მაიკლ ქაუგილი: ეკონომიკის აღდგენის პროცესი მთავარი გამოწვევაა

მაიკლ ქაუგილი: ეკონომიკის აღდგენის პროცესი მთავარი გამოწვევაა

პრობლემა, რაზეც ვფიქრობ რომ უფრო მეტია სამუშაო, ეს არის ეკონომიკური აღდგენის პროცესი – ამის შესახებ ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა საქართველოში, მაიკლ ქაუგილმა Forbes Talks-ში გიორგი ისაკაძესთან სტუმრობისას განაცხადა. ქაუგილმა ისაუბრა პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს მიღწევებზე და მისგან გამომდინარე პრობლემებზე.

“როგორ გაართვა თავი საქართველომ პანდემიას? ამას სამ მიმართულებად დავყოფდი: პირველი არის ჯანდაცვის და უსაფრთხოების საკითხები, რაც უკავშირდებოდა კორონავირუსს. მეორე არის ეკონომიკური დახმარება, როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე ბიზნესისთვის და მთლიანად ეკონომიკისთვის. და მესამე: ეკონომიკის აღდგენა. ვფიქრობ, პირველი ამოცანა თუ როგორ გადალახა ჯანდაცვის  სისტემამ გამოწვევა და მართა საქართველომ ვირუსის შეჩერების ღონისძიებები,  ეს ძალიან კარგად შესრულდა. აქ საქართველომ მსოფლიო კლასი აჩვენა და ეს გარედანაც შესაბამისად შეფასდა. აქ, ძალიან დიდი შრომა და წინდახედულება ჩაიდო დასაწყისიდანვე. დაწყებული სკრინინგ-პროცესიდან აეროპორტებში, ასევე “შათდაუნის“ სხვადასხვა ღონისძიებები, სოციალური დისტანცირების უზრუნველყოფისთვის.

რაც შეეხება ეკონომიკურ დახმარებას – ჩვენ უნდა გავიაზროთ რომ საქართველოს არ აქვს იმ მოცულობის რესურსები და  ბიუჯეტი, რაც აშშ-ს ან ევროკავშირს, და სხვა მსგავსი მდიდარი ეკონომიკების ქვეყნებს. მაგრამ, რაც გვაქვს ბიუჯეტი და ამას დამატებული დონორების მიერ გამოყოფილი რესურსები, ვფიქრობ რომ ამის თავმოყრასაც ჯეროვნად გაართვეს თავი. პრობლემა, რაზეც ვფიქრობ რომ უფრო მეტია სამუშაო, არის თავად ეკონომიკური აღდგენის პროცესი. როგორ ვაპირებთ რომ ბიზნესები დაუბრუნდნენ ნორმალურ მდგომარეობას. ვიცით რომ არის რაღაც გეგმები. თუმცა, ეს ძალიან მცირე ნაწილია. უამრავი რამაა, რაც მნიშვნელოვანი იქნება შემდგომში, ეკონომიკური აღდგენის პროცესში“, – აღნიშნა მაიკლ ქაუგილმა.

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა  აღნიშნა, რომ საქართველო ტურიზმის მიმართულებით უდიდესი გამოწვევების წინაშეა. თუმცა, საქართველო უსაფრთხო ადგილია და ეს ჯანდაცვის მიმართულებით მიღწეული შედეგების დამსახურებაა, რამაც ქვეყანამ პანდემიასთან ბრძოლაში აჩვენა მთელ მსოფლიოს.

“ისეთი კონცეფციის შექმნა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, დაეხმარება ინვესტიციებს, ტურიზმს, სხვადასხვა ინდუსტრიებს და ეს დაეხმარება რომ კომპანიებმა თავიანთი ობიექტები გაიტანონ ჩინეთიდან მსოფლიოს სხვა უსაფრთხო ნაწილში“, – დასძინა მან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *