აზიის უმდიდრესი ადამიანი ჯეკ მა აღარ არის – ის მაკეშ ამბანიმ ჩაანაცვლა

აზიის უმდიდრესი ადამიანი ჯეკ მა აღარ არის – ის მაკეშ ამბანიმ ჩაანაცვლა

აზიის უმდიდრესი ადამიანი ჩინელი ჯეკ მა აღარ არის, ის ინდოელმა მაკეშ ამბანიმ ჩაანაცვლა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ამბანიმ მარკ ცუკერბერგთან გარიგება განახორციელა, საუბარია, Facebook-ის მიერ ინდური პლატფორმა Jio-ს აქციების დაახლოებით 10%-ის შესყიდვაზე.

შედეგად, Bloomberg-ის ცნობით, ამბანის ქონება დაახლოებით $4,7 მილიარდით გაიზარდა და ოთხშაბათის მონაცემებით, $49,2 მილიარდი შეადგინა. ამგვარად, ახლა ამბანის ქონება ჯეკ მას ქონებას $3,2 მილიარდით უსწრებს.

“ჩვენი პარტნიორობის საფუძველია ის, რომ მარკ ცუკერბერგი, Facebook-ის დამფუძნებელი და მე ვიზიარებთ ინდოეთის ციფრული ტრანსფორმაციის მიზნებს. WhatsApp-ი უკვე შევიდა ინდოელი ხალხის ყოველდღიურ ლექსიკონში ინდოეთის 23 ოფიციალურ ენაზე“, – განაცხადა ამბანიმ.

პლატფორმა Jio მისი ქოლგის ქვეშ აერთიანებს რამდენიმე სერვისს: მობილურ ქსელს, რომელსაც დაახლოებით 390 მილიონი აბონენტი ჰყავს, მოკლე შეტყობინებების პლატფორმას, რომელიც უკვე თანამშრომლობს Facebook-ის WhatsApp-თან და პოტენციურად Facenbook-ს გზას უხსნის 340 მილიონი მომხმარებლის დამატებისკენ ინდოეთში.

Facenbook-ის შემოსავლების მთავარი ოფიცერი და ვიცე-პრეზიდენტი დევიდ ფიშერი საკუთარ ბლოგში წერს, რომ „კომპანიის ინვესტიცია ხაზს უსვამს ჩვენს ვალდებულებას ინდოეთის მიმართ და პლატფორმა Jio-ს მცდელობები განავითაროს ციფრული ტექნოლოგიები ქვეყანაში იწვევს ჩვენს აღფრთოვანებას“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *