საქართველოს სახელმწიფო ვალი საშიშ ზღვარს უახლოვდება

2020 წელს საქართველოს მთავრობა 8 მილიარდ ლარზე მეტ ვალს აიღებს, მაგრამ ამავე დროს ერთი მილიარდი ლარის ადრე აღებულ ვალს დაფარავს. შედეგად, წელს მთავრობის ვალი 7 მილიარდი ლარით გაიზრდება, საიდანაც 1.8 მილიარდი ლარი – საშინაო ვალი, ხოლო 5.2 მილიარდი ლარი საგარეო ვალი იქნება. 2020 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობას 27.6 მილიარდი ლარის ვალი ექნება. ესეც იმ შემთხვევაში, თუ ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ დაახლოებით 3.0 იქნება. ლარის გაუფასურება პირდაპირ ზრდის ლარში გამოსახული ვალის სიდიდეს, რადგან ვალის 77% უცხოურ ვალუტაში გვაქვს აღებული.

ვალის ასეთი მაღალი ტემპით ზრდა კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ განაპირობა, თუმცა 2020 წელს მთავრობა ისედაც გეგმავდა 2 მლრდ ლარის ახალი ვალის აღებას.

2019 წლის ბოლოს საქართველოს სახელმწიფო ვალი 21.3 მილიარდი ლარი იყო, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 42.6%. 2020 წლის იანვარ- თებერვალში ვალი 20.7 მილიარდ ლარამდე შემცირდა, რაც ლარის გამყარებამ განაპირობა. 2020 წლის მარტიდან, ლარის გაუფასურებისა და ახალი ვალების აღების საჭიროების მატების გამო, სახელმწიფო ვალმა სწრაფად დაიწყო ზრდა. 2020 წლის 31 მაისის მონაცემებით, საქართველოს 19 მილიარდი ლარის საგარეო და 5.5 მილიარდი ლარის საშინაო ვალი ჰქონდა, ჯამში 24.5 მილიარდი ლარი.

სახელმწიფო ვალი ორი ნაწილისგან შედგება: მთავრობის ვალი და ეროვნული ბანკის საგარეო ვალი. 31 მაისის მონაცემებით, ეროვნულ ბანკს 784 მლნ ლარის (247 მლნ დოლარის) საგარეო ვალი ჰქონდა. მთავრობის ვალი კი 23.7 მილიარდი ლარი იყო. თავის მხრივ, მთავრობის ვალი მოიცავს საშინაო და საგარეო ვალებს. 23.7 მილიარდი ლარიდან 5.5 მილიარდი – საშინაო, ხოლო 18.2 მილიარდი ლარი საგარეო ვალი იყო.

საქართველოს მთავრობის პროგნოზით, 2020 წელს ეკონომიკა 4%-ით შემცირდება, თუმცა ფასების ზრდის გამო ნომინალური მშპ 50 მილიარდი ლარის დონეზე შენარჩუნდება (2019 წელსაც 50 მილიარდი იყო). ასაღები ვალის მოცულობიდან და ეკონომიკური ზრდის პროგნოზიდან გამომდინარე, 2020 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობის ვალი მშპ-ის 54.8%-ს მიაღწევს, სახელმწიფო ვალი კი მშპ-ის 58%-მდე გაიზრდება.

საქართველოში მოქმედი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონის თანახმად, მთავრობის ვალი მშპ-ის მიმართ 60%-ზე მეტი არ შეიძლება იყოს. საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობას შეუძლია, აიღოს მშპ-ის 60%-ზე მეტი ვალი, ოღონდ უნდა წარმოადგინოს გეგმა, მომავალი 3 წლის განმავლობაში როგორ დააბრუნებს ვალის მაჩვენებელს 60%-ს ქვემოთ. საქართველოს მთავრობას ამ ეტაპზე ასეთი გეგმის წარმოდგენა არ დასჭირვებია, რადგან ვალის საპროგნოზო მაჩვენებელი არ სცდება მშპ-ის 60%-ს. განსხვავებული სურათია ბიუჯეტის დეფიციტის შემთხვევაში, სადაც ზღვარი მშპ-ის 3%-ია და წელს დეფიციტი 8.4%-მდე იზრდება. დეფიციტთან დაკავშირებით მთავრობის საშუალოვადიან გეგმაში ჩანს, რომ 2023 წელს დაუბრუნდება მშპ-ის 3%-ს.

ვალის მშპ-ის მიმართ 60%-იანი ზღვარი აქვს დაწესებული ევროკავშირსაც ევროზონის ახალი და მომავალში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის.

ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკისადმი და მოსახლეობისადმი ვალის ტვირთის საზომად სწორედ მშპ-თან ვალის ფარდობის მაჩვენებელი გამოიყენება, რადგან რაც უფრო დიდია ქვეყნის ეკონომიკა, მით მეტ ვალს შეუძლია მოემსახუროს. განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის მიჩნეულია, რომ მშპ-ის მიმართ 60%-ზე მეტი ვალი საფრთხეა ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის, რადგან ამცირებს ქვეყნის ფისკალურ მდგრადობას და გადახდისუნარიანობას.

რაც მეტი აქვს ქვეყანას ვალი, მით უფრო სუსტია მომავალში მოსალოდნელ შოკებთან გასამკლავებლად. მაგალითად, საქართველომ პანდემიის პირობებში შეძლო დამატებითი ვალების აღება, რადგან პანდემიამდე საშუალო დავალიანების მქონე ქვეყანა იყო. მომავალში, ეკონომიკური კრიზისი პანდემიით იქნება გამოწვეული თუ სხვა მიზეზით, საქართველო ერთ წელიწადში 8 მილიარდისა და მეტის ვალს ვეღარ აიღებს. დონორებიც შეუზღუდავენ დაფინანსებას.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქვეყანა შესაძლოა არ იდგეს დეფოლტის წინაშე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვალის ყოველწლიური მომსახურება უკვე საკმაოდ დიდი ტვირთია. 2020 წელს ძირისა და პროცენტის დასაფარად საქართველო ჯამში 1.8 მილიარდ ლარს გადაიხდის. მაგალითად, ეს თანხა 3-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველო პოლიციისა და სახელმწიფო დაცვის მომსახურებაში იხდის. ასევე აღემატება ცალ- ცალკე აღებულ ჯანდაცვისა და განათლების დაფინანსებას.

ვალის ტვირთის მაჩვენებელია ასევე ქვეყნის ერთ მოსახლეზე რამდენი ვალი მოდის. 2014 წელს საქართველოში 1 ადამიანზე დაახლოებით 2,800 ლარის ვალი მოდიოდა, რაც 2019 წლის ბოლომდე გაორმაგდა და 5,700 ლარს მიაღწია. 2020 წლის ბოლოს კი მთავრობის ვალი ერთ მოსახლეზე 7,400 ლარამდე იქნება, სახელმწიფო ვალი – 7,800 ლარამდე.

საინტერესოა, რატომ იღებს საქართველო 8 მილიარდი ლარის ვალს? ეს რამდენიმე მიზეზმა განაპირობა, რომელთაგან ნაწილი ობიექტური მიზეზია, ნაწილი კი საკამათოა.

8 მილიარდიდან ერთი მილიარდი ადრე აღებული ვალების ძირი თანხის დაფარვას დასჭირდება, რაც პანდემიამდეც იყო გათვალისწინებული.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2020 წელს მთავრობა ისედაც გეგმავდა ახალი, 2-მილიარდიანი ვალის აღებას, პანდემიის შედეგად გამოწვეული ვალის რეალური ზრდა 5 მილიარდი ლარია.

ეკონომიკური კრიზისის გამო, 2020 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები მილიარდი ლარით შემცირდა. ამავე დროს, ხარჯები 1.5 მილიარდი ლარით გაიზარდა (ძირითადად ჯანდაცვისა და სოციალური დახმარებების ხარჯები). შემოსულობების შემცირებამ და ხარჯების ზრდამ დამატებით 2.5 მილიარდი ლარის ვალის აღება გახადა საჭირო. თუმცა მთავრობა 5 მილიარდით მეტს იღებს და გეგმავს, 2.5 მილიარდი 2020 წელს არ დახარჯოს, თუ ვირუსით ინფიცირებულების რაოდენობა იმ დონეზე არ გაიზრდება, რომ ეკონომიკის მეორედ ჩაკეტვა გახდეს საჭირო. თუ წელს აღარაფერი შეიცვლება, მთავრობა წელს აღებული ვალების ნაწილს 2021 წელს გამოიყენებს, რაც სხვა თანაბარ პირობებში 2021 წელს ქვეყნის ვალის მაჩვენებელს შეამცირებს.

შეეძლო თუ არა მთავრობას ნაკლები ვალის აღება? დიახ, შეეძლო და ეს უნდა გაეკეთებინა ნაკლები შიდა ვალის აღებით. იმ პირობებში, როდესაც საგარეო ვალით გარკვეულ ბუფერს ქმნი, თან უცხოურ ვალუტაში (მნიშვნელოვანია ლარის კურსისთვის) გამოყოფილ საგარეო დაფინანსების ნაწილზე უარის თქმა არ იქნებოდა გამართლებული. 1.8 მილიარდი საშინაო ვალიდან კი 600 მლნ კომერციულ ბანკებში გრძელვადიანი დეპოზიტებისთვის არის განკუთვნილი. არ ჩანს აუცილებლობა, რომ კომერციულ ბანკებს მთავრობის დახმარება სჭირდებოდა. გარდა ამისა, მთავრობას შეეძლო, ბიუჯეტში მეტი დანაზოგი გაეკეთებინა და აქედან გამომდინარე დასჭირდებოდა ნაკლები საშინაო ვალის აღება. ფაქტობრივად, სახელმწიფო ბიუჯეტში 547 მლნ ლარის დანაზოგი ბუნებრივად გაკეთდა. ანუ დაიზოგა იმ პროგრამისა და პროექტების თანხა, რომელთა განხორციელებასაც ხელი პანდემიამ შეუშალა. ესენია: ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები.   

     

     

     

ჩვენ გირჩევთ

ეროვნული ბანკის საზედამხედველო სტრატეგია

ბათუმის ახალი პერსპექტივა

ეროვნული ბანკის საზედამხედველო სტრატეგია

ეროვნული ბანკის საზედამხედველო სტრატეგია

წინა სტატია

დავით ქემერტელიძემ და ერლან ნიგმატულინმა ყაზახეთში კლინიკებს სამედიცინო ინვენტარი გადასცეს
22 July, 2020

შემდეგი სტატია

Gilead-ი Tizona-ს აქციების ნახევარს ყიდულობს
22 July, 2020
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
ესპანეთში COVID-ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების 82%-ს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს - კვლევა
ახალი ამბები ქართულად | Nov, 02, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker