ჯანდაცვის სისტემას უნდა ჰქონდეს მეტის გატარების უნარი – გიორგი გოცაძე

ჯანდაცვის სისტემას უნდა ჰქონდეს მეტის გატარების უნარი – გიორგი გოცაძე

საქართველოში არის იმაზე მეტი საავადმყოფო, რაც საქართველოს, როგორც ქვეყანას და ერს სჭირდება. ამ საავადმყოფოთა საწოლთა ფონდი დატვირთულია 53%-ით წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საერთაშორისო ფონდ “კურაციოს“ პრეზიდენტმა გიორგი გოცაძემ Forbes Talks-ის ფორმატში გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემას აქვს ზედმეტი სიმძლავრე იმისათვის, რომ უფრო მეტი პაციენტის და დატვითვის ატანა შეძლოს.

“ჩვენ ბუნებაში გვაქვს ზედმეტი სიმძლავრეები და მგონია რომ ამ სისტემას უნდა ჰქონდეს მეტის გატარების უნარი და მჯერა, რომ მეტი პაციენტის გატარების უნარი უნდა ჰქონდეს, ვიდრე გვყავდეს ჩვენ ჰოსპიტალში 300 პაციენტი“, – განაცხადა გიორგი გოცაძემ.

“დღეს ხდება ის, რომ ჯანდაცვის სისტემაში აღარ მიდის არც ჩვეულებრივი პაციენტი, ვისაც ესაჭიროება და თავს იკავებს მისვლისგან, გვაქვს სიმძლავრეები, რომელიც გავამზადეთ და რეალურად გამკაცრებული სოციალური დისტანცირებით, ფიზიკური დაშორებით, კარანტინით და რაღაცებით, ამ სიმძლავრეს არ ვიყენებთ, თუმცა, მომზადებული არის“, – დასძინა მან.

“კურაციოს“ პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა რამდენიმე წლის წინ გრიპის გავრცელების პერიოდი, როდესაც ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ დატვირთული იყო:

“ჩვენ გვქონდა ჩვეულებრივი სეზონური გრიპი და ძალიან დიდი იყო დატვირთვა მაშინ ჯანდაცვის სისტემაზე, რა თქმა უნდა იმ სეზონურ გრიპსაც ახლდა თავისი წილი რთული შემთხვევები, და გარდაცვალებები. სისტემა მაშინ უფრო სერიოზულად მუშაობდა, ვიდრე დღეს მუშაობს. მე ვამბობ 2–3 წლის წინანდელს და არა 10 წლის წინანდელს. სერიოზული დატვირთვა იყო ჯანდაცვის სისტემაზე და მან ეს გაატარა“, – განაცხადა გიორგი გოცაძემ.

“კურაციოს” პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ ამ ვირუსს აქვს კლასტერული გავრცელება, შესაბამისად არის რაღაც მათემატიკური კავშირი შესაძლო კონტაქტების რაოდენობასა და ინფექციის გადადებას შორის. მან სილამაზის სალონები მაგალითად მოიყვანა და განაცხადა, რომ არ ესმის თუ რატომ იხსნება მსგავსი ბიზნეს სუბიექტები ეკონომიკის გახსნის მეექვსე ეტაპზე.

“მე მაგალითად ვიცი, რომ ძალიან ბევრი სილამაზის სალონი არის საქართველოში, სადაც 1-2 ადამიანი მუშაობს, რომელსაც შეუძლია მაქსიმუმ 6 კლიენტს მოემსახუროს დღის განმავლობაში. მათემატიკურად შეგიძლია გათვალო, რომ ეს რომ გახსნა, ალბათობის თეორიით შეგიძლია თქვა, რამდენი პაციენტი შეიძლება მიიღო. ეს არის მათი საარსებო წყარო. მე არ მესმის რატომ ვხსნით მეექვსე ეტაპზე. ეპიდემიოლოგიური სუბსტრატი თუ ლოგიკა რა არის ამის უკან, რომ ასეთი სალონები იხსნება ბოლოს.. რატომ არ შეგვეძლო გვეთქვა რომ 4–5–6 კვადრატულ სალონზე, გახსენი, და იმუშავე და შენი ლუკმაპურის ფული იშოვე“, – აღნიშნა გიორგი გოცაძემ.

მისივე მოსაზრებით, გარკვეული ღონისძიებები ეპიდემიის წინააღმდეგ არ არის გამართლებული. მას ამ შემთხვევაში გარკვეული სოფლების ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ჩაკეტვის მაგალითი მოჰყავს.

“მე არ ვარ ეპიდემიოლოგი, მაგრამ რაღაცას რომ შეხედო საღი აზრით, არ ამართლებს… მაგალითად, საქართველოში არის რიგი სოფლები და რაიონები, სადაც 400-500 ადამიანზე მეტი არ ცხოვრობს. რეალურად იმ სოფლების კარანტინში ჩაკეტვა, რა იმხელა საფრთხეს წარმოადგენს, რომ ჩვენ ხარჯს ვიღებთ.. საფრთხეს წარმოადგენს დიდი რაოდენობა ხანდაზმულებისა, რომელთა კარანტინში გადაყვანა შეიძლება უფრო იაფი დაგვიჯდეს, ვიდრე იმ მთელი სოფლის ან უბნის ჩაკეტვა. ეს ჩემი აზრია, მე არ ვამტკიცებ, რომ ეს სწორი აზრია. მე რომ ვიყო ამ განზომილებით ვიმსჯელებდი.

გაჭირვებული ქვეყნისთვის ეს არის ხარჯი, ეს ხარჯი გაიღება. და რამდენად ეფექტურია ამ ხარჯის გაღება. გინდა თუ არა რომ ხარჯი გაიღო ამ ღონისძიებებზე, თუ ჯობია რომ ხარჯი კარანტინზე გაიღო. კარანტინზე შეგაქვს ეკონომიკური უკუგება, გაჩერებულ სასტუმროში შეგყავს ადამიანი, და იმ სასტუმროს მეპატრონეს 2–3 კაპიკი შემოსავალი აქვს. ეს თანხა ხომ მაინც იხარჯება“, – აღნიშნა “კურაციოს“ პრეზიდენტმა Forbes Talks-ში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *