონღოლურ სტეპებზე მოკუნტრუშე ქაშმირის თხები იყვნენ გამოსახულნი.

შუა ღონისძიებაზე არნოს სთხოვეს, საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინა კლიმატის ახალგაზრდა აქტივისტების თაობაზე, მაგალითად, 16 წლის გრეტა ტიუნბერგზე. ,,მე ბუნებით, ოპტიმისტი ვარ, - თქვა მან, - გრეტასგან განსხვავებით, რომელსაც დიდი პრობლემა აქვს და ამის გამო წარმოუდგენლად დიდი ოდენობის პესიმიზმს ასხივებს თავისი გზავნილებით პრობლემის ყოველგვარი რეალური მოგვარების გზათა შემოთავაზების გარეშე“. კორპორაციული ტიტანისგან არაა გასაკვირი, რომ არნოს ურჩევნია, დიდხანს არ შეჩერდეს პრობლემებზე.

"სიტყვა "არა“-ს გაგონება არ უყვარს, - ამბობს Vogue-ის სტაჟიანი რედაქტორი ანა ვინტური. - არაა ეს სიტყვა მის ლექსიკონში“. ის არ იღებს „არა“-ს – არც მეტოქეებისგან, არც შესყიდვის სამიზნეებისგან და არც თვით გარემოს დაცვის აპოლოგეტებისგან. მაკარტნი ერთ- ერთია იმ მრავალ დიდ სახელთაგან, ვინც თავის თამაშში ჩააბა. 2017-ში LVMH-მა, პოპვარსკვლავ Rihanna-სთან ერთად, კოსმეტიკის ხაზი Fenty Beauty ჩაუშვა, რომლის პროდუქციის დისტრიბუცია კომპანიის სილამაზის პროდუქტთა ქსელის, Sephora-ს 2,600 მაღაზიის მეშვეობით ხდება. Fenty-ს მიერ ფართო აუდიტორიისთვის შეთავაზებულ მრავალ პროდუქციაზე (მისი მაკიაჟის ბაზა კანის 40 ელფერისთვისაა განკუთვნილი) და დამფუძნებლის 77 მილიონ Instagram-მიმდევარზე კაპიტალიზაციით, ამ განყოფილების გაყიდვები წელს, არნოს თქმით, $550 მილიონს შეადგენს.

არნო ფსონს დებს, რომ Fenty Fashion-ს – ტანსაცმლის კოლექციას, რომლის დებიუტი ამ მაისში შედგა და რომელიც კვლავ Rihanna-სთან ერთად გამოუშვა LVMH-მა – მსგავსი წარმატება ერგება. "Rihanna-ს მოდის განსხვავებული ხედვა შემოაქვს, - ამბობს არნო. - სამომავლოდ ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება, ახალი ათასწლეულის წარმომადგენლებთან თუ ვიქნებით დაკავშირებულები“. ბრენდებისთვის თანამედროვე სულისკვეთების შესანარჩუნებლად, ის თავის ხუთ შვილთანაც გადის კონსულტაციებს, რომლებიც ორი ქორწინებიდან ჰყავს. მათგან ოთხი LVMH-ში მუშაობს: 44 წლის დელფინი, 42 წლის ანტუანი, 27 წლის ალექსანდრი და 25 წლის ფრედერიკი.

მისი ყველაზე უმცროსი შვილი, 21 წლის ჟანი, ალექსანდრის თანახმად, კომპანიას ალბათ სწავლის დამთავრების შემდეგ შეუერთდება. 13 თვის წინ შვეიცარიული საათების ბრენდ TAG Heuer-ის სტრატეგიისა და ციფრულ დირექტორად დანიშვნიდან მალევე, ფრედერიკ არნომ მამას სადილის დროს ერთი კომერციული იდეა შესთავაზა: გოლფის მოთამაშეთათვის TAG Heuer-ის ჭკვიანი საათის წინ წამოსაწევად, მან ფრანგული სტარტაპის, FunGolf-ის, ყიდვა მოინდომა, რომელსაც 39,000 მოედნის დეტალური ტოპოგრაფიული მონაცემებით აპლიკაცია შეექმნა. მოთამაშეებს მისი საშუალებით შეეძლოთ, გაეზომათ, რამდენად შორს იყვნენ ე.წ. ქვიშის მახეებისა თუ სიმწვანეებისგან.

"კომპანიათა შესყიდვა- გაერთიანებათა დეპარტამენტში ფიქრობდნენ, რომ გავგიჟდი“, - ამბობს ფრედერიკი. მაგრამ როგორც კი ეს საკითხი მამასთან გაახმოვანა, ,,მითხრა, მიდიო“. ალექსანდრ არნოს თქმით, ბერნარი არ აყოვნებდა მწვანე შუქის ანთებას იმ ტექნოლოგიური გარიგებებისთვის, რომელთაც ალექსანდრი თაოსნობდა ოჯახის საინვესტიციო ორგანიზაცია Groupe Arnault-ში, მათ შორის, ფსონებისთვის Spotify-ზე, Slack-ზე, Airbnb- ზე, Uber-სა და Lyft-ზე.

მერე, 2016-ში ალექსანდრმა დაარწმუნა LVMH-ი, $179 მილიონი გადაეხადა 80%-იანი წილის სანაცვლოდ 121 წლის გერმანულ ჩემოდნების მწარმოებელ Rimowa-ში, რომელიც ისეთი A-კლასის წარმომადგენელთა რჩეულია, როგორებიც დევიდ ბეკჰემი და ანჯელინა ჯოლი არიან. Rimowa-ში, მოგვიანებით, ალექსანდრმა უხელმძღვანელა პროდუქტებთან დაკავშირებულ კოლაბორაციებს მოდურ ბრენდებთან, მაგალითად, სკეიტბორდინგის ამერიკულ ხაზ Supreme- თან. დელფინი, ამასობაში, ექვსი წლის LVMH Young Fashion Designer Prize-ს თაოსნობს, რომლითაც ათასობით აპლიკანტიდან ყოველ წელს ერთი რჩეული დიზაინერი ჯილდოვდება. Louis Vuitton-ის ვირჯილ აბლო სწორედ ამ დაჯილდოების ფინალისტი იყო 2015-ში (2009 წელს მას სტაჟი ჰქონდა გავლილი Fendi-ში, მეგობარ კენიე ვესტთან ერთად).

LVMH-მა ჩაუშვა აქსელერატორული პროგრამაც 50-მდე პერსპექტიული სტარტაპის- თვის, რომლებიც პარიზის Station F-ის ფუფუნების საგანთა სექტორიდან არიან. Station F-ი, თავის მხრივ, ფრანგი მილიარდერის, ქსავიე ნიელის პირმშოა, რომელიც, ამავე დროს, დელფინის სტაჟიანი პარტნიორი და მათი ორი შვილის მამა გახლავთ. მაშ, რას ამბობენ არნოს შვილები იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მათგანი ჩაუდგება, ერთ დროს, კომპანიას სათავეში? გეგონება, ერთი სცენარი ჰქონდეთო, ყველა თავს არიდებს პასუხს. "მამაჩვენი ძალიან ახალგაზრდაა“, - ამბობს დელფინი.

"კიდევ 30 წელს იმუშავებს“, - ამბობს ალექსანდრი. ,,არა მგონია, ოდესმე გაჩერდეს“, - ამბობს ანტუანი – LVMH-ის კორპორაციული კომუნიკაციების უფროსი და Berluti-ს შეფი. ,,ეს არ არის ის თემა, რომელზეც ვფიქრობთ, - ამბობს ფრედერიკი. - ვიმედოვნებთ, რომ ამ როლში მაქსიმალურად დიდხანს დარჩება“. ,,ხალხი სულ მისვამს ამ კითხვას, - ამბობს თავად არნო. - ჩვენი ჯგუფისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საუკეთესო კანდიდატი ვიპოვოთ. ასე რომ, ვნახოთ, ოჯახიდან იქნება ის თუ ოჯახს მიღმა“. და რამდენ ხანს აპირებს მუშაობას? ,,დასასრულის შესახებ ჯერ არაფერი გადამიწყვეტია“. მართალია, არ ამხელს, მეტი ალბათობით რომელ შვილს დააწინაურებს, მაგრამ ენთუზიაზმით ლაპარაკობს მათ სხვადასხვა ნიჭზე.

თავის iPhone 11-ში ვიდეოს გვაჩვენებს, რომელშიც ფრედერიკი ლისტის სონატას უკრავს; ეს იმ კონცერტის სამზადისია, რომელიც დედასთან ერთად პარიზის გარეუბანში ექნება. კანადაში დაბადებული პიანისტი, 59 წლის ელენ მერსიე- არნო რეგულარულად უკრავს სოლო და კამერული მუსიკოსის რანგში. ,,პროფესიონალივითაა, - ამბობს არნო ფრედერიკის უნარებზე. - მასსავით მე ვერ ვუკრავ“.

რაც შეეხება და-ძმების მეტოქეობას, არნო და მისი შვილები ოჯახური ჰარმონიის სურათს ხატავენ. შვილები ხშირად იყრიან თავს შაბათის ლანჩზე მშობლებთან და აგვისტოს გარკვეულ მონაკვეთს ყველა ერთად ატარებს არნოს სენ- ტროპეს მამულში. მხოლოდ ფრედერიკი აღიარებს, რომ უთანხმოება ჩოგბურთის მოედანზე იჩენს თავს.

"შეიძლება, საკმაოდ დაიძაბოს სიტუაცია, - ამბობს ის. - მამაჩვენი ძალიან აზარტულია. არ უყვარს წაგება. ამ მხრივ მას ყველა დავემსგავსეთ“. ოჯახთან დაახლოებული ვერც ერთი პირი ვერ აკეთებს საჯაროდ ანდერძთან დაკავშირებულ პროგნოზს. მაგრამ, ერთი სტაჟიანი დამკვირვებლის თქმით, როცა არნო საბოლოოდ დატოვებს თანამდებობას, ,, ‘სატახტოთა თამაში’ დაიწყება“.

არნო სულ სხვაგვარად ხედავს მომავალს. ის დარწმუნებულია, რომ მისი შეკრული ოჯახის კონტროლი LVMH-ს მრავალი, მრავალი წლის მანძილზე შეუნარჩუნებს კონკურენტულ უპირატესობას. მიაჩნია, რომ არა მხოლოდ თავის მეტოქეებს ეჯიბრება ფუფუნების სექტორში, არამედ გლობალურ გიგანტებსაც. Microsoft-ს ,,ლამაზ კომპანიას“ უწოდებს, მაგრამ შენიშნავს, რომ გეიტსმა მხოლოდ მცირე ოდენობის აქციები დაიტოვა. "ხანგრძლივი ვადით ის იქ არ დარჩება“ - ამბობს არნო.

ვიდრე თავის ხედვას გაგვაცნობს კონგლომერატის შესახებ, პაუზას აკეთებს: "შეიძლება, ამას არ უნდა ვამბობდე, რადგან შეიძლება იფიქროთ, რომ პრეტენზიული ვარ“, - ამბობს ის, მაგრამ მერე ეშვება: "[LVMH-ი] ფრანგული ძეგლია, იმიტომ რომ ის საფრანგეთს მთელ მსოფლიოში წარმოადგენს. ხალხმა ბევრად უკეთ იცის Louis Vuitton-ის, Christian Dior-ის, Dom Pérignon-ის, Cheval Blanc-ის სახელები, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ. შეიძლება, ნაპოლეონიც იციან? გენერალი დე გოლი? ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, ეს ჯგუფი, ხანგრძლივი დროით, ფრანგულმა ოჯახმა აკონტროლოს“.

ჩვენ გირჩევთ

საფრანგეთი სტარტაპების დასახმარებლად $4.3 მლრდ-ს დახარჯავს

ნეობანკების განთიადი

საფრანგეთი სტარტაპების დასახმარებლად $4.3 მლრდ-ს დახარჯავს

საფრანგეთი სტარტაპების დასახმარებლად $4.3 მლრდ-ს დახარჯავს

წინა სტატია

McDonald's and other brands are making 'social distancing' logos
27 მარტი, 2020

შემდეგი სტატია

Airbnb-ი კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლებს უფასო განთავსებას სთავაზობს
27 მარტი, 2020
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker