IMF: ეკონომიკას უფრო დიდი ხანი დასჭირდება შოკიდან გამოსასვლელად, ვიდრე ამ დრომდე იყო ნავარაუდევი

IMF: ეკონომიკას უფრო დიდი ხანი დასჭირდება შოკიდან გამოსასვლელად, ვიდრე ამ დრომდე იყო ნავარაუდევი

გლობალურ ეკონომიკას უფრო დიდი ხანი დასჭირდება იმისათვის, რომ შოკიდან გამოვიდეს, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო ნავარაუდევი. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა. მისივე თქმით, ფონდი აპირებს გადახედოს პროგნოზებს, თუმცა, დეტალებზე არ უსაუბრია.

Reuters-სთან ინტერვიუში გეორგიევამ განაცხადა, რომ მონაცემები, რაც მათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მიიღეს, იყო იმაზე უარესი, ვიდრე ამას ელოდნენ. „ეს კი იმას ნიშნავს, რომ უფრო დიდი დრო დაგვჭირდება კრიზისიდან სრულად გამოსასვლელად“, – აღნიშნა IMF-ის დირექტორმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მსოფლიო პროგნოზებს ივნისში გამოაქვეყნებს. მსოფლიო პროგნოზები დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრების მთავარი განხილვის საკითხი იქნება დღეს დაგეგმილ ონლაინ შეხვედრაზეც.

გეორგიევას თქმით, ფონდი ფოკუსირებული იყო იმ რისკებზე, როგორიცაა ვალების მაღალი დონე, გაზრდილი დეფიციტები, უმუშევრობა, გაკოტრებები, სიღარიბის დონის და უთანასწორობის ზრდა. თუმცა, მისივე თქმით, კრიზისმა ასევე განავითარა ციფრული ეკონომიკა.

აღსანიშნავია, რომ IMF მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა ფინანსური სტაბილურობის, ვაჭრობის საკითხების მოგვარებისა და სიღარიბის დონის შემცირების მიზნით მსოფლიოს მასშტაბით. ახლაც ამ კრიზისში, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 56 ქვეყანას აღმოუჩინა სასწრაფო ფინანსური დახმარება, ხოლო კიდევ 47 განაცხადი დახმარების შესახებ ფონდს განსახილველი აქვს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *