Wall Street: მსოფლიო ეკონომიკა $5 ტრილიონს დაკარგავს

Wall Street: მსოფლიო ეკონომიკა $5 ტრილიონს დაკარგავს

მსოფლიო ეკონომიკა მომდევნო ორ წელიწადში $5 ტრილიონს დაკარგავს. ეს იმდენია, რამდენიც იაპონიის წლიური წარმოება. ამის შესახებ Wall Street–ის ბანკები აცხადებენ. მათივე პროგნოზით, მსოფლიო 1930-იანი წლების შემდეგ ყველაზე ღრმა რეცესიის წინაშეა. ეს კი, რა თქმა უნდა, პანდემიის გამო დახურულმა ბიზნესებმა და სახლში დარჩენამ გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურ დაღმასვლას მოკლე ვადით პროგნოზირებენ, ექსპერტები ამბობენ, რომ დიდი დრო დასჭირდება ეკონომიკებს დაუბრუნდნენ იმ მდგომარეობას, სადაც პანდემიის დაწყებამდე იყვნენ.

გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ახლა საკმარისი მასტიმულირებელი ნაბიჯების გადადგმა მართებთ, რათა სიტუაცია უკან შემოაბრუნონ და თავიდან აიცილონ ბიზნესების გახსნა ძალიან ადრე, იმისათვის, რომ შემდეგ ვირუსი კვლავ მალე არ მობრუნდეს.

“ტრაექტორია ძალიან ბევრს ნიშნავს. თუ ტრაექტორია პოზიტიურია, ეს იქნება ბიზნესის თავდაჯერებისთვის მხარდაჭერა და მხარდაჭერა იმ ადამიანებისა, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ შეუძლიათ დაუბრუნდნენ სამსახურებს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინგრედიენტია მიმდინარე წლის მეორე ნახევრისთვის და 2021 წლისთვის“, – განაცხადა Citigroup–ის მთავარმა ეკონომისტმა კეტრინ მანმა.

JPMorgan Chase & Co-ს ეკონომისტები კი ელოდებიან, რომ შექმნილი ვითარების გამო დანაკარგი იქნება $5,5 ტრილიონი, ანუ მშპ-ის თითქმის 8% წლის ბოლომდე. ხოლო Morgan Stanley-ში აცხადებენ, რომ მხოლოდ 2021 წლის მესამე კვარტალში შეძლებს განვითარებული ეკონომიკების მშპ დაუბრუნდეს იმ მაჩვენებელს, რაც ვირუსის გავრცელებამდე იყო.

გარდა ამისა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ცნობით, პანდემიამ შესაძლოა საერთაშორისო ვაჭრობის იმაზე ღრმა კოლაფსი გამოიწვიოს, ვიდრე ომის შემდგომ ეპოქაში ყოფილა. ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა კი რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ე.წ lockdown-ის ყოველი თვე ევროს რეგიონის ეკონომიკას წარმოების 2–3%–ი უჯდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდი კი ბოლო პროგნოზების შესახებ მომავალ კვირას დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ განაცხადებს, რომელიც ვირტუალურად გაიმართება.

რაც შეეხება სამსახურების დაკარგვას, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, მსოფლიოში 1 მილიარდზე მეტ დასაქმებულს ემუქრება სამსახურის გარეშე დარჩენა ან ანაზღაურების შემცირება.

მთავრობებს შექმნილ ვითარებაში სჭირდებათ კოორდინაცია. The Bank for International Settlements-ის გაფრთხილებაა, რომ თუ ქვეყნები ცალ-ცალკე იმოქმედებენ და არა ერთად, შესაძლოა, ამან ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა გამოიწვიოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *