სვოპ-ოპერაციები: ეროვნული ბანკის მიერ ლიკვიდობის მიწოდება

საქართველოს ეროვნული ბანკის, ისევე როგორც სხვა ცენტრალური ბანკების, მნიშვნელოვან ფუნქციას ფინანსური სისტემის საჭირო ლიკვიდობით უზრუნველყოფა წარმოადგენს. ცენტრალური ბანკის როლის, როგორც ლიკვიდობის შოკების დროს ლიკვიდობის მთავარი მიმწოდებლის, მნიშვნელობა დიდი ხანია, ეკონომისტებს გააზრებული აქვთ. აღსანიშნავია, რომ სტრესულ ვითარებაში ლიკვიდობის მიწოდების საჭიროება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგანაც ასეთ დროს ლიკვიდობაზე მოთხოვნის ზრდაა დამახასიათებელი ფინანსური ბაზრებისთვის როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ეკონომიკებში. ამ პირობებში დამატებითი ლიკვიდობის მიწოდება ცენტრალური ბანკების აუცილებელი ფუნქციაა, რასაც აქტიურად მიმართავენ მსოფლიოს წამყვანი თუ ნაკლებად ცნობილი ცენტრალური ბანკები. მაგალითისთვის შეგვიძლია ვნახოთ აშშ- ის ფედერალური სარეზერვო სისტემისა და ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებები, რომლებმაც მიმდინარე გამოწვევის საპასუხოდ დიდი მოცულობის ლიკვიდობის მიწოდება დაიწყეს. განვითარებული ქვეყნების ცენტრალური ბანკების მსგავსად ლიკვიდობის მიწოდებას აქტიურად მიმართავენ განვითარებად ქვეყნებშიც, რაც კარგად ჩანს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ სხვადასხვა ქვეყნის მიერ კრიზისის საპასუხოდ განხორციელებული ღონისძიებების შეჯამებაში. ლიკვიდობის მიწოდება აღნიშნული ღონისძიებების ნაწილია ქვეყნების სრულ უმრავლესობაში, მათ შორის განვითარებად ეკონომიკებში.

გაზრდილი გაურკვევლობის პირობებში, ქვეყანაში იზრდება რისკის პრემია, რაც ზრდის საპროცენტო განაკვეთებს და შედეგად ამცირებს ფინანსურ შუამავლობას. გაზრდილი რისკები და საპროცენტო განაკვეთები ეკონომიკის დაკრედიტებაზე უარყოფითად მოქმედებს, რაც შესაძლოა, ეკონომიკის შენელების დამატებითი წყარო გახდეს. იმისათვის, რომ ფინანსურ სისტემაში ლიკვიდობის სიმცირე ეკონომიკის დაკრედიტების შეფერხების დამატებითი წყარო არ გახდეს და ფინანსებზე წვდომა არ გაუარესდეს, აუცილებელია ცენტრალური ბანკის მხრიდან ფინანსური სისტემისთვის საკმარისი ლიკვიდობის მიწოდება. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან ლიკვიდობის მიწოდება მხოლოდ შესაბამისი გირაოს საფუძველზე ხდება.

საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად უზრუნველყოფს ლიკვიდობის რისკების მონიტორინგსა და ეკონომიკაში ლიკვიდობის ადეკვატური დონის არსებობას. ამისათვის ეროვნული ბანკი ლიკვიდობის მიწოდების სხვადასხვა ინსტრუმენტს გამოიყენებს, როგორიცაა რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, ფასიანი ქაღალდების შესყიდვა მეორეულ ბაზარზე და სხვა. COVID-19-ის პანდემიის პირობებში ეკონომიკასა და ფინანსურ სექტორზე ნეგატიური შოკის შესარბილებლად, კერძოდ კი ეროვნული ვალუტის ლიკვიდურ სახსრებზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ლიკვიდობის მხარდაჭერის მიზნით ეროვნული ბანკი დამატებით სავალუტო სვოპ- ოპერაციებს გამოიყენებს.

სვოპ- ოპერაციებით ლიკვიდობის მიწოდება მოხდება ცალკე კომერციული ბანკებისა და ცალკე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის. დღეისათვის საბანკო სისტემას უცხოური ვალუტის საკმაოდ მაღალი ლიკვიდობა აქვს. ამავე დროს ეროვნული ვალუტით ლიკვიდობაზე მოთხოვნის ზრდა შეინიშნება. სვოპ- ინსტრუმენტი კომერციულ ბანკებს საშუალებას მისცემს, დამატებითი რისკების აღების გარეშე დააკმაყოფილონ ლარის ლიკვიდობაზე გაზრდილი მოთხოვნა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განსაკუთრებული როლი საქართველოს რეგიონების მოსახლეობისთვის ფინანსური სერვისების მიწოდების მხრივ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დაფინანსება ძირითადად უცხოური ვალუტით ფორმირდება. ამავე დროს მათი აქტივები (სესხები) უმეტესად ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. ჩვეულებრივ პირობებში მიკროსაფინანსო ორგანიზაციები აღნიშნულ სავალუტო პოზიციას კომერციულ ბანკებთან სვოპ-ოპერაციებით აზღვევენ. თუმცა, არსებულ ვითარებაში, ერთი მხრივ, რისკების ზრდამ და, მეორე მხრივ, საბანკო სისტემაში ეროვნული ვალუტის ლიკვიდობის სიმცირემ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის რესურსის ფასის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. შედეგად, ეროვნული ბანკის ჩარევის გარეშე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ბაზრისთვის შეთავაზებულ სასესხო პროდუქტებზე პროცენტები გაიზრდება, რაც ქვეყანაში, და განსაკუთრებით რეგიონის მოსახლეობისთვის, ფინანსებზე წვდომას გააუარესებს. ამდენად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ლიკვიდობით მხარდაჭერა დღევანდელ დღეს სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ლიკვიდობის მიწოდება ბანკების შუამავლობით განხორციელდება, კერძოდ, მათ ექნებათ საშუალება, აირჩიონ კომერციული ბანკი, რომლის შუამავლობითაც სვოპ-ოპერაციებით მიიღებენ ლარის ლიკვიდობას ეროვნული ბანკისაგან.

სვოპ-ოპერაციით ეროვნული ბანკი სპოტ-კურსით შეისყიდის უცხოურ ვალუტას ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან, მისი ფორვარდული კურსით უკან გაყიდვის პირობით. აღნიშნული ინსტრუმენტი ამოქმედდება მიმდინარე წლის 15 აპრილიდან როგორც კომერციული ბანკებისთვის, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის. სვოპ- ოპერაციების მაქსიმალური მოცულობა განსაზღვრულია 200-200 მლნ (ჯამში 400 მლნ) აშშ დოლარით. სვოპის მთლიანი თანხა მონაწილეთა შორის ფინანსური ინსტიტუტის საბაზრო წილის პროპორციულად განაწილდება. ამასთან, ზედმეტი კონცენტრაციის თავიდან ასაცილებლად, ერთი ორგანიზაციისთვის დაწესდა მთლიანი მოცულობის 25%-მდე ლიმიტი, რაც მცირე ზომის ფინანსური ინსტიტუტებისათვის რესურსების ხელმისაწვდომობას გაზრდის. სვოპ-ოპერაციების ვადა განსაზღვრულია ერთი თვით, შემდეგი ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიური განახლების უფლებით. მიმდინარე წლის აპრილში შესაძლებელი იქნება ლიმიტის არაუმეტეს 50%-ის ათვისება, ხოლო მაისიდან ლიმიტის სრულად ათვისება იქნება შესაძლებელი.

ამასთან ერთად ლიკვიდობის რისკის შესამცირებლად ეროვნული ბანკი აამოქმედებს მუდმივმოქმედი სვოპის ინსტრუმენტს, რაც ბანკებს საშუალებას მისცემს, საჭიროების შემთხვევაში დამატებით მიიღონ ლარის ლიკვიდობა საჯარიმო საპროცენტო განაკვეთით. საყურადღებოა, რომ ლიკვიდობის მიწოდებით ცენტრალური ბანკი ფულად ნაკადებში პოტენციური დროებითი შეფერხების პრობლემის აღმოფხვრას ემსახურება და არ წარმოადგენს გადახდისუუნარო ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსების წყაროს.

გარდა ამისა, ეროვნული ბანკი 200 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სვოპ- ოპერაციას განახორციელებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), რომლის ფარგლებშიც შესაბამისი ოდენობის ლარის ლიკვიდობას მიაწვდის. როგორც ცნობილია, EBRD საქართველოში მრავალ მნიშვნელოვან პროექტს აფინანსებს. დაფინანსება ხორციელდება როგორც უცხოური ვალუტით, ასევე ზოგ შემთხვევაში ეროვნული ვალუტით. რადგანაც EBRD-ს რესურსი უცხოური ვალუტით აქვს, საქართველოში სხვადასხვა პროექტის ლარით დაფინანსებისთვის EBRD სავალუტო რისკს აზღვევს ბაზრის სხვა მონაწილეებთან. ამ შემთხვევაშიც, გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე სავალუტო რისკების დაზღვევის ფასი საგრძნობლად გაიზარდა. ეროვნულ ბანკთან სვოპ- ოპერაცია EBRD-ს საშუალებას მისცემს, გააგრძელოს საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი პროექტების ლარით დაფინანსება, რაც პოტენციურ ბენეფიციარებს სავალუტო რისკს თავიდან ააცილებს.

ეროვნული ბანკი ამ ვითარებაშიც და შემდგომშიც, როდესაც პანდემიის დასრულების შემდეგ ეკონომიკური ცხოვრება ჩვეულ რიტმში ჩადგება, უზრუნველყოფს საფინანსო სისტემისა და მთლიანად ეკონომიკის საჭირო ლიკვიდობით მომარაგებას.

ჩვენ გირჩევთ

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6 პროცენტით შემცირდა

თბილისი გაზიარებითი ეკონომიკის მხრივ მსოფლიოს 10 ყველაზე მეგობრულ ქალაქს შორის მოხვდა

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6 პროცენტით შემცირდა

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6 პროცენტით შემცირდა

წინა სტატია

მიმდინარე კვირას მოსალოდნელი მთავარი ეკონომიკური ამბები
01 ივნისი, 2020

შემდეგი სტატია

გერმანიის ეკონომიკის სტიმულირების გეგმა, სავარაუდოდ, 75-80 მლრდ ევროს მიაღწევს
01 ივნისი, 2020
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
ახალი გათვლები
მენეჯერები | აგვ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker