საინფორმაციო ტექნოლოგია უძრავ ქონებაში

საინფორმაციო ტექნოლოგია უძრავ ქონებაში

უძრავი ქონება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული სექტორია. საერთაშორისო საბროკერო პლატფორმა GEOLN.COM-ი მუდმივ ევოლუციას განიცდის, რათა უძრავი ქონების ბაზარზე მსოფლიოში საუკეთესო საძიებო სისტემის ადგილი განიმტკიცოს. ჩვენ ამ საინფორმაციო პლატფორმის მშობელი კომპანიის, Geoline Holdings-ის გენერალურ დირექტორს, დიანა ქაბაქჩის ვესაუბრეთ.

გვიამბეთ უძრავი ქონების საძიებო სისტემის, Geoln.com-ის, შესახებ.

ეს საძიებო სისტემა Geoline Holdings-ისთვის შეიქმნა, რომელიც, თავის მხრივ, სიმბიოზური კომპანიაა და ემსახურება გლობალური უძრავი ქონების, ტურიზმისა და ინვესტიციის სექტორებს ოცზე მეტ ბაზარზე. უძრავ ქონებაზე იმიტომ გავაკეთეთ არჩევანი, რომ აქ გლობალური ციფრული პროდუქტის დეფიციტია, რომელიც პროფესიონალურად მოემსახურებოდა ინდუსტრიას საერთაშორისო დონეზე. ინტერნეტში არაა ერთიანი პლატფორმა, სადაც შეგიძლია, მოძებნო, აირჩიო და შეიძინო უძრავი ქონება პირდაპირ დეველოპერებისა და უძრავი ქონების მფლობელებისგან მთელ მსოფლიოში. სწორედ ეს გახდა უძრავი ქონების ამ გლობალური საძიებო სისტემის შექმნის მთავარი მიზეზი.

რა არის კომპანიის მისია და რა სერვისს აწვდის იგი მომხმარებელს?

სამშენებლო პროექტებსა და უძრავ ქონებაზე მსოფლიოში არსებული ყველა ინფორმაციის თავმოყრა და მიწოდება; სწრაფი და იოლი წვდომის უზრუნველყოფა; იმის უზრუნველყოფა, რომ მყიდველმა და დეველოპერმა/ მფლობელმა ურთიერთობა შუამავლის გარეშე დაამყარონ. დღეს GEOLN.COM-ი უფრო მეტია, ვიდრე უძრავი ქონების საძიებო სისტემა. უძრავი ქონების ბაზარზე ჩვენ ინფორმაციული ტექნოლოგიის ინოვაციები დავნერგეთ, რაც, ონლაინჩატების ფორმატში, შესაძლებელს ხდის პირდაპირ კომუნიკაციას დეველოპერსა და მფლობელთან, დეველოპერის ოფისთან, ისევე როგორც დეველოპერის გაყიდვების განყოფილებასა და მყიდველს შორის; პლატფორმა უზრუნველყოფს ონლაინჯავშნების ფუნქციებს, ხელსაყრელ ინსტრუმენტებს ძიებისა და ავტომატური შედარებებისთვის, ინდივიდუალური შენიშვნებისა და მოწონებული პროექტების ნუსხათა წარმოებას – ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვნად უზოგავს მყიდველს დროს და უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.

რადგანაც უძრავი ქონების შეძენა ბევრისთვის უაღრესად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას წარმოადგენს, ჩვენ დავიწყეთ მომხმარებელთა ისეთი იურიდიული სერვისებით უზრუნველყოფაც, როგორიცაა ტრანზაქციათა მხარდაჭერა, ონლაინიპოთეკა, უძრავი ქონების დისტანციური შესყიდვა; ამასთან, გვაქვს სპეციალიზებული სერვისები მსხვილი ინვესტორებისთვის.

და როგორ მუშაობს GEOLN.COM-ი?

ალბათ დამეთანხმებით, რომ ნახევარი დღის გატარება უძრავი ქონების შერჩევაში უსიამოვნო გამოცდილებაა, მით უფრო, როცა აღმოჩნდება, რომ შეთავაზებათა ნახევარი თქვენთვის არარელევანტურია. ჩვენ გვესმის, რომ ყველაზე ღირებული რამ დროა და, ამდენად, ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაზოგად ჩვენი პლატფორმის მომხმარებლებისთვის. მოდი, ახლა კიდევ ერთ კონკურენტულ უპირატესობას შევეხოთ – ეს დეველოპერების ოფისებია. მათ საშუალება ეძლევათ, გამოფინონ თავიანთი პროექტები, უზრუნველყონ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია და ჰქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია მყიდველებთან. ჩვენ 30-ზე მეტ ისეთ ფუნქციურ მოდულს ვთავაზობთ დეველოპერებს, როგორიცაა საშუალება, მისცენ წვდომა გაყიდვათა მენეჯერებს, დაამატონ ახალი სამშენებლო პროექტები, გამოფინონ ხელმისაწვდომი ბინები, მონიშნონ გაყიდული ერთეულები და მიიღონ ჯავშნები ბინებზე ონლაინ. გარდა ამისა, ყველა დეველოპერს აქვს წვდომა შეხსენების ფუნქციაზე, რაც მათ სერვისის ხარისხის გაუმჯობესების საშუალებას აძლევს.

თქვენი სერვისების ნუსხაში უძრავი ქონების ექსკურსიაც შედის. რას გულისხმობს იგი?

ეს არის სერვისი, რომელიც მყიდველს აძლევს საშუალებას, შეარჩიოს ნებისმიერი პროექტი და შეიტანოს ეს პროექტები ექსკურსიის პროგრამაში, რომელიც სრულფასოვან დასასვენებელ პროგრამასთან არის კომბინირებული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უძრავ ქონებაში კაპიტალდაბანდებამდე ქვეყანა უნდა დაათვალიერო – არა მხოლოდ როგორც საინვესტიციო პუნქტი, არამედ როგორც ადგილი, რომელიც შეგიყვარდება. ასე რომ, ჩვენ ყველა ინვესტორს საქართველოში ვეპატიჟებით ჩვენი უძრავი ქონების ექსკურსიაზე.

რა იყო თქვენი საწყისი ინვესტიცია?

საწყის ინვესტიციებზე თუ ვლაპარაკობთ, ორი წლის წინ ჩვენ $700,000-ზე მეტის დაბანდება გადავწყვიტეთ ქართული უძრავი ქონების ბაზრის განვითარებასა და პოპულარიზაციაში მსოფლიო დონეზე, $300,000-ზე მეტი კი მოგზაურობის სერვისებში ჩავდეთ. მოხარულები ვართ, რომ შეგვაქვს წვლილი ტურიზმისა და ინვესტიციის სფეროთა ზრდაში. ვგეგმავთ შესაბამისი ინვესტიციების გაზრდას.

უკიდურესად კონკურენტულ სფეროში გადაწყვიტეთ ინვესტირება. რით გამოირჩევით?

ჩვენ პირველი კომპანია ვართ, რომელმაც ჩვენს ვებგვერდზე კლიენტთა მიერ მოწონებული პროექტების ავტომატური შედარების ინსტრუმენტები დანერგა, ისევე როგორც მოსახერხებელი ნუსხები და შენიშვნები ობიექტების შესახებ, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, პირადი კომენტარები დაურთოს მის მოწონებულ უძრავ ქონებას. წარმოიდგინეთ: ეძებთ უძრავ ქონებას საქართველოში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში დეველოპერის ან მფლობელისაგან. უკვე 100-ზე მეტი შეთავაზება გაქვთ განხილული და, ძიების პროცესში, გავიწყდებათ ამ შეთავაზებათა უპირატესობები… ზოგს მომხიბლავი ფასი აქვს, ზოგის მშენებლობა უფრო ადრე სრულდება, ზოგი კი წინასწარი შენატანის უფრო მოქნილ პირობებს გთავაზობთ.

ჩვენი ინსტრუმენტები საშუალებას გაძლევთ, ერთ ფანჯარაში შეადაროთ ერთმანეთს ყველაფერი და მონიშნოთ თქვენ მიერ მოწონებული თითოეული შეთავაზების უპირატესობა, რაც, თავის მხრივ, ძალიან ხელსაყრელია გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გარდა ამისა, ჩვენი მთავარი უპირატესობა ვებგვერდზე განთავსებულ შეთავაზებათა რელევანტურობაა; ჩვენი გუნდის კიდევ ერთ ინოვაციას უძრავი ქონების ბაზარზე ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს, რომელიც არარელევანტური შეთავაზებების იდენტიფიცირებას ახდენს და შლის მათ ვებგვერდიდან.

რატომ გახდა ქართული ბაზარი ახალი დანიშნულების პუნქტი თქვენი ბიზნესისთვის?

კომპანიის ექსპერტებსა და ანალიტიკოსებს ნამდვილად არ გამოჰპარვიათ გაზრდილი მოთხოვნა უძრავ ქონებაზე საქართველოში. ამ საკითხის დეტალური შესწავლისას, თვალში მოგვხვდა საქართველოს ტრენდები და წარმატებები მსოფლიო ასპარეზზე. ინდიკატორი ჩვენთვის საქართველოში ისეთი საერთაშორისო სამშენებლო კომპანიების ამოქმედება იყო, როგორიც, მაგალითად, SYSTEM CONSTRUCTION-ია, თავისი Porta Batumi Tower-ის პრემიუმ- პროექტით; ჩართულნი იყვნენ ცნობილი არქიტექტორები ინგლისიდან, Broadway Malyan-ი და RWDI-ს საერთაშორისო ინჟინრები. ეს უკანასკნელნი ლონდონის Millennium Bridge-ისა და Burj Khalifa Skyscraper-ის ქარის ენერგიის დაპროექტებას ხელმძღვანელობდნენ.

ამან დაგვანახვა, რომ უძრავ პრემიუმ- ქონებაზე ინვესტორთა მოთხოვნა ამჟამად არსებობს… რომ აღარაფერი ვთქვათ საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე, ტურიზმის ყოველწლიურ ზრდაზე, კრიმინალის არარსებობაზე, უცხოელებისთვის ბიზნესის კეთების სიმარტივეზე, ქვეყნის მაღალ ბიზნესრეიტინგებზე საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, გამარტივებულ საგადასახადო სისტემასა და, ცხადია, უძრავი ქონებიდან მიღებულ შემოსავალზე, რაც უდავოდ მიმზიდველია ინვესტორთათვის მთელი მსოფლიოდან.

ვინ არიან ის ადამიანები, ვინც მთელ მსოფლიოში ხალხისთვის აიოლებენ უძრავი ქონების ყიდვასა და გაყიდვას თქვენი პლატფორმის მეშვეობით?

ჩვენ საერთაშორისო გუნდი გვყავს და ჩვენი თანამშრომლების უმეტესობა დისტანციურად მუშაობს. ჩვენს გუნდში ნახავთ როგორც საერთაშორისო, ისე ქართველ სპეციალისტებს მაღალი კვალიფიკაციით სხვადასხვა დარგში, იქნება ეს პროგრამირება, მარკეტინგი, იურიდიული საკითხები თუ სხვა. ჩვენ ვზრუნავთ თანამშრომელთა პროფესიულ და კარიერულ ზრდაზე, ასე რომ, ტრენინგი ჩვენი კორპორაციული კულტურის განუყოფელი ნაწილია. ჩვენი თანამშრომლები სხვადასხვა სფეროს წამყვანი ექსპერტები არიან. ჩვენს მენეჯმენტის გუნდი თანამედროვე მიდგომით გამოირჩევა. მაგალითად, ჩვენი კომპანიის ოფისებში მოსასვენებელი სივრცეებია, სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ, სამუშაო დღის მანძილზე დაისვენონ; გრაფიკზე მკაცრად მიჯაჭვულები არ ვართ და არც მკაცრი ასაკობრივი ზღვარი გვაქვს კადრების აყვანისას. მინდა, აღვნიშნო, რომ ვგეგმავთ GEOLN.COM- ის მთავარი ოფისის გადმოტანას საქართველოში, რადგანაც აქ ინფორმაციული ტექნოლოგიის ინდუსტრიისთვის ძალიან ხელსაყრელი პირობებია.

რა გავლენა იქონია გლობალურმა პანდემიამ თქვენს ბიზნესზე?

უძრავი ქონების საძიებო სისტემა GEOLN.COM- თან ერთად, Geoline Holdings-ი მოიცავს ტურიზმის სექტორთან დაკავშირებულ ისეთ კომპანიებს, როგორიცაა G-AVIA.SALE-ი – ავიახაზების ბილეთების სერვისი, G-HOTELS.WORLD-ი – სასტუმროთა ძიების, შედარებისა და დაჯავშნის სერვისი, G-TRAVEL.WORLD-ი – მოგზაურობის სააგენტო, GEO-ASK.COM – ფასდაკლებების ონლაინსერვისი. ყველა მათგანზე მწვავედ იმოქმედა გლობალურმა კრიზისმა ტურიზმის ინდუსტრიაში. პანდემიამ მართლაც მიაყენა დარტყმა კომპანიის ტურისტულ სექტორს, თუმცა გაგვაკვირვა იმ გარემოებამ, რომ ქართულ უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდა მთელი მსოფლიოდან შეინიშნება.

ჩვენი აზრით, გაზრდილი ინტერესი ქართული უძრავი ქონების სექტორში საერთაშორისო ინვესტიციის მიმართ გამოწვეულია ქვეყანაში არსებული უსაფრთხო გარემოთი პანდემიის დროს, რაც კოვიდის გავრცელების პრევენციისთვის სახელმწიფოს მიერ მიღებულმა ზომებმა განაპირობა. ეფექტიანი ნაბიჯები უყურადღებოდ არ დარჩენია საერთაშორისო საზოგადოებას, მაღალი რეპუტაციის მქონე მედიას და დღეს საქართველო მსოფლიოში აქტიურად განიხილება, როგორც უსაფრთხო ადგილი ბიზნესისა და ინვესტიციისთვის. ყველა საჯარო გამოცემა საქართველოს უსაფრთხო ტურისტულ პუნქტად მოიხსენიებს, რითაც ხდება ქვეყნის პოპულარიზება, როგორც სიმშვიდის ოაზისის და საუკეთესო ადგილის დასვენებისა და ინვესტიციისთვის.

უწინ ინვესტორები საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს, მეტწილად, პასიური შემოსავლის წყაროდ და ინვესტიციებზე სწრაფი უკუგების საშუალებად მიიჩნევდნენ, მაგრამ დღეს სულ უფრო იზრდება ტენდენცია, რომ ინვესტორები მთელი მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს პოტენციურად მუდმივი საცხოვრებლისა და ბიზნესის კეთების ადგილად თვლიან. აი, მაგალითიც: კლიენტმა ყაზახეთიდან $1,000,000 დააბანდა ბათუმის სასტუმრო აპარტამენტებში იმ მიზნით, რომ საკუთარი სასტუმრო ბიზნესი გაეხსნა შავი ზღვის სანაპიროზე. საგულისხმოა, რომ ტრანზაქცია დისტანციურად განხორციელდა, იუსტიციის სახლმა კი ჩვენი ინვესტორისთვის პროცედურის მკაფიოობა და გამჭვირვალობა უზრუნველყო.

როგორ განვითარდა კომპანია ბაზარზე ამ წლების განმავლობაში და როგორია მისი საერთაშორისო აღიარება ამ მომენტისთვის?

ვთვლი, რომ ჩვენი მომხმარებლების რიცხვი სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენი საერთაშორისო აღიარებაა. პლატფორმას დღეს 500,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და ეს რიცხვი ყოველდღე იზრდება. ჩვენი პლატფორმა არა მარტო მყიდველების, არამედ გამყიდველების რჩეულიცაა. შესაბამისად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დეველოპერები თავიანთი უძრავი ქონების რეკლამირებასა და გაყიდვას ჩვენთან არჩევენ. დღეს დეველოპერთა რიცხვი 10,000 კომპანიას უახლოვდება. მომდევნო წელს ვგეგმავთ ამერიკისა და ჩინეთის ბაზრებზე შესვლას, ახლა კი აქტიურად ვავითარებთ ბაზრებს ყაზახეთსა და პოლონეთში.

კომპანიის წარმატების დიდი წილი გამოცდილ და კვალიფიციურ დამფუძნებლებზე მოდის. მოგვიყევით უძრავ ქონებაში თქვენი გამოცდილების შესახებ.

უძრავი ქონების ბიზნესში 11 წელზე მეტია, ვარ. მაგისტრის წოდება ეკონომიკის დარგში მაქვს მიღებული. ჩემმა პროფესიულმა კარიერამ სტარტი ბულგარულ ბაზარზე აიღო, შემდეგ ესპანეთში გაგრძელდა, შემდეგ – თურქეთში და მოიცავდა ინდივიდუალურ მხარდაჭერას ტრანზაქციების მიმართულებით მსხვილი ინვესტორებისგან. დღეს ინვესტირების ინდივიდუალურ და კორპორაციულ სექტორს ვემსახურები საქართველოში. ვარ G-INVEST.LTD-ზე დაფუძნებული საინვესტიციო პროექტთა განვითარებისა და რისკების შეფასების საერთაშორისო სამეთვალყურეო და საკოორდინაციო საბჭოს წევრი. ასევე, სამშენებლო კომპანიებს უზრუნველვყოფ საკონსულტაციო სერვისებით მენეჯმენტის, მარკეტინგის, აუდიტის, ბრენდის განვითარების, დეველოპერულ და გაყიდვათა ზრდის სფეროებში. ვარ უძრავი ქონების გაყიდვათა პრაქტიკული მეთოდოლოგიის ავტორი, რომლის მიხედვით საერთაშორისო სამშენებლო კომპანიები წარმატებით მუშაობენ. ჩემი მოტივაცია თავიდანვე უძრავი ქონების გლობალურ პროექტში მონაწილეობის მიღება იყო საერთაშორისო დონეზე. ჩემი მოტივაციის წყაროს წარმოადგენენ ჩემ ირგვლივ მყოფი ადამიანები, ჩემი გუნდი და მიზანი, რომლისკენაც მივდივართ.

დაბოლოს, როგორია GEOLN.COM-ის სამომავლო გეგმები?

ახლა ჩვენ cyberschool.ge-ს გახსნაზე ვმუშაობთ. ეს ინფორმაციული ტექნოლოგიის სკოლა იქნება ბავშვებისთვის საქართველოში, სადაც ვაპირებთ, ტინეიჯერებს ვასწავლოთ თავიანთი ტექნოლოგიური პროექტების პროგრამირება და განვითარება. ჩემი მყისიერი გეგმა კომპანიაში ამ პროექტის წელსვე ჩაშვებაა. რაც შეეხება უძრავი ქონების სექტორს, ჩვენ განვაგრძობთ ქართული ბაზრის განვითარებას და ვგეგმავთ ფუნქციონალობის გაზრდას როგორც დეველოპერების, ისე მომხმარებლებისთვის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *