რამდენმა მომხმარებელმა ისარგებლა სესხების გადავადებით თიბისიში

რამდენმა მომხმარებელმა ისარგებლა სესხების გადავადებით თიბისიში

სხვადასხვა ზომისა და სეგმენტის გათვალისწინებით, მომხმარებელთა დაახლოებით 40-დან 60%-მა მიიღო ეს შეთავაზება და სესხები გადაავადა , – ამის შესახებ თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც მაისის თვის ნომერში გამოქვეყნდა.

როგორც ბუცხრიკიძემ აღნიშნა, სესხების გადავადების შესახებ ნაბიჯი აუცილებლად გადასადგმელი იყო ბანკების მხრიდან.

“იმ მდგომარეობაში, რაშიც დღეს საქართველო აღმოჩნდა, აუცილებლად უნდა შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის – როგორც ფიზიკური პირებისთვის, ვისაც ჰქონდათ სესხები, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და მსხვილი კომპანიებისთვის, რომლებსაც მეტ- ნაკლებად ამ გამოწვევებთან შეხება ჰქონდათ – სესხების გადავადება“, – განაცხადა თიბისის გენდირექტორმა.

მისივე თქმით, ბოლო სამი-ოთხი კვირის განმავლობაში ათობით ადამიანი ოცდაოთხი საათის განმავლობაში მუშაობდა იმისთვის, რომ ან ზარით, ან ეს-ემ-ესით, შეთავაზება ასიათასობით მსესხებლამდე მისულიყო.

“სამწუხაროდ, შეცდომებიც იყო. სტატუსის დაახლოებით ას შეთავაზებაზე ტექნიკური შეცდომა მოგვივიდა, თუმცა ესეც 24-საათიანი მუშაობის შემდეგ გამოვასწორეთ. აქვე მინდა, ბოდიში მოვუხადო მათ, ვინც ამ შეცდომის გამო შეწუხდა, მაგრამ როცა ასიათასობით შეთავაზებას ეხება საქმე და ეს ყველაფერი საკმაოდ სწრაფად ხორციელდება, ალბათ, ასეთი შეცდომები მოსულა”, – დასძინა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. მისივე თქმით, დღეს ეს პრობლემები ტექნიკურად უკვე ამოწურულია.

შეგახსენებთ, პანდემიის გამო, სესხების გადავადება მომხმარებლებს ბანკების უმრავლესობამ შესთავაზა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *