მილიარდერის სტარტაპი

სტრიმინგ-სერვისებმა მსოფლიო წალეკა, მეგ უიტმენს კი უკვე დაეგროვებინა ქონება... მაგრამ მას ჯეფრი კაცენბერგმა დაურეკა – მობილურზე ფოკუსირებულ სტარტაპთან დაკავშირებით. მოზიდული $1.8 მილიარდისა და კარანტინში მყოფი ამერიკის გათვალისწინებით, მომხმარებლებს შესაძლოა, სხვა გზა არ ჰქონდეთ და მოსინჯონ Quibi.

2017 წლის ნოემბერში მეგ უიტმენმა Hewlett Packard Enterprise-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. რამდენიმე წუთში ტელეფონის ზარი გაისმა - ჯეფრი კაცენბერგი იყო, რომელსაც ის იმ დროიდან იცნობს, როცა 1980-იანების მიწურულსა და 90-იანების დასაწყისში ორივენი Disney-ში მუშაობდნენ: უიტმენი – სტრატეგიული გეგმების განხრით, კაცენბერგი კი ფილმის სტუდიის ხელმძღვანელად.

“რას შვრები? – იხსენებს უიტმენი მეგობრის ზარს. – არ ვიცი“, – იყო მისი პასუხი. “Teach for America-ს თავმჯდომარე ვარ. ალბათ ქმართან ერთად ვიზამ რაღაცებს და ვიმოგზაურებ- მეთქი. არა, ამაღამ რას აპირებო, მკითხა, მე კი ვუთხარი, რამდენადაც გიცნობ, ჯეფრი, ალბათ შენთან ერთად სადილს- მეთქი“.

კაცენბერგი სილიკონის ხეობაში ჩაფრინდა და პალო- ალტოს Nobu-ში სადილობისას უიტმენს თავისი იდეა გააცნო მაღალი კალიბრის გართობის მობილურში გადატანასთან დაკავშირებით. ეს იდეა უიტმენის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა: პოტენციური ბაზარი ამ სერვისისთვის უშველებელი იყო, ტრენდებიც სწორად იყო შერჩეული და ნიშიც უნიკალური ჰქონდა.

“საბოლოოდ ვუთხარი, იცი, რას ვფიქრობ? მგონი, ჩემს კიდევ ერთ სტარტაპს ვხედავ- მეთქი”, – ამბობს 63 წლის უიტმენი, რომელიც პირველად კიდევ ერთ შორსმჭვრეტელ დამფუძნებელთან, პიერ ომიდიართან მუშაობისას გამდიდრდა (დღეს მისი ქონება $3.3 მილიარდს შეადგენს). ეს 1998 წელს ხდებოდა, როცა eBay 30-თანამშრომლიანი და $4-მილიონიანი შემოსავლის კომპანია იყო, ხოლო ათი წლის თავზე, უიტმენის კომპანიიდან წამოსვლისას, მისივე დახმარებით, ეს გიგანტი 15,000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლიდა, შემოსავალი კი $8 მილიარდს შეადგენდა.

“ჩვენ პიონერები ვართ სივრცეში, რომელიც მხოლოდ ორი რამის გამო არსებობს – YouTube- ისა და სტივ ჯობსის და iPhone-ის გამო, – ამბობს კაცენბერგი. – ამ ორმა რამემ დღეს ახალი უძრავი ქონება შექმნა, ეს უძრავი ქონება კი დილის 7-დან ღამის 7-მდე აქტიურია... სწორედ ესაა, რაც ძალიან მხიბლავს“.

აღნიშნული სადილიდან ორი წლის შემდეგ Quibi (რომელიც quick-ისა და bites-ის პორტმანტო სიტყვას წარმოადგენს) თავისი მობილური სტრიმინგ- სერვისის ჩაშვების პირასაა, რომელიც მომხმარებელს ორიგინალ ფილმებს, რეალიტი- შოუებს, კომედიებსა და ახალ ამბებს შესთავაზებს, დაქუცმაცებულ, 10- ან ნაკლებწუთიან ფორმატში, ტელეფონებზე საყურებლად მორგებულს.

ჰოლივუდში ბევრი ფიქრობს, რომ ეს საზიზღარი იდეაა. ახლა, როცა გართობის აუარებელი ალტერნატივა აქვთ მაყურებლებს, თანაც, ბევრი უფასო, ვინ გადაიხდის მორიგ ასეთ სერვისში ფულს? “თუ რვა წუთად დაჩეხილ „სამეფო კარის თამაშებს“ ვნახავ, რა გამოდის? რას აკეთებს ის ახალს? იგივე არაა, მე რომ პაუზის ღილაკი გამოვიყენო?!” – ამბობს ერთი გავლენიანი ჰოლივუდელი, რომელმაც ანონიმურობა ითხოვა, რადგანაც მისი კლიენტები Quibi-ს შოუებს ჰყიდიან. ბარი დილერმა, Hollywood-ის ალბათ ერთ- ერთმა ყველაზე შორსმჭვრეტელმა ადამიანმა თავის თაობაში, ამას წინათ, Quibi „კადნიერ სპეკულაციად“ მოიხსენია თავის ყოფილ პროტეჟესთან (1970-იანებში, აწ უკვე 69 წლის კაცენბერგი დილერთან მუშაობდა Paramount-ში). “ძალიან ღიად ლაპარაკობს ამაზე”.

იდეა არაა ახალი. ჯერ კიდევ 1999-ში კაცენბერგმა რაღაც მსგავსი Pop.com-თან სცადა, რომელსაც, ჩანაფიქრისამებრ, მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური და სათავგადასავლო ფილმები უნდა გაეშვა ინტერნეტში. რადგანაც სიცოცხლისუნარიანი ვიდეოსტრიმინგისთვის საჭირო ტექნოლოგია ჯერ ჩვილობის ფაზაში იყო, საუკეთესო ვარიანტში, იდეა ერთობ ბუნდოვნად გამოიყურებოდა. მიუხედავად სტივენ სპილბერგის, დევიდ გეფენის, ბრაიან გრეიზერის, რონ ჰოვარდისა და პოლ ალენის ფინანსური მხარდაჭერისა, Pop.com-მა ერთ წელიწადში სული განუტევა.

ამჯერად კაცენბერგს საკმარისი თანხები აქვს მოზიდული, ამ იდეით რომ ითამაშოს, მათ შორისაა 2018-ის აგვისტოში მიღებული $1 მილიარდი ისეთი ინვესტორებისგან, როგორიც Alibaba, Disney და Sony არიან. ამას დაუმატეთ მომდევნო, მარტის რაუნდზე იღბლიანად მოზიდული $750 მილიონი – სულ რამდენიმე დღით ადრე, სანამ კორონავირუსი ქვეყანას გააშეშებდა. “არასდროს მინახავს, გარემო ასე სწრაფად იცვლებოდეს, – ამბობს უიტმენი. – ყოველი დღე ახალი დღეა, ახალი მონაცემებითა და ახალი გამოწვევებით“. საბედნიეროდ, კევინ ჰარტმა და ჯენიფერ ლოპესმა უკვე დაასრულეს თავიანთ შოუებზე მუშაობა, სპილბერგი კი ფილმის გამოშვების პროცესშია. ეს უკანასკნელნი ე.წ. “ქეშ-პლუს“ გარიგებით დაინტერესდნენ, რაც მათ საშუალებას აძლევს, თავიანთ მასალაზე უფლებები შეინარჩუნონ. ორი წლის შემდეგ ისინი თავიანთი “პატარა ნაკუწების“ შეწებებას და სრულმეტრაჟიან ფილმებად გამოშვებას შეძლებენ.

ბედის ირონიით, ამერიკის კარანტინმა შესაძლოა, იდეალური მომენტი შეუქმნას Quibi-ს. Nielsen-ის პროგნოზით, მედიისადმი ყურადღება 60%-ით გაიზრდება კოვიდ- 19- ის გამო. ასეა თუ ისე, Quibi-ის შესახებ ხალხი გაიგებს: ის უამრავ ფულს – $400 მილიონს – ხარჯავს თავისი სერვისის რეკლამაზე, ხოლო მარტის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ ამ სერვისს უსასყიდლოდ შესთავაზებდა მომხმარებელს სამი თვის მანძილზე. “ახლაა მომენტი, როცა გვაქვს შანსი, რაღაც ისეთი გავაკეთოთ, რაც ადამიანებს ცოტაოდენ სიხარულს მიანიჭებს, გაართობს და გააცინებს“, – ამბობს კაცენბერგი. Quibi-ის ის უპირატესობაც აქვს, რომ ცხელ- ცხელი მასალით იქნება დატვირთული, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ პანდემიამ ყველა ახალი შოუსა და ფილმის წარმოება შეაჩერა. სცენარისტთა გაფიცვის მოლოდინში და იმის შიშში, რომ 2008 წელი განმეორდებოდა, – ანუ ის პერიოდი, როცა პროფკავშირის ამბოხმა ახალი კინოპროდუქციის გამოშვება 100 დღით შეაჩერა, – Quibi, სექტემბრიდან მოყოლებული, შოუების დაგროვებითაა დაკავებული.

სერვისის დებიუტი 6 აპრილსაა, 50 ორიგინალი შოუთი, მათ რიცხვში, დრამატულ მომენტში გაწყვეტილ ნაწყვეტებად შემოთავაზებული ისეთი ფილმებით, როგორიცაა ტრილერი “გადარჩენა“, სოფი ტერნერის (“სამეფო კარის თამაშები”) და კორი ჰოუკინსის (BlacKkKlansman) მონაწილეობით. მომხმარებლები ასევე შეძლებენ, თვალი ადევნონ 120 რეალიტი- შოუსა და დოკუმენტურ ფილმს; ამას დაუმატეთ ახალი ამბები, ამინდი და სპორტი. ჯამში, არსებობის პირველ წელს, Quibi 175 შოუდან აღებული 8,500 „მოკლე ნაკუწის“ შემოთავაზებას გვპირდება.

მაგრამ $1.8-მილიარდიანი კითხვა კვლავ უპასუხოდ რჩება: ვინმე გადაიხდის ფულს ამ ყველაფრის სანახავად? ჰოლივუდის ზოგი მოთამაშე "DBA Jeffrey“-დამოკიდებულებას ემხრობა, ანუ “ნუ დადებთ ფსონს ჯეფრის წინააღმდეგ”.

“ჯეფრის სულ რამდენიმე დიდი მიღწევა აქვს ცხოვრებაში, მაგრამ ყველაში ბრწყინავდა, – ამბობს Hollywood-ის ერთ-ერთი მსხვილი ტალანტთა სააგენტოს უფროსი აღმასრულებელი. – ბოლო 30 წლის მანძილზე ბრმად რომ დაგედოთ ფსონი ჯეფრი კაცენბერგზე, ბევრ ფულს გააკეთებდით“.

ჩვენ გირჩევთ

Wizz Air-მა მეორე ბაზა ლვოვში გახსნა

Wizz Air-მა მეორე ბაზა ლვოვში გახსნა

Wizz Air-მა მეორე ბაზა ლვოვში გახსნა

Wizz Air-მა მეორე ბაზა ლვოვში გახსნა

წინა სტატია

A National Mask Mandate Could Save The U.S. Economy $1 Trillion, Goldman Sachs Says
02 ივლისი, 2020

შემდეგი სტატია

მარკ ცაკერბერგი: Facebook არ შეიცვლება! მათ შორის არც სარეკლამო ბოიკოტის ფონზე
02 ივლისი, 2020
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker