ორმხრივი სარგებელი

ორმხრივი სარგებელი

საქართველოში გენდერული თანასწორობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერება 2013 წელთან შედარებით ამაღლებულია, თუმცა, კვლავ პრობლემად რჩება უთანასწორო დამოკიდებულება ქალების საზოგადოებრივ ცხოვრებაში  მონაწილეობასთან დაკავშირებით და მათი ლიდერობის მიმართ. აღნიშნული შედეგი აჩვენა გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. კითხვაზე თუ რას მიიჩნევენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისას ყველაზე დიდ დაბრკოლებად, ქალები პასუხობენ, რომ მოვალეობებს ოჯახში, რაც მამაკაცსა და ქალს შორის არათანაბრად არის გადანაწილებული. კვლევა შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში. Forbes Georgia შვედეთის ელჩს საქართველოში ულრიკ იდერსტრომს ესაუბრა, რომელიც გენდერული თანასწორობის დიდი მხარდამჭერია.

კვლევამ “კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ გამოავლინა, რომ ქალებს კაცებზე დაბალი ყოველთვიური შემოსავალი აქვთ საქართველოში. მსგავსი ტენდენცია მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებშიც შეინიშნება, თქვენი აზრით, როგორ უნდა უპასუხოს ამ გამოწვევას ქვეყანამ?

თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. შვედეთშიც არის სხვაობა მამაკაცებისა და ქალების ხელფასებს შორის. ეს სხვაობა უნდა აღმოიფხვრას. ვფიქრობ, არსებობს სტრუქტურული დაბრკოლებები, რომლებიც ყველამ უნდა გადავლახოთ. აქ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ ძველი სტერეოტიპებისგან უნდა განვთავისუფლდეთ – მაგალითად, იმ მოსაზრებისგან, რომ ქალმა უნდა აიღოს მთელი პასუხისმგებლობა საოჯახო საქმეებისთვის.

ასევე ვფიქრობ, რომ სტატისტიკა და ფაქტები ხელისშემწყობია. შვედეთი, როგორც საქართველოს ერთ-ერთი საერთაშორისო პარტნიორი აქტიურად თანამშრომლობდა „საქსტატთან“ ამ კუთხით. საჭიროა მონაცემები, მაგალითად როგორიცაა ქალებისა და მამაკაცების მუშაობის ხანგრძლივობა, ისინი მუშაობენ სრულ თუ ნახევარ განაკვეთზე, როგორია ხელფასები და როგორია თანამდებობები გადანაწილებული. ვფიქრობ, თუ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი სტატისტიკის გაუმჯობესებას, უფრო იოლი იქნება მოვარგოთ შესაბამისი პოლიტიკა საჭირო რეფორმებს, რათა შემცირდეს და აღმოიფხვრას სხვაობა ანაზღაურებებს შორის.

ამასთან, დამსაქმებლებს მათ შორის კერძო სექტორში, აქვთ ნამდვილად მნიშვნელოვანი როლი ამ საკითხის მოგვარებაში. რათა შექმნან ანაზღაურების ნათელი კრიტერიუმები. ჩვენ ვეცადეთ ეს გაგვეკეთებინა, სადაც სქესს არ ექნებოდა მნიშვნელობა და ანაზღაურების განსაზღვრა მხოლოდ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით მომხდარიყო. ამაზე ყველა ქვეყანაში ყველა დამსაქმებელმა უფრო მეტი უნდა იფიქროს.

იცვლება წარმოდგენა ბიზნესში ქალის როლის შესახებ. 2019 წელს საქართველოში გამოკითხულთა 39% ფიქრობდა, რომ კაცები უკეთესი ბიზნეს ლიდერები არიან, ვიდრე ქალები. 2013 წელს ამ აზრს გამოკითხულთა 58% იზიარებდა. როგორ ფიქრობთ, ეს რისი დამსახურებაა? სად უნდა გავააქტიუროთ მუშაობა?

ეს საკმაოდ პოზიტიური და წამახალისებელი ტენდენციაა. როგორც ჩანს, ეს დამოკიდებულებების უფრო ფართო ცვლილების ნაწილია. ეს ასევე დაეხმარება საქართველოს და ნებისმიერ ქვეყანას, რომ ჰქონდეს უფრო და უფრო მეტი ქალი ბიზნესლიდერების კარგი მაგალითები. თუ როგორ უნდა დავაჩქაროთ ეს პროცესი? ეს კარგი შეკითხვაა. ამას დრო სჭირდება. შვედეთშიც ასეა. მაგალითად რომ ავიღოთ დიდი ზომის კერძო კომპანიების საბჭოები, მამაკაცები დომინირებენ უფრო, ვიდრე ქალები. ასე რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მამაკაცებს მნიშვნელოვანი როლი გვაკისრია, მივიღოთ უფრო მეტი ნიჭიერი ქალი. ამ მხრივ არის არაერთი პროექტი საქართველოში ქალებისთვის ბიზნესში. მათ შორის არის ჩვენ მიერ მხარდაჭერილი პროგრამა – EBRD-ის პროგრამა, რომელსაც „ქალები ბიზნესში“ ჰქვია.

არსებობს არაერთი პროექტი, რომელშიც ხშირად ფიგურირებენ ქალი მეწარმეები, თუმცა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არ არის საკმარისი მათი წახალისებისთვის. როგორ ფიქრობთ, რა ახალი შესაძლებლობები შეიძლება შევქმნათ ქალი მეწარმეებისთვის ქვეყანაში, რათა მათი როლი გავაძლიეროთ?

საქართველოში ჩემი თითქმის ორწლიანი ყოფნის პერიოდში მე შევხვედრილვარ არაერთ ქალ მეწარმეს. ძალიან დიდი ნიჭი, ინოვაცია და ინსპირაციაა ქალ მეწარმეებს შორის ამ ქვეყანაში. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს კარგი გარემო ყველა მეწარმისთვის – ქალებისთვისაც და მამაკაცებისთვისაც. ამასთან ვფიქრობ, მნიშნელოვანია ყველაფერი დაიწყოს ადრეულ ეტაპზე – სახლში ჩვენს შვილებთან ერთად და სკოლაში და მივცეთ თანაბარი შესაძლებლობა ბიჭებსა და გოგონებს ჰქონდეთ ინიციატივები, იყვნენ ნოვატორები. ვფიქრობ, ეს ნიჭი ყველა ბავშვს აქვს ბუნებრივად. ხანდახან ჩვენ ეს უნდა გავაღვივოთ. როდესაც გაიზრდებიან, უნდა უზრუნველვყოთ თანაბარი შესაძლებლობები, რათა განავითარონ თავიანთი ინტერესები და ნიჭი. ასევე გავაგრძელოთ მხარდაჭერა მცირე და საშუალო ზომის საწარმოების და მცირე ბიზნესების, მიუხედავად იმისა, მათ ქალი მართავს თუ კაცი.

მაგრამ, ბატონო ელჩო, საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გენდერული ნორმები კვლავაც ახდენს გავლენას ოჯახური ვალდებულებების განაწილებაზე, რაც ქალებს სწორედ სხვა შესაძლებლობების გამოყენებაში უშლის ხელს. როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს მამაკაცების როლი ამ მხრივ ვითარების გაუმჯობესებისთვის?

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ქალებს და მამაკაცებს უნდა ჰქონდათ ერთი და იგივე ძალა, რომ ჩამოაყალიბონ საზოგადოება და შექმნან საკუთარი ცხოვრება. პრაქტიკაში ვიცით, რომ თანასწორი საზოგადოებები არის უფრო უსაფრთხო, ჯანსაღი და უფრო მდიდარი ყველასთვის, როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. რა თქმა უნდა, თუ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყნები იყოს სრულად წარმატებული, ჩვენ უნდა ჩავრთოთ სრული საზოგადოება ამ პროცესში, საერთო ნიჭი გამოვიყენოთ და არა მხოლოდ მამაკაცების. თქვენს კითხვას რომ მივუახლოვდე, თანასწორობა არ არის მნიშვნელოვანი მხოლოდ ქალებისთვის. თანასწორობის მიღწევით ყველა გამარჯვებულია და ამაში მამაკაცებიც უნდა იყვნენ ჩართული.

და ბოლოს, ვფიქრობ, ჩვენ უნდა ჩამოვიშოროთ ძველი სტერეოტიპები ქალებისა და მამაკაცების როლებთან დაკავშირებით, ეს ეხება საოჯახო საქმეებზე პასუხისმგებლობასაც. ამ მიმართულებით ჩვენ ვხედავთ თანდათანობით დამოკიდებულებების შეცვლას საქართველოში, ისევე როგორც სხვა ბევრ ქვეყანაში. საქართველოში ახალგაზრდების ნახევარზე მეტი არ დაეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ქალები უნდა დარჩნენ სახლში, ეს არის პოზიტიური ტენდენცია, რასაც ჩვენ ბევრ ქვეყანაში ვხედავთ. თუმცა, კვლევიდან ვიცით, რომ ქალები ჯერ კიდევ რამდენიმეჯერ უფრო მეტ საოჯახო საქმეებს ასრულებენ, ვიდრე მამაკაცები. მე ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს იმისა, თუ რატომ უნდა იყოს ეს ასე. ასე რომ ვფიქრობ, მთავარია მამაკაცებმა გადადგან ნაბიჯი და აიღონ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ოჯახში.

იმისათვის, რომ მამაკაცები ჩართული იყვნენ ოჯახის საქმეებში, და რაც მთავარია მამა ბავშვის აღზრდის პროცესში, ალბათ პირველ რიგში საჭიროა მამებისთვის დეკრეტული შვებულების უზრუნველყოფა, რაც საქართველოში გამოწვევაა. როგორ ფიქრობთ, სად უნდა დაიწყოს ამ პრობლემის მოგვარება?

ეს კითხვა ჩემს გულთან ძალიან ახლოსა. თუ ნახავთ კვლევას, აღმოაჩენთ რომ ქალების და მამაკაცების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ორივე სქესის წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს დეკრეტული შვებულების გამოყენების შესაძლებლობა და ეს ძალიან კარგია. მე მინდა წავახალისო საქართველო, რომ განაგრძოს განვითარება დეკრეტული შვებულების სისტემის როგორც დედებისთვის, ასევე მამებისთვის. ბუნებრივია ამას სჭირდება დრო, ყველა ქვეყანაში. ეს არ არის „უფასო“ თუმცა, ნამდვილად ღირს ძალიან ბევრი მიმართულებით – ბავშვებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ ახლო ურთიერთობა დედებთან და მამებთან ადრეული ასაკიდანვე. ასევე დედებისთვის, რათა ჰქონდეთ შესაძლებლობა რომ შეუთავსონ დედობა სამსახურს. ოჯახის ეკონომიკისთვისაც კარგია ეს.

შვედეთის გამოცდილება რომ მოვიყვანო, ჩვენ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ვაშენებდით ამ სისტემას, რომელიც ეტაპობრივად ხდებოდა უფრო და უფრო გენდერულად თანასწორი. შედეგად დღეს ჩვენ გვაქვს სისტემა, სადაც მშობლებს შეუძლიათ აიღონ 480 დღე (დაახლოებით 16 თვე) ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება. ამ 16 თვიდან, თითოეული მშობლისთვის 3 თვეა განსაზღვრული, რომლის მეორე მშობლისთვის გადაცემაც არ შეიძლება, რაც ემსახურება მამების წახალისებას, აიღონ დეკრეტული შვებულება. ამას გარდა, შესაძლებელია კიდევ არანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების დამატება მანამ, ვიდრე ბავშვი რამდენიმე წლის არ გახდება. როგორ მუშაობს ეს ყველაფერი შვედეთში? მივაღწიეთ თუ არა გენდერულ თანასწორობას? არა. ჩვენ ჯერ ამ ნიშნულამდე არ მივსულვართ. დედები ანაზღაურებად დეკრეტული შვებულების დაახლოებით 70%-ს იყენებენ, ხოლო მამები – 30%-ს. თუმცა, ჩვენ ვხედავთ რომ მამების მიერ დეკრეტის გამოყენების სიხშირე იზრდება. მაგალითად 10-15 წლის წინ მამების მხოლოდ 15% იყენებდა ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მხრივ ზრდა გაგრძელდება.

რაც შეეხება ჩემს პირად გამოცდილებას, მე და ჩემს მეუღლეს  გვყავს სამი შესანიშნავი შვილი. მე სამივეს შემთხვევაში გამოვიყენე დეკრეტული შვებულების შესაძლებლობა, ისევე, როგორც ჩემმა მეუღლემ. შემიძლია ვთქვა, რომ ეს სამი პერიოდი იყო ნამდვილად საუკეთესო ჩემს ცხოვრებაში. ეს ნამდვილად დიდი შრომაა, მაგრამ ამან შესაძლებლობა მომცა რომ კარგად გავცნობდი ბავშვებს, შემექმნა და განმევითარებინა მჭიდრო კავშირები მათთან. და ბოლოს მინდა ვთქვა, რომ დეკრეტული შვებულების დროს, გავხდი საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული, როგორც მშობელი და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ასევე, გამოვიმუშავე არაერთი პრაქტიკული უნარი, რომელიც მადგება სხვადასხვა სიტუაციაში, მათ შორის სამსახურშიც.

ასე რომ, მინდა წავახალისო ყველა მამაკაცი საქართველოში, ჩაერთონ ბავშვების გაზრდის და განვითარების პროცესში, რასაც ბევრი მათგანი უკვე აკეთებს. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც შეუძლია აიღოს დეკრეტული შვებულება. სხვებსაც წაახალისებს ამით. თუ არ გაქვთ ამის შესაძლებლობა, გქონდეთ ახლო ურთიერთობა ბავშვებთან. ეს იქნება ჩემი რეკომენდაცია ყველა მამისთვის მთელ მსოფლიოში.

როგორ შეიძლება წაახალისოს საჯარო და კერძო სექტორმა მამების მიერ ამ უფლებით სარგებლობა?

ვფიქრობ ამ კუთხით როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორებს დიდი როლი აკისრიათ. რომ დავიწყოთ საჯარო სექტორით, რა თქმა უნდა, იმისათვის რომ გაგრძელდეს დეკრეტული შვებულების სისტემის განვითარება და მიეცეს შესაძლებლობა გამოიყენონ დეკრეტი მამებმაც, ამას სჭირდება პოლიტიკური ინიციატივა. ასევე კანონმდებლობა და რეფორმები. საქართველოში, ისევე როგორც შვედეთშიც, საჯარო სექტორი დიდი დამსაქმებელია. რაც შეეხება კერძო სექტორს, კომპანიებს შეუძლიათ შექმნან კარგი მაგალითები, არა მგონია რაიმე აფერხებდეთ მათ, რომ წინ წავიდნენ და შესთავაზონ დეკრეტული შვებულება როგორც დედებს, ასევე მამებს. შვედეთის მაგალითით, ეს არის ძალიან კარგი ბიზნესიც. სხვა მიზეზების გარდა, როდესაც კომპანია სთავაზობს დეკრეტის შესაძლებლობას თანამშრომელს, ეს დამსაქმებელს ეხმარება, რომ აიყვანოს საუკეთესო კადრები და შეინარჩუნონ ისინი.

რა დრო დაგჭირდათ როგორც ქვეყანას რომ გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლის კუთხით როლურ მოდელად ჩამოყალიბებულიყავით პრაქტიკულად მთელი მსოფლიოსთვის?

დიდი დრო დაგვჭირდა იმ დონემდე მივსულიყავით, სადაც ვართ ახლა. ჯერ არ დაგვისრულებია მუშაობა, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისათვის რომ მივაღწიოთ სრულ თანასწორობას. ჩვენ გაგვაჩნია საკმაოდ ფართო და ყოვლისმომცველი მიდგომა თანასწორობის შესახებ. რა თქმა უნდა, ბევრი ვიმუშავეთ კანონმდებლობის თვალსაზრისით, და რეფორმების კუთხით – ჩვენ უკვე ვისაუბრეთ დეკრეტული შვებულების სისტემაზე. ჩვენ ასევე გავაუმჯობესეთ ბავშვებზე ზრუნვის ხელმისაწვდომობა და ხარისხი საბავშვო ბაღებში, შემიძლია გრძელი სია წარმოვადგინო რეფორმებისა. ამის პარალელურად ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ ცნობიერების ამაღლებაზე, და ამას ვაგრძელებთ. ასევე ახალგაზრდების განათლებაზე. არის საინფორმაციო კამპანიები და ასევე ძალიან ხელშემწყობი იყო „ინფლუენსერებისგან“ პოზიტიური მაგალითები. კერძო სექტორმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა. ასევე მედიამაც და სამოქალაქო საზოგადოებამაც.  

და ბოლოს, რატომ არის პრიორიტეტული ეს თემა შვედეთის მთავრობისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, ვინაიდან სწორედ გენდერული თანასწორობის პროექტი შვედეთის მთავრობამ დააფინანსა საქართველოში..

თქვენ მართალი ხართ. ეს არის შვედეთის მთავრობის პრიორიტეტი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო პოლიტიკაშიც. რამდენიმე წელია უკვე შვედეთს აქვს ფემინისტური საგარეო პოლიტიკა. რას ნიშნავს ეს? ეს არის სამ სიტყვასთან დაკავშირებული, რომელიც იწყება R-ით. ჩვენ გვინდა დავეხმაროთ ქვეყნებს უზრუნველყონ ქალებისა და მამაკაცების თანაბარი უფლებები (Rights) ეს არის პირველი R. მეორე – რომ დაიცვან თანაბარი წარმომადგენლობა (Representation), მათ შორის პოლიტიკაში. და მესამე – დავეხმაროთ სხვა ქვეყნებს რომ უზრუნველყონ რესურსების (Resources) თანაბარი განაწილება. 

რაც შეეხება საქართველოს, შვედეთი უკვე ოც წელზე მეტია ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორი და განვითარების პარტნიორია საქართველოსთვის. ჩვენ მივესალმებით საქართველოს ევროპულ არჩევანს და ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან არის დაკავშირებული ევროინტეგრაციის რეფორმების მხარდაჭერასთან. როდესაც ვსაუბრობთ გენდერული თანასწორობის რეფორმების მხარდაჭერას, ჩვენ ამას ორი მიმართულებით ვახორციელებთ. არის პროექტები და პროგრამები საქართველოში, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება გენდერულ თანასწორობას. მეორე არის გენდერული თანასწორობის პერსპექტივის ინტეგრაცია ყველა სხვა პროექტში, რომელსაც მხარს ვუჭერთ. ჩვენ გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ გენდერული თანასწორობა ინტეგრირებულია ყველგან. ეს არის ჩვენი მიდგომა საქართველოს მხარდაჭერის კუთხით. ამ პროექტების შედეგების მდგრადობა იქნება უკეთესი, თუ ქალებიც და მამაკაცებიც იქნებიან ჩართულები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *