როგორ მართოთ ურთიერთობა თქვენს აუდიტორებთან და მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი აუდიტისგან

2016 წლის ზაფხულში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროს მარეგულირებელი ახალი კანონის მიღების შედეგად მნიშვნელოვნად შეიცვალა ფინანსური ანგარიშგების მომზადებასთან, წარდგენასა და აუდიტთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამ რეფორმის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანი ფინანსური გამჭვირვალობის ზრდის გზით კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობაა, და იგულისხმება, რომ მსოფლიოში ფართოდ აღიარებული სააღრიცხვო სტანდარტების (ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების) შესაბამისი ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და გამოქვეყნება, თანაც აუდიტორთა მიერ „დადასტურების“ შემთხვევაში, კომპანიებს გაუადვილებს პოტენციურ ინვესტორებთან ურთიერთობას და, შემდგომ, ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივების მიმართულებით ამ რეფორმის რეალურ შედეგებზე საუბარი, ვფიქრობ, ამ მომენტისთვის ჯერ რთულია და შესაძლოა, ადრეც იყოს.

სამაგიეროდ, უკვე ჩანს ამ რეფორმის გავლენის ქვეშ მოქცეული კომპანიების რეაქცია ახალ მოთხოვნებზე. ის, რომ კომპანიები ამ მოთხოვნებს დიდი სიხარულით არ შეხვდნენ და არც ბოლომდე მზად იყვნენ, თუნდაც იმ გადაწყვეტილებაში აისახა, რომ მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის ვადებმა ორი წლით გადაიწია. ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის ვალდებულებასთან ერთად აუდიტიც სავალდებულო გახდა მრავალი ისეთი კომპანიისთვის, რომელთაც მანამდე აუდიტის ჩატარების გამოცდილება არ ჰქონდათ და შესაძლოა, აუდიტის საჭიროებაც მაინცდამაინც არ უგრძნიათ არც კომპანიის ხელმძღვანელობას და არც მფლობელებს.

ენთუზიაზმის ნაკლებობა, ხშირ შემთხვევაში, აბსოლუტურად გასაგები და, ჩემი აზრით, ბუნებრივი და დასაბუთებულიცაა – თუ გავიხსენებთ აუდიტის ანაბანას, უნდა ვთქვათ, რომ აუდიტის საჭიროება წარმოიშვა მაშინ, როდესაც კომპანიები შედარებით გაიზარდნენ და კომპანიების მფლობელობა და მათი მართვის ფუნქცია გაიყო, შესაბამისად, მფლობელებს დასჭირდათ მესამე, დამოუკიდებელი, პროფესიონალი მხარე, რომელიც შეამოწმებდა მფლობელთა მიერ დაქირავებული მენეჯმენტის მიერ მათთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის სისწორეს და უტყუარობას და სწორედ ეს მესამე მხარე – დამოუკიდებელი პროფესიონალი – არის აუდიტორი.

ამის შემდეგ უკვე აუდიტორის საქმიანობა მნიშვნელოვანია სხვა დაინტერესებული მხარეებისთვისაც – ბანკირებისთვის, პოტენციური ინვესტორებისთვის (ანუ იმავე პოტენციური (თანა) მფლობელებისთვის), კრედიტორებისთვის და სხვ. რა თქმა უნდა, აუდიტი შეიძლება საჭირო იყოს იმ შემთხვევებშიც, როდესაც კომპანიის საქმიანობას, მის ფინანსურ მდგრადობასა და საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას შეიძლება გავლენა ჰქონდეს საზოგადოების დიდ ნაწილზე ან მთლიანად ეკონომიკაზე, თუნდაც კონკრეტულად კომპანიის მფლობელებს თვითონ არ სჭირდებოდეთ ან არ აინტერესებდეთ აუდიტორის დამოუკიდებელი მოსაზრება. აქ ხვდებიან ე.წ. საზოგადოებრივი დაინტერესების პირები, რომელთათვისაც აუდიტი ბევრ ქვეყანაში კანონმდებლობით მოითხოვება სწორედ საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად.

საბოლოოდ, აუდიტის რეალური საჭიროება სწორედ მფლობელობისა და მმართველობის გაყოფის შემთხვევაში ჩნდება ბუნებრივად და ყველა სხვა მოთხოვნა გარკვეული იძულებაა ბიზნესისთვის. თუ დავუბრუნდებით ჩვენს რეფორმას და ჩვენს რეალობას, იქიდან გამომდინარე, რომ ქართული კომპანიების უმეტესობაში მმართველობა და მფლობელობა ჯერ კიდევ არ არის გაყოფილი, აუდიტის საკანონმდებლო მოთხოვნა ხშირ შემთხვევაში ბუნებრივად აღიქმება დამატებით რეგულაციურ ზეწოლად და ზედმეტობად.

ფაქტია, რომ მოქმედი კანონმდებლობა ზოგიერთი კომპანიისგან მოითხოვს ფინანსური ანგარიშგების აუდიტს და ამ პატარა სტატიაში მინდა დაგანახოთ, რომ მიუხედავად ზემოთქმულისა, კომპანიებს აუდიტისგან რეალური სარგებლის მიღება მაშინაც კი შეუძლიათ, თუ დღემდე ეს მხოლოდ რეგულატორულ მოთხოვნად აღიქმებოდა მათი მხრიდან. ამისთვის მნიშვნელოვანია, სწორად მართოთ ურთიერთობა თქვენს აუდიტორებთან, იცოდეთ თქვენი და მათი პასუხისმგებლობების ფარგლები და აუდიტის სტანდარტების ზოგიერთი მნიშვნელოვანი პრინციპი თუ მოთხოვნა.

დავიწყოთ თანამიმდევრულად და პირველი, რაც უნდა ვახსენოთ, ალბათ არის აუდიტის მიზანი. აქ განმარტებას პირდაპირ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებიდან (ასს) მოვიყვან და ვეცდები, მეტჯერ სტანდარტების ციტატებით ზედმეტად აღარ შეგაწუხოთ.

ასს 200-ის მიხედვით: აუდიტის მიზანია დასაბუთებული რწმუნების მოპოვება იმის შესახებ, ფინანსური ანგარიშგება, მთლიანობაში, შეიცავს თუ არა თაღლითობით ან შეცდომით გამოწვეულ არსებით უზუსტობას, რაც აუდიტორს შესაძლებლობას მისცემს, გამოთქვას მოსაზრება იმის თაობაზე, არის თუ არა ფინანსური ანგარიშგება მომზადებული ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად.

მუქი შრიფტით ის სიტყვებია მონიშნული, რომლებსაც აუდიტის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ იმისთვის, რომ აუდიტზე ზედმეტი დრო არ დახარჯოთ და, ამავე დროს, მისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ. აუდიტორებს მოეთხოვებათ, მოიპოვონ დასაბუთებული რწმუნება და არა აბსოლუტური გარანტია ფინანსური ანგარიშგების სისწორეზე. ამ საკითხს ორი მხარე აქვს: ერთი მხრივ, ეს ნიშნავს, რომ აუდიტის პროცესში არ არის აუცილებელი ყველაფრის 1 თეთრის სიზუსტით დადასტურება და ამაზე უამრავი დროის ხარჯვა. შესაბამისად, ეს გეხმარებათ თქვენც და აუდიტორებსაც, რომ აუდიტი გონივრულ ვადებში ჩატარდეს და უსასრულოდ არ გაიწელოს.

რა თქმა უნდა, თქვენ შეიძლება აბსოლუტური სიზუსტე გინდოდეთ, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ სიზუსტე პირდაპირ ნიშნავს დამატებითი დროის ხარჯვას, რაც თქვენც უნდა დახარჯოთ და აუდიტორმაც. ამავე დროს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჩვეულებრივი ცხოვრებისეული ფაქტია – ვერავინ მოგცემთ რაიმეზე 100%-იან გარანტიას და ეს აუდიტის სტანდარტებშიც პირდაპირ არის აღნიშნული – აუდიტი არ იძლევა ფინანსური ანგარიშგების სისწორის 100%-იან გარანტიას, ამიტომ ასეთი მიზნის დევნა ფუჭი შრომაა. მეორე მხრივ, „დასაბუთებული რწმუნების“ კონცეფციის სწორად გააზრება შეიძლება დაგეხმაროთ აუდიტორებთან დისკუსიებში, როდესაც ისინი აცხადებენ, რომ რაღაც საკითხში საკმარისად ვერ დარწმუნდნენ და ამიტომ პირობითი დასკვნა უნდა მოგცენ, თუმცა თქვენ, თქვენი მხრივ, ამ საკითხში თავს მყარად გრძნობთ და დარწმუნებული ხართ, რომ აუდიტორებს საკმარისი ინფორმაცია და ფაქტები მიაწოდეთ.

დაუსვით კითხვა აუდიტორებს, რას ჩათვლიდნენ კონკრეტული განსახილველი საკითხისთვის საკმარის მტკიცებულებად და ხომ არ სცილდება მათი მოთხოვნა „დასაბუთებული რწმუნების“ ფარგლებს – ხომ არ ცდილობენ 100%-იანი გარანტიის მოპოვებას, ნაცვლად „დასაბუთებული რწმუნებისა“. ეს არც ისე ხშირია, თუმცა აუდიტორები ასეთ შეცდომას ხანდახან უშვებენ ხოლმე. უფრო ხშირად ეს მოსდით გამოუცდელ, საკუთარ ცოდნასა და კვალიფიკაციაში საკმარისი რწმენის არმქონე, შედარებით დამწყებ აუდიტორებს.

აუდიტორებმა თაღლითობასაც უნდა მიაქციონ ყურადღება, რაც ალბათ თქვენთვის, კომპანიის მფლობელებისა და ხელმძღვანელებისათვის, ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი იქნება აუდიტისგან. აუდიტის დაწყებამდე გაესაუბრეთ აუდიტორებს და ჰკითხეთ, მათი აზრით, სად არის ყველაზე მეტად შესაძლებელი თაღლითობის ან სხვა უკანონო ქმედებების არსებობა თქვენს კომპანიაში. ჰკითხეთ, კონკრეტულად რა პროცედურების ჩატარებას გეგმავენ თაღლითობის შესაძლო ფაქტების გამოსავლენად. რა თქმა უნდა, ამ დისკუსიისთვის მნიშვნელოვანია, ვისთან ერთად ჩაატარებთ გასაუბრებას – ალბათ ყველაზე კარგი იქნება, დაგეგმვის ეტაპზე მხოლოდ თქვენ, კომპანიის მფლობელმა, განიხილოთ ეს თემები აუდიტორებთან, სხვა დამსწრეების გარეშე.

აუდიტის დასრულებამდე და დასკვნის მიღებამდე კიდევ ერთხელ შეხვდით მათ და სთხოვეთ, წარმოგიდგინონ იმ პროცედურების შედეგები, რაც ფინანსურ ანგარიშგებაში თაღლითობით გამოწვეული უზუსტობების გამოსავლენად ჩაატარეს. მაგრამ გაითვალისწინეთ – აუდიტორები არ არიან გამომძიებლები და მათი ძირითადი მიზანი თაღლითობების გამოვლენა არაა, მათი მიზანი ფინანსური ანგარიშგების უტყუარობაზე რწმუნების მოპოვებაა და თაღლითობის ფაქტებიც მხოლოდ ამ ფარგლებშია მათთვის საინტერესო. მოკლედ, ზედმეტადაც ნუ გააკეთებთ აქცენტს თაღლითობაზე, თორემ შესაძლოა, დამატებითი ეჭვებიც გაუჩინოთ თქვენს აუდიტორებს. ზოგადად, როდესაც თქვენს პერსონალს ეცოდინება, რომ კომპანიაში ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ტარდება და აუდიტის ფარგლებში შესაძლო თაღლითობებზეც გამახვილდება ყურადღება, ეს უკვე გარკვეული პრევენციაა თაღლითობის და, შესაბამისად, სარგებელია თქვენთვის.

როდესაც აუდიტორები გეუბნებიან, რომ პირობითი დასკვნა უნდა მოგცენ – სთხოვეთ დაგიდასტურონ, რამდენად არის თქვენს ანგარიშგებაში ასახული შესაძლო უზუსტობა არსებითი. მოსთხოვეთ არსებითობის გაანგარიშება. კონტრაქტშივე ჩაუდეთ, რომ არსებითობაზე მათი ხედვები დაგეგმვის ეტაპზევე გაგიზიარონ და აგიხსნან, რას და რატომ თვლიან არსებითად. სტანდარტი ამას მათ არ ავალდებულებს, მაგრამ არც უკრძალავს და არც თქვენ გზღუდავთ არავინ ამის მოთხოვნაში. თუ აუდიტორი არ თანხმდება კონტრაქტში მსგავსი პუნქტის ჩადებას – დაემშვიდობეთ ასეთ აუდიტორს. არსებითობაზე ინფორმაცია თქვენ არა მხოლოდ იმის დანახვაში დაგეხმარებათ, რამდენად არის რაიმე უზუსტობა თქვენს ანგარიშგებაში არსებითი, არამედ იმის დანახვაშიც, რა სიზუსტით ამოწმებენ აუდიტორები თქვენს ანგარიშგებას. შეგიძლიათ ტენდერშიც კი თქვათ, რომ თქვენთვის სასურველი არსებითობის მინიმუმი არის, ვთქვათ, 1,000 ლარი და აუდიტორს შეუძლია უფრო დაბალი არსებითობა აიღოს, მაგრამ არა უფრო მაღალი. არსებითობის შეთანხმებული დონე დაგეხმარებათ აუდიტორებთან მომავალში შესაძლო გაუგებრობისას თქვენი პოზიციის დაცვაშიც. თავიდანვე განსაზღვრეთ, რა სტანდარტების მიხედვით მოამზადებთ ანგარიშგებას, ანუ რა იქნება თქვენი კომპანიის ფინანსური ანგარიშგებისას წარდგენის სათანადო საფუძვლები. აუდიტი დაგეგმეთ წინასწარ – აუდიტორი შეარჩიეთ წლის დასრულებამდე.

სარგებელი?

  1. აუდიტორები შეძლებენ, დროულად დაიწყონ და დროულად დაასრულონ აუდიტი;
  2. აუდიტორებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ წლის ბოლოს თქვენი მარაგების თუ ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციას და ამით, უმეტეს შემთხვევაში, თავიდან აიცილებთ დასკვნაში ერთ- ერთ ყველაზე გავრცელებულ შენიშვნას – ძალიან ხშირად ნახავთ დასკვნებში პირობას, რომ აუდიტორები ვერ დაესწრნენ მარაგების და/ ან ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციას, რადგან აუდიტორებად დაინიშნენ წლის დასრულებიდან რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ, და ამიტომ ვერ ადასტურებენ წლის ბოლოსთვის ბალანსში ასახული მარაგების და/ ან ძირითადი საშუალებების რაოდენობრივ სისწორეს/ არსებობას; და
  3. ჩვეულებრივ, აუდიტის ღირებულება უფრო ნაკლები იქნება, რადგან აუდიტორებს ამ დროისთვის ჯერ კიდევ სრულად შევსებული არ ექნებათ მომავალი წლის ბიუჯეტი და თქვენს აუდიტზე დასახარჯი დროისთვისაც ალტერნატიული ღირებულება ნაკლები ექნებათ. ადრე მიხვალთ – იაფად იყიდით :) თუ გვიან მიხვალთ და აუდიტორებს უკვე მჭიდროდ ექნებათ შევსებული მომავალი წლის დროის განრიგი, ისინი, ბუნებრივია, უფრო ძვირად მოგყიდიან თავიანთ დროს;

მოსთხოვეთ აუდიტორებს, მომსახურების შეთავაზების დოკუმენტში ჩართონ იმ კონკრეტული თანამშრომლების კვალიფიკაციისა და გამოცდილების აღწერა (CV), რომლებიც თქვენი ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩამტარებელ გუნდში იქნებიან. ყურადღებით გაეცანით ამ ინფორმაციას და გააკონტროლეთ, რომ შემდგომში, აუდიტის პროცესში, რეალურად ეს გუნდი იყოს თქვენს აუდიტში ჩართული. რა თქმა უნდა, თუ ეს გუნდი, მისი ცოდნა და გამოცდილება მოგწონთ.

სარგებელი?

თქვენი კომპანიის ფინანსური ანგარიშგების აუდიტს ჩაატარებს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, ზუსტად ის გუნდი, ვინც თქვენ შეარჩიეთ. თავიდან აიცილებთ სიტუაციას, როცა ან საერთოდ არ იცით, ვინ მუშაობს თქვენს აუდიტზე, ან ისეთ სიტუაციას, როცა თავდაპირველად სხვა კვალიფიკაციის გუნდი შემოგთავაზეს და რეალურად სხვა, ნაკლები კვალიფიკაციის გუნდმა იმუშავა თქვენთან.

აუდიტორის შერჩევის პროცესში ნახეთ ფირმის შესახებ ინფორმაცია www.saras.gov.ge-ზე. ნახეთ, გავლილი აქვს თუ არა ფირმას ხარისხის კონტროლი; ნახეთ, რა კატეგორია აქვს მინიჭებული; ნახეთ, რამდენი თანამშრომელი ჰყავს აუდიტის მიმართულებით (ჩვეულებრივ აუდიტორულ ფირმებს სხვა მიმართულებებიც აქვთ, თუმცა შესაძლოა, სხვა მიმართულებით თანამშრომლების რაოდენობა აუდიტისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს); ნახეთ, რამდენი პარტნიორი ჰყავს და უბრალოდ შეაფასეთ, რა გსმენიათ მათ პროფესიონალიზმსა და რეპუტაციაზე. ჰკითხეთ, ვინ არიან მათი კლიენტები მიმდინარე სეზონზე და შეაფასეთ, რამდენად საკმარისია მათი პერსონალის რაოდენობა მათი არსებული კლიენტების მომსახურებისთვის – დარწმუნდით, რომ მათ მართლა ეყოფათ პერსონალი თქვენი აუდიტის დროულად, ეფექტიანად და ხარისხიანად ჩატარებისთვის.

შესაძლოა, თქვენ არ ხართ აუდიტის ექსპერტი და ძალიან ზუსტად ვერ განსაზღვროთ და შეაფასოთ მათი შესაძლებლობები, თუმცა, თუ უკვე გაქვთ აუდიტორებთან ურთიერთობის რაღაც გამოცდილება, დარწმუნებული ვარ, საკმაოდ კარგად შეაფასებთ ამ ფაქტორებს – მთავარია, აუდიტორის შერჩევისას ეს საკითხი არ გამოგრჩეთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ, თუ თქვენ კომპანიის მფლობელი ხართ, ბოლომდე არ მიანდოთ აუდიტორის შერჩევა და აუდიტის პროცესი მხოლოდ მენეჯმენტს – აუცილებლად თქვენც ჩაერთეთ შერჩევის პროცესში და შეეცადეთ, გონივრულობის ფარგლებში, დარწმუნდეთ, რომ აუდიტორსა და თქვენი კომპანიის მენეჯმენტს შორის აუდიტთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტის რისკი არ არსებობს.

შესაძლოა, ახლო პირადი ურთიერთობები მენეჯმენტსა და აუდიტორს შორის რეალური პრობლემა გახდეს თქვენთვის იმ მხრივ, რომ შესაძლოა, აუდიტორი მოერიდოს გარკვეული ხარვეზების შესახებ თქვენთვის ინფორმაციის მოწოდებას, რაც ალბათ არ არის თქვენს ინტერესებში. აქაც, ისევე როგორც ყველა სხვა საკითხში, ზომიერების დაცვა მნიშვნელოვანია – რა თქმა უნდა, თუ აუდიტორები თქვენთან რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობენ, მათსა და მენეჯმენტს შორის გარკვეული ადამიანური ურთიერთობები ყალიბდება, თუმცა არ არის აუცილებელი, რომ ეს მაინცდამაინც ზედმეტ „ფამილარობაში“ გადაიზარდოს და ყველგან საფრთხეები დაინახოთ.

აკონტროლეთ, მაგრამ ზომიერება დაიცავით. კონტრაქტის გაფორმებამდე შეხვდით ყველა კანდიდატ აუდიტორულ კომპანიას, რომლებთანაც კონტრაქტის გაფორმებას ფიქრობთ და სთხოვეთ, წარმოგიდგინონ მათი ხედვები აუდიტთან დაკავშირებით.

სთხოვეთ, განიხილონ თქვენთან ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაზეც ფიქრობენ, რომ ყურადღების გამახვილება დასჭირდებათ აუდიტის პროცესში. განსაკუთრებით დაინტერესდით, ხომ არ არის, მათი აზრით, რაიმე ისეთი ელემენტები თქვენს ანგარიშგებაში, რაზეც წინასწარ იციან (ან უნდა იცოდნენ), რომ დასკვნის მოდიფიცირება მოუწევთ.

ზოგ შემთხვევაში აუდიტის დაწყებამდეც ნათელია, რომ აუდიტის პროცესში შეუძლებელი იქნება საკმარისი და შესაფერისი აუდიტორული მტკიცებულებების მოპოვება ზოგიერთი საკითხის დასადასტურებლად. მაგალითად, როდესაც კომპანია პირველად ატარებს აუდიტს და ორი წლის აუდიტის ჩატარება სურს, ცხადია, რომ ორი წლის წინანდელი საბალანსო ნაშთების შესახებ აუდიტორებს ყველა საჭირო მტკიცებულების მოპოვება გაუჭირდებათ – ბანკის ნაშთებს დაადასტურებენ საბანკო ამონაწერით და ბანკისგან ოფიციალური წერილობითი ინფორმაციის გამოთხოვით, მაგრამ რით უნდა დადასტურდეს ორი წლის წინ ძირითადი საშუალებების ან მარაგების არსებობა? აუდიტორები დროში უკან ვერ წავლენ და ვერ ნახავენ, ფიზიკურად მართლა იყო თუ არა იმ დროს კონკრეტული რაოდენობის მარაგი ან ძირითადი საშუალების რომელიმე ელემენტი, ამიტომ ასეთ შემთხვევაში თითქმის გარდაუვალია დასკვნაში ამ საკითხების აღნიშვნა.

შესაძლოა, ეს არც იყოს რეალურად დიდი პრობლემა თქვენთვის, მაგრამ ალბათ აჯობებს, წინასწარ იცოდეთ ასეთი საკითხების შესახებ, რომ არასწორი მოლოდინი არ გქონდეთ დასკვნის ფორმასთან დაკავშირებით. ეს მხოლოდ მაგალითი იყო კონკრეტული საკითხის, თუმცა რეალობაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია სხვა მსგავსი საკითხებიც იყოს და კარგი იქნება, თუ შეძლებისდაგვარად წინასწარ გექნებათ ინფორმაცია მოსალოდნელ პრობლემებზე.

სარგებელი?

წინასწარ გეცოდინებათ შესაძლო პრობლემური საკითხები. თუ შესაძლებელი იქნება, ამ საკითხებს გამოასწორებთ დასკვნის მიღებამდე. თუ გამოსწორება ობიექტურად შეუძლებელია, უსიამოვნო სიურპრიზი მაინც არ იქნება დასკვნის მოდიფიცირება აუდიტის ბოლოს, რადგან ამისთვის უკვე მზად იქნებით. აუდიტის დაწყებამდე, ჩვეულებრივ, აუდიტორებმა უნდა გამოგიგზავნონ იმ ინფორმაციის ჩამონათვალი, რაც აუდიტის პროცესში დასჭირდებათ. თუ თვითონ არ გამოგიგზავნიან, თქვენ მოსთხოვეთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ დროულად მიაწოდოთ ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია აუდიტორებს და აკონტროლოთ თქვენი პერსონალი, ვინც ამ ინფორმაციის მომზადებასა და მიწოდებაზეა პასუხისმგებელი.

გაითვალისწინეთ – შეთანხმებული ინფორმაციის მიწოდების დაგვიანება შესაძლოა თქვენი ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დროში ზედმეტად გაწელვის მიზეზი გახდეს, და ეს მომენტი, დიდი ალბათობით, აუდიტორებს კონტრაქტში ექნებათ ჩადებული. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ჩვეულებრივ აუდიტორისათვის რომელიმე ინფორმაციის ორი დღის დაგვიანებით მიწოდება უმრავლეს შემთხვევაში ნიშნავს შესაბამისი აუდიტორული სამუშაოს ერთი კვირით გადაწევას.

ხშირად ინფორმაციის მიწოდებაში ძალიან მცირე დაგვიანება შესაძლოა დასკვნის მიღების თარიღის რამდენიმე კვირით ან თვით გადაწევას ნიშნავდეს, რადგან აუდიტორებს ჩვეულებრივ ძალიან მჭიდრო კალენდარი აქვთ და თუ თქვენს პროექტზე რაიმე სამუშაო დაგეგმილ დროს ვერ შესრულდა, შესაძლოა ამ ამოცანაზე მომუშავე აუდიტორი სხვა პროექტზე გადაერთოს და თქვენს საქმეს მხოლოდ იმ სხვა, წინასწარ დაგეგმილი პროექტის დასრულების შემდეგ დაუბრუნდეს.

მოკლედ – თუ გინდათ, აუდიტი ეფექტიანად ჩატარდეს, თქვენი მხრიდან ინფორმაციის მიწოდების ვადები აკონტროლეთ. შეუთანხმდით აუდიტორებს (ჯობს წერილობით, უკეთესია პირდაპირ კონტრაქტში), რომ აუდიტის პროცესში გექნებათ ერთი ან ორი (ან შესაძლოა მეტიც, თქვენი კომპანიისა და აუდიტის მასშტაბის მიხედვით) შუალედური შეხვედრა აუდიტის გუნდის ხელმძღვანელობასთან (შესაძლოა, პარტნიორთანაც), სადაც განიხილავთ როგორც აუდიტის მიმდინარეობის ორგანიზაციულ საკითხებს, აგრეთვე ტექნიკურ თემებსაც, მათ შორის გამოვლენილ ხარვეზებს, სარისკო სფეროებს და შესაძლო თაღლითობის ინდიკატორებს.

აუდიტის ბოლოს აუცილებლად მოსთხოვეთ მათ ფინანსურ ანგარიშგებაში შეტანილი ან შეთავაზებული კორექტირებების დეტალური სია, კორექტირებების მიზეზების ახსნით, შესაბამისი სტანდარტების კონკრეტული დებულებების მოყვანით და დასაბუთებით. თუ არ ეთანხმებით აუდიტორებს, არ დათანხმდეთ ფინანსურ ანგარიშგებაში ცვლილებების შეტანას – გახსოვდეთ, ფინანსური ანგარიშგება თქვენია, თქვენ ხართ მასზე პასუხისმგებელი და, საბოლოო ჯამში, თქვენ უნდა შეგეძლოთ ანგარიშგებაში წარდგენილი ყველა თანხისა და ინფორმაციის ახსნა და, თუ ფიქრობთ, რომ აუდიტორების შეთავაზებული კორექტირება არაა სწორი, არც დათანხმდეთ, თუნდაც ამის გამო აუდიტორები „ცუდი“ დასკვნის მოცემას აპირებდნენ.

ბოლოს და ბოლოს, თუნდაც მოდიფიცირებული დასკვნა მიიღოთ შეთავაზებული კორექტირებებისა თუ გამოვლენილი ხარვეზების დეტალური განხილვით, სტანდარტების კონკრეტული დებულებების შესახებ დისკუსიით თქვენი ფინანსური პერსონალის პროფესიული დონე მაინც გაუმჯობესდება, რაც ასევე თქვენი სარგებელია. აქ მივდივართ შემდეგ საკითხამდე – ყოველთვის „სუფთა“ დასკვნა გჭირდებათ? დიდი ალბათობით, არა, არ გჭირდებათ ყოველთვის „სუფთა“ დასკვნა. მაგალითად, თუ თქვენი მიზანია მხოლოდ მარეგულირებელი მოთხოვნის დაკმაყოფილება აუდიტის ჩატარებაზე, მაშინ ალბათ დიდად არც შეგაწუხებთ „პირობითი“, ან თუნდაც „უარყოფითი“ დასკვნა.

ამდენად, ამ შემთხვევის დამატებით განხილვა აღარცაა საინტერესო. თუკი თქვენ აუდიტს ატარებთ არა მხოლოდ მარეგულირებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, მაშინ უნდა განიხილოთ თქვენი კონკრეტული მიზანი და თქვენი ფინანსური ანგარიშგების ძირითადი ადრესატის/ მომხმარებლის მიზანი, კვალიფიკაცია და მოლოდინები და დასკვნის მოდიფიკაციის კონკრეტული მიზეზიც. მაგალითად, თუკი თქვენ 2019 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტს ატარებთ იმ მიზნით, რომ მომავალში, ვთქვათ, ორი წლის შემდეგ მიიღოთ სესხი რომელიმე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისგან, ან მოიძიოთ ინვესტიციები, მაშინ ალბათ არ ღირს ზედმეტი დროისა და რესურსის ხარჯვა იმაზე, რომ პირველივე აუდიტისას აუდიტორებმა სრულიად სუფთა, უპირობო დადებითი დასკვნა მოგცენ და თქვენს ამ პირველ ანგარიშგებაში სრულად დაადასტურონ 2018 წლის 1 იანვრისა და 2018 წლის 31 დეკემბრის ნაშთები. ალბათ ასეთ შემთხვევაში მხოლოდ 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ნაშთებზე დადებითი დასკვნაც საკმარისი უნდა იყოს თქვენთვის.

კიდევ ერთი ძალიან კარგი საშუალება, მიიღოთ სარგებელი თქვენი ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შედეგად, არის ე.წ. „მენეჯმენტის წერილი“. აუდიტის სტანდარტების მიხედვით, აუდიტორები ვალდებული არიან, აუდიტის პროცესში შემჩნეული მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ კომპანიის ხელმძღვანელობას წერილობით მიაწოდონ ინფორმაცია, რაც ჩვეულებრივ სწორედ ასეთი ე.წ. „მენეჯმენტის წერილის“ სახით ხდება, ასე რომ, თქვენ სრული უფლება გაქვთ, აუდიტორებს ასეთი წერილი მოსთხოვოთ. ჩვეულებრივ აუდიტის კონტრაქტში უნდა ეწეროს, რომ აუდიტორები ვალდებული არიან, მოგაწოდონ „მენეჯმენტის წერილი“ და თუ ეს თქვენს აუდიტორებთან კონტრაქტში არ წერია – მოსთხოვეთ, ჩაწერონ და მოითხოვეთ ეს წერილი აუდიტის დასრულების ეტაპზე.

აუდიტორმა მენეჯმენტის წერილში დეტალურად უნდა აღწეროს ის ხარვეზები, რაც მას შეხვდა თქვენი კომპანიის შიდა კონტროლისა და ბუღალტრული აღრიცხვის სისტემებში ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესში. წერილში მოცემული უნდა იყოს აგრეთვე იდენტიფიცირებული ხარვეზების კონკრეტული გავლენა/ რისკი და ამ რისკების ელიმინირებაზე მათი რეკომენდაციები. მენეჯმენტის წერილი შესაძლოა მოიცავდეს არა მხოლოდ შიდა კონტროლის სისტემის ხარვეზებს, არამედ კონკრეტულ სააღრიცხვო ან საგადასახადო მიდგომებში გამოვლენილ უზუსტობებსაც და შესაბამის რეკომენდაციებს. წარმატებები თქვენს მომავალ აუდიტში!

მოკლედ:

საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, იმისთვის, რომ აუდიტი რეალურად სასარგებლო იყოს თქვენი კომპანიისთვის, საჭიროა:

  1. დროულად შეარჩიოთ სწორი, კვალიფიციური აუდიტორი, რომელსაც ჰყავს თქვენთვის შესაფერისი გუნდი, და არა აქვს ინტერესთა კონფლიქტი მენეჯმენტთან;
  2. დაგეგმვის ეტაპზევე განიხილოთ აუდიტორებთან შესაძლო რისკიანი სფეროები და მოსალოდნელი პრობლემები;
  3. სწორად გაიაზროთ არსებითობის კონცეფცია და დარწმუნდეთ, რომ აუდიტორები არსებით საკითხებზე კონცენტრირდებიან;
  4. დარწმუნდეთ, რომ აუდიტორები „დასაბუთებული რწმუნების“ ფარგლებში ასრულებენ სამუშაოს;
  5. აკონტროლოთ მიმდინარეობის პროცესი, გრაფიკი და დროულად მიიღოთ ინფორმაცია შეფერხებებზე თუ რისკებზე;
  6. არ მიანდოთ აუდიტი სრულად მხოლოდ მენეჯმენტს – თქვენც ჩაერთეთ პროცესში შეძლებისდაგვარად;
  7. გაიაზრეთ ფინანსური ანგარიშგების მომხმარებელთა საჭიროებები და მოლოდინები, რომ ზედმეტი დრო და რესურსი არ დახარჯოთ „სუფთა“ დასკვნის მისაღებად მაშინ, როდესაც ეს შეუძლებელია ან არ არის რეალურად საჭირო;
  8. მოსთხოვეთ აუდიტორებს, დეტალურად გაიარონ და განიხილონ თქვენთან ყველა შეთავაზებული შესწორების მიზეზი, შესაფერისი სტანდარტების მოთხოვნების აღწერით;
  9. მოითხოვეთ აუდიტორებისგან „მენეჯმენტის წერილი“ და შეეცადეთ, მომავალი პერიოდისთვის გამოასწოროთ მასში წარმოდგენილი ხარვეზები აუდიტორების მიერ მითითებული ზომების გათვალისწინებით.

ჩვენ გირჩევთ

ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ საქართველო მსოფლიოში კვლავ მეხუთე ადგილზეა

როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს მილიარდებს ელონ მასკი?

ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ საქართველო მსოფლიოში კვლავ მეხუთე ადგილზეა

ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ საქართველო მსოფლიოში კვლავ მეხუთე ადგილზეა

წინა სტატია

როგორია სტიმულირების პაკეტები მეზობელ და ბალტიის ქვეყნებში – EPRC-ის მიმოხილვა
30 აპრილი, 2020

შემდეგი სტატია

ავტომობილები სრულად უპილოტო ძალიან მალე გახდება – ჩინური სტარტაპის CEO
30 აპრილი, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker