Space-ოდისეა

Space-ოდისეა

2017 წელს ხუთკაციანი გუნდით დაწყებული Space-ი დღეს ციფრული ბანკების ამომავალი ვარსკვლავია, ასიათასობით მომხმარებლით საქართველოში და, წლის ბოლომდე, ამ ქვეყნის მიღმაც.

“ვფიქრობდით, რომ საქართველო პატარა ბაზარია, ალბათ აქ დიდი მოთამაშე არ შემოვა, მაგრამ ვიღაცამ შეიძლება სცადოს და რატომ არ უნდა ვცადოთ პირველებმა ჩვენ… თიბისისვე გაუწიოს ჩვენმა ნეობანკმა კონკურენცია“, ამბობს თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე და ნეობანკ Space-ის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ნიკა ქურდიანი.

ნეობანკი 100%-ით ციფრული ბანკია, რომლის მომხმარებელიც ფილიალის ნაცვლად აპლიკაციაში შედის. ციფრული ბანკების აღმასვლა, ერთი მხრივ, ტექნოლოგიური განვითარების, მეორე მხრივ კი მომხმარებლების ქცევის ცვლილების შედეგია. ნაღდი ფულის გამოყენების სიხშირე იკლებს, მომხმარებელი ფინანსურ ოპერაციებს ონლაინ დღითი დღე უფრო ხშირად ახორციელებს. Space-ის მომხმარებელმა ეს უპირატესობა განსაკუთრებით იგრძნო პანდემიის პირობებში. ამასთან, პირველი ქართული ციფრული ბანკი “ქლაუდზე“ ბაზირებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომლის უპირატესობა კრიზისის პერიოდშიც კარგად გამოჩნდა. “ორ დღეში გადაეწყო Space-ი. უბრალოდ ოფისის კარი ჩავკეტეთ და ამით დამთავრდა ჩვენი გადალაგება ახალ რეჟიმზე“, ამბობს ქურდიანი.

ნეობანკის შექმნის იდეა თიბისიში სამი წლის წინ გაჩნდა. ლაშა გურგენიძე, გუგა ბიგვავა, გიორგი კაპანაძე და ნათია სვანიძე შეუდგნენ მის განხორციელებას. მათთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში, აქტიურად იყვნენ ჩართულები ნიკა ქურდიანი და ვახტანგ ბუცხრიკიძე. 2018 წელს პირველი ქართული ნეობანკი გაეშვა, დღეს კი Space-ის ანგარიშზე უკვე 200,000 მომხმარებელია. ქვეყნისთვის ეს პროპორციულად მაღალი მაჩვენებელია. ნეობანკების მომსახურებით მსოფლიოში ჯერ დაახლოებით 40 მილიონი ადამიანი სარგებლობს, თუმცა ხუთი წლის განმავლობაში ამ რაოდენობის 100-ჯერ გაზრდას პროგნოზირებენ, რაც მსოფლიო მოსახლეობის თითქმის ნახევარს აღწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბაზრის მოცულობა $0.5 ტრილიონს გადააჭარბებს.

Space-ი მომხმარებელს სტანდარტულ საბანკო პროდუქტებს სთავაზობს, ესენია: დეპოზიტი, განვადება, სესხი, ანგარიშის გახსნა, გადახდები, გადარიცხვები, სფეის- ბარათი და ა.შ. კომპანია ცდილობს, არ გასცდეს ყველაზე მოთხოვნად, ყოველდღიურ ფინანსურ სერვისებს: “არ გვინდა, დავხუნძლოთ Space-ის აპლიკაცია ყველანაირი პროდუქტით, ის ძალიან მარტივი უნდა იყოს – აპლიკაციაში რომ შეხვალ, არ უნდა დაგხვდეს უამრავი სხვადასხვა ღილაკი“, აღნიშნავს ნიკა ქურდიანი.

პროდუქტების მიწოდების ფორმაც არასტანდარტული და სახალისოა. მაგალითად, თუ ქალაქში მოპედზე ამხედრებულ კურიერს მოჰკრავთ თვალს, იცოდეთ, ეს Space-ის პილოტია, რომელსაც ბარათი კიდევ ერთ ახალ მომხმარებელთან მიაქვს. კომპანია თითქოს ცდილობს, კურიერის შესახედაობაც კი ინოვაციური იყოს. ამ ინოვაციური გარსის მიღმა ტექნოლოგიური ბირთვია, რომელმაც თავისი ორბიტის გარშემო ფინტექის ენთუზიასტები მიიზიდა. როგორც ბევრ ტექნოლოგიურ კომპანიას ახასიათებს, Space-იც ხუთკაციანი ჯგუფით დაიწყო, ახლა კი გუნდი უკვე 100-ზე მეტი პროფესიონალითაა დაკომპლექტებული.

     

“ყველა თანამშრომელი შერჩეული არის კულტურული შესაბამისობის მიხედვით. ანუ რამდენად იყვნენ ისინი ისეთი პროფესიული კულტურის მატარებელი, რაც ფინანსურ ტექნოლოგიებს სჭირდება. სათითაოდ გვყავს ამორჩეული ხალხი“, აღნიშნავს ნიკა ქურდიანი.

“სფეისში” ყველა ახალი თანამშრომელი გადის ე.წ. culture fit-ის პროცესს, სადაც ყველაზე დიდი ყურადღება სწორედ შიდა კულტურის გაცნობას ექცევა. ჩვენ შევქმენით შიდა კულტურის პატარა წიგნი, სადაც თავმოყრილია ჩვენი მიდგომები, ღირებულებები და ხედვები. ამ წიგნს, რომელსაც ბლოკნოტის ფუნქციაც აქვს, ვურიგებთ ყველა ახალ სფეისელს. ვთვლით, რომ სწორედ ამ ძირითად პრინციპებში თანხვდენა განაპირობებს ჩვენს ეფექტიან და სასიამოვნო ერთობლივ მუშაობას“, ამბობს ნათია სვანიძე, რომელმაც შიდა კულტურის დოკუმენტის შექმნაზე იმუშავა.

ნეობანკების მომხმარებლები მსოფლიოში მეტწილად ახალგაზრდები არიან, რომლებიც ტექნოლოგიებში კარგად ერკვევიან და ცხოვრების გამარტივების გზებს ეძებენ. საქართველო ამ მხრივ განსხვავებული არაა. Space-ის მომხმარებელთა ასაკი ძირითადად 35 წლამდეა. “მათ აინტერესებთ ახალ-ახალი რაღაცები, ისინი ცნობისმოყვარეები არიან“, ამბობს ნიკა ქურდიანი.

მენეჯმენტი ე.წ. Customer Centric მიდგომას იყენებს ანუ ბიზნესს მომხმარებლის საჭიროებებზე ადაპტირებით ავითარებს. მილენიალებთან ეფექტიანი კომუნიკაცია მეტი უშუალობით მიიღწევა. ამის კარგი მაგალითია Space-თან უკუკავშირისთვის შექმნილი Facebook-ჯგუფი, სადაც მიზნობრივად შერჩეული ასობით ადამიანი Space-ის სერვისებსა და გეგმებს განიხილავს. უკუკავშირის დახვეწილი სისტემა Space-ს არსებული პროდუქტების სრულყოფასა და ახლის დამატებაში ეხმარება.

მომდევნო სიახლე, რასაც წლის მეორე ნახევარში უნდა ველოდოთ, უკვე არა საცალო მომხმარებლისთვის, არამედ ბიზნესისთვის იქნება: ჩვენ ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ ბიზნესების უკეთ მომსახურებაში, ძალიან ბევრი რამ არის გასაციფრულებელი“, ამბობს ნიკა ქურდიანი.

Space-ი უკვე მილიონჯერ ჩამოტვირთეს, რაც ქართული აპლიკაციისთვის ფენომენალური მაჩვენებელია. დარეგისტრირებული 200,000 ადამიანიდან ყოველთვიურად აქტიურია 60,000 მომხმარებელი და მათი რაოდენობა მუდმივად მზარდია, განსაკუთრებით კი ფიზიკური დისტანცირების პირობებში.

საქართველო კორონაკრიზისამდეც ციფრული საბანკო სერვისების სწრაფი პროგრესით ხასიათდებოდა. 2017 წლიდან მკვეთრად იზრდება მობილური ბანკის გამოყენება როგორც რაოდენობრივი, ასევე თანხობრივი მაჩვენებლებით. ბოლო სამი წლის განმავლობაში მობილური ბანკით განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა და მისმა წილმა ინტერნეტ- და მობილური ბანკით განხორციელებულ მთლიან ტრანზაქციებში 37% შეადგინა. ამასთან, 2019 წლის განმავლობაში საქართველოში მობილური აპლიკაციით 89 მილიონი გადახდა შესრულდა, რაც თანხობრივად 2.8 მილიარდი ლარია. “ინოვაციური პროდუქტებისა და გადახდების განვითარებამ საბარათე ინსტრუმენტის მოწყობილობების ინფრასტრუქტურის განვითარებას და ახალ გადაწყვეტებთან თავსებადობის უზრუნველყოფას შეუწყო ხელი“, აღნიშულია სებ-ის ანგარიშში.

საქართველოში საბანკო და ფინანსური ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ახალ საექსპორტო შესაძლებლობებს აჩენს. Space-ს ჯერ სამი წელიც არ შესრულებია და უკვე სხვა ბაზრებზე უჭირავს თვალი. ის მალე გამოჩნდება უზბეკეთში, შემდეგ კი გერმანიაში. უზბეკეთში თიბისის პლატფორმულ მომსახურებას Space-ი გაუწევს, ანუ უზბეკეთისთვის თიბისი Space-ის ტექნოლოგიას იქირავებს. Space-ი უზბეკეთისთვისაც პირველი ციფრული ბანკი იქნება.

როგორც აპრილში თიბისი უზბეკეთის ხელმძღვანელმა სანდრო რთველაძემ Forbes Uzbekistan-ს განუცხადა, ქვეყანაში ოპერირების პირველ წელს ბანკი ინდივიდუალურ მომხმარებელზე იქნება ფოკუსირებული, 2021 წლიდან კი ბიზნესებთან მუშაობაც დაიწყება. მოლოდინი ასეთია: პირველ წელს ბანკს $6-8 მილიონი დოლარის დაბანდება დასჭირდება, მესამე წელს კი შემოსავალი ხარჯებს გადააჭარბებს.

თიბისის Space-ოდისეასთან დაკავშირებით პროექტის ხელმძღვანელებს პოზიტიური მოლოდინები აქვთ. “უკვე დაიწყო იქ თიბისიმ მუშაობა და გვყავს 2.5 მილიონი მომხმარებელი გადახდების კონტექსტში. ახლა უკვე სესხების კონტექსტშიც დავიწყეთ ოპერირება, საბანკო ლიცენზიაც მივიღეთ“, აღნიშნა ნიკა ქურდიანმა.

რაც შეეხება გერმანიას და მის დედაქალაქ ბერლინს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაბია Fintech-ის მიმართულებით, Space-ი იქ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში გეგმავს ოპერირების დაწყებას. პირველ ქართულ ნეობანკს სურს, რომ იქ ერთ- ერთ გერმანულ ბანკთან პარტნიორობით მომხმარებელს ყოველდღიურ საბანკო პროდუქტებთან და სერვისებთან ერთად, დაკრედიტება, ფულადი გზავნილები და საერთაშორისო კომუნალური გადახდები შესთავაზოს. სერვისი ძირითადად გერმანიაში მცხოვრებ ქართველებზე იქნება ფოკუსირებული.

“მერე უკვე გადავალთ ისეთ ქვეყნებში, სადაც გვეგულება დიდი ქართული დიასპორა, იქნება ეს საბერძნეთი, იტალია თუ ესპანეთი და, ბუნებრივია, ლოკალურ მომხმარებელსაც მოვემსახურებით“, ამბობს ნიკა ქურდიანი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *