ბურგუნდიის ჯეიმს ბონდი

მეღვინე ჟან-შარლ ბუასემ უჩუმრად $450-მილიონიანი ენოლოგიური იმპერია ააშენა საფრანგეთსა და კალიფორნიაში – ჯერ ერთგან მუშაობდა გულმოდგინედ, მერე კი მეორეგან. ხოლო პროცესში საიდუმლო აგენტისთვის ზედგამოჭრილ ავხორც პერსონასაც ახადა ფარდა. 

 

ჟან-შარლ ბუასე წყნარად უზის გრძელ, 50-ზე მეტი სტუმრისთვის გაწყობილ მაგიდას ნიუ- იორკის მიტპეკინგ- დისტრიქტში, ფონად კი შამპანურის დიდი ოქროსფერი ბოთლების წკარუნი ისმის. საფრანგეთში დაბადებული მეღვინისთვის ამ ვახშმის შთაგონება საიდუმლო სერობაა და ეს ვახშამი მისი ქალაქთაშორისი ტურნეს შემადგენელ კომპონენტს წარმოადგენს, რომლის მიზანიც ჟურნალების მაგიდისთვის განკუთვნილი წიგნის, $395-იანი “შეგრძნებათა ალქიმიის“ რეკლამირება გახლავთ. როცა ვახშამზე მჟაუნაში მომზადებული ორაგული და მსუყე პინო- ნუარი შემოაქვთ, ბუასე თავის ყურძნის ნაზავის შესახებ აკეთებს განმარტებებს, რომელიც ბურგუნდიისა და კალიფორნიის ყურძნების უჩვეულო მიქსტურას წარმოადგენს და JCB No. 3 ჰქვია.

ბუასე განსაკუთრებულად მასიური ბროლის თასიდან (ეს მისი და Baccarat-ს ახალი თანამშრომლობის ერთ- ერთი განსხეულებაა) არომატს ღრმად შეისუნთქავს, მერე კი აღიარებს, რომ ამ ვახშმის გამო ქორწინების ათი წლისთავის აღნიშვნა ვერ შეძლო, ქორწინებისა, რომლის მეორე წევრი ჯინა გალოა – მსოფლიოს მესამე უმსხვილესი (რაოდენობის მიხედვით) ღვინის მწარმოებლის, E. & J. Gallo-ს, უკან მდგომი ოჯახის მესამე თაობის წარმომადგენელი. ნიშნობის დროს მათ იმავე წარმოშობის ღვინო ერთად გააკეთეს (შეზავება, ბოთლებში ჩამოსხმა და დაფასოება ხელით მოხდა) და მერე ქორწილში მიართვეს სტუმრებს, როგორც გალოს კალიფორნიული ფესვებისა და ბუასეს ბურგუნდიული წარმომავლობის შეკავშირების სიმბოლო.

”ნახევარი ბურგუნდიაში მზადდება, ასე რომ, 49% ბურგუნდიულია, – ამბობს ბუასე მკაფიო ფრანგული აქცენტით და შემდეგ დრამატულ პაუზას აკეთებს. – უნდა გამოგიტყდეთ. რაღაც ძალიან პირადულს გეტყვით. ჩემს სიყვარულს ზემოთ ყოფნა ურჩევნია. ამდენად, 51% კალიფორნიულია“. სექსი აშკარად თემაა ბუასეს საღამოზე, სადაც თამამი ქარაგმები ისევე თავისუფლად ისხმება, როგორც ღვინო. წითელი ხავერდის სუფრაზე ლეოპარდის ფერებში გადაწყვეტილი აბრეშუმის ხელსაწმენდები ალაგია, ხოლო ჭერი სარკით არის ჩანაცვლებული („ქალბატონებო, ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ ყველაფერს ვხედავ!“) წყვილები ერთად არ სხედან, ბუასე კი სტუმრებს ერთმანეთის შეხებისკენ მოუწოდებს („მაინც შეგიძლიათ, გვერდით მჯდომ ადამიანს მოეფეროთ. ვხედავ, რომ უკვე ასეცაა და ეს ძალიან მახარებს!“) 50 წლის ბუასე არხეინად გულგრილია #MeToo-ს ეპოქის მიმართ, ხოლო მის სტუმრებს, როგორც ჩანს, მოსწონთ მისი ბილწი ფრაზები.

რამდენიმე თვის წინ Silicon Valley Bank-ის ღვინის განყოფილების დამფუძნებელმა რობ მაკმილანმა ბუასე აღწერა, როგორც “ძმები რინგლინგების ეკვივალენტი... ის ნიჭიერი, ექსტრავაგანტური შოუმენია. მაგარი ბიზნესპერსონაც არის: შეუძლია, დაჟანგულ გროშს მყისვე დაუბრუნოს ბზინვარება“. უფროს დასთან, ნატალისთან, ერთად, ბუასე მსოფლიოში 30-მდე ღვინის ქარხანას თაოსნობს, მათ შორის – მსუყე ულუფას ბურგუნდიის ვენახებიდან. წლიური გაყიდვები დაახლოებით $200 მილიონს შეადგენს. Forbes-ის კონსერვატიული შეფასებით, კომპანიის ღირებულება $450 მილიონს უნდა აღწევდეს. კოლექცია აუქციონისთვის რომ დაეშალათ, ბევრი აქტივი, დიდი ალბათობით, უფრო ძვირად გაიყიდებოდა, ვიდრე როგორც კოლექციის ნაწილი.

“მყიდველები სატრაბახო შენაძენს ეძებენ, – ამბობს Vineyards- Bordeaux Christie’s International Real Estate-ის აღმასრულებელი პარტნიორი მაიკლ ბეინსი. – მომარაგებაში დეფიციტია. Boisset Collection-ი ფრიად პრემიუმ- ფასს დაიმსახურებდა“. დავუბრუნდეთ ბუასეს საიდუმლო სერობას, სადაც ის JCB No. 81-ს წარმოგვიდგენს – შარდო - ნეს, რომლის შთაგონების წყაროდ 1981 წლის ის მომენტი იქცა, როცა ის პირველად დაინტერესდა კალიფორნიული ღვინოებით. ლეგენდის თანახმად, ეს სონომაში მოხდა, როცა იქ ბებია- ბაბუასთან ერთად წავიდა სამოგზაუროდ 11 წლის ასაკში. 1857 წელს დაარსებული ღვინის ქარხნის, Buena Vista-ს მონახულების შემდეგ, ბუასე თავის დას მიუტრიალდა და წინასწარმეტყველურად უთხრა: „დადგება დრო და ჩვენც გავაკეთებთ კალიფორნიაში ღვინოს“.

თითქმის ათი წლის შემდეგ ბუასეს მშობლებმა, ადგილობრივ ბანკებში აღებული სესხებისა და იღბლის წყალობით, არაერთი უძრავი ქონება შეიძინეს ბურგუნდიის რამდენიმე ყველაზე ძვირად ღირებულ მხარეში. რამდენადაც ტრანზაქციათა კომბინირება უაღრესად რთული იყო, ძალიან ცოტამ თუ სცადა იგივე. ბუასემ ეს მავერიკისეული ფილოსოფია ამერიკაში ჩაიტანა. 1991 წელს, სან- ფრანცისკოში, მან ოჯახის საიმპორტო ბიზნესის მართვა და ოჯახების მფლობელობაში არსებული, გარკვეული ისტორიის მქონე ღვინის ქარხნების ძიება დაიწყო. Buena Vista, ეროვნულ დისტრიბუციაზე უარის შემდეგ, პერსპექტიულად გამოიყურებოდა, მაგრამ მფლობელებმა ბუასეს წინადადება დაგმეს.

“იმ პერიოდში, სტრატეგიის თვალსაზრისით, ძალიან ინოვაციური იყო, ტრადიციებთან მებრძოლი. კალიფორნიას იმ თვალით არავინ უყურებდა, რითაც ჩვენ“, – ამბობს ბუასე. Buena Vista-ს ნაცვლად, 2003-ში, მან სონომაში მდებარე DeLoach Vineyards-ზე შეაჩერა ყურადღება. DeLoach-მა, ნელ-ნელა, მთვარის ციკლზე დაფუძნებულ ბიოდინამიკურ მეურნეობაზე გადაინაცვლა და ბუასემაც მეტი დროის გატარება დაიწყო კალიფორნიაში. 2007 წელს მან სენტ- ჰელენაში Raymond Vineyards-ის 300-აკრიანი მამული შეისყიდა. 2011-ში კი, ოთხგზის მცდელობის შემდეგ, მან, როგორც იქნა, Buena Vista-ც ჩაიგდო ხელში.

შესყიდვის შემდეგ ბუასეს სამი ძირითადი სტრატეგია აქვს: პირველი – ყველა ვენახი ორგანიკულ მეურნეობაზე გადადის. მეორე – ის ზრდის ღვინოთა ფასს: როგორც წესი, თითქმის 30%-დან 40%-მდე (Raymond-ის შემთხვევაში, რამდენიმე ღვინის ფასი, სულ მცირე, გაორმაგდა – $45-მდე). დაბოლოს, ღვინოებს, დანარჩენ კოლექციასთან ერთად, 600-ზე მეტი პარტნიორი ყიდულობს მთელ მსოფლიოში. Buena Vista-ს, DeLoach-ისა და Raymond-ის ღვინოები, მაგალითად, დღეს 20-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. ვინაიდან ბუასეს ღვინოთა ფასის დიაპაზონი $15-დან $2,600-მდეა, ეს სისტემა ამარტივებს ყიდვის პროცესს დისტრიბუტორებისთვის, რომელთაც სხვადასხვა ანგარიში შეუძლიათ, გამოიყენონ. „ევროპაში ითვლება, რომ თუ ბურგუნდიიდან ხარ, უფრო მაღალ ფენას განეკუთვნები, – ამბობს ბუასე. – მაგრამ ეს საზოგადოების მეტისმეტი სტრატიფიკაციაა, აღქმული ღირებულებისა და ისტორიის სტრატიფიკაცია, რომელიც შენს წარმომავლობაზე უფრო დგას, ვიდრე იმაზე, თუ ვინ ხარ რეალურად.

აშშ- ში, საიდანაც გინდა იყავი, ვინც გინდა იყავი. მთავარია, შენ ვინ ხარ. ამას ნამდვილად ვაფასებ. სწორედ ამან მომცა საშუალება, ვყოფილიყავი ის, ვინც ვარ“. ეს მის არცთუ საიდუმლო იდენტობასაც გულისხმობს – აგენტი 69-ის, სუროგატი ჯეიმს ბონდის იდენტობას, რომელიც ხმლებს ლესავს და ქალებს (და ღვინოებს) განსაცდელისგან იხსნის მდიდრულ წვეულებებზე და რამდენიმე ძალიან გამომწვევ ვიდეოში. ხანდახან რთული სათქმელია, სად მთავრდება სერიოზული მეღვინე და სად იწყება არაკონვენციური ალტერ-ეგო. Raymond-ის სადეგუსტაციო ოთახში, ექსკურსიაზე მისულ მნახველებს ინდუსტრიულ რეზერვუარებსა და წითელ ხავერდოვან თოკებზე პირაღმა დაკიდებულ და გამჭვირვალე ბიუსტჰალტერებსა და ლეოპარდისპრინტიან რეიტუზებში გამოწყობილ მანეკენებს შორის უწევთ გავლა.

ბუასემ თავისი ჰიპერაქტიური ლიბიდოც გასაყიდ პროდუქტად აქცია. Swarovski-სთან ერთად, JCB სამკაულების ხაზს ამზადებს, რომელთაგანაც ერთ- ერთი, Confession-ი, ხელბორკილებს აერთიანებს. აქვს ასევე წითელი ღვინო, სახელად Restrained-ი: ბოთლი ტყავის ბანდაჟ- აღკაზმულობითა და O-ს ფორმის ბეჭდით არის შეკრული. ბუასეს ბიზნესპარტნიორების თქმით, მათ ეს არ აბრკოლებთ. "არ მალავს საკუთარ თავს, – ამბობს დინა ოპიცი, თავისივე ოჯახის ნიუ- ჯერსიში დაფუძნებული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სადისტრიბუციო კომპანიის პრეზიდენტი, რომელიც ბუასეს 15 წელია, იცნობს. – ის გულწრფელია.

მას კარგი განზრახვები აქვს“. აშშ- ში ათი ღვინის ქარხნითა და კერძო სასაქონლო ნიშნის მზარდი ბიზნესით აღჭურვილ ბუასეს ახლა ზედმეტად გადატვირთულ ღვინის ბაზარსა და ისეთ სწრაფად მზარდ კატეგორიებთან მოუწევს გამკლავება, როგორიც ალკოჰოლური სელტერის წყალი და ლეგალიზებული მარიხუანაა. სავაჭრო ჯგუფ IWSR-ის თანახმად, ამერიკელთა მიერ ღვინის მომხმარებამ შარშან პირველად იკლო ბოლო 25 წელიწადის განმავლობაში. მაგრამ ღვინის ქარხნებს მიღმაც უხვადაა შესაძლებლობები.

გასული წელი განსაკუთრებულად საქმიანი გამოდგა: ბუასემ თითქმის 140-წლოვანი Oakville Grocery შეისყიდა და ნაპას პირველი ღვინის მუზეუმი დააარსა. ამასთან, იონტვილში სავაჭრო ცენტრი, JCB Village-ი, გახსნა. აქ ნახავთ სადეგუსტაციო ოთახს, დღის სპასა და ბუტიკს, რომელშიც JCB-ის სასაქონლო ნიშნით სანთლები და კაცის წინდები იყიდება, პლუს თავად ბუასეს კოლექციით შთაგონებული Baccarat-ს გრაფინები, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე დიდია.

ნაპაში შემცირებული ტურიზმის ფონზე, ის ხეობის მიღმაც ხსნის ლაუნჯებს: სან- -ფრანცისკოს Ritz-Carlton-ში, ჟირარდელი- სკვეარის Wattle Creek-სა და პალო- ალტოში მდებარე Rosewood Hotel-ში. ბუასე დაჟინებით ამტკიცებს, რომ მისი ფუფუნების იმპერია განაგრძობს ზრდას და ამას წლები დასჭირდება... რომ ის გაუძლებს საფრთხეებს, იქნება ეს ღვინის ტარიფები, კლიმატის ცვლილება თუ მეტოქეები. “ფუფუნების ბიზნესს ხუთ წუთში ვერ შექმნი, – ამბობს ის. – LVMH-ისა და Pernod Ricard-ის, ამ ორი მონსტრის, გარდა, ჩვენი გზა არავის გაუვლია. აქ ამერიკულმა ცხოვრების წესმა მომიყვანა“.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოში მოქმედი ნავთობკომპანიების ტოპ 10

საქართველოში მოქმედი ნავთობკომპანიების ტოპ 10

საქართველოში მოქმედი ნავთობკომპანიების ტოპ 10

საქართველოში მოქმედი ნავთობკომპანიების ტოპ 10

წინა სტატია

უორენ ბაფეტის ავიაჰოლდინგმა პირველ კვარტალში $5 მლრდ დაკარგა
02 April, 2020

შემდეგი სტატია

Warren Buffett's Berkshire Hathaway took a $5 billion hit on its airline stocks last quarter
02 April, 2020
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | Oct, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | Oct, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | Oct, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker