როგორ გადიან ლარი და სხვები გამოცდას პანდემიით და ნავთობით

2020-მა მსოფლიო ეკონომიკას მოდუნებისთვის დრო არ მისცა. უკვე იანვრის პირველ ნახევარში დაიწყო ნავთობის ფასის ვარდნის და კორონავირუსის საფრთხის ზრდის თითქმის სინქრონული პროცესები. ორივემ პიკს მარტში მიაღწია და მსოფლიო ვალუტებისთვისაც ეს თვე განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. პირველი იანვრიდან 25 მარტამდე, მსოფლიოს 163 ვალუტიდან 58 მნიშვნელოვნად გაუფასურდა აშშ დოლარის მიმართ (5%-ზე მეტით).

თუ გამოვაკლებთ დოლარსა და მასზე პირდაპირ მიბმულ ოც ფულად ერთეულს, მნიშვნელოვანი გაიაფება ვალუტების 40%-ზე მეტს შეეხო, თუმცა ზოგი ვალუტის გაუფასურება შედარებით გლუვად მიმდინარეობდა, რასაც ვერ ვიტყვით ლარზე, რომელიც მარტის მეორე ნახევარში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პერიოდში, ერთბაშად გაიჭრა ამ უსიამოვნო დოღის ლიდერებში. ორი დიდი ფაქტორიდან პირველმა, ნავთობის ფასმა, პიკს 6 იანვრისთვის მიაღწია ($63, ბლუმბერგი). ამას მოჰყვა ერთთვიანი დაღმავლობა, რომლის შედეგადაც თებერვლის დასაწყისში ნავთობი უკვე $50 დოლარზე ნაკლები ღირდა (ერთი წლის მინიმუმი). ვარდნა ჩაანაცვლა ორკვირიანმა “ამოსუნთქვამ“ და უფრო მკვეთრმა ვარდნამ: 9 მარტს - $31-მდე, 18 მარტს - $20-მდე. მანამდე ოთხი წლის მანძილზე ნავთობი არასოდეს ღირდა $40-ზე ნაკლები.

რაც შეეხება მეორე დიდი მოთამაშის ქრონიკას:

  • 7-11 იანვარი: ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ აღმოჩენილია ახალი ტიპის კორონავირუსი. ფიქსირდება ამ ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა;
  • 23-30 იანვარი: ვუჰანის პროვინცია მოქცეულია კარანტინში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს გლობალურ საგანგებო ვითარებას.
  • 9 თებერვლისთვის ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების უკვე 800-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. მომდევნო ორ კვირაში ვირუსის აფეთქება, რომელსაც ოფიციალურად არქმევენ COVID-19-ს, სამხრეთ კორეაზე, ირანსა და იტალიაზე ვრცელდება.
  • 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ვირუსის გავრცელება პანდემიის რანგში აჰყავს; ამ დროისთვის უკვე მთელი იტალია კარანტინის რეჟიმშია.
  • მსოფლიოში საგანგებო მდგომარეობების ტალღა ვრცელდება. 13 მარტს ამ ზომას ესპანეთის მთავრობა მიმართავს. სომხეთი საგანგებო რეჟიმში 16 მარტს გადადის. 19 მარტს საგანგებო ცხადდება აშშ- ის უდიდეს ნაწილში. ორ დღეში ტენდენციას უერთდება საქართველოც. როგორც გრაფიკიდან ჩანს, ეროვნულ ვალუტას ამ ორმაგი კრიზისის ფონზე უჩვეულო დინამიკა ჰქონდა. 18 მარტამდე ლარი არათუ არ გაიაფებულა, 2.5%-ით გამყარებულიც კი იყო აშშ დოლართან, პირველი იანვრის კურსთან შედარებით.

კრიზისის ასეთმა “გადავადებამ“ საბოლოო ჯამში ვერ გვიშველა. მარტის ბოლოსკენ, სულ რამდენიმე დღეში ლარის გაუფასურებამ ბევრად გადაუსწრო ვალუტების უმრავლესობის, მათ შორის სომხური დრამისა და თურქული ლირას სამი თვის ჯამურ გაიაფებას.

ეროვნული ვალუტა კვირაზე მცირე ვადაში გაიაფდა თითქმის 20%-ით, რაც უკონკურენტო მსოფლიო რეკორდი აღმოჩნდა. გაიაფების ტემპით მეორე ამავე პერიოდში ინდონეზიური რუპია იყო, რომლისთვისაც შესაბამისმა მაჩვენებელმა 7% შეადგინა. ანტირეკორდის შემდეგ ლარმა გამყარება დაიწყო, მაგრამ, 27 მარტის მონაცემებით, მაინც დარჩა წლის დასაწყისიდან ყველაზე გაიაფებული ვალუტების ოცეულში, ხოლო მარტის დასაწყისიდან ჯამური გაუფასურებით მსოფლიოში მესამე აღმოჩნდა, მექსიკური პესოსა და რუსული რუბლის შემდეგ.

18-24 მარტის პერიოდში ლარის მსოფლიო მასშტაბით რეკორდული ვარდნა სერიოზულ შეკითხვებს აჩენს საქართველოში კრიზისის მართვისა და გრძელვადიანი ეკონომიკური სტრატეგიის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. სხვა მკვეთრად გაიაფებული ვალუტების ქვეყნებისგან განსხვავებით, ქართულ ეკონომიკას არა აქვს პირდაპირი დამოკიდებულება ნავთობის ფასზე. საბედნიეროდ, ჯერ არც კორონავირუსი შეგვხებია ისეთი მძიმე ფორმებით, როგორითაც ბევრ სხვა ქვეყანას. ამ ორი ფაქტორის შედარებითი სისუსტე არსებითად ნიშნავს, რომ ჯერჯერობით სხვებზე არაეფექტიანები გამოვდექით: ვალუტის უფრო მკვეთრი გაუფასურება მივიღეთ, უფრო ზომიერ პირობებში.

     

“ჯერჯერობით“ იმიტომ, რომ არ ვიცით, რა მოუვა სხვა ფულად ერთეულებს უახლოეს თვეებში. მაგრამ ერთი კონკრეტული ანტირეკორდი უკვე ჩვენია. როგორც არ უნდა შეიცვალოს ვალუტების კურსები, მომავალ თვეებში განსაკუთრებით აქტუალური იქნება ბევრი ძველი და ზოგი ახალი შეკითხვა.

მათ შორის:

  • წლების მანძილზე უამრავი გაფრთხილების მიუხედავად, რატომ არ ითქვა უარი რუსეთთან ეკონომიკური ბმების გაღრმავებაზე, რაც მოიცავდა, მაგალითად, რუსულ ტურისტულ ბაზარზე გათვლას. ისევე, როგორც სხვა კრიზისულ პერიოდებში, 2020-შიც ეს კავშირები დიდ რისკებს ამჟღავნებს. ამჯერად ნავთობსა და სხვა წიაღისეულზე ზედმეტი დამოკიდებულების გამო, რუბლი რეგიონში ყველაზე მეტად გაუფასურდა. კრიზისის ჩავლის შემთხვევაშიც კი კრემლმა შესაძლოა, განსაკუთრებით ხანგრძლივი და მკაცრი შეზღუდვები შემოიღოს ტურიზმსა და სხვა სფეროებზე - სახასიათო სტილში, უსაფრთხოების საბაბითა და სადისტური საგარეო- პოლიტიკური მოტივებით.
  • რატომ ვერ დავიცავით ქართული ბაზარი განსაკუთრებული პანიკისგან მაშინ, როცა კორონავირუსის გავრცელების მასშტაბი ჯერ პიკისგან ძალიან შორია, და პანდემიის შედეგები - ბევრად მსუბუქი, ვიდრე სხვა ქვეყნებში. რატომ ვერ მივიღეთ ვალუტის შედარებით გლუვი და ზომიერი გაუფასურება მეზობელი სომხეთისა და თურქეთის მსგავსად; თანაც, როცა რეგიონის ზოგიერთი ვალუტა - მათ შორის, აზერბაიჯანული მანათი და ირანული რიალი - აშშ დოლარის მიმართ გამყარებულ გამონაკლისებს შორისაა.

     

ჩვენ გირჩევთ

საუდის არაბეთმა ევროპული ნავთობკომპანიების $1 მილიარდის ღირებულების აქციები შეიძინა

საუდის არაბეთმა ევროპული ნავთობკომპანიების $1 მილიარდის ღირებულების აქციები შეიძინა

საუდის არაბეთმა ევროპული ნავთობკომპანიების $1 მილიარდის ღირებულების აქციები შეიძინა

საუდის არაბეთმა ევროპული ნავთობკომპანიების $1 მილიარდის ღირებულების აქციები შეიძინა

წინა სტატია

To Develop A Vaccine Against Coronavirus, Scientists Are Recruiting Other Viruses To Fight The War
08 აპრილი, 2020

შემდეგი სტატია

ვინ არის ყველა დროის ყველაზე მდიდარი ადამიანი?
08 აპრილი, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker