ახალი გვერდი

ახალი გვერდი

Forbes Banker-ის სამარკო რეიტინგის ლიდერი თიბისია, რომლის გუნდიც მოქმედებას ირჩევს აქ. ახლა

ბოლო რამდენიმე წელია, თქვენ ამ კომპანიის გზავნილებს აქტიურად იმეორებთ:

#გამარჯობა

#ვინც არ უნდა იყო

#მოდი აქ

#შენ

და ახლა უკვე – #აქ. ახლა

მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს ჩემსავით არ შეუმჩნევია, რომ თუ ამ ფრაზებს შევაერთებთ, მივიღებთ წინადადებას, რომელიც ამ ახალი გზავნილით – მოქმედებას, სიახლეებს და განვითარებას გვპირდება. იმასაც გაგიმხელთ, რომ ეს უბრალო დამთხვევა არ არის – მრავალწლიანი სტრატეგიაა, რომელიც ახალ მრავალწერტილამდე მიგვიყვანს. ჰოდა, დავიწყოთ ასე: მხოლოდ ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემის ყდაზე შეიძლება ხდებოდეს ის, რაც თქვენ თვალში მანამდე მოგხვდათ, სანამ ჟურნალს შეეხებოდით, გადაფურცლავდით და ამ სტატიამდე მოაღწევდით.

“ფორბსის“ სპეცგამოცემაში სრულად არის წარმოდგენილი რეიტინგის ლიდერი, საქართველოს ლიდერი ბანკი – თავისი ტოპმენეჯმენტით. და, რა თქმა უნდა, ყველა იმ მიმართულებით, რაც თიბისის აქცევს არა მხოლოდ ბანკად, არამედ ტექნოლოგიურ კომპანიად – სივრცედ, სადაც რისკების გადაზღვევით ხდება ინოვაციაზე აქცენტირება და მომავლის ტენდენციების ისეთი სიზუსტით განჭვრეტა, რაც მსოფლიოს სრულიად მოულოდნელად თავსდატეხილ პანდემიასაც კი გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლებლობად აქცევს როგორც თავად ამ კომპანიისთვის, ისე მისი ყველა მომხმარებლისთვის. მომხმარებელი აქ შემთხვევითი სიტყვა სულაც არ არის. თიბისის არ ჰყავს კლიენტები.

თიბისის ჰყავს მომხმარებლები. რა სხვაობაა ამ ბოლო ორ წინადადებას შორის, ამას კარგად დაინახავთ, თუ ყურადღებით გამოგვყვებით ამბავში, რომელსაც სრულიად კონკრეტული ფოკუსი აქვს – როგორ იმართება კომპანია, რომელსაც დღეს – აქ და ახლა – ყველაზე კარგი შედეგები აქვს? ჩვენი გზამკვლევები იქნებიან ადამიანები, რომლებიც თიბისის მართავენ და ყველა გადაწყვეტილებაზე აგებენ პასუხს – კარგზეც და ცუდზეც.

ვახტანგ ბუცხრიკიძე – თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი 1998 წლიდან. ფრაზა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა: „ახლა მთავარი გამოწვევა ის არის, რომ როცა დავბრუნდებით ჩვეულ რეჟიმში – ის მონაპოვარი, რაც პანდემიის დროს შევიძინეთ, არ დავკარგოთ და როცა ეკონომიკა გაიხსნება, ჩვენ არ დავბრუნდეთ 2020 წლის თებერვალში და დავრჩეთ იმ კომპანიად, რადაც თიბისი იქცა 2020 წლის მაისში – განსხვავებული კომპანია განსხვავებული სიკეთეებით“.

გიორგი შაგიძე – გენერალური დირექტორის მოადგილე 2010 წლიდან, Barclays Bank Plc–ში გლობალური ოპერაციების აღმასრულებლის გამოცდილებით. დღეს პასუხისმგებელია ფინანსურ მიმართულებაზე. ფრაზა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა: „ბევრი რამ ვისწავლეთ ამ პერიოდის განმავლობაში და ბევრ რამეს – ეს რომ დასრულდება – როგორც შესაძლებლობას, ისე ვუყურებთ. ბევრს რაღაც ახალს გავაკეთებთ“.

თორნიკე გოგიჩაიშვილი – გენერალური დირექტორის მოადგილე 2018 წლიდან, ფინანსური სერვისებისა და ოპერაციების მართვის სფეროში 20-წლიანი გამოცდილებით. დღეს პასუხისმგებელია საცალო საბანკო მომსახურებაზე. ფრაზა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა: „თიბისის კულტურაში და ზოგადად ხასიათში ძალიან არის გამჯდარი აღმომჩენის ღირებულება. ამასთან, ჩვენს ხასიათშია ისიც, რომ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ. ვიღებთ გაზომილ გადაწყვეტილებებს – მთელი ჩვენი რწმენით და შემდეგ ვცდილობთ მათ აღსრულებას. ახლა სწორედ ამ ძიებაში ვართ“.

გოგა თხელიძე – გენერალური დირექტორის მოადგილე 2014 წლიდან, ბარკლის საინვესტიციო ბანკში ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის რეგიონის ფინანსური ინსტიტუტების ჯგუფის ვიცეპრეზიდენტობის გამოცდილებით. დღეს პასუხისმგებელია კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო ბიზნესზე. ფრაზა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა: „არ უნდა ჩავსხდეთ ჯავშანმანქანაში და არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს ცუნამი გადაგვივლის და ჩვენ გადავურჩებით. აუცილებელია ადაპტირება მოვახდინოთ გარემოსთან, გავაგრძელოთ აქტიური მუშაობა, მათ შორის ახალი პროექტების განხორციელება“.

ნინო მასურაშვილი – გენერალური დირექტორის მოადგილე 2006 წლიდან. დღეს პასუხისმგებელია რისკების მართვაზე. ფრაზა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა: „თანამშრომლებთან და მომხმარებლებთან კომუნიკაცია გადამწყვეტია. თანამშრომლების სწორად ინფორმირება და მათი მობილიზება ხელს უწყობს მომხმარებლებთან გამართული კომუნიკაციის პროცესის წარმართვას. დღეს ტრანზაქციების უმრავლესობის შესასრულებლად ფილიალში მოსვლა საჭირო აღარ არის – ყველაფერი გაციფრულებულია და ეს პროცესი გრძელდება.“

ნიკა ქურდიანი – გენერალური დირექტორის მოადგილე 2014 წლიდან, საბანკო ინდუსტრიაში მუშაობის 15 წელზე მეტის გამოცდილებით – აქედან ხუთი წელი მოდის Unicredit Group-ზე ავსტრიაში, თურქეთსა და ყაზახეთში. დღეს პასუხისმგებელია მცირე, საშუალო და მიკროსეგმენტის საბანკო მომსახურებისა, გადახდების ბიზნესსა და მარკეტინგის მიმართულებებზე. ფრაზა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა: „მთავარია, მოახდინო ვითარების ანალიზი და ამ ანალიზმა არ მოგკლას. პანიკაში კი არ ვარდები – ტვინის ერთ ნაწილში ალაგებ გაანალიზებულ მასალას და მეორე ნაწილს უთმობ იმაზე ფიქრს – აქედან რომ გამოვალ, როგორი უნდა ვიყო; აქედან რომ გამოვალ, რა არის ის, რაც მე განმასხვავებს“.

“ფორბსის“ სპეციფიკისა და ამ სტატიის ფოკუსის გათვალისწინებით, წერისას თავში ორი – ჩემი აზრით, მთავარი – კითხვა მიტრიალებდა: ა) რა განასხვავებს ამ ადამიანებს მართვის თვალსაზრისით ისე, რომ დღეს ამ სპეცგამოცემის ყდაზე ხვდება თიბისი და არა სხვა რომელიმე არანაკლებ წარმატებული კომპანია? და ბ) რაში ითარგმნება ამ ადამიანების ხედვა და პიროვნული თვისებები, როგორც კორპორაციულ კულტურაში წარმმართველი როლის მქონე ადამიანების – არა მხოლოდ ინსტიტუციონალურად (ისინი ტოპმენეჯმენტს წარმოადგენენ), არამედ პირველ რიგში, სწორედ იმით, რომ თავად ხდებიან როლური მოდელები 7000–ზე მეტი თანამშრომლისთვის?

თიბისის ტოპმენეჯმენტის უკლებლივ ყველა წევრთან გასაუბრებამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ე.წ. ინსაითი დამიტოვა, რომელსაც ახლა თქვენც გაგიზიარებთ.

პირველი – კომპანიას აქვს მისია და ეს მისია აქვს არა იმიტომ, რომ ვებგვერდზე კარგად გამოჩნდება ან უცხოელ ინვესტორებთან კომუნიკაციას გაამარტივებს, არამედ იმიტომ, რომ ამ კომპანიას ამ მისიის სჯერა.

თიბისი არსებობს იმისთვის, რომ ადამიანებს ცხოვრება გაუმარტივოს.

ამ კომპანიის გენერალურ დირექტორს მიაჩნია, რომ მნიშვნელობა არა აქვს, როგორ შეიცვლება გარემო, COVID-19 იქნება მთავარი გამოწვევა თუ სხვა ფაქტორები, თიბისიმ მისია აუცილებლად უნდა შეასრულოს. „ეს არის ჩვენი კომპანიის მთავარი მამოძრავებელი“, – მეუბნება ვახტანგ ბუცხრიკიძე.

კი, თვითონ შინაარსი – როგორ შეიძლება გესმოდეს გამარტივება დღეს იმასთან შედარებით, თუ როგორ გესმოდა გუშინ – ეს შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ამას მხოლოდ ტაქტიკური გადაწყვეტების ცვლილება მოჰყვება და არა – თვითონ მისიის შეცვლა. ტაქტიკური ცვლილება კი დღეს ის არის, რომ უნდა გამარტივდეს ყველაფერი – არა ხვალ, არა მომავალში, არამედ აქ და ახლა.

არასრულ ორ თვეში, საქართველოს ეკონომიკისთვის სისტემურმა ინსტიტუტმა 7000 თანამშრომლით და 150 ფილიალით ის მოახერხა, რომ თითქმის ბოლომდე ონლაინრეჟიმზე გადაეწყო და ამით კორონასთან ბრძოლა გაუმარტივა როგორც საკუთარ თანამშრომელს, ისე მომხმარებელსაც. „ტექნოლოგიური განვითარება მხოლოდ იმისთვის ხომ არ არის, რომ, უბრალოდ, ტექნოლოგიურობა მოგვწონს? იმისთვის არის, რომ ერთი და იგივე საქმე უფრო ეფექტიანად აკეთო. უფრო ჩქარა აკეთო. ამბობ – მოდი, ეს ტექნოლოგიური სიკეთეები ჩვენს თავს მოვარგოთ. მოვარგოთ რისთვის? იმისთვის, რომ ადამიანს ცხოვრება გავუმარტივოთ“, – ასე ლაკონიურად და გასაგებად ავლებს ლოგიკურ ჯაჭვს ბენქერისთვის ნიკა ქურდიანი.

აქედანვე ჩანს, რომ სათქმელად უფრო ადვილია, ვიდრე ხელშესახებ საქმედ ქცევად – თუმცა შემდეგი დაკვირვება ამ ამოცანას ამარტივებს.

მეორე – კომპანიას აქვს გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი ტენდენციების იმაზე უფრო ადრე განჭვრეტაც ხდება, ვიდრე მათზე რეალური კაპიტალიზების დრო მოვა.

თიბისის კონტექსტში, სტრატეგიული ხედვის საუკეთესო მაგალითი, უდავოდ, დიგიტალიზაციაა. მანამდე, სანამ მსოფლიოს COVID-19 შემოუტევდა, ციფრული პროდუქტებისა და სერვისების განვითარება სასიამოვნო სიახლე იყო, რომელიც, საქართველოს შემთხვევაში, კომპანიის განვითარებაზე მეტს ამბობდა, ვიდრე მომხმარებლის უნარზე, დასწეოდა ამ სიახლეებს. დღეს მსოფლიო პანდემიამ ყველას ერთად დაგვანახვა, რომ 21-ე საუკუნეში ციფრული უნარების გარეშე ვკარგავთ მთავარს – ადაპტაციის უნარს. ასე – გადარჩენისთვის ბრძოლაც უფრო რთულდება და განვითარების პერსპექტივაც მნიშვნელოვნად ფერხდება, რადგან კომფორტის ზონიდან გამოსვლა და მოქმედება აქ და ახლა ყველასთვის თანაბრად ადვილი არ არის.

მაგრამ – თიბისი იმისთვისაა, რომ ადამიანებს გაუმარტივოს ცხოვრება.

ისე გამოვიდა, რომ თიბისიმ აქაც რამდენიმე წლით ადრე იფიქრა. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, თითქმის ათი წლით დაასწრო პანდემიას და ორგანიზაციის შიგნით, სრულიად პოზიტიური დღის წესრიგით, მეტი დიგიტალიზაციის დანერგვა დაიწყო. ეს იყო 2010-2012 წლიდან, როცა მობაილ- და ინტერნეტბანკში დიდი ინვესტიცია განხორციელდა.

რამდენიმე წლის შემდეგ, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ თიბისის პანდემიის გავლენის განეიტრალების საქმეში მნიშვნელოვნად დაეხმარა სწორედ ის ფაქტი, რომ მისი კლიენტების დიდი ნაწილი ინტერნეტ- და მობაილ- ბანკინგის მომხმარებელი აღმოჩნდა. „შესაბამისად, ის მომენტი, რომ ფილიალების არხები შემცირდა და ადგილზე საბანკო ოპერაციების მიღება შეზღუდული იყო – ბევრი პროცესი თუ ტრანზაქცია ისედაც გაციფრულებული აღმოჩნდა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დაგვეხმარა“, – მეუბნება ნინო მასურაშვილი, რომელიც დღეს რისკების მიმართულებას მართავს.

დღეს უკვე ძალიან თვალსაჩინოდ გამოჩნდა, რომ თიბისი ცდილობს, მაქსიმალურად გააციფრულოს ყველაფერი, რაც მარტივ, ტრივიალურ ტრანზაქციასთან არის დაკავშირებული და ფილიალის არხს შეხედოს, როგორც კომუნიკაციის, კონსულტაციის საშუალებას, როცა საქმე უფრო რთულ ტრანზაქციებს ეხება.

მხოლოდ ბოლო ორ თვეს რომ გადახედოთ, მიხვდებით, რამდენი ახალი ციფრული პროდუქტი შექმნა თიბისიმ – მათ შორის, სრულიად ციფრული ბარათი საქართველოში, რომელიც უნიკალურია, რადგან მისი გააქტიურება შეგიძლიათ ნებისმიერ მომენტში, სულ რაღაც წამებში, მობილური აპლიკაციის მეშვეობით ან – ვთქვათ, შეგიძლიათ ონლაინ განვადება დაიმტკიცოთ ისე, რომ არსად მიხვიდეთ და ხელი არაფერს მოაწეროთ, ან – თუ თიბისის თანამშრომელი ხართ, ინტრანეტის საშუალებით მოითხოვოთ შვებულება, გააფორმოთ მივლინება და თავი აარიდოთ ყველანაირ ზედმეტ ბიუროკრატიას. „ივნისის დასაწყისში გვინდა, გავუშვათ ონლაინ ონბორდინგი“, – მიმხელს თორნიკე გოგიჩაიშვილი, რომელიც დღეს საცალო ბანკინგის მიმართულებას მართავს. ონლაინ ონბორდინგი კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს ახალი კლიენტის აქტივაციას – მას შეეძლება მობაილ- ბანკინგის მეშვეობით გაიაროს ციფრული ონბორდინგი, გახდეს მომხმარებელი, გახსნას ანგარიში, აიღოს ბარათი და ისარგებლოს ყველა იმ სერვისით, რასაც თიბისი თავის მომხმარებელს სთავაზობს. „ესეც სრულად ვირტუალურ სივრცეში მოხდება“, – მიხსნის თორნიკე გოგიჩაიშვილი.

თუმცა თიბისი, რა თქმა უნდა, არსად არ მიდის და სადაც საჭიროა, იქ ფიზიკურადაც იქნება, მაგრამ ძნელია, არ დაეთანხმო ტოპმენეჯმენტს, რომ ციფრული განვითარებისთვის ნამდვილად ძალიან ხელსაყრელი პერიოდი დგება. „ჩვენც ციფრულ შეთავაზებებში სიძლიერემ მოგვცა შესაძლებლობა, რომ ადვილად გადავწყობილიყავით და ძალიან სწრაფად მოგვეხდინა ჩვენი ბექ- ოფისების გადალაგება ისე, რომ მინიმუმამდე დაგვეყვანა ჯანმრთელობის რისკები“, – დღეს ასე აანალიზებს ვირუსის გავრცელების უფრო მწვავე დღეებს გიორგი შაგიძე.

თიბისის ტოპმენეჯმენტის აბსოლუტურად ყველა წევრი დღეს ღიმილით იხსენებს იმ დღეს, როცა გადაწყვიტეს, რომ თანამშრომლების გარკვეულ ნაწილს შეეძლო, კვირაში ერთი დღე სახლიდან ემუშავა და ოფისში საერთოდ არ მოსულიყო. „სისტემების გადაწყობას საკმაო დრო მოვანდომეთ, კიბერუსაფრთხოება სერიოზულად დავტესტეთ და მხოლოდ ამის შემდეგ – ვცადეთ“, – იხსენებს ვახო ბუცხრიკიძე.

ისე გამოვიდა, რომ ამ გამოცდილებაზე მოგვიანებით, ძალიან სწრაფად სრულიად ახალი გამოცდილება დაშენდა. „ბექ-ოფისების დაახლოებით 95% გადავაწყვეთ ისე, რომ ადამიანები დღემდე სახლიდან მუშაობენ – თან, ძალიან მალე, როგორც კი რისკი დადგა“, – იხსენებს გიორგი შაგიძე.

აქ თქვენი ყურადღება კიდევ ერთ სტრატეგიულ ხედვაზე უნდა შევაჩერო – ისეთზე, რომელიც ხედვაზე მეტად, გათვლა გამოდგა. „მართლა გავარტყით“, – მეუბნება ვახო ბუცხრიკიძე და ზუსტად ვიცი, ამ ლექსიკას არ შევცვლი. ესეც რაღაც ახალია, არა ბოლომდე ‘ბანკური’ – მათ შორის, ტექნოლოგიური კომპანიის შესაფერისიც, რომელიც კიდევ ერთხელ გაუძლებს კრიზისს, კიდევ ერთხელ ისწავლის ახალ გამოცდილებაზე და კიდევ ერთხელ გაბედავს, იყოს თანამედროვე, იყოს ნოვატორი. მით უმეტეს, რომ გუნდიც, რომელიც ტოპმენეჯმენტს დღეს ზურგს უმაგრებს, იმავე სულისკვეთებით არის მომართული. ამაში თიბისის გენერალური დირექტორის მონათხრობი მარწმუნებს. არავერბალური კომუნიკაცია – თუნდაც, Zoom-ით დასაზღვრული, არასდროს ტყუის.

მოკლედ, ასეთი ამბავია: თანამშრომლებთან მორიგი Zoom-შეხვედრის გამართვის შემდეგ, როცა მენეჯმენტმა ასეულობით მათგანს ანგარიში ჩააბარა, თუ სად არის დღეს კომპანია, რა ეტაპები აქვს უკვე გავლილი და შემდეგ კითხვა- პასუხისთვის, ცხადია, დრო დატოვა – ერთ- ერთმა თანამშრომელმა იხუმრა – გამოგვივიდა, გავარტყით, ეჯაილზე გადასვლაო.

“ეჯაილზე ტრანსფორმაცია, რა თქმა უნდა, დასრულებული არ გვაქვს, მაგრამ ის პროცესები, რომლებიც ჩვენ დაძრული გვქონდა, კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დღეს სწრაფად გადავწყობილიყავით“, – მეუბნება ვახო ბუცხრიკიძე, რომელიც არც იმას უარყოფს, რომ გარკვეული სერვისის დრო შეიძლება გაიზარდა, აქა- იქ მცირე ხარვეზებიც გამოჩნდა, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ არც ერთ მომხმარებელს – ინდივიდუალურს თუ კორპორაციულს – შეფერხება არ ჰქონია.

ამიტომ ეჯაილ- ტრანსფორმაციაც – როცა მართვა პრაქტიკულად ჰორიზონტალური გახდა, როცა ადამიანები ავტორიტეტების, თუნდაც ლიდერების გარშემო კი არ გაერთიანდნენ, არამედ – ამოცანის გარშემო და, შესაბამისად, გუნდებმა უფრო თავისუფლად, უფრო პროაქტიურად დაიწყეს აზროვნებაც და მოქმედებაც – სტრატეგიული ხედვის ის კომპონენტი აღმოჩნდა, რომელმაც გარკვეულწილად ასევე გაუსწრო დროს და იმ გამოწვევებს, რაც დღის წესრიგში სრულიად გაუთვლელად, ყოველგვარი გაფრთხილების თუ შემზადების გარეშე დადგა.

სხვათა შორის, თიბისიმ ამ გამოწვევის შერბილებაც შეძლო – და როგორც გიორგი შაგიძე მიხსნის, მათ შორის, იმ რეპუტაციის წყალობითაც, რომელიც თიბისის საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის კუთხითაც დაუგროვდა. „ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან იმაზე მეტი სესხი შევიპირეთ თუ დავიბევეთ, ვიდრე ნებისმიერ სცენარში შეიძლება დაგვჭირდეს და დღეს, პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ვებრძვით ზედმეტ ლიკვიდურობას“, – მეუბნება გიორგი შაგიძე.

ეს ინსტიტუტები თიბისის დამფუძნებლები 2000 წლიდან გახდნენ. ყინულმჭრელი მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია – IFC აღმოჩნდა და შემდეგ უკვე საერთაშორისო ორგანიზაციები თიბისის ტალღებად ემატებოდა.

2014 წელს თიბისი ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიდა და ორი წლის შემდეგ პრემიუმ- სეგმენტში გადაინაცვლა.

დღეს თიბისის უმსხვილეს აქციონერებში ნახავთ ამერიკელ, ბრიტანელ, შვედ წარმომადგენლებს. „ჩვენ ვართ თითქმის ყველა კონტინენტზე“, – მეუბნება გიორგი შაგიძე. თიბისის კაპიტალში დაახლოებით 25% ამერიკული ინვესტიციებია. თიბისის ჰყავს სამხრეთ აფრიკელი ინვესტორები; ინვესტორები ახლო აღმოსავლეთიდან.

კაპიტალს და აქციონერებს რომ თავი დავანებოთ, თიბისის უამრავი რესურსი აქვს მოზიდული სესხების სახით. შარშან 425-მილიონიანი ბონდები გამოუშვეს, ორი გამოშვება – აქაც ამერიკის წილი თითქმის 30% იყო, მოთხოვნა – ორჯერ მეტი. „მგონია, რომ მმართველობითი სისტემების უმაღლესი ხარისხი, გამჭვირვალობა გვაძლევს ჩვენ – ყველას – სითამამეს, საფუძველს, ნდობას და საშუალებას, რომ კიდევ მეტი რესურსი მოვიზიდოთ, როცა ეს საქმეს სჭირდება“, – მეუბნება გიორგი შაგიძე.

მის ამ სიტყვებს ჩემი შემდეგი დაკვირვებისკენ მივყავარ.

მესამე – კომპანიას არ ეშინია ინოვაციური ნაბიჯების გადადგმის და შემდეგ მათი განვითარების. ერთი რაც უკვე ჩანს და რაზეც ნიკა ქურდიანი ჩემთან ღიად საუბრობს, ის არის, რომ თიბისის ახლო მომავალში ახალი სტრატეგიული განმასხვავებლები დასჭირდება. მცირე, საშუალო და მიკროსეგმენტის საბანკო მომსახურებისა და მარკეტინგის მიმართულებების დირექტორის ლოგიკა ასეთია: „თუ მეოცე საუკუნის მიწურულს და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში კომპანიები ძირითად დიფერენციატორად სწორედ დიგიტალიზაციას იყენებდნენ და ამას უწოდებდნენ ინოვაციურობას, ხვალ ეს ყველასთვის ნორმა გახდება, ამიტომ უკვე გვიწევს ფიქრი კიდევ უფრო მეტად განმასხვავებელ ფაქტორებზე“, – მეუბნება ნიკა ქურდიანი.

ჩემი გადმოსახედიდან ერთი ასეთი მკაფიო განმასხვავებელი ფაქტორი თიბისის უკვე აქვს -ეს ბიზნესების არაფინანსური მხარდაჭერაა. ამ მხარდაჭერის ლოგიკა სინამდვილეში ძალიან მარტივია – განვითარება სჭირდება ყველას. ამიტომაც დღეს ამ პროგრამით უკვე 20 ათასზე მეტი მონაწილე სარგებლობს. მათ ხელი მიუწვდებათ ექსპერტების საუკეთესო ნაკრებზე, რომლებიც მათთვის უფასოდ გასცემენ ღირებულ რეკომენდაციებს. ამიტომ, როცა ამ კონსულტაციებმა Zoom-ში გადაინაცვლა, ერთი მონაწილეც არ დაჰკლებია, პირიქით, მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, რაც უკვე დღეს თიბისის აფიქრებინებს, რომ დროისა და რესურსის დაზოგვის მიზნით, ამ პრაქტიკის გაგრძელება ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა.

რაც შეეხება ბიზნესების ფინანსურ მხარდაჭერას – აქ, როგორც ჩანს, COVID-19 თავის მკაფიო კვალს დატოვებს. „ძალიან დიდ აქცენტს გავაკეთებთ ყველანი, რომ ბიზნესებს ჰქონდეთ ლიკვიდობა იმისთვის, რომ თავიანთი ეკონომიკური ციკლი ამოძრაონ“ – მეუბნება ნიკა ქურდიანი, რომელიც უკვე მუშაობს ისეთი პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც ბიზნესებისთვის ამ ახალი ტიპის გამოწვევას უპასუხებს.

გოგა თხელიძეს მიაჩნია, რომ მთავარია, ამ სიტუაციაში ადამიანებმაც და კომპანიებმაც ისწავლონ, თუ როგორ შეუძლიათ, იყვნენ ეფექტიანები. „კრიზისის მასშტაბის შეფასების შემდეგ, ჩვენი პირველი რეაქცია იყო, რომ ეს არის ძალიან დიდი შოკი ადამიანებისთვის და ბიზნესებისთვის, – მეუბნება კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის დირექტორი. – ამიტომ ჩვენი საწყისი ამოცანა იყო, რომ ეს ფონი დაგვემშვიდებინა. ჩვენს კლიენტების დიდ ნაწილს გადავუვადეთ სესხის ძირის და პროცენტის დაფარვა. ახლა ივნისიდან, ბიზნესთან ერთად დავსხდებით და დეტალურად გავივლით, არსებული რეალობის და შემოსავლების გათვალისწინებით რა ტიპის დაფინანსების სტრუქტურა დასჭირდებათ. “

გოგა თხელიძე ეფექტიანობის კვლევის შედეგებსაც მიზიარებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ ჯამში ბიზნესი თიბისის ეფექტიანობას იმაზე უფრო დადებითად აფასებს, ვიდრე ამის მოლოდინი თავად თიბისის მენეჯმენტს ჰქონდა. „შეიძლება გარკვეული სერვისები ცოტა უფრო გვიან მიდის და ეს წარმოუდგენელი იქნებოდა, სხვანაირად რომ ყოფილიყო, – მეუბნება გოგა თხელიძე, – მაგრამ კვლევაში კარგად გამოჩნდა, რომ დღესაც ჩვენი მომხმარებლები თიბისი ბანკისგან სრულად იღებენ ყველა მომსახურებას. ეს არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენი გუნდის 24 საათიანი შრომის შედეგია, ეს გზა უნდა გავაგრძელოთ ყველა სირთულის მიუხედავად“.

რა შეიძლება იყოს რთული გუნდისთვის, რომელმაც მოიფიქრა სფეისი – სრულად ციფრული ბანკი, რომელიც მხოლოდ აპლიკაციის სახით არსებობს და შეგიძლიათ წაშალოთ? “ჯანსაღი გამბედაობა შევქმენით“, – ასეთია დღეს ამ გუნდის ხედვა.

მართლაც, როცა შენს მომხმარებელს უბიძგებ, რომ ციფრულ პროდუქტებსა და სერვისებზე გააკეთოს აქცენტი, ერთი, რომ ასეთის შეთავაზება უნდა შეგეძლოს და მეორე, მომხმარებელმა უნდა დაინახოს, რომ არა მხოლოდ მას უწევს კომფორტის ზონის თამასის განუხრელად მაღლა აწევა, არამედ შენც – ვინც მას ამისკენ გაუთავებლად უბიძგებ. „სფეისი პირველ რიგში იმის მაგალითი იყო, რომ კომპანიის შიგნით მომხდარიყო ცვლილებები“, – მეუბნება ნიკა ქურდიანი. და ეს ცვლილებები მოხდა. თიბისი თუ ადრე მხოლოდ ბანკი იყო, დღეს ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ბანკი – დღეს სრულფასოვანი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც სრულად პასუხობს 21-ე საუკუნის მთავარ მოთხოვნას – ციფრულ სამყაროსთან მეტ ადაპტაციას.

დღეს “სფეისს“ – პრაქტიკულად მობილურ აპლიკაციას – თავის დანაზოგს, ამ კრიზისშიც კი, 7000-ზე მეტი ადამიანი ანდობს, ხოლო ყოველთვიურად 50 ათასზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. „აქტიური კლიენტების რაოდენობით ბევრ ბანკს შევეჯიბრებით“, – ღიმილით ამბობს ნიკა ქურდიანი.

აქვე – ჩემი შემდეგ დაკვირვება.

მეოთხე – კომპანიას აქვს ამბიციური, მაგრამ კარგად გათვლილი მიზნები და ამოცანები და ყველა ნაბიჯს, რომელსაც ამ მიზნების შესასრულებლად დგამს, მხოლოდ მონაცემებზე დაყრდნობილ ანალიზს აფუძნებს, რადგან გრძნობს პასუხისმგებლობას იმ 5 მილიონამდე მომხმარებლის წინაშე, ვინც საკუთარ დეპოზიტს ან ბიზნესმომავალს სწორედ მას ანდობს.

“ათობით მილიონი დეპოზიტი გვაბარია, – მეუბნება ნიკა ქურდიანი – ამ კონტექსტში ლიდერები ვართ და ხალხის დანაზოგს ვუფრთხილდებით. არანაირი უფლება არ გვაქვს, ჩვენი კრეატიული მიდგომით რაიმე საფრთხე შევუქმნათ მათ დანაზოგს, ამიტომ ამას საფუძვლიანად და ძალიან ფრთხილად ვმართავთ. თუმცა აზროვნების მეორე სტრიმია, რომ თუ კრეატიულები არ ვიქნებით, მათ დეპოზიტებს მეტ სარგებელს ვერ დავარიცხავთ“.

ამიტომ, როცა COVID-19-მდე დაგეგმილ რეგიონულ გაფართოებაზე თიბისიმ უარი არ თქვა, ამაზეც ბევრი და საფუძვლიანად იფიქრა.

ვახო ბუცხრიკიძის მიდგომა ამ საკითხის მიმართ წმინდად ბანკურია. ჯერ ერთი – ეს იქნება კიდევ ერთი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი მისიის შესრულების გზაზე, რადგან თიბისი შეძლებს, გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება ყველგან, სადაც ის იქნება წარმოდგენილი და მეორე – დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება თვითონ თიბისის ინვესტორებისთვისაც.

“აქ მუშაობს ჩვენი საბანკო მენტალიტეტი“, – მეუბნება ვახო ბუცხრიკიძე. ეს მენტალიტეტი კი იმაში მდგომარეობს, რომ თიბისი არ შედის იმ წყალში, რომლის შესახებაც არაფერი იცის, სადაც გამოცდილება არ ჰქონია. უზბეკეთში გაფართოებისთვის კომპანიამ ნიადაგი „სფეისის“ განვითარებით მოიმზადა. „სფეისი“ – როგორც პრაქტიკულად ნეობანკი, საქართველოში უკვე დატესტილია – ამ ბანკს ფიზიკური ფილიალი არ გააჩნია, მაგრამ აქტიური მომხმარებლებიც ჰყავს, საკუთარი საკრედიტო პორტფელიც აქვს და თავისი საშუალო მაჩვენებლებით რამდენიმე ქართულ ბანკზე უფრო მსხვილიც არის.

თიბისი უკვე ივნისში გეგმავს უზბეკეთში პირველი ოპერაციების დაწყებას. „გვინდა, ახალი თაობის ბანკი გავაკეთოთ, – მიხსნის გიორგი შაგიძე, – რომელიც იქნება უფრო მეტად ციფრული, უფრო მეტად ციფრულ ურთიერთობებზე დაყრდნობილი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, უფრო მეტი ვისწავლოთ და შედეგიც უფრო სწრაფად მივიღოთ“.

ამ შეთავაზებას დიდი უპირატესობაც აქვს – არ გჭირდება ძალიან რთულ, ძვირ და მოუქნელ აქტივებში ფულის ინვესტირება. დღეს არსებული გეგმით, უზბეკეთში სულ რამდენიმე ფიზიკური ფილიალი იქნება, რომლებიც უფრო კონსულტაციასა და სწავლებაზე იქნება ორიენტირებული. ამ გამოცდილების დანერგვა კი შემდეგ ალბათ საქართველოშიც გახდება შესაძლებელი.

“ჩვენ გვინდა, მასშტაბის ეფექტს მივაღწიოთ, – მიხსნის თიბისის გენერალური დირექტორი. – ჩვენი სივრცული ტექნოლოგიების განვითარება მოითხოვს ძალიან დიდ ინვესტიციას, რომელიც ყოველწლიურად ათეულობით მილიონია“.

ამ ხედვასთან თანხვდენაშია ის დათქმაც, რაც თიბისის ასევე COVID-19-მდე ჰქონდა გაცხადებული – 10 მილიონი მომხმარებელი 2023 წლის ბოლომდე და არც ამაზე ამბობს დღეს უარს. თიბისის გენერალური დირექტორი კარგად აცნობიერებს, რომ პანდემიის პირობებში ამ ნიშნულის მიღწევა უფრო რთული იქნება, ვიდრე ადრე – მაგრამ საბანკო მენტალიტეტი აქაც თავისას შვრება და აშკარა გამოწვევასთან ერთად, შესაძლებლობასაც ამჩნევს. „ცივი გონებით რომ მივუდგეთ, – მიხსნის ვახო ბუცხრიკიძე, – ეს კარგი შესაძლებლობაა, რადგან თუ ავიღებთ ისეთ კომპანიებს, რომლებიც შეიძლება ჩვენთვის საინტერესო იყოს, მათი ღირებულება დღეს, კრიზისის დროს გაცილებით უფრო შემცირებულია“. თიბისი, როგორც ჩანს, მზად არის, მიიღოს რთული, რისკიანი, მაგრამ სწორი გადაწყვეტილებები და მიაღწიოს საინტერესო დივერსიფიკაციას. დღევანდელი მონაცემებით, ისე როგორც ამას თიბისიში ითვლიან, კომპანიას უკვე 5 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

თიბისიში ისიც კარგად ესმით, რომ მომხმარებლის შენარჩუნება არ გამოვა, თუ ის კმაყოფილი არ იქნება. ამასთან, თიბისისთვის თანამშრომლისა და მომხმარებლის კმაყოფილება ურთიერთგადაჯაჭვული ცნებებია, რადგან ერთი აძლიერებს მეორეს და პირიქით. ნაწილობრივ ამ სინერგიაზეც არის დამოკიდებული ის, თუ რამდენად საუკეთესო იქნება სერვისი, რომელსაც თიბისი მომხმარებელს შესთავაზებს. თორნიკე გოგიჩაიშვილს საუკეთესო სერვისის გაზომვის კონკრეტული პარამეტრები აქვს.

“ჩვენ ალბათ ერთ- ერთი პირველი კომპანია ვართ, რომელმაც საქართველოში სამომხმარებლო გამოცდილების გაზომვა დაიწყო, – მეუბნება თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე, რომელსაც დღეს საცალო ბანქინგის მართვა აბარია. – ჩვენ ვედრებით არა მხოლოდ საბანკო სექტორს, არამედ ყველა ინდუსტრიას საქართველოში, რომ საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება შევქმნათ“.

ეს იმას ნიშნავს, რომ თიბისის ნებისმიერი პროდუქტისა თუ სერვისის დიზაინი ისეა აწყობილი, რომ მის ცენტრში მომხმარებელი აღმოჩნდეს. მთავარი კითხვა, რაც ამ მიმართულებით ამ გუნდში ისმის, არის ის, თუ როგორ იქნება ეს ყველაფერი მარტივი და უფრო ადვილად მისაღები მომხმარებლისთვის და არა ის, თუ რას ფიქრობს თიბისი ამ მიმართულებით. „ ეს, რა თქმა უნდა, ასპირაციულია და ვერ დავიკვეხნით, რომ, 100%-ის შემთხვევაში, ზუსტად გამოგვდის, მაგრამ ჩვენ წლიდან წლამდე, დღიდან დღემდე ამ იდეოლოგიით ვმუშაობთ და ვცდილობთ, სწორედ ასეთი გამოცდილება შევქმნათ“, – ამბობს თორნიკე გოგიჩაიშვილი.

ფაქტია, სერვისში ემოციური კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას გვსიამოვნებს, როცა პროაქტიურად გვიკავშირდებიან, აზრს გვეკითხებიან და პოტენციური პრობლემების იდენტიფიცირებას და პრევენციას მანამ ახდენენ, სანამ ის რეალურ პრობლემად ჩამოყალიბდება. „ეს არის ჩვენი ფილოსოფია“, – მეუბნება საცალო ბენქინგის დირექტორი.

რისკების ნაწილში, ნინო მასურაშვილის თქმით, 10-ბალიანი სკალით რომ აფასებდეს დღეს თიბისის, თუ როგორ გაართვა კომპანიამ თავი პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს, 9 ქულას აუცილებლად დაუწერდა. „კრიზისისთვის ყოველთვის უნდა იყო მზად, – მეუბნება თიბისის რისკების მმართველი. – არ უნდა დაუშვა, რომ რაღაც არ მოხდება. ჩვენ წინასწარ გვქონდა რთული სიტუაციებისთვის გეგმა შემუშავებული, რაც ძალიან დაგვეხმარა. ახლა ყველას მოთმინება და მაქსიმალური მოქნილობა გვჭირდება“.

თიბისის ერთი ახალი ამოცანა შექმნილ ვითარებაში ისიც იქნება, რომ ბიზნესს აქტიურად მოამარაგებს იმ ინფორმაციით, რაზეც თავად მიუწვდება ხელი და ამით შეეცდება, მათთვის მომავლის განჭვრეტა მაქსიმალურად გაამარტივოს. „ეკონომიკის გახსნასთან ერთად, რეგულარულ კვლევებთან ერთად, კვირაში ერთხელ ბიზნესს გავუზიარებთ სწრაფ ინდიკატორებს – მაგალითად: სასტუმროების ჯავშნების დინამიკას, უძრავი ქონების დინამიკას, სუპერმარკეტებში ვაჭრობის დინამიკას – გვინდა, რომ ჩვენთან ერთად ბიზნესიც ხედავდეს, როგორ მიდის განვითარება“, – მეუბნება გოგა თხელიძე.

თიბისის კარგად ესმის, რომ სისტემური ინსტიტუტია და, შესაბამისად, მასზე დიდი გავლენა აქვს ყველაფერს, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში ხდება და ამიტომ მას უნდა ჰქონდეს თავისი გათვლებიც იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოიქცევა ეკონომიკა.

დღეს, ამ პანდემიის პირობებში, როცა მთავარი მახასიათებელი გაურკვევლობაა და განჭვრეტის შესაძლებლობა პრაქტიკულად მინიმუმამდეა დასული, თიბისის იმაზე მეტი სცენარის იმაზე უფრო სკრუპულოზულად გათვლა უწევს, ვიდრე ნორმალურ პირობებში მოუწევდა, თუმცა, როგორც თიბისის გენერალური დირექტორი მარწმუნებს, პანდემიის ტალღა რომ გადაივლის, ეკონომიკის ამოქოქვა არც ისე რთული თემა იქნება.

პრაქტიკულად, ტოპმენეჯმენტის ყველა წევრს სჯერა, რომ ეს კრიზისი იქნება მძიმე, მაგრამ მოკლე – ზუსტად ისე, როგორც ამას EBRD, IMF და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც პროგნოზირებენ.

“მეორე კვარტალი იქნება ძალიან მძიმე ქართული ეკონომიკისთვის, – მეუბნება ვახო ბუცხრიკიძე, – მაგრამ 2008 წლის კრიზისისგან განსხვავებით, დღეს უფრო ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, რადგან ვხედავთ, რომ როგორც დრამატულად მოხდა ეკონომიკის დაცემა, ისე სურათის ამოტრიალებაც ძალიან სწრაფად იქნება შესაძლებელი“.

თიბისის შიდა მოლოდინია, რომ ბაზისურ ვერსიაში, 2022 წელს საქართველო უნდა დაუბრუნდეს ეკონომიკური ზრდის 2019 წლის მაჩვენებელს. ამ ამოტრიალების – როგორც პროცესს ვახო ბუცხრიკიძე აღწერს – მთავარი არხი კომერციული ბანკები და მათ შორის, თიბისიც უნდა იყვნენ, რადგან ყველა ინვესტიცია – იქნება ეს სახელმწიფო თუ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი – ეკონომიკამდე სწორედ კომერციული ბანკების გავლით მოხვდება.

სწორედ აქ ხედავს თიბისის გენერალური დირექტორი დროებით ბანკირის მენტალიტეტის ცვლილების საჭიროებას. ნახევრად ხუმრობით ნათქვამი ცნობილი ფრაზა – ბანკირი ფულს მაშინ გაძლევს, როცა არ გჭირდება და არ გაძლევს მაშინ, როცა გჭირდება – მისთვის დღეს ძალას კარგავს. „ჩვენ შევეცდებით, დაზარალებულ ინდუსტრიებში ცოტა შორს გავიხედოთ, – მეუბნება ვახო ბუცხრიკიძე. – უნდა ვიპოვოთ გზები, რომ გავაგრძელოთ ისეთი პროექტების დაფინანსება, რომლებიც ეკონომიკას ეფექტს მისცემს“.

და ამ დროისთვის ბოლო დაკვირვება – კომპანიას აქვს მკაფიო კორპორაციული კულტურა და ზუსტად იცის, როგორი ადამიანებით და ადამიანებისთვის არის თიბისი. ბოლო ათი წლის განმავლობაში თიბისიმ ორი ძალიან მსხვილი შესყიდვა განახორციელა. ჯერ კონსტანტა ბანკი შეიძინა, შემდეგ კი – ბანკი რესპუბლიკა.   

“არასრულ ორ თვეში, საქართველოს ეკონომიკისთვის სისტემურმა ინსტიტუტმა 7000 თანამშრომლით და 150 ფილიალით ის მოახერხა, რომ თითქმის ბოლომდე ონლაინრეჟიმზე გადაეწყო და ამით კორონასთან ბრძოლა გაუმარტივა როგორც საკუთარ თანამშრომელს, ისე მომხმარებელსაც“.

“მეორე კვარტალი იქნება ძალიან მძიმე ქართული ეკონომიკისთვის, – მეუბნება ვახო ბუცხრიკიძე, – მაგრამ 2008 წლის კრიზისისგან განსხვავებით, დღეს უფრო ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, რადგან ვხედავთ, რომ როგორც დრამატულად მოხდა ეკონომიკის დაცემა, ისე სურათის ამოტრიალებაც ძალიან სწრაფად იქნება შესაძლებელი“.

თიბისის შიდა მოლოდინია, რომ ბაზისურ ვერსიაში, 2022 წელს საქართველო უნდა დაუბრუნდეს ეკონომიკური ზრდის 2019 წლის მაჩვენებელს. ამ ამოტრიალების – როგორც პროცესს ვახო ბუცხრიკიძე აღწერს – მთავარი არხი კომერციული ბანკები და მათ შორის, თიბისიც უნდა იყვნენ, რადგან ყველა ინვესტიცია – იქნება ეს სახელმწიფო თუ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი – ეკონომიკამდე სწორედ კომერციული ბანკების გავლით მოხვდება.

სწორედ აქ ხედავს თიბისის გენერალური დირექტორი დროებით ბანკირის მენტალიტეტის ცვლილების საჭიროებას. ნახევრად ხუმრობით ნათქვამი ცნობილი ფრაზა – ბანკირი ფულს მაშინ გაძლევს, როცა არ გჭირდება და არ გაძლევს მაშინ, როცა გჭირდება – მისთვის დღეს ძალას კარგავს. „ჩვენ შევეცდებით, დაზარალებულ ინდუსტრიებში ცოტა შორს გავიხედოთ, – მეუბნება ვახო ბუცხრიკიძე. – უნდა ვიპოვოთ გზები, რომ გავაგრძელოთ ისეთი პროექტების დაფინანსება, რომლებიც ეკონომიკას ეფექტს მისცემს“.

და ამ დროისთვის ბოლო დაკვირვება – კომპანიას აქვს მკაფიო კორპორაციული კულტურა და ზუსტად იცის, როგორი ადამიანებით და ადამიანებისთვის არის თიბისი.

ბოლო ათი წლის განმავლობაში თიბისიმ ორი ძალიან მსხვილი შესყიდვა განახორციელა. ჯერ კონსტანტა ბანკი შეიძინა, შემდეგ კი – ბანკი რესპუბლიკა. თიბისის გენერალური დირექტორი იხსენებს, რომ ორივე შემთხვევაში, ამ შერწყმამ ცვლილებები გამოიწვია, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს დადებითი ცვლილებები იყო, რადგან ვახო ბუცხრიკიძეს მიაჩნია, რომ თუ კულტურა ახლდება, ის გაცილებით უფრო სიცოცხლისუნარიანიც ხდება. „რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება თიბისიში თიბისის კულტურის მატარებელი, მით უფრო ადვილად მივაღწევთ მიზანს და მით უფრო საინტერესო და ბედნიერების მომტანი იქნება აქ მუშაობა“, – ამბობს ვახო ბუცხრიკიძე.

თიბისის კულტურა სრულიად კონკრეტულ რამეს ნიშნავს და შვიდი ძირითადი და რაც მთავარია, გაზომვადი მახასიათებელი აქვს.

ვახო ბუცხრიკიძე და მისი გუნდი თავის გარშემო იკრებს ადამიანებს – რომლებსაც უნდათ, რომ შინაგანად გამარჯვებულები იყვნენ, რადგან ასეთი ადამიანები, როგორც წესი, ლიდერის თვისებებით გამოირჩევიან და კომპანიაში ახალი მიდგომების დანერგვაში აქტიურად მონაწილეობენ; გახსნილი და ბედნიერი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ეს განცდა მათ გარშემომყოფებსაც გადასდონ – როგორ? იმით, რომ მათთვის საინტერესო საქმეს აკეთებენ, რაც მომხმარებლის ბედნიერებაზეც დადებითად აისახება; ცნობისმოყვარე ადამიანები, რადგან ცნობისმოყვარეობა ალტერნატივების ძიებასაც გულისხმობს და შესაბამისად, მეტ სიახლეს განერგვინებს; შედეგზე ორიენტირებული ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ლაპარაკობენ, არამედ მოქმედებენ კიდეც; ადამიანები, რომლებიც ღია არიან შესაძლებლობებისთვის – მათ შორის, ისეთისთვისაც, რაც შეიძლება რისკთან იყოს დაკავშირებული; კეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც არც თავს იტყუებენ და არც სხვას ატყუებენ და ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ასრულებენ დანაპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იდეები კარგია, მაგრამ არსებობს მიზნებიც და საჯარო კომპანიისთვის ამ მიზნების მიღწევა მნიშვნელოვანია. „100%-ით ამ მახასიათებლებს ვერასდროს მივაღწევთ, მაგრამ იდეა აქ ის არის, რომ მაქსიმალურად დავუახლოვდეთ“, – მიხსნის თიბისის გენერალური დირექტორი.

რას ელოდება თიბისი მომავლისგან? ეს კითხვა, ინტერვიუს ბოლოს, ტოპმენეჯმენტის ყველა წევრს დავუსვი. საინტერესოა, რომ როგორც ამ სტატიის დასაწყისში გაზავნილები ერთ საერთო ფრაზად ავკინძეთ, ზუსტად ასევე ავსებს ერთმანეთს ის მოლოდინები, რაც თითოეული ამ ადამიანისგან სტატიაზე მუშაობის ერთი კვირის მანძილზე მოვისმინე.

ვახტანგ ბუცხრიკიძე: “ყველა კრიზისი არის შესაძლებლობა და ჩემი, როგორც გუნდის ერთ- ერთი წევრის გამოწვევა არის, რომ ეს კრიზისი თიბისისთვის შესაძლებლობად ვაქციოთ“.

გიორგი შაგიძე: “მზად უნდა ვიყოთ უფრო სწრაფი ცვლილებებისთვის – მეტი მოქნილობა, მეტი ციფრულობა. ეს ძალიან ბევრ შესაძლებლობას ქმნის როგორც ქართული ბიზნესისთვის, ისე ახალგაზრდა თაობისთვის, რადგან კონკურენციისთვის ლოკაციას დიდი მნიშვნელობა აღარ ექნება“.

თორნიკე გოგიჩაიშვილი: “ველოდები განვითარებას. გუნდში ყველას მოუსვენარი ხასიათი გვაქვს. რა შეიძლება გავაკეთოთ ახალი და საინტერესო? – ეს არის და კიდევ უფრო მეტად იქნება მთავარი კითხვა“.

გოგა თხელიძე: “2020 წელი რთული, მაგრამ დიდი გამოცდილების მომტანი იქნება. 2021 წელი იქნება გარდამავალი და 2022 წელს როგორც თიბისი ბანკი, ისე ძალიან ბევრი ქართული კომპანია – მათ შორის, ისეთებიც, რომელთა სახელები დღეს შეიძლება საერთოდ არ ვიცით – გახდებიან გაცილებით უფრო ეფექტიანები, მოგებიანები და წარმატებულები“.

ნინო მასურაშვილი: “მჯერა, რომ ძალისხმევას, როცა ის სწორად იხარჯება, მოაქვს შედეგი. კომპანია, რომელიც მიისწრაფვის, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს, ვიდრე დღევანდელი – აუცილებლად განვითარდება“.

ნიკა ქურდიანი: „იქნება ძალიან ბევრი გაურკვევლობა. ტრენდები ძალიან დიდი სისწრაფით შეიცვლება. ადაპტაციის უნარი ბევრ ადამიანს შეიძლება არც აღმოაჩნდეს. ცნობისმოყვარეობა, გამბედაობა, კომფორტის ზონიდან გამოსვლა – ეს დაფასდება“.

პოსტსკრიპტუმის მაგივრად. როგორც „ფორბს ჯორჯიას“ აღმასრულებელ რედაქტორს, ამ წლების განმავლობაში, ბევრ ბიზნესთან მომიწია კონტაქტი, საერთო ენის გამონახვამ ჩემი აზროვნების შტრიხებიც შეცვალა – ისეთი აქცენტების დაჭერა ვისწავლე, რომლებიც ხშირად ბიზნესის სულისკვეთებაზე იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე ის უშუალო პასუხები, რასაც ამ ჩაღრმავებული ინტერვიუირების პროცესში ვიღებ. ბევრჯერ დავრწმუნდი, რომ ერთ- ერთი მთავარი საკითხია, როგორ უყურებს კომპანია და მისი მენეჯმენტი კონკურენციას.

2016 წელს თიბისიმ მთლიანად შეცვალა თავისი ხედვა და თქვა, რომ უნდა გახდეს რეგიონში ყველაზე ძლიერი ციფრული ფინანსური მომსახურების მიმწოდებელი კომპანია. ამას მოჰყვა ის, რომ თიბისიმ დაიწყო შედარება ვთქვათ, აფთიაქებთან, რომლებიც მომსახურების კარგი ხარისხით არიან ცნობილები; სასტუმრო სექტორთან, რომელიც ასევე სერვისშია; სწრაფი კვების ობიექტებთან, რომლებიც მომსახურების სისწრაფესა და ეფექტიანობას აქცევენ უფრო მეტ ყურადღებას. შესაბამისად, როცა ვამბობთ, თიბისის კონკურენტი, საფინანსოს მიღმა, ეკონომიკის ძალიან ბევრ სექტორს ვგულისხმობთ. ეს ერთი და მეორე – ამ ყდის ყველა გმირი და ჩემი რესპონდენტი ძალიან ფრთხილად არჩევს სიტყვებს, როცა ისეთ თემებს ეხება, სადაც კონკურენცია მაღალია და შესაძლოა, მკითხველმა თიბისის მიღწევებზე აპელირება სხვისი სისუსტის წარმოჩენად მიიღოს.

ესეც ალბათ კორპორაციული კულტურის ამბავია.

თავში დაგპირდით, თუ ბოლომდე გამომყვებით დაკვირვებებში, აუცილებლად გაიგებთ, რატომ მომხმარებელი და არა – კლიენტი- მეთქი და აი – ამიტომ.

ჰოდა, თქვენ – ვინც ხართ ან არ ხართ თიბისის მომხმარებელი, თქვენ – ვინც შესაძლოა, აფასებთ ამ გუნდის ძალისხმევას, მაგრამ არ თვლით მას საკმარისად; თქვენ – ვინც შესაძლოა, ამ სტატიას კითხულობთ და სესხის ტვირთის თუ სხვა პრობლემების გამო, არც ერთ ჩემს სიტყვას არ ეთანხმებით – მე თქვენც გეკითხებით, რას ელოდებით თიბისისგან აქ. ახლა?

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *