ცვლილებების დროა

კერძო სექტორს კონსულტაცია ახლა ისე სჭირდება, როგორც არასდროს. სამი წლის წინ დაარსებული C-Team Management Consulting-ი ბიზნესს მოგებაზე ორიენტირებულ ცვლილებებს სთავაზობს. 

C-team-ის შემქმნელებმა ცოდნა და გამოცდილება საკონსულტაციო ბიზნესის შესახებ აშშ- დან, იტალიიდან და გერმანიიდან წამოიღეს. ევროპული და ამერიკული განათლებითა და გამოცდილებით საქართველოში ჩამოვიდნენ და იმ სფეროში დაიწყეს საქმიანობა, სადაც ყველაზე მეტი დეფიციტი დაინახეს. "რატომ დაბრუნდნენ საქართველოში”? ამ კითხვაზე მათი პასუხი ასეთია: "ჩვენ გვაქვს ამბიცია დავაწესოთ ევროპული სტანდარტის მომსახურების ხარისხი საქართველოს ბაზარზე“.

ამბიცია დიდია, დახმარებისა და რჩევების მიღების მსურველი ბიზნესების რიცხვი კი მზარდი. COVID-19-მა აქამდე წარმოუდგენელი გამოწვევების წინაშე დააყენა ბიზნესსამყარო. მძიმეა ვითარება ქართულ რეალობაშიც, სადაც კომპანიებს ნაკლები გამოცდილება აქვთ სცენარების პროგნოზირებისა და შემდეგ ამ სცენარების ფარგლებში სტრატეგიული გეგმების შემუშავების კუთხით. სწორი სტრატეგია კი ბიზნესის განვითარების ბირთვია.

C-team-ის დამფუძნებლების თქმით, სტრატეგია კრიზისის არა მარტო გადასავადებელი, არამედ კრიზისიდან ძლიერი პოზიციებით გამოსვლის მთავარი იარაღია.

"ქართულ ბიზნეს სექტორში ხშირად გაურბიან გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობას, რადგან მიაჩნიათ, რომ მომავალი ბუნდოვანია. ჩვენი პასუხი კი ასეთია: სწორედაც რომ გაურკვევლობას უნდა გაუსწოროს კომპანიამ თვალი, გარე ფაქტორების იდენტიფიცირება მოახდინოს, დაგეგმოს ამ გარე ფაქტორების შესაძლო განვითარების სცენარები და შემდეგ სხვადასხვა სცენარების ფარგლებში შეიმუშაოს სტრატეგიული განვითარების გეგმა“, ამბობს C-team-ის დამფუძნებელი დავით ქარდავა და განმარტავს, რომ სწორედ ამ მოდელს იყენებენ ისინი კომპანიების დასახმარებლად, რაც ამართლებს კიდეც. სამი წლის განმავლობაში მათ 11 სექტორსა და 35 პარტნიორ კომპანიაში 40-მდე პროექტი დაუგროვდათ.

C-team-ის გუნდის წევრები ქართულ კომპანიებში ერთ- ერთ მთავარ პრობლემად ორგანიზაციული მართვის მოდელს მიიჩნევენ. თანამშრომლების მართვა ხდება Top-Down-პრინციპით, რის შედეგადაც ქართულ კომპანიებში ხშირად არ იგრძნობა, რომ მენეჯმენტი და თანამშრომლები ერთ საქმეს ემსახურებიან თანამშრომლებმა არ იციან გარკვევით, რა კავშირია მათ საქმიანობასა და კომპანიის წარმატებას შორის.

გარდა ამისა, ბიზნესკონსულტანტები საქართველოში მთავარ პრობლემად შიდა ორგანიზაციული სტრუქტურებისა და სუბორდინაციული პროცესების გაუმართაობას ასახელებენ, რის გამოც კრიზისის შემთხვევაში კომპანიები შოკიდან გამოსვლას მალე ვერ ახერხებენ, და ეს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ნათლად გამოჩნდა.

„ვერტიკალური მმართველობა არის პრობლემა. გამართულ ორგანიზაციულ სტრუქტურაში ქვედა რგოლის თანამშრომლებისთვის თავზე დადგომა არ არის საჭირო, ეფექტიანი მართვა ამის გარეშეც შესაძლებელია, თუმცა ამას შესაბამისი ორგანიზაციული და სამოტივაციო სისტემა სჭირდება. წარმატებულ კომპანიებში ეს დანერგილია. ამასთან, მაგალითად, ევროპაში ბიზნესუწყვეტობის გეგმები და კრიზისების მართვის მოდელები აქვთ და როდესაც ეს აქვს კომპანიას, შოკურ მდგომარეობაში შეიძლება ჩავარდეს, მაგრამ მალევე გამოვიდეს“, ამბობს დავით ქარდავა.

პანდემიის პერიოდში ქართული კომპანიები C-team-ს კრიზისების მართვისა და ხარჯების შემცირების მიმართულებით მიმართავდნენ დახმარებისთვის, თუმცა ბოლო რამდენიმე კვირაა, მოთხოვნა გაიზარდა საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებაზე. C-team-ის გუნდის აზრით, ეს იმის მანიშნებელია, რომ კომპანიები ნელ- ნელა გამოდიან კრიზისის შოკიდან და ფეხს უწყობენ შექმნილ ვითარებას.

კონსულტანტები ბიზნესკომპანიებს გამოსავლის სტანდარტულ გზებს არ სთავაზობენ, ორგანიზაციის გუნდი ინდივიდუალურად შეიმუშავებს სამოქმედო გეგმებსა და სტრატეგიებს თითოეული კომპანიისთვის და მათ ამის დანერგვაში ეხმარება.

          

"პირველი, რასაც ვაკეთებთ, არის შიდა ანალიზი. თავდაპირველად ღრმად უნდა გავიცნოთ კომპანია და გავაანალიზოთ, რა გამოწვევების წინაშე დგას ის. არის ხოლმე შემთვევები, როდესაც კომპანია კონკრეტული პრობლემებით მოგვმართავს, თუმცა შშიდა ანალიზის საფუძველზე ხშირად სხვა, დამატებითი პრობლემებიც იკვეთება, ამიტომაცაა მნიშვნელოვანი ჩვენ მიერ კომპანიაში ჩატარებული დეტალური ანალიზი“, აღნიშნა C-Team-ის პროექტების დირექტორმა ნათია ჭინჭარაულმა. მისივე თქმით, განსაკუთრებით ხშირია, როდესაც მათ ორგანიზაციული სტრუქტურის ოპტიმიზაციის მიზნით მიმართავენ. ერთ- ერთი ბოლო მსგავსი პროექტი ჯიპიაი ჰოლდინგში“ განახორციელეს.

სადაზღვევო კომპანიამ ორგანიზაციული სტრუქტურის დიაგნოსტიკისა და ბიზნესპროცესების ანალიზის მიზნით გადაწყვიტა, პროფესიონალი კონსულტანტებისთვის მიემართა. C-Team- ის გუნდის მიერ მომზადებული განვითარების პროგრამა უკვე მზადაა. მისი დანერგვა კორონავირუსის პანდემიამ დროში მცირედით გადაავადა, თუმცა პროცესი გრძელდება. როგორც "ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე ამბობს, მათ ბიზნესკონსულტანტებთან ერთად ორგანიზაციაში მასშტაბური სამუშაო ჩაატარეს: "ვხედავდით, რომ გარკვეული სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები არ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს და აღარ შეესაბამებოდა კომპანიის სტრატეგიას, ასევე დავინახეთ ოპტიმიზაციის საჭიროება, რათა უფრო ხარჯთეფექტიანად გვემუშავა, ამიტომაც გადავწყვიტეთ, გარეშე კონსულტანტებისთვის მიგვემართა. ძალიან დიდი მოცულობის სამუშაო შესრულდა, დაგეგმილზე მეტიც კი და ამისთვის მადლობა მინდა, მათ გადავუხადო”.

როგორც წესი, მსგავსი ოპტიმიზაციის საჭიროების დროს, საქართველოში კომპანიები ძირითადად შიდა რესურსს იყენებენ, რაც, პაატა ლომაძის თქმით, არაეფექტიანია რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი ამას სჭირდება ძალიან დიდი ადამიანური რესურსი და თუ კომპანიის თანამშრომლების ნაწილი თავის სამუშაოს მოსწყდა და მენეჯმენტ- -კონსულტაციებზე გადაერთო, ეს კომპანიისთვის არახარჯთეფექტიანი იქნება. მეორე ამ მიმართულებით შესაბამისი კვალიფიკაცია და სპეციალიზაციაა საჭირო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოწვეული ექსპერტები გეხმარებიან, გვერდიდან დაინახო კომპანიის როგორც ხარვეზები, ასევე შესაძლებლობები და სრულყოფილად გააზრებული ცვლილებები განახორციელო. ადამიანები, რომლებიც გარედან დროებით აგყავს კონსულტანტებად, მაქსიმალურად კონცენტრირებულად მუშაობენ ამ პროექტზე, რაც უფრო შედეგიანიცაა და ხარჯთეფექტიანიც“, განმარტა "ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალურმა დირექტორმა.

     

ევროპასა და ამერიკაში ე.წ მენეჯმენტ - და ბიზნესკონსალტინგის სერვისი განვითარებულია და კონკურენციაც დიდია. საქართველოში კონსალტინგი ნაკლებად პოპულარულია. დავით ქარდავას თქმით, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ორგანიზაციული სტრუქტურის ოპტიმიზაცია ითხოვს განსაკუთრებით ფრთხილი და პროფესიონალური ცვლილებების მართვას, ამიტომაცაა საჭირო ამ პროცესში საქმის სპეციალისტების ჩართვა. საქართველოში გამოწვევაა ის, რომ ჩვენ გვიწევს ბაზრის შექმნა, იმიტომ რომ, ფაქტობრივად, არ არსებობს მენეჯმენტ-კონსალტინგი“. ჩვენ გვიწევს კომპანიების დარწმუნება, რომ ჩვენი სპეციფიკური გამოცდილება აუცილებელია მათი განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, მათ გამოცდილებასთან ერთად“, აღნიშნა C-Team-ის დამფუძნებელმა. კიდევ ერთი გამოწვევა, რომელსაც C-Team-ის გუნდი აწყდება საქართველოში, არის კვალიფიციური კადრების სიმწირე ამ მიმართულებით. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან ეს ბაზარი ნაკლებად განვითარებულია, შესაბამისად, ამ სფეროში გამოცდილი ადამიანებიც ნაკლებია. ევროპაში მუშაობისას ვხედავდი, რომ ძალიან ბევრს ჰქონდა მენეჯმენტ- და ბიზნესკონსულტაციებში გამოცდილება და ამ მხრივ კონკურენციაც დიდი იყო. საქართველოში კი მენეჯმენტ-კონსალტინგი“ საწყის ეტაპზეა. ჩვენს კომპანიას მაღალი ხარისხი უჭირავს, გაზრდა გვინდა, მაგრამ ამას ვერ ვახერხებთ, რადგან კონსალტინგში გამოცდილი, კვალიფიციური თანამშრომლების პოვნა ჭირს. ამიტომაც არის ჩვენი გუნდი ძირითადად უცხოეთიდან დაბრუნებული სპეციალისტებით დაკომპლექტებული“, აღნიშნა დავით ქარდავამ.

C-Team-ში ახლა ჯამში შვიდი ადამიანი მუშაობს, მათგან სამი მენეჯმენტში. ბიზნესსაკონსულტაციო ბაზარზე თითქმის მარტოდ დარჩენილი კომპანია იმედოვნებს, ამ საქმიანობისადმი საქართველოში თანდათან ნდობასაც გაზრდიან და ახალ კადრებსაც გამოწვრთნიან. მართალია, ეს ხანგრძლივი პროცესია, თუმცა სწორი სტრატეგიით და მიზანმიმართული მუშაობით გრძელვადიან პერსპექტივაში ეს სავსებით შესაძლებელია, აცხადებენ C-Team-ის კვალიფიციური ბიზნესკონსულტანტები.

ჩვენ გირჩევთ

საქართველო და COVID-19: მყარი საფუძველი ეკონომიკის მრავალმხრივი და ინკლუზიური აღდგენისთვის

მომავლის ჯანმრთელობის დაზღვევა

საქართველო და COVID-19: მყარი საფუძველი ეკონომიკის მრავალმხრივი და ინკლუზიური აღდგენისთვის

საქართველო და COVID-19: მყარი საფუძველი ეკონომიკის მრავალმხრივი და ინკლუზიური აღდგენისთვის

წინა სტატია

Germany to buy stake in CureVac as world races for Covid-19 vaccine
16 ივნისი, 2020

შემდეგი სტატია

The Gloves Kingdom Has Been Minting New Billionaires
16 ივნისი, 2020
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker