ილონის ახალი მტერი

TESLA, კარგად შეამოწმე სარკე–ხომ არავინ მოგსდევს?! RIVIAN-ი $3 მილიარდითაა აღჭურვილი AMAZON - ისგან, FORD-ისა და საუდის არაბებისგან, და სულ უფრო ენერგიულად ეკიდება სპორტული ელექტროუნივერსალებისა (SUV) და სატვირთო მანქანების წარმოებაზე მუშაობას. ახლა, რაც ამ საიდუმლო ავტომწარმოებელმა უნდა გააკეთოს, მანქანების შექმნა და იმ საგზაო ბარიერების თავიდან აცილებაა, რამაც TESLA ლამის გაანადგურა. გთავაზობთ იშვიათობას – ინტერვიუს ამ კომპანიის 37 წლის დამფუძნებელთან, რ. ჯ. სკარინჯთან.

ანვრის დილაა, 8 საათი. ილინოისის შტატის ქალაქ ნორმალში – ჩიკაგოს სამხრეთით, რამდენიმე საათის სავალზე – ტემპერატურა ნულს საგრძნობლადაა ჩამოცილებული. Rivian Automotive- ის ავტონაწილების ქარხნის წინ მდებარე გუბურა ყინულად ქცეულა, ბალახი სულ დათრთვილულია, ამინდის პროგნოზი კი თოვლს იუწყება. არც ქარხანაში თბილა მაინცდამაინც. თითქმის მთელი 2.6 მილიონი კვადრატული ფუტის ტერიტორია სამშენებლო ზონაა და მასიურ, $750-მილიონიან რემონტს გადის, რათა წლის ბოლოსთვის მზად იყოს, ანუ იმ დროისთვის, როცა კომპანია ბატარეაზე მომუშავე სატვირთო მანქანების, ფურგონებისა და SUV-ების გამოშვების დაწყებას გეგმავს. ასე რომ, ისეთი უმნიშვნელო დეტალი, როგორიც გათბობაა, ამჟამად პრიორიტეტს არ წარმოადგენს. ერთადერთი დასრულებული სივრცე მეორე სართულია შენობის წინ, რომელიც ქარხანას გადმოჰყურებს.

სწორედ აქ ჰქონდა აღმასრულებელთა ოფისები ქარხნის წინა მფლობელს, Mitsubishi-ს. მაშინ ამ სართულზე ამოსვლა მხოლოდ მაღალჩინოსნებს შეეძლოთ. დღეს აქაურობა გიგანტური ღია სამუშაო სივრცეა, ყველასთვის მისაწვდომი, კაფეტერიით, გაპრიალებული ბეტონის იატაკებითა და ბუნებრივი განათებით უხვად აღჭურვილი, და ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც Rivian-ის პლიმუთის (მიჩიგანი) კვლევისა და დიზაინის ცენტრის ზედხედის ნახაზი. ამ ორივე ოფისის კონცეფცია ინდუსტრიული და ბუნების ესთეტიკების შეზავებაში მდგომარეობს, რაც კომპანიის ბრენდის იდეასაც ასახავს: ეს ავტომწარმოებელი ეკოლოგიურად მდგრად მანქანებს ქმნის, რომლებიც ცუდ გზებზეც გამოდგება. Rivian-ს, რომელიც 2009-ში დაფუძნდა, მაგრამ პირველ მანქანას, ბოლო- ბოლო, ამ წელს უშვებს, ოპერაციები კალიფორნიაშიც აქვს – სან- ხოსესა და ირვინში, სადაც ის ტექნოლოგიასა და ბატარეებზე მუშაობს.

სტარტის აღება დამოუკიდებელი ავტოკომპანიის რანგში არ არის ადვილი. ისტორიული საგზაო შემთხვევების მსხვერპლთა შორის არიან პრესტონ ტაკერი, რომელმაც 1940-იანების ბოლოს გამოწვევა მოუწყო მანქანების დედაქალაქს (დეტროიტს), და ჯონ დელორიანი, რომელმაც 1980-იანების დასაწყისში წარუმატებლად სცადა დეტროიტის მომავალში დაბრუნება. მასობრივი ბაზრის მანქანების ხაზის წარმოება 21-ე საუკუენში კიდევ უფრო რთულია, ვიდრე ტაკერისა და დელორიანის დროს იყო, მით უფრო, თუ ელექტროავტომობილების კატეგორიაში ცდი ბედს, რადგან ამ კატეგორიას დიდი რისკები ახლავს.

     

Rivian-ის ფეხზე დადგომის კვალდაკვალ, ელექტრომანქანების ბაზარი აღარ ჰგავს ერთი უცხენო ეტლის რბოლას. მართლაც, 2020-იანები ელექტრომანქანების ათწლეულად იკრეფენ ტემპს. Oppenheimer-ის კვლევის თანახმად, ელექტრომანქანები და ე.წ. შესაერთებელი ელექტროჰიბრიდები 2019-ის გასულ კვარტალში აშშ- ში გაყიდული ყველა მანქანის სულ რაღაც 2.2%-ს შეადგენდა და მათგან მხოლოდ მესამედი იყო სრულად ელექტრო. მაგრამ ვითარება სწრაფად იცვლება: მართალია, მსოფლიო მასშტაბით, 2018-ში, მხოლოდ 5.1 მილიონი ელექტრომანქანა გაიყიდა, მაჩვენებელი ამ ათწლეულში მკვეთრად უნდა გაიზარდოს: პროგნოზის მიხედვით, 2020-ში 21 მილიონი გაიყიდება, 2025-ში – 98 მილიონი, 2030-ში კი 253 მილიონი. ასეა თუ ისე, ახალი ელექტრომანქანის შექმნა ინოვაციურ კვლევებში ითხოვს კაპიტალის დაბანდებას ისეთი კომპონენტების მიმართულებით, როგორიც ბატარეის კომპლექტები და ე.წ. ძალური აგრეგატებია. ერთადერთი კომპანია, რომელიც მეტ- ნაკლებად წარმატებულია, რა თქმა უნდა, Tesla გახლავთ... და მასაც კი მძიმე გამოცდილება აქვს ამ თვალსაზრისით.

„ძალიან დიდი დრო დავუთმეთ, რათა გვენახა და გაგვეგო, როგორ იქმნებოდა სხვადასხვა [ავტომწარმოებელი], – ამბობს სკარინჯი. – და დიდი დრო დავუთმეთ იმ რისკებს გაგებას, რაც ბიზნესის შექმნასა და ზრდასთან არის ასოცირებული; ვიძიებდით ინფორმაციას ყოველდღიური ოპერაციებისთვის საჭირო კაპიტალის შესახებაც“.

ბოლო 13 თვეში, Rivian-ის მომავლის დასაფინანსებლად, სკარინჯმა და მისმა გუნდმა $2.85 მილიარდი მოიზიდეს. თავიდან, 2019-ის თებერვალში, Amazon-ისგან (და სხვებისგანაც) $700 მილიონის ინვესტიციები წამოვიდა. ორი თვის შემდეგ უკვე Ford-მა ჩადო $500 მილიონი. სექტემბერში $350 მილიონს გამოვიდა Cox Automotive-ი, რომლის ბრენდთა შორისაა Autotrader-ი და Kelley Blue Book-ი. და, გეგონება, ეს არ ეყოფოდაო სკარინჯის უშველებელი ამბიციების გამოკვებას, ზუსტად შობა ღამის წინ, ფულის განმკარგავი ბეჰემოტი, T. Rowe Price-ი, ახალ, $3.1 მილიარდზე მეტის ტოლფას საინვესტიციო რაუნდს გაუძღვა.

კაპიტალის ამ ადრეულმა ჩაღვრამ (დამატებულმა თითქმის $500 მილიონის ინვესტიციებზე ისეთი წყაროებისგან, როგორიც გახლავთ JIMCO – საინვესტიციო დანაყოფი საუდის არაბეთის კორპორაცია Abdul Latif Jameel-ისა, რომელსაც დიდი ფსონი აქვს დადებული ენერგიასა და მობილობაზე) Rivian-ს $5.5 მილიარდს გადაცილებული ღირებულება არგუნა. გათვლების თანახმად, სკარინჯი კომპანიაში 20%-ზე ოდნავ მეტს ფლობს, რაც მას ავტომობილების სამყაროს უახლეს მილიარდერად აქცევს. დაფინანსებამ სკარინჯს იმის საშუალებაც მისცა, რომ სამუშაო ძალა თითქმის გაესამმაგებინა – დაახლოებით 700-დან (2018-ში) 2,000-ზე მეტამდე (დღეს). სწორედ ამ გზით შეუძლია მას, წარმოებას წელს ცეცხლი შეუნთოს.

     

მაგრამ კითხვა ისაა, ამ $3 მილიარდითაც კი, აქვს Rivian-ს საკმარისი რესურსი, სკარინჯის ელექტროოცნებებს ხორცი რომ შეასხას?

ამ მომენტამდე გზა გაცილებით კარგი იყო, ვიდრე მაშინ, როცა მასკს მოუხდა თავისი პირველი მანქანის გატარება. 2003-დან 2008-ის ჩათვლით პერიოდში, Tesla-მ დაახლოებით $100 მილიონი მოიზიდა Roadster-ის წარმოებისთვის, რომელსაც Model S-ის სასარგებლოდ თავი მიანება, Model S-ს კი $350 მილიონზე მეტი დასჭირდა დაფინანსების სახით (მათ შორის იყო 2010-ის პირველადი საჯარო შეთავაზებაც, რა დროსაც კომპანია $1.7 მილიარდად იქნა შეფასებული). განსაკუთრებულად რთულ გზაზე გავლა Model 3-ს მოუხდა. მომარაგების ქსელთან დაკავშირებულმა საკითხებმა და მასკის სურვილმა, სრულად გადაესხვაფერებინა საწარმოო პროცესი, შედეგად ის გამოიღო, რომ მომხმარებლებისთვის მანქანების გადაცემა, სულ მცირე, ორი წლით შეფერხდა, რასაც ხარისხის კონტროლის თანხმლები არაერთი პრობლემა დაემატა.

ეს პრობლემები, გავრცელებული ცნობებით, ელექტრომანქანის მწარმოებელს ასობით მილიონი დაუჯდა (Tesla არ გამოეხმაურა ჩვენს არაერთ თხოვნას კომენტარისთვის). კომპანიამ შემდეგ წარმოების მორგება მასობრივი ბაზრისთვის დაიწყო და მილიარდობით ვალიც აიღო.

მაშ, თუ ყოვლისშემძლე Tesla ამდენ ორმოში ჩავარდა და ამდენი შემოვლითი გზით მოუხდა სიარული, რა აფიქრებინებს სკარინჯს, რომ Rivian-ი, რომელსაც ერთი მანქანაც კი არა აქვს ჯერ გამოშვებული, მწვანე შუქზე ივლის? არ ფიქრობს ასე. „საქმე ცუდადაც წავა, – აღიარებს ახალგაზრდა აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც უფრო ზომიერი მანერების მქონე კლარკ კენტს მოგაგონებთ, მასკის მანიაკალურ, ტონი სტარკისებრ სტილთან შედარებით. მაგრამ ის თავდაჯერებულია და მიაჩნია, რომ ნებისმიერ პრობლემასა თუ საგზაო შეფერხებას დაძლევს. ბოლო- ბოლო, Rivian-ი ცუდი გზისთვის არის შექმნილი.

საკუთარ ავტოკომპანიაზე ოცნება რ.ჯ. სკარინჯმა ჯერ კიდევ სკოლაში დაიწყო, მაგრამ მანქანებით გატაცებული და მისნაირი ამბიციის მქონე სხვა ტინეიჯერებისგან განსხვავებით, სკარინჯმა თავის ამბიციას ინჟინერიის სწავლით გაუმაგრა ზურგი. მისი ხედვა 2007 წელს, MIT-ის პრესტიჟულ Sloan Automotive Lab-ში სწავლისას შეიცვალა, სადაც მან დოქტორის ხარისხი მოიპოვა მექანიკურ ინჟინერიაში და შეიძინა უნარ- -ჩვევები, საკუთარ გონებაში წარმოსახული მანქანის შესაქმნელად რომ გამოადგებოდა. „სულ უფრო მეტად ვაცნობიერებდი, რამდენ პრობლემას ბადებდა ავტომობილი – გეოპოლიტიკურს, კლიმატურს, ჰაერის ხარისხთან დაკავშირებულს და სხვა მრავალს... ეს კი შინაგანი კონფლიქტის მძლავრ წყაროდ იქცა ჩემთვის“, – იხსენებს სკარინჯი. ასე რომ, თავისი პირველი ჩანაფიქრი, გაზზე მომუშავე სპორტული მანქანა შეექმნა, ბატარეაზე მომუშავეთი ჩაანაცვლა – პრინციპში, რაღაც ისეთით, რაც Tesla-ს პირველი Roadster-ი იყო.

2009-ში, სადოქტოროს დამთავრების შემდეგ, სკარინჯი მშობლიურ მელბურნს, ფლორიდას, დაუბრუნდა, სადაც დააარსა კიდეც კომპანია, რომელიც მოგვიანებით Rivian-ად იქცა. გუნდთან ერთად ოთხი წელი გაატარა ჩქაროსნული ტიპის ელექტრომანქანის შექმნაში, მანამ არ აღმოაჩინა ის, რაც, მისი აზრით, ცალსახად თავისუფალი ნიში იყო ელექტრომანქანებში და რაც მის „ღია ცის ქვეშა“ ინტერესებსაც ემთხვეოდა: სატვირთო მანქანა და ძვირფასი SUV.

გარდა ამისა, სკარინჯმა თითქმის ათი წელი მიუძღვნა თავისი ინოვაციური სკეიტბორდ- პლატფორმის განვითარებას – კორპუსისა, რომელიც მოიცავს ბატარეის კომპლექტს, სუსპენზიას, ელექტროძრავებს პროპულსიისთვის და კომპიუტერს ამ ყველაფრის კონტროლისთვის. 2018 წლის ნოემბერში Los Angeles Auto Show-ზე, Rivian-მა, როგორც იქნა, ფარდა ახადა ორ პროტოტიპს: R1S-ს – ელექტრო SUV-ს, რომელიც შვიდ ადამიანს იტევს, და R1T-ს –სატვირთო ელექტრომანქანას (პიკაპს). ეს ე.წ. „სათავგადასავლო მანქანები“ – მედეგები, გაწაფულები და ფუფუნების ობიექტები – Range Rover-ის შვილებს ჰგვანან არაფორმალური თანაცხოვრებიდან და ისეთი უახლესი კეთილმოწყობილობებით არიან დახუნძლულნი, როგორიც, მაგალითად, ინტერნეტკავშირი და მძღოლის დამხმარე უსაფრთხოების ფუნქციებია.

კომპანიის (ამბიციური) პროგნოზით, ის 2021-ში 20,000 მანქანას გამოუშვებს (როგორც სატვირთოს, ისე SUV-ს), 2022- ში კი 40,000-ს, რაც, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, დაახლოებით $1.4 მილიარდად (2021-ისთვის) და $2.8 მილიარდად (2022-ისთვის) გადაითარგმნება. შედარებისთვის: Tesla-მ 25,000 Model X-ი გაყიდა 2016-ში – ამ მანქანის გამოშვების პირველ სრულ წელს.

ამ ორის გარდა, სკარინჯის თქმით, Rivian-ის პორტფოლიოში კიდევ სამი მანქანის გამოშვებაა დაგეგმილი 2024-ისთვის. მართალია, ის დეტალების გამხელას ერიდება, მაგრამ აღიარებს, რომ ერთ- ერთი მათგანი უფრო პატარა ზომისა და საგრძნობლად დაბალი ფასის იქნება. ეს სტრატეგია Land Rover- ის მიდგომას ჰგავს თავისი Defender-ისა და ყველაზე მაღალი კლასის Range Rover-ების მიმართ; ვგულისხმობთ მანქანის ბაზისურ ვერსიას უფრო ნაკლები კეთილმოწყობილობებით. და თუ სკარინჯი მართლაც შეძლებს ფასი $50,000-ს ქვემოთ შეინარჩუნოს, ეს მასკს გაცილებით მეტ თავის ტკივილს გაუჩენს, ვიდრე თავისი ფრანკენშტაინური მანქანის, Cybertruck-ის, დამსხვრეული მსხვრევაგამძლე მინა.

Tesla, ცხადია, დღეს ელექტრომანქანების ბაზრის ლიდერია; ერთ- ერთი შეფასებით, მასზე აშშ- ის გაყიდვათა 80% მოდის. ასე რომ, Rivian-ი მძიმე კონკურენციის პირობებში აღმოჩნდება ძვირად ღირებულ, ბატარეაზე მომუშავე SUV-ების სეგმენტში და არა მარტო Tesla-სგან. მისი R1S-ი ბაზარზე შემოდგომას გამოვა – ბაზარზე, რომელიც აერთიანებს Mercedes-Benz EQC-ს ($67,900-დან), Audi e-tron SUV-ს ($74,800), Jaguar i-Pace-ს ($69,500) და, რა თქმა უნდა, Tesla Model X-ს ($84,990). სხვა ავტომწარმოებლები, როგორიც Hyundai და Kia არიან, უფრო ხელმისაწვდომ ვარიანტებს შემოგვთავაზებენ, მათ შორის, Kona EV-ს (Hyundai), რომლის ფასი $37,190-დან იწყება და Niro EV-ს (Kia) $38,500-დან.

მაგრამ სატვირთო მანქანების კატეგორიაში Rivian-ს რეალური მეტოქეები არ ეყოლება. Tesla-ს Cybertruck-ის ერთობ საჯარო დებიუტის მიუხედავად, მისი გამოშვება 2022-მდე არ იგეგმება. და როგორც Ford-ი, ისე General Motors-ი, ელექტროპიკაპების გამოშვებას მომდევნო რამდენიმე წელიწადში დაგვპირდა. „შესაძლებლობები [ელექტრომანქანების ბაზარზე] საკმაოდ შთამბეჭდავია“, – ამბობს ედ კიმი, კალიფორნიაში დაფუძნებული ავტომობილების კვლევის და საკონსულტაციო ფირმა AutoPacific-ისთვის მომუშავე ბაზრის ანალიტიკოსი. თუ Rivian-ი Tesla-ს ბატონობას საფრთხეს შეუქმნის, მან, შესაძლოა, ელექტრომანქანების კატეგორიას ახალი ენერგია მისცეს და ნამდვილ მეტოქედაც მოგვევლინოს. „ზოგი ექსპერტი ამას უკვე წინასწარმეტყველებს, მე კი ვფიქრობ, რომ რამდენიმე საკვანძო ფაქტორი იკვეთება, რომლებიც ელექტრომანქანების ბაზარზე მეტად შეღწევას უზრუნველყოფს, – აღნიშნავს სტივენ ლოუ, კომპიუტერული მეცნიერებისა და ელექტროინჟინერიის პროფესორი Caltech-ში. ერთ- ერთი ამ ფაქტორთაგან ისაა, რომ მანქანათა დიაპაზონი ფართოვდება. კიდევ ის, რომ დასამუხტი სადგურები უფრო ხელმისაწვდომი ხდება. მესამე ფაქტორი კი ფასია.

Rivian-ის მტკიცებით, მისი R1S-ი და R1T-ი გამორჩეულ ეფექტიანობას შემოგვთავაზებს, მათ შორის, 400 მილს გადაცილებულ დიაპაზონს ან თითქმის 75 მილით მეტს, ვიდრე ნებისმიერი არსებული ელექტრომანქანა. სულ რაღაც სამ წამში, ორივე შეძლებს ნულიდან 60 მილი/ საათში სიჩქარის აკრეფას. და სხვა ყველაფერთან ერთად, Rivian-ი ცუდ გზაზე სიარულის რეალურ შესაძლებლობებს გვპირდება. სცადე, აბა, Tesla-ს ტარება სანაპიროზე ან ტყეში.

     

კომპანია, ასევე, დასამუხტი ინფრასტრუქტურის აშენებასაც გეგმავს, რაც ძალიან ჰგავს Tesla-ს Supercharger-ებს. „პარალელურად ამაზეც ვმუშაობთ“, – ამბობს სკარინჯი. რაც შეეხება ფასებს, Rivian-ის პიკაპის საბაზისო ფასი დაახლოებით $69,000 იქნება, SUV-ისა კი $72,000 (და ორივეს ფედერალური საგადასახადო შეღავათები ახლავს). სკარინჯი გადაკვრით ამბობს, რომ გამოშვების თარიღის მოახლოებასთან ერთად, ეს ფასები დაიწევს, თუმცა ზუსტ რიცხვებს არ გვიმხელს. ბევრი რამ Rivian-ის ახალ, ჯიბესქელ პარტნიორებზე იქნება დამოკიდებული.

$3-მილიარდიანი რეზერვის შექმნა Amazon- ისგან, Ford-ისა და Cox-ისგან მცირე დროში უდავოდ შთამბეჭდავი დასაწყისია სკარინჯისთვის, მაგრამ თუ Tesla-ს ისტორია მაგალითს წარმოადგენს, ეს დაფინანსება არ იქნება საკმარისი წარმოების იმ მასშტაბებზე გასაყვანად, მასკთან მეტოქეობა რომ გახდეს შესაძლებელი. მეორე მხრივ, ეს ბრენდები Rivian-ში იმგვარ შესაძლებლობას ხედავენ, რომლის უზრუნველყოფაც Tesla-მ ვერასდროს შეძლო.

პარტნიორობები, რომლებიც სკარინჯმა ააწყო, მხოლოდ ფულზე არ დგას. Ford-ი, მაგალითად, Rivian-თან ერთად, ელექტრომანქანას შექმნის. „ჩვენ პლატფორმას უზრუნველვყოფთ, – ამბობს სკარინჯი. – ისინი – ჩონჩხს და ინტერიერს“. მართალია, სკარინჯი ამ პროექტზე ლაპარაკისგან თავს იკავებს, მაგრამ ცნობილია, რომ ერთობლივად შექმნილი მანქანა ძვირად ღირებული SUV-ი იქნება Ford- ის Lincoln-ის ბრენდით.

Rivian-ი იმედოვნებს, რომ Ford-თან კავშირი მას საშუალებას მისცემს, გასცდეს სამომხმარებლო ელექტრომანქანებს. თავის მხრივ, Ford-ი ამას თითქოს იმიტომ აკეთებს, რომ თავისი ალტერნატივები ღია დატოვოს (როგორც სჩვევია) და ამ გზით საუკეთესო ვარიანტზე შეაჩეროს ყურადღება, რომლითაც თავის ელექტრიფიკაციის მიზნებს მიაღწევს, კერძოდ, ელექტრომანქანების 40 მოდელის გამოშვებას 2022-ის ბოლოსთვის. Rivian-თან ერთად Lincoln-ზე მუშაობის გარდა, Ford-ი Mustang-ით შთაგონებულ ელექტრო Mach-E SUV-ზეც მუშაობს და ამერიკის ყველაზე კარგად გაყიდვადი მანქანის, Ford F-150-ის როგორც ჰიბრიდულ, ისე სრულად ელექტროვერსიებზე. Ford-ი Volkswagen-თანაც თანამშრომლობს, რათა თავის ახალ ელექტრომანქანის პლატფორმაზე ელექტრომანქანები შექმნას.

Amazon-ს, ამასობაში, Rivian-ისგან ადგილზე მომსახურებისთვის განკუთვნილი ბატარეაზე მომუშავე ფურგონის შექმნა აინტერესებს, რაც მისი დანაპირების ნაწილი გახლავთ – დანაპირებისა, რომ 2040-ისთვის მისი ყველა ბიზნესი ნახშირბადის გამოყოფას ნულზე დაიყვანს, 2030-ისთვის კი 100 პროცენტით განახლებად ენერგიას გამოიყენებს ამ ბიზნესების ენერგოწყაროდ. შესაბამისად, Amazon-მა 100,000 ფურგონი შეუკვეთა Rivian-ს. 2022-ისთვის, სულ მცირე, 10,000 მაინც უნდა გამოვიდეს გზაზე, 2024-ისთვის კი, გეგმის თანახმად, ყველა უნდა ჰქონდეს Amazon-ს. ეს ფურგონები, სავარაუდოდ, ე.წ. ყველა ეტაპის მომცველი ლოგისტიკური ქსელის ნაწილად იქცევა, რომელზეც Amazon-ი 2015 წლიდან მუშაობს. ასეთ შემთხვევაში, Rivian-ის კიდევ უფრო მეტ პროდუქციას ვნახავთ გზებზე.

მაგრამ მასკისთვის ყველაზე საჩოთირო, შესაძლოა, Rivian-ისა და Cox-ის თანამშრომლობა აღმოჩნდეს. თუ Tesla-ს 100 სერვისცენტრი აქვს 30 შტატში, Cox-მა, 2019 წელს, 55 მილიონზე მეტ შეხვედრას გაართვა თავი კლიენტებთან თავისი სოკოებივით ამოზრდილი კომერციული და დილერული საპარტნიორო სერვისცენტრების მეშვეობით აშშ- ში. რამე თუ არასწორად წავიდა R1T-სა და R1S-ისთვის, იდეა, სავარაუდოდ, იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებელი შეძლებს მანქანის წაყვანას Cox-ის სერვისცენტრში, მაგალითად, Pivet-ში, სადაც ამ მანქანას სწორად და დროულად შეაკეთებენ – ანუ იზამენ იმას, რაც Tesla-ს დაბადებიდანვე უჭირს. Cox-ი Rivian-თან გრძელვადიან თამაშსაც თამაშობს: როცა უფრო მეტი მანქანა გამოვა ბაზარზე, მას მეორეული გაყიდვების კონტროლი უნდა. „იმ უნარების გათვალისწინებით, რაც გვაქვს, და იმ გაკვეთილებისა, რასაც ვსწავლობთ, – ამბობს Cox-ის პრეზიდენტი სენდი შვარცი, – ვიმედოვნებ, რომ ერთ დღესაც Rivian-ის ყველა მანქანის მთავარი საბითუმო გადამყიდველები გავხდებით“.

ჯერჯერობით ეს „ყველა მანქანა“ შესაქმნელია. ილინოისის იმ ქალაქის სახელი, რომელსაც Rivian-ი მშობლიურ ქალაქს უწოდებს, იდეალური ზედსართავია სკარინჯის დასახასიათებლად და მისი მასკისგან განსასხვავებლად. ამ ქალაქს ნორმალი ჰქვია. მაშინ როცა Tesla-ს თანადამფუძნებლის ნიში ბაქიაობა და შოუა (ის იარაღად იყენებს საკუთარი Twitter-ის ანგარიშს, რომელიც დე ფაქტო მარკეტინგის განყოფილებად აქცია), სკარინჯი დინჯი და თავმდაბალია. თუ მასკს სულ მოდელებსა და პოპვარსკვლავებთან ერთად ნახავთ ფოტოებში, სკარინჯი ოჯახის კაცია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ოჯახს იშვიათად ნახულობს. ახლა ის კვირაში ხუთ დღეს კომპანიის ოთხ ოფისს შორის დამოგზაურობს, რათა დარწმუნდეს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მისი ცოლი, მიგანი, და მათი სამი ბიჭი (სამივე 5 წლამდეა) მას პარასკევ ღამიდან კვირა საღამოს ჩათვლით ხვდებიან თავიანთ მოკრძალებულ, ირვინთან ახლო მდებარე სამსაძინებლიან სახლში. კვირა საღამოს სკარინჯი თვითმფრინავში ჯდება, მიჩიგანში მიფრინავს და იმეორებს ჩვეულ პროცესს, რათა დარწმუნდეს, რომ მისი დიდი ხედვა რეალობად იქცევა – ხედვა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: იფიქრე გლობალურად, იმოქმედე ლოკალურად.

როცა, მაგალითად, 2015-ის ივლისში, Mitsubishi-ის ქარხანა დაიკეტა, ნორმალში ცალსახად საპანაშვიდე განწყობა დადგა. „მძიმე იყო, – ამბობს ქალაქის მერი, კრის კუსი. – ამან თითქმის 1,000 ადამიანი უმუშევრად დატოვა, ეს კი ადგილობრივ საზოგადოებაში გრძელვადიან უარყოფით შედეგებს იწვევს“.

მაშინაც კი, როცა 2017 წელს ეს ქარხანა $16 მილიონად Rivian-მა იყიდა, აქ მცხოვრებლები კვლავ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილები. მაგრამ უარყოფითი სენტიმენტი მალევე შეიცვალა. „Rivian-მა ინტერესი გამოხატა ჩვენი საზოგადოების ცხოვრების წესის, განათლების ხარისხის, საცხოვრებელი საშუალებების ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის მოსახერხებლობის მიმართ“, – ამბობს მერი კუსი. გასულ ზაფხულს კომპანიამ შეხვედრა მოაწყო ნორმალში, რათა ადგილობრივი მოსახლეობის ყველა კითხვაზე გაეცა პასუხი. ამან ქალაქში Rivian-ის აღქმაზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა მოახდინა და, რა გასაკვირია, ძალიან სასარგებლოც აღმოჩნდა, როცა თანამშრომლების დაქირავებაზე მიდგა საქმე.

ქალაქთან ერთად, სკარინჯის მისია ახლა Rivian-ის პირველ საწარმოო ციკლში გატარება და მისი ხაზის გაფართოებაა. მართალია, ძალიან ნაადრევი იქნება იმაზე ლაპარაკი, თუ ვინ მოიგებს ელექტრომანქანების ომს, მაგრამ Navigant-ის სემ აბუელსამიდის თანახმად, Rivian-ი გახლავთ ერთ- ერთი იმ სულ რამდენიმე კომპანიიდან, რომელთაც არა მხოლოდ გადარჩენის, არამედ წარმატების მოპოვების შანსიც აქვთ. აბუელსამიდს მიაჩნია, რომ წინსვლის თვალსაზრისით, Rivian-ი, შესაძლოა, Tesla-ზე უკეთეს პოზიციაში იყოს: „თუ იმაზე ვლაპარაკობთ, ვინ იქნება პოტენციურად უფრო პროდუქტიული და ვინ გაიყვანს მეტ მანქანას ბაზარზე ახლო მომავალში, [მე ვიტყოდი, რომ ეს Tesla იქნება“. მაგრამ რეალური ბიზნესთვალსაზრისით, Rivian-ს „უკეთესი პოზიცია აქვს წარმატებისთვის მისი პროდუქტების ბუნების გამო“.

მაგრამ ჯერ საბურავი გზას უნდა შეეხოს.

ჩვენ გირჩევთ

ორმხრივი სარგებელი

ბილ გეითსის ქალიშვილი: პრივილეგიაში დავიბადე

ორმხრივი სარგებელი

ორმხრივი სარგებელი

წინა სტატია

ბოიკოტი Facebook-ს! Ford, Adidas, HP – რეკლამის განთავსებას აჩერებენ
30 ივნისი, 2020

შემდეგი სტატია

ქართული ნეობანკი უკვე უზბეკეთშია
30 ივნისი, 2020
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker