“ციტოს“ ალგორითმი

სამედიცინო ცენტრი "ციტო"საქართველოში 1997 წლიდან ჯანდაცვის უმაღლეს სტანდარტებს ამკვიდრებს. ქვეყანაში პირველი საერთაშორისოდ აღიარებული ლაბორატორია და კლინიკა დღეს 200-მდე კვალიფიციურ პერსონალს აერთიანებს. როგორ ვითარდებოდა ჯანდაცვის ბაზარი მათთან ერთად და რას სთავაზობს “ციტო“ პაციენტებს, ამაზე სამედიცინო ცენტრის გენერალური მენეჯერი გიორგი სალდაძე საუბრობს. 

 

"იტო" უკვე 23 წელია, საქართველოში არსებობს, თქვენი დაკვირვებით, როგორ შეიცვალა ჯანდაცვის ბაზარი და მომხმარებლის მოთხოვნა ამ ხნის განმავლობაში?

როდესაც “ციტო“ გაიხსნა, სამწუხაროდ, ქვეყანაში ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იყო. სამედიცინო სექტორი მთლიანად იყო დაშლილი. ძველი საბჭოთა სისტემა დაინგრა, ხოლო ახალი ჯერ არ არსებობდა. “ციტოს“ მთავარი მიზანი და პირველი ამოცანა ლაბორატორიული ნაწილის განვითარება გახლდათ, რათა ქვეყანაში ერთი კომპანია მაინც ყოფილიყო, რომელიც იმ დროისათვის საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებდა. ჩვენ მიზნად დავისახეთ საერთაშორისო არენაზე არსებული ტექნოლოგიური მექანიზმების ადაპტაცია ქართულ ბაზარზე და, რაც მთავარია, ცოდნის გადმოტანა და აქაური პროფესიონალებისთვის მისი გაზიარება. დაარსების დღიდან აქტიურად ვცდილობთ, ჩავატაროთ სემინარები, კონფერენციები, “ვორკშოპები“ – არა იმიტომ, რომ ჩვენი სერვისი გავყიდოთ, არამედ იმისთვის, რომ წარმოვადგინოთ ის სიახლეები, რომლებიც უფრო სრულყოფილად დაეხმარება ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს თავიანთი სერვისების ეფექტიანად მართვაში.

მთელი ამ ხნის განმავლობაში იცვლებოდა მომხმარებლის ქცევაც, იმ თვალსაზრისით, რომ დღეს პაციენტები ბევრად უფრო გათვითცნობიერებულები არიან საკუთარ საჭიროებებში. ამის მთავარი მიზეზი, ჩემი აზრით, არის ის, რომ დღეს ინტერნეტთან წვდომა უკვე ყველას აქვს და ადამიანები იღებენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას ჯანმრთელობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის თუ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი მეთოდების შესახებ. ეს ძალიან კარგია, ეს აიძულებს უშუალოდ ჯანდაცვის სექტორში მოქმედ კომპანიებს, რომ ახლა უფრო სიღრმისეულად შეხედონ საკითხებს და სრული და ამომწურავი პასუხები გასცენ პაციენტებს.

მსოფლიოში დიაგნოსტიკური მედიცინა სწრაფი ტემპით ვითარდება. როგორ ფიქრობთ, რამდენად უწყობს ფეხს საქართველო ამ კუთხით გლობალურ ტენდენციებს?

რაც უფრო მასშტაბურად ხდება ქვეყნის მიერ რაიმე ტექნოლოგიის ათვისება, ფინანსურადაც მით უფრო მარტივია ამის შესრულება და მით უფრო ზუსტად და სწრაფად ხდება ადაპტაცია. ასე რომ, უნდა მოხდეს თანხვედრა ჩვენს სურვილებსა და შესაძლებლობებს შორის. ჩვენ, მაგალითად, სამი წლის წინ ახალი ტექნოლოგია დავნერგეთ ცენტრში, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ერთ საათში მივიღოთ ისეთი უმძიმესი პათოლოგიების დიაგნოზი, როგორიცაა, მაგლითად, მენინგიტი და სხვა. ეს ტექნოლოგია ყველა განვითარებულ ქვეყანაშია გავრცელებული. ამერიკის შეერთებულ შტატებში თითქმის ყველა კლინიკაში დგას ასეთი აპარატი, რათა მოხდეს დროული დიაგნოსტიკა და, შესაბამისად, სწორი მკურნალობის დროულად დაწყება. ამ ტექნოლოგიით ანალიზის პასუხის მისაღებად ერთი საათია საჭირო, კლასიკურ მეთოდს კი 14-19 საათი სჭირდება.

ჩვენს შემთხვევაში, სამწუხაროდ, სახელმწიფოს პრიორიტეტი ჯერ მაინც არის გადაუდებელი სერვისები. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არ გახლავთ ისეთი ძლიერი, როგორიც ამერიკას აქვს, მასობრივად ასეთი ტექნოლოგიის დანერგვა ძალიან რთულია. ზოგადად, ბევრი სახის ტექნოლოგიური განახლება მიმდინარეობს მსოფლიოში და თანდათან საქართველოშიც გადმოდის. წლიდან წლამდე ვხედავთ, რომ კომპანიები ვითარდებიან, ახალი ტექნოლოგიები შემოაქვთ და მაქსიმალურად ცდილობენ, ბალანსი დაიცვან ეფექტიანობასა და ხარჯთეფექტიანობას შორის. უბრალოდ, ეს დროის საკითხი გახლავთ. რაც უფრო განვითარდება ეკონომიკა, მით უფრო მარტივი იქნება როგორც მოქალაქეებისთვის, ისე კომპანიებისთვის ახალი ტექნოლოგიების ეფექტიანი ათვისება და მათი დანერგვა.

ეთანხმებით თუ არა იმას, რომ ჯანდაცვა ბიზნესია?

ჯანდაცვა ბიზნესი არ არის, მაგრამ კერძო კომპანიებისთვის, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში მუშაობენ, ეს არის ბიზნესი. ფინანსური კუთხით, თუ კომპანიას ესაჭიროება სუბსიდია, ამ შემთხვევაში მას კომერციული დატვირთვა ვერასოდეს ექნება. კომერციული დაწესებულებები პაციენტებს ისეთ სერვისებს სთავაზობენ, რაც არ არის იმ სტანდარტულ მოთხოვნებში, რომელთა დაკმაყოფილებაც სახელმწიფოს შეუძლია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ის ღირებულება შევქმნათ, რაც მისცემს პაციენტს საშუალებას, აირჩიოს, ურჩევნია თუ არა და უღირს თუ არა, გადაიხადოს რაღაც თანხა ამ სერვისების მისაღებად. აქედან გამომდინარე, არის თუ არა ჯანდაცვა ბიზნესი, ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს - გააჩნია, რა კუთხით ვუყურებთ.

ციტო“ არ არის ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, რა არის ამის მიზეზი?

მთავარი მიზეზი ისაა, რომ ჩვენ ვართ ამბულატორიული კლინიკა. ჩვენ არ გვაქვს გადაუდებელი და ინვაზიური სერვისები. ამასთან ერთად, ჩვენი მიზანი და ამოცანაა, რომ ჩვენი ხარისხი საერთაშორისო დონის შესაბამისი იყოს. ამისთვის ცოტა სხვანაირი ფინანსური პოლიტიკა გვჭირდება, რათა შევძლოთ, რომ ყოველთვის გვქონდეს ყველაზე მაღალი დონის აკრედიტაცია, მექანიზმები, საშუალებები. ჩვენ მიერ გაცემული ანალიზის პასუხი უნდა იყოს ვალიდური კანადაშიც, აშშ- შიც, ევროკავშირშიც. ამას განსხვავებული, სპეციფიკური მუშაობა სჭირდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ თავი შევიკავეთ საყოველთაოს პროგრამაში ჩართვისგან. დავრჩით იმ ზღვარზე, სადაც ჩვენი ამოცანაა, გვქონდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი სერვისები, თუმცა არასუბსიდირებული სახელმწიფოს მიერ.

თქვენ ამბობთ, რომ თქვენი საქმიანობის ძირითადი ღირებულება ხარისხიანი მომსახურებაა. კიდევ რა არის ციტოს“ მთავარი უპირატესობა ჯანდაცვის ბიზნესში?

პირველ რიგში, ის ცოდნა, რაც უკვე წლებია, კლინიკაში გროვდება. რეალურად ჩვენგან, მაგალითად, ანალიზის პასუხი არ გადის ისე, რომ სამეტაპიანი ვალიდაცია არ გაიაროს. ჩვენ არა მხოლოდ ანალიზის პასუხს ვაკვირდებით, არამედ ვუყურებთ ანამნეზს, ვუკავშირდებით ექიმს, გვაინტერესებს, რა როგორ მოხდა, იმისთვის, რომ ზუსტად ავხსნათ, რამდენად შესაძლოა, ანალიზის პასუხი მერყევი იყოს. ეს ძალიან რთული და კომპლექსური მეთოდიკაა, რომელსაც უკვე წლების განმავლობაში ჩვენ სერიოზულად ვმართავდით იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწორი პასუხები გავცეთ. ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა დრო და ენერგია სჭირდება, რომ თითოეული ანალიზის პასუხს ასე ჩაეძიო და დეტალებში შეხვიდე. მაგრამ მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე სხვა გზა იმისთვის, რომ გავცეთ ანალიზის უტყუარი პასუხი, არ არსებობს. უპირატესობად მიმაჩნია ის, რომ ჩვენთვის პრიორიტეტი პაციენტი და მისი ჯანმრთელობაა! და იმედი გვაქვს, ამას ყველა ჩვენი პაციენტი გრძნობს და აფასებს. ასევე ის, რომ გვინდა, ყოველთვის ავანგარდში ვიყოთ, იქნება ეს ტექნოლოგიური სიახლეები თუ, ელემენტარულად, კომპანიის შიდა პოლიტიკა და პრიორიტეტები. უკვე წელიწადზე მეტია, კვალიფიციურ გუნდთან ერთად ვმუშაობთ სპეციალური პროგრამის შექმნაზე, რომელმაც სრულიად ახალ დონეზე უნდა აიყვანოს როგორც ჩვენი შიდა პროცედურები, ასევე პაციენტის მომსახურების ხარისხი და სერვისები. იმედია, ამ პროგრამას თქვენს მომავალ ინტერვიუში წარმოგიდგენთ.

ციტოს“ 2005 წლიდან აქვს ISO 9001 აკრედიტაცია, ხოლო 2016 წლიდან - ISO 15189 ANAB აკრედიტაცია. გამოდის, თქვენ ხართ საერთაშორისოდ აღიარებული სამედიცინო ლაბორატორია საქართველოში... რას ნიშნავს ეს სტატუსი?

ISO 9001 - ეს არის მენეჯმენტის აკრედიტაცია. 2005 წელს ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენი მენეჯმენტის პროტოკოლები იმდენად გამართულია, რომ ვიმსახურებდით ამ აკრედიტაციას. ეს ნიშნავს, რომ ყველა პროცესი, რაც იმართება კომპანიის მხრიდან, არის გამართული და სტანდარტიზებული. ჩვენი აუდიტორები ჩამოდიან კანადიდან, ამერიკიდან, ევროკავშირიდან და მათ იციან, რომ ეს აკრედიტაცია გვაქვს, ესე იგი ზუსტად იციან, როგორ იმართება სათითაო დეპარტამენტი, როგორ ხდება ინფორმაციის გაცვლა, როგორ ხდება პროექტების შემუშავება, დადასტურება და შემდეგ შესრულება, სად რა დოკუმენტი არსებობს და ა.შ.

რაც შეეხება ლაბორატორიულ აკრედიტაციას, ეს სხვა მიმართულებაა და აქ უკვე ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენი ლაბორატორიული პროტოკოლები, პროცესები, აპარატურასთან და თანამშრომლებს შორის ურთიერთობა არის სტანდარტიზებული და შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანი, რომელიც შევა ამერიკის ლაბორატორიაში და შემოვა ჩვენთან, ზუსტად ერთსა და იმავე პროცესებს ნახავს. იმიტომ რომ ეს არის ერთი სტანდარტი. ჩვენ ქართული სერტიფიცირებაც გვაქვს, თუმცა, ვინაიდან ჩვენი სერვისი არ არის მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაზე გათვლილი და ვემსახურებით დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო პროექტებშიც ვართ ჩართულები. გადავწყვიტეთ, რომ ამერიკის აკრედიტაციის ცენტრის – ANAB-ის გუნდი ჩამოგვეყვანა, მათ ჩაატარეს ძალიან დეტალური შემოწმება და 2016 წელს მოგვანიჭეს აკრედიტაცია ISO 15189 ANAB. მას შემდეგ ყოველწლიურად ხდება მათ მიერ ჩვენი შემოწმება.

ციტოში“ ამ დრომდე ჩატარებულია ნახევარ მილიონზე მეტი ანალიზი და 353,000-ზე მეტი პაციენტისთვის გაწეული გაქვთ სამედიცინო მომსახურება. ძირითადად ვინ არიან თქვენი მომხმარებლები?

ასაკობრივ ჭრილში მთავარი ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც 35-45 წლამდე ადამიანები, ასევე 65 წელს გადაცილებული პაციენტები, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ და რომელთაც რუტინული სამედიცინო შემოწმება სჭირდებათ. ასევე ახალდაოჯახებული წყვილები, რომლებიც იწყებენ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ბავშვს ელოდებიან და იმაში დარწმუნება სჭირდებათ, რომ ყველაფერი კარგად არის. პედიატრიული მიმართულებაც გვაქვს, რომელიც ასევე ძალიან დატვირთულია. პრინციპში, სრულ ასაკობრივ სპექტრს ვფარავთ. ჩვენ ანალიზებისა და სერვისების ერთ- ერთ ყველაზე ფართო მენიუს ვთავაზობთ პაციენტებს, მომავლისთვის კი ამ მხრივ საინტერესო გეგმები გვაქვს.

მომხმარებელთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამ ზრდას დავახვედროთ ის ადეკვატური სერვისი და ხარისხი, რაც ამდენი წლის განმავლობაში გვქონდა. ამის ფარგლებში 2019-ში მოვახდინეთ ჩვენი კომპანიის სტრუქტურული გადახალისება, გავყავით ამბულატორიულ-კლინიკური და ლაბორატორიული სერვისები. ჩვენს ცენტრალურ ფილიალს სრული რეკონსტრუქცია ჩავუტარეთ, თავიდან ბოლომდე შევცვალეთ პაციენტის მომსახურების სქემა. ჩვენთან შემოსვლის მომენტიდან პაციენტი არის მუდმივი პატრონაჟის ქვეშ. გადავაკეთეთ ყველაფერი, რათა ახალი დატვირთვისთვის გვეპასუხა.

წლების მიხედვით რომ ავიღოთ, 24%-იანი ზრდა გვქონდა 2018 წლიდან 2019 წლამდე. ჩვენი მიზანი იყო, რომ 2020-სთვის ეს არა მარტო შეგვენარჩუნებინა, არამედ გაგვეზარდა. სამწუხაროდ, პანდემიამ ფორსმაჟორული სიტუაცია შეგვიქმნა. მაგრამ ამის მიუხედავად, არც ერთი დღე არ გავჩერებულვართ, ჩვენ პრიორიტეტები გადავაწყვეთ, მოვერგეთ ახალ რეალობას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 7–10%-იან ზრდას მაინც ვნახავთ წლის ბოლოსთვის.

     

ციტოს“ საქართველოს უკვე ხუთ რეგიონში აქვს გახსნილი ექსპრეს-ცენტრები, რა ძირითად კვლევებზეა ხოლმე განსაკუთრებული მოთხოვნა?

რეგიონებში მდებარე ცენტრებში გვაქვს მხოლოდ ანალიზის ასაღები პუნქტები, საიდანაც სპეციალური სატრანსპორტო ყუთებით მოაქვთ სინჯები “ციტოს“ თბილისის ცენტრალურ ლაბორატორიაში. რეგიონებში ძირითადად რუტინულ კვლევებზეა ხოლმე მოთხოვნა. იმის გამო, რომ, სამწუხაროდ, რეგიონებში არ არის ისე განვითარებული ჯანდაცვა, როგორც დედაქალაქში, პრობლემური პაციენტი ძირითადად თბილისში გადმოჰყავთ ხოლმე. ამიტომაც ჩვენს რეგიონულ ცენტრებში მხოლოდ რუტინულ კვლევებზეა მოთხოვნა. თუმცა ჩვენ მოთხოვნისამებრ ჩაგვყავს ლაბ- ექსპრეს- ცენტრებში ექიმები – მათ შორის პედიატრები, გინეკოლოგები, ენდოკრინოლოგები და ა.შ. – რათა პაციენტებმა, რომელთაც კვალიფიციური კონსულტაციების მიღება სურთ, ეს ადგილზევე შეძლონ და მათ არ მოუწიოთ თბილისში ჩამოსვლა.

ამ ეტაპზე რეგიონულ ცენტრებს შორის ყველაზე აქტიურია ბათუმი და ზუგდიდი. ცენტრები ასევე გვაქვს სამტრედიაში, სენაკში, ქუთაისსა და გორში. ახლა უკვე აღმოსავლეთ საქართველოშიც ვაპირებთ ლაბორატორიული ექსპრეს-ცენტრების გახსნას. იმედი მაქვს, რომ წლის ბოლომდე სამი ახალი ცენტრი შემოგვემატება. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს თბილისის მასშტაბით სხვადასხვა უბანში ჩვენი ლაბორატორიული ექსპრეს-ცენტრების გამართვა, რათა ჩვენს პაციენტებს ჰქონდეთ საშუალება, ამ გადატვირთულ გარემოში მარტივად და კომფორტულად მიიღონ ჩვენი მომსახურება თავიანთ სახლთან ახლოს. ამასთან, 2019 წელს დაიწყო ახალი ცენტრალური ლაბორატორიის დაგეგმარებაც. სამწუხაროდ, პანდემიამ შეგვაჩერა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მშენებლობა მესამე კვარტალის ბოლოს დაიწყება და 2022-ში დასრულდება.

ციტოს“ ლაბორატორიაში შესაძლებელია COVID-19-ზე ტესტირებაც. საინტერესოა, რამდენი ადამიანი შეამოწმეთ პანდემიის დაწყებიდან და როგორია პროცედურა?

COVID-19-ზე დაახლოებით 2000-მდე ტესტი გვაქვს ჩატარებული. ვთანამშრომლობთ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან. ძალიან ფრთხილად მივდივართ ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ის ტესტები, რასაც ვიყენებთ, აუცილებლად უნდა იყოს ვალიდური. ამას გვავალდებულებს ISO 15189, რასაც თავისი პროტოკოლები აქვს. ვცდილობთ პროცესის მაქსიმალურად ოპტიმიზაციას, რათა უფრო ხარჯთეფექტიანები ვიყოთ და მაქსიმალურად ისე ავაწყოთ სქემა, რომ ყველა იმ პაციენტისთვის, რომელთაც სურვილი ექნებათ, ეს ტესტირება ჩაიტარონ, არ იყოს ზედმეტად ძვირი. ეს პროცესი ძალიან კომპლექსურია. მოგეხსენებათ, დღეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ყოველდღიურად ცვლის თავის რეკომენდაციებს, ცოტა საფრთხილო და ამავე დროს ძალიან საინტერესო პერიოდია. ასეთ დინამიკაში მუშაობა იშვიათია, შესაბამისად, ჩვენთვის კარგი გამოცდაა, თუ როგორ შეგვიძლია ყველანაირი სტანდარტის დაცვით ასეთ სწრაფ ცვლილებებთან ადაპტირება.

ჩვენ გირჩევთ

COVID-მა კიდევ ერთი ტანსაცმლის ბრენდი გააკოტრა

ერთ კომუნაში

COVID-მა კიდევ ერთი ტანსაცმლის ბრენდი გააკოტრა

COVID-მა კიდევ ერთი ტანსაცმლის ბრენდი გააკოტრა

წინა სტატია

NBC Universal-მა სტრიმინგ სერვისი Peacock-ი წარადგინა
15 ივლისი, 2020

შემდეგი სტატია

ივნისში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 18 პროცენტით გაიზარდა
15 ივლისი, 2020
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker