პაშინიანი მოქალაქეთა ქცევით უკმაყოფილოა: კორონავირუსის ანტირეკორდი სომხეთში

პაშინიანი მოქალაქეთა ქცევით უკმაყოფილოა: კორონავირუსის ანტირეკორდი სომხეთში

არასასურველმა ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ სომხეთის პრემიერ–მინისტრი ნიკოლ პაშინიანი აიძულა მოქალაქეებისთვის მიემართა. როგორც ვიდეომიმართვაში პრემიერმა აღნიშნა, მოქალაქეების დიდი ნაწილი ჰიგიენურ წესებს არ იცავს, რის გამოც ქვეყანაში დღიურად სამ-ნიშნიანი დაინფიცირების შემთხვევების მატებაა. ბოლო რამდენიმე დღეა სომხეთში ყოველდღიურად კორონავირუსის 100-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. უფრო მეტიც, მაგალითად, ოთხშაბათს დილით ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანაში დაინფიცირების 180 ახალი შემთხვევა იყო, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პანდემია დაიწყო.

“მე ვხედავ ქუჩაში ადამიანები ერთმანეთს ხელებს ართმევენ, მოქალაქეები ერთმანეთთან ახლოს არიან. ეს დიდი პრობლემაა. ამ გზით თუ ვივლით, სერიოზული კრიზისის წინაშე აღმოვჩნდებით. თითოეულ ჩვენგან გვაქვს შესაძლებლობა რომ არ დავინფიცირდეთ და არ დავაინფიციროთ სხვები, თუ დავიცავთ წესებს. თქვენ არ უნდა ელაპარაკებოდეთ ერთმანეთს პირბადეების გარეშე. მინდა მოვუწოდო თითოეულ თქვენგანს, რომ მკაცრად დაიცვათ პირადი ჰიგიენის ნორმები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პაშინიანის თქმით, კორონავირუსი კიდევ დიდხანს იქნება ქვეყანაში, ამიტომაც მოსახლეობამ მასთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლოს. მისივე თქმით, მთავრობას არ უნდა ქვეყანა აღმოჩნდეს ისეთ სიტუაციაში, რომ დაინფიცირებულები დარჩნენ სამედიცინო დახმარების გარეშე.

აღსანიშნავია, რომ სომხეთში 4 მაისიდან დაიწყო ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის პროცესი, რათა ბიზნესი ცოტათი გამოცოცხლებულიყო. გარდა ამისა, მთავრობამ საერთო ჯამში მოქალაქეებისა და ბიზნესების დასახმარებლად $150 მილიონის მობილიზება მოახდინა. დახმარება ქვეყნის 1.1 მილიონმა მოქალაქემ მიიღო.

შეგახსენებთ, სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 16 მარტს დაწესდა, რომელიც 14 მაისს სრულდება და როგორც მოსალოდნელია, მას კიდევ 30 დღით გაახანგრძლივებენ.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში, კორონავირუსით დაინფიცირების 3 860 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 49 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 1572.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *