Covid-19, ბიზნესი და გადასახადები

Covid-19-მა არა მხოლოდ შეცვალა საზოგადოების ქცევა, შეხედულებები და ყოველდღიური რიტმი, არამედ ძირეულად გარდაქმნა ბიზნესის როლი და მისი კეთების მეთოდები. გარემო, რომელიც გვქონდა ვირუსამდე და გვაქვს ვირუსთან ერთად ფუნდამენტურად განსხვავებულია. Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის მასშტაბები უპრეცედენტო ნიშნულს აღწევს, თუმცა პანდემიის გავლენა ბიზნესზე ჯერ კიდევ დეტალური შეფასებების მიღმაა და ეჭვგარეშეა, რომ შემდეგი ორი-სამი წლის მანძილზე გაგრძელდება განცხადებები, ანალიზი და განმარტებები მიღებული დანაკარგების შესახებ. მიუხედავად ყველაფრისა, დღეს დარწმუნებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ კრიზისმა მოიცვა ყველა ინდუსტრია, სფერო თუ დარგი და, სამწუხაროდ, ბიზნესში დღეს გაურკვევლობა უფრო მეტად ჭარბობს, ვიდრე გარკვეული მოლოდინები, რომლებიც უფრო დიდი საფრთხის შემცველია, ვიდრე არსებული დანაკარგები.

როგორია ბიზნესის ცხოვრება Covid-19-თან ერთად და როგორი იქნება ბიზნესი ხვალ?

ბიზნესის დღევანდელი სამუშაო პროცესი პირობითად შეგვიძლია შიდა და გარე ფაქტორებად დავყოთ. შიდა ფაქტორების ჭრილში, ბიზნესის მხრიდან ინდივიდუალურ დონეზე ხდება ამოცანების დასმა, გარემოს გაცნობიერება, გაანალიზება და შესაძლო ცვლილებების იდენტიფიცირება. შიდა გარემოს რეზიუმირება შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ 5 მთავარ საკითხად. დედუქციური მსჯელობით საკითხები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • რა სწავლებისა და მიგნებების შესაძლებლობა მისცა ბიზნესს Covid-19-მა?
  • რა კონკრეტული სწავლებისა და მიგნების განხორციელება/ იმპლემენტაცია ძალუძს ბიზნესს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან ჭრილში?
  • როგორ შეიცვალა ბიზნესის სამუშაო გარემო და რა ტიპის უნარ-ჩვევების აუცილებლობა გაჩნდა?
  • როგორია ბიზნესის ხედვა და მომავალი, ახალი, ე.წ. მომავლის სერვისების თუ საქონლის შექმნა-ჩამოყალიბებაში?
  • რა გასატარებელი ღონისძიებები/ აქტივობები აქვს ბიზნესს პრეკრიზისულ, კრიზისულ და პოსტკრიზისულ ეტაპებზე?

დღეს, ისე როგორც არასდროს, ვხედავთ ტექნოლოგიების ძალას და გავლენას საზოგადოებისა თუ ბიზნესის დღის წესრიგზე, რაც გვაძლევს მყარ წინაპირობას, რომ ბიზნესის კეთების ზოგიერთი მნიშვნელოვანი ასპექტი სამუდამოდ შეიცვლება და ნაკლებად სავარაუდოა, დაუბრუნდეს კრიზისამდე არსებულ სტატუს- კვოს.

გარე ფაქტორების ჭრილში, ბიზნესი სრულად დამოკიდებულია მთავრობის მიერ გატარებულ ან/ და გასატარებელ ღონისძიებებზე, რაც გულისხმობს ბიზნესის მხარდასაჭერად გადადგმულ ნაბიჯებს, ე.წ. სახელმწიფო სტიმულუსებს. მოგეხსენებათ, კრიზისის გავლენის შესამცირებლად, სხვადასხვა მთავრობებმა მსოფლიო მასშტაბით განახორციელეს მნიშვნელოვანი ღონისძიებები როგორც ბიზნესის, ასევე ცალკეული ოჯახებისა თუ ინდივიდების მხარდასაჭერად. გატარებული ღონისძიებების მასშტაბები დღითი დღე იზრდება და ითვალისწინებს ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა ბიზნესის დაბეგვრის შემსუბუქება,

საგადასახადო განაკვეთების შემცირება, გადასახადების გადავადება ან დროებით გაუქმება (ე.წ. tax holiday), მათ შორის, ბიზნესგრანტებსა თუ სახელმწიფო სესხებსა და დოტაციებზე წვდომა, დროებით უმუშევართა და თვითდასაქმებულთა მხარდაჭერა და ა.შ. საერთო ჯამში, Covid -19 სტიმულუსით“ ცნობილი პაკეტი მოიცავს ორ მნიშვნელოვან განშტოებას: ფისკალურ მხარეს და ფინანსურ მხარეს. ბოლო წლების მანძილზე, საქართველოს ხელისუფლების გაცხადებულ მიზანს წარმოადგენს ისეთი საგადასახადო პოლიტიკის შემუშავება, რომელიც მოემსახურება ქვეყანაში ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების ზრდას, ბიზნესის დაწყებისა და განვითარების ხელშეწყობას, მიმზიდველი და ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს უზრუნველყოფას.

უნდა აღინიშნოს, რომ Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საქართველოს მთავრობამ ბიზნესის დასაცავად განახორციელა საგადასახადო ინიექცია და პოსტკრიზისულ ნაწილშიც დააანონსა მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება. თუმცა შესაძლოა, მთავრობის მგრძნობელობა და პრაგმატიზმი ბიზნესთან მიმართებით ზოგჯერ დაგვიანებული ან/ და არასაკმარისი იყოს. მაგალითად, ეს ეხება დაწესებული საგადასახადო შეღავათების მასშტაბებს და პერიოდს. ვიდრე დეტალურად განვიხილავდეთ გასატარებელი ღონისძიებების სიმწვავეს და სისწრაფეს, უპრიანია, გავერკვიოთ გადასახადების არსში, მიზნებსა და ეფექტებში. საგადასახადო პოლიტიკა ეკონომიკური პოლიტიკის და, ზოგადად,

საჯარო პოლიკიტის წარმართვის მთავარ გასაღებს რომ წარმოადგენს, არახალია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, უმეტესობა თქვენგანი შემეკამათება და მოითხოვს ფაქტების კონსტატაციას, რაც ძალიან გამიჭირდება, რადგან ხშირ შემთხვევაში ქართულ პოლიტიკაში ემოციური ნაწილი ჭარბობს, რომელიც უმეტესად შორსაა პრაგმატული და თანამიმდევრული პოლიტიკისგან.

გადასახადები საჯარო პოლიტიკის განუყოფელ ნაწილს რომ წარმოადგენს, ათწლეულებია, დასტურდება ამერიკის შეერთებული შტატებისა თუ დიდი ბრიტანეთის პოლიტიკურ კამპანიებში, სადაც ძირითადად ორი თემა წარმართავს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას: გადასახადები და ჯანდაცვა (სოციალური ნაწილი). როგორც ჩანს, ჩვენ წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. რამდენად რთული და გრძელია ეს გზა, ამას დრო გვიჩვენებს, მათ შორის Covid-19-ის პანდემია. რაც შეეხება ისტორიულ რეტროსპექტივას საგადასახადო მიზნებსა და ეფექტებზე – გადასახადები დაფუძნებულია 4 R-ის პრინციპზე, სადაც:

პირველი R ანუ Revenue/ შემოსავლები არის სახელმწიფოს მიერ შემოსავლების გენერირება დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად. ქართულ რეალობაში ეს ფუნქციები განუსაზღვრელია, თუმცა განსაზღვრულ ფუნქციებში იგულისხმება ჯარის, პოლიციის, სასამართლოს, ნაწილობრივ ჯანდაცვის შენახვა. რაც უფრო დიდია სახელმწიფოს ზომა, მით უფრო განუსაზღვრელია მისი ფუნქციები.

მეორე R ანუ Redistribution/ გადანაწილება – აღნიშნული უმეტესად გულისხმობს შემოსავლების გადანაწილებას საზოგადოების შედარებით შეძლებული ფენებიდან გაჭირვებულებისაკენ, ე.წ. მოწყვლადობის“ შემსუბუქებას (მაგალითად, პენსიები, სოციალური დახმარებები და ა.შ.)

მესამე R ანუ Repricing/ გადაფასება გულისხმობს კონკრეტულ საქონელზე ან მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვას ღირებულების გაზრდით, რაც გამოიყენება სხვადასხვა მიზნის განსახორციელებლად. ბოლო წლების აქტუალური თემაა აქციზის ზრდა თამბაქოზე. ყველას კარგად გვახსოვს მთავრობის გაცხადებული მიზანი, თუ როგორ ამცირებს თამბაქოს მოხმარებას ფასების ზრდა ჩემი და თქვენი“ შეფასებით ალბათ ყველაზე ბრუტალური არგუმენტი.

მეოთხე R ანუ Representation/ წარმომადგენლობა – დღეს მხოლოდ ისტორიულ დატვირთვას ატარებს, კერძოდ ამერიკული რევოლუციის (1761 წ.) ერთ- ერთი ძირითადი სლოგანი იყო – "No taxation without representation. აღნიშნული ეფექტი გულისხმობს გადასახადების გადამხდელების მონაწილეობას ქვეყნის მართვაში, კერძოდ, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას და შესაბამისი წარმომადგენლის ყოლას. თუმცა საგულისხმოა, რომ ეს ისტორიული მიგნება ქართულ პოლიტიკას/ სახელმწიფოს ნამდვილად აქვს მივიწყებული. Covid-19-ის პანდემიის პირობებში, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა უკვე მიღებული და მისაღები დარტყმების შემსუბუქება როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან ჭრილში. უპირველესად ხელისუფლებამ უნდა დასვას სწორი კითხვები, გააკეთოს სწორი აქცენტები და მათ კვალდაკვალ მიიღოს როგორც ოპერატიული, ასევე სტრატეგიული გადაწყვეტილებები. საგულისხმოა, რომ ქაოსურმა (გაუცნობიერებელი თუ ინერციული) გადაწყვეტილებებმა, ეს იქნება ინდივიდუალურ, ორგანიზაციულ თუ საჯარო (მთავრობის მიერ) დონეზე, შესაძლოა იმაზე მეტი ზიანი გამოიწვიოს, ვიდრე უკვე გვაქვს Covid-19-ით.

დღეს სახელმწიფოსთვის (ხელისუფლებისთვის) არსებობს ორი აქტუალური/ კრიტიკული კითხვა:

  1. რამდენად არის Covid-19-ის პანდემია სახელმწიფოს როლის ფუნდამენტურად შეცვლის საფუძველი/ მიზეზი? აქ გვაქვს ორი სახელმწიფოს ალტერნატივა: პირველი სახელმწიფო, სადაც როლი საზოგადოების ცხოვრებაში კიდევ უფრო გაიზრდება და მეორე სახელმწიფო, სადაც როლი საზოგადოების ცხოვრებაში მნიშვნელოვნად შემცირდება.
  2. რამდენად საკმარისია სახელმწიფოს მიერ დღემდე გატარებული ღონისძიებები და როგორი იქნება ქვეყნის ანტიკრიზისული გეგმა? აქაც გვაქვს ორი ალტერნატივა: პირველი ინერციული სტრატეგიული გეგმა და მეორე ინოვაციური სტრატეგიული გეგმა.

ბიზნესის ლიკვიდურობის ზრდისთვის გადადგმულ ნაბიჯებში ერთ- ერთი საკვანძო საკითხია ფისკალური პოლიტიკის შემსუბუქება, ამიტომ უპირველესად საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადააფასოს: - ე.წ. პირველი R, სადაც უნდა შეეხოს სახელმწიფოს ფუნქციებს, მნიშვნელოვნად გადახედოს და ეტაპობრივად შეამციროს სახელმწიფოს როლი, ზომა და თანამონაწილეობა საზოგადოებაზე მზრუნველობაში“ და - ე.წ. მესამე R, სადაც ფუნდამენტურად უნდა შეიცვალოს საქონელსა და მომსახურებაზე ხელოვნურად შექმნილი გადაფასების“ მექანიზმები, როგორც ინსტრუმენტი საფასო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში.

დღეს არის ისტორიული მომენტი, რომ – „ერთმანეთზე უფრო მეტად ვიზრუნოთ და ერთმანეთი უფრო ნაკლებად დავბეგროთ“! ვიდრე ფისკალური პოლიტიკის შემსუბუქების სამოქმედო გეგმის ალგორითმს განვიხილავდეთ, უპრიანია გავიზიაროთ საერთაშორისო გამოცდილებები, განვითარებული თუ ნაკლებად განვითარებული საზოგადოებების მიგნებები და შემდგომ შევქმნათ ნაციონალური ინგრედიენტებით საკუთარი წარმოების ველოსიპედი“.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) განახორციელა კვლევა - ქვეყნების მიერ საგადასახადო პოლიტიკის ღონისძიებებში ცვლილებების შესახებ, როგორც პასუხი არსებული გამოწვევის პანდემიის წინააღმდეგ. კვლევის ფარგლებში გაანალიზდა 100-ზე მეტი ქვეყნის მონაცემები, იდენტიფიცირდა მთავრობების მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი ბიზნესის დასაცავად, როგორც პასუხი Covid-19-ით გამოწვეულ კრიზისზე. მიგნებები ასახავს ინფორმაციას მთავრობების მიერ ფისკალური პოლიტიკის კუთხით გადადგმული ნაბიჯების შესახებ 2020 წლის 9 აპრილის მდგომარეობით. რამდენად საკმარისად ემსახურება Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები ბიზნესის გადარჩენას? რამდენად ლეგიტიმურია ბიზნესის პათოსი და მოთხოვნა, მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვანი და რადიკალური ღონისძიებების გატარება?

საქართველოს ხელისუფლების მიერ ბიზნესის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შექმნილი/ შესაქმნელი რუკა უნდა მოიცავდეს მოქმედებების მოკლევადიან და გრძელვადიან ალგორითმს, სადაც კონკრეტული აქტივობები უნდა ეფუძნებოდეს რამდენიმესვლიან სცენარს. ქართულ ბიზნესს (მათ შორის ბიზნესგაერთიანებებს) აქვს განცდა, რომ ხელისუფლების მიერ ოპერატიულად გატარებული ღონისძიებები ზღვაში წვეთია, ამას ასევე მოწმობს განვითარებული სახელმწიფოების მიერ გადადგმული მრავალალგორითმიანი ნაბიჯები. მოკლევადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ უზრუნველყოს ბიზნესის ლიკვიდურობა და შესაძლებლობა, მაქსიმალურად შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები. უფრო ზუსტად რომ შევაფასოთ, სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით, მოკლევადიან ეტაპზე ბიზნესი შეინარჩუნებს სამუშაო ძალას, ხოლო გრძელვადიან ეტაპზე აუცილებლად მოხდება სამუშაო გარემოსა და უნარ-ჩვევების გადაწყობა, რაც ცალსახად გამოიწვევს დასაქმებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ,

ბიზნესის ხვალინდელი ფორმა აღარასდროს იქნება გუშინდელის ანალოგი. შესაბამისად, ამ ეტაპზე ხელისუფლებამ ფისკალური პოლიტიკის გადაფასებით უნდა მისცეს ბიზნესს ტრავმების შემსუბუქების შესაძლებლობა, ხოლო მოშუშების პროცესი რა პერიოდით გაგრძელდება, ამას დრო გვიჩვენებს.

მიუხედავად საგადასახადო ტვირთის შემცირებისა, არსებობს ლეგიტიმური პრაგმატული შეკითხვები:

1. რამდენად საკმარისია მხოლოდ საგადასახადო გარემოს ცვლილებით ვიყოთ კონკურენტუნარიანები?

2. რამდენად განაპირობებს მხოლოდ საგადასახადო ტვირთის შემცირება/ შემსუბუქება ინვესტიციების ზრდას?

3. რამდენად ზრდის დასაქმების მაჩვენებელს მხოლოდ გადასახადების გაუქმება?

4. რამდენად სწრაფად გამდიდრდება სახელმწიფო გადასახადებზე უარის თქმით? სხვა თანაბარ პირობებში, კითხვებზე პასუხები ძალიან ტრივიალურია, თუმცა თითოეული საკითხი იმსახურებს ცალკე განხილვას. დაბოლოს, მომავალი გვიჩვენებს, ვიქნებით ქარავანს აკიდებული სახელმწიფო, თუ მოწინავე ქვეყანა შესაძლებლობებით ხელში, რომელიც ფუნდამენტურად გარდაქმნა Covid-19-მა.

ჩვენ გირჩევთ

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს და კიდევ 9 ქვეყანას

IMF: 2020 წელს საქართველოს ბიუჯეტი 16.2 მილიარდ ლარამდე იზრდება

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს და კიდევ 9 ქვეყანას

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს და კიდევ 9 ქვეყანას

წინა სტატია

იყო რისკი, რომ კორონავირუსის 20 000 ტესტი გზაში მოეხსნათ – "საქართველოს ბანკის“ გენდირექტორი
07 მაისი, 2020

შემდეგი სტატია

Tesla-მ შანხაიში მდებარე უმსხვილესი ქარხნის მუშაობა მოულოდნელად შეაჩერა
07 მაისი, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker