პოპულარულთა 100-ეული

Neflix-იდან Yeezy-მდე: როგორ აქციეს ამ წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანმა პოპულარულმა ადამიანებმა ვარსკვლავობის ბიზნესი $6.1 მილიარდად – სიმდიდრედ, რომელიც $200 მილიონით ჩამოუვარდება შარშანდელ მონაგარს. 

 

ამ ნოემბერს ინვესტიციის ფულად გარდაქმნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აქცია დაფიქსირდა პოპულარულ ადამიანთა ისტორიაში: კაილი ჯენერმა თავისი Kylie Cosmetics-ის 51% სილამაზის პროდუქტთა გიგანტ Coty-ს მიჰყიდა. სანაცვლოდ, Forbes-ის შეფასებით, მას $40 მილიონი ერგო (გადასახადებამდე), რაც იმაზე მეტია, ვიდრე Wall Street-ი ვარაუდობდა, და საკმარისზე მეტი, ჯენერს ამ წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ვარსკვლავის გვირგვინი რომ დაედგა თავზე. მის ქვემოთ, მეორე ადგილს მისი სიძე, კანიე ვესტი იკავებს, რომელმაც, გადასახადებამდელი მოგების სახით, დაახლოებით $10 მილიონი დაუმატა თავის $170-მილიონიან ქონებას ძვირფასი სპორტული ფეხსაცმლის ბრენდის, Yeezy-ს წყალობით.

მაგრამ ამ ფულის ჩამჯიბავ კლანს, “მილიონების“ ნაცვლად, ურჩევნია, საკუთარ “მილიარდერებზე“ ილაპარაკოს. “სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ყველაფერი, რასაც კარდაშიან-ჯენერების ოჯახი აკეთებს, მეტისმეტად დიდია... ბრენდის იდენტობის შესანარჩუნებლად, ის უფრო დიდი უნდა იყოს, ვიდრე არის“, – ამბობს სტეფანი ვისინკი, სამომხმარებლო პროდუქტის ანალიტიკოსი Jefferies-ში. სწორედ ამის გამო გადაუშალა კანიემ თავისი საბუღალტრო წიგნი Forbes-ს აპრილში... რათა დაემტკიცებინა, რომ მილიარდერია. ამერიკის ჰიპ-ჰოპ გენიოსმა გამოგზავნა დოკუმენტები, სადაც საავტორო ჰონორარების მსხვილ-მსხვილი ჩეკების შესახებაა ინფორმაცია მოცემული, Adidas-ი რომ უგზავნის მას, პლუს მისი აქტივების ბუღალტერიაც, რაც ჯამში, მის ვაიომინგის რანჩოებზე $297,050-ის ტოლფასი შინაური ცხოველების შესახებ იუწყება. მოკლედ, კანიეს ქონება $1.3 მილიარდად შევაფასეთ (თუმცა თავად აცხადებს, რომ ამაზე, სულ ცოტა, ორჯერ მეტად მაინც ფასობს).

                   

და რატომაა ამხელა აქცენტი დოკუმენტებზე? როცა ასეთი მასშტაბის ამბიციებთან გვაქვს საქმე, გადამოწმებას საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. Coty-ის გარიგებამ ზურგი გაუმაგრა ჩვენს გათვლებს (დაფუძნებულს Kylie Cosmetics-ის ღირებულებაზე), რომ კაილი ჯენერი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა თვითნაბადი მილიარდერი იყო (ახლა, როცა პანდემიის კვალდაკვალ, Forbes-მა თავიდან შეაფასა მისი ბიზნესი, აღმოჩნდა, რომ მისი ქონება $1 მილიარდზე დაბლაა ჩამოსული). მაგრამ Coty-ის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური დოკუმენტები ოჯახის ყველაზე კარგად შენახულ საიდუმლოს ხდის ფარდას: კაილის კომპანია გაცილებით პატარაა, ვიდრე ის ამტკიცებდა. კაილი და მისი დედა, კრის ჯენერი, რომელიც ბიზნესის მართვაში იღებს მონაწილეობას, დაჟინებით აცხადებდნენ, რომ 2016-იდან მოყოლებული, ყოველ წელს, Kylie Cosmetics-ს $300 მილიონზე მეტი მოჰქონდა შემოსავლის სახით. მეტიც, იმდენად შორს წავიდნენ, რომ Forbes-ს კაილის მიერ ხელმოწერილი საგადასახადო დეკლარაციაც აჩვენეს, რომელიც, მათი თქმით, საშემოსავლო სამსახურისთვის (IRS) წარედგინათ. მართალია, ამ დოკუმენტების სიყალბეს ვერ დავასაბუთებთ (თუმცა, დიდი შანსია, ასე იყოს), აშკარაა, რომ კაილის ბანაკი იტყუება. Coty-ის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური დოკუმენტების მიხედვით, გაყიდვები მხოლოდ $125 მილიონს შეადგენდა 2018-ში და არა $360 მილიონს, როგორც ამას ვარსკვლავის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ. ასევე გასათვალისწინებელია კაილის კანის მოვლის ხაზიც, რომელზეც ამბობდა, შარშან, ორ თვეზე ნაკლებში, $100 მილიონი მოიტანა გაყიდვების სახითო, არადა, ფინანსური დოკუმენტები აჩვენებს, რომ წლის ბოლოსთვის ეს ხაზი უბრალოდ ამ “გზაზე იდგა“, $25-მილიონიანი შემოსავლით.

                    

როცა ამ არაერთ წინააღმდეგობრივ მაჩვენებელთან დაკავშირებული კითხვების პირისპირ აღმოჩნდნენ, ჩვეულებისამებრ ლაპარაკის მოყვარულმა ჯენერებმა მათთვის უცნაური რამ გააკეთეს: ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა შეწყვიტეს. 

         

          

     

ჩვენ გირჩევთ

Google-ი თანამშრომლებს ოფისებში სამუშაოდ 2021 წლის ზაფხულამდე არ დააბრუნებს

საიმედო პროგნოზი

Google-ი თანამშრომლებს ოფისებში სამუშაოდ 2021 წლის ზაფხულამდე არ დააბრუნებს

Google-ი თანამშრომლებს ოფისებში სამუშაოდ 2021 წლის ზაფხულამდე არ დააბრუნებს

წინა სტატია

Facebook is suing EU antitrust regulators for seeking information beyond what is necessary
29 ივლისი, 2020

შემდეგი სტატია

ბილ გეითსი: ცრუ ინფორმაცია უფრო სწრაფად ვრცელდება სოცმედიაში, ვიდრე სიმართლე
29 ივლისი, 2020
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker