ორმხრივი სარგებელი

საქართველოში გენდერული თანასწორობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერება 2013 წელთან შედარებით ამაღლებულია, თუმცა კვლავ პრობლემად რჩება უთანასწორო დამოკიდებულება ქალების საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით და მათი ლიდერობის მიმართ. აღნიშნული შედეგი აჩვენა გაეროს მოსახლეობის ფონდისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა, გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში. Forbes Georgia შვედეთის ელჩს საქართველოში ულრიკ ტიდერსტრომს ესაუბრა. 

 

კვლევამ კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ გამოავლინა, რომ საქართველოში ქალებს კაცებზე დაბალი ყოველთვიური შემოსავალი აქვთ. მსგავსი ტენდენცია მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებშიც შეინიშნება, თქვენი აზრით, როგორ უნდა უპასუხოს ამ გამოწვევას ქვეყანამ?

თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ. ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. შვედეთშიც არის სხვაობა მამაკაცებისა და ქალების ხელფასებს შორის. ეს სხვაობა უნდა აღმოიფხვრას. ვფიქრობ, არსებობს სტრუქტურული დაბრკოლებები, რომლებიც ყველამ უნდა გადავლახოთ. აქ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ ძველი სტერეოტიპებისგან უნდა გავთავისუფლდეთ – მაგალითად, იმ მოსაზრებისგან, რომ ქალმა უნდა აიღოს მთელი პასუხისმგებლობა საოჯახო საქმეებისთვის.

ასევე ვფიქრობ, რომ სტატისტიკა და ფაქტები ხელის შემწყობია. შვედეთი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს “საქსტატთან“, ამ კუთხით საქართველოს ერთ-ერთი საერთაშორისო პარტნიორია. საჭიროა მონაცემები, მაგალითად, როგორია ქალებისა და მამაკაცების მუშაობის ხანგრძლივობა, ისინი მუშაობენ სრულ თუ ნახევარ განაკვეთზე, როგორია ხელფასები და როგორაა თანამდებობები გადანაწილებული. ვფიქრობ, თუ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი სტატისტიკის გაუმჯობესებას, უფრო იოლი იქნება, მოვარგოთ შესაბამისი პოლიტიკა საჭირო რეფორმებს, რათა სხვაობა ანაზღაურებებს შორის ეტაპობრივად შემცირდეს და აღმოიფხვრას.

ამასთან, დამსაქმებლებს, მათ შორის კერძო სექტორში, ნამდვილად მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ამ საკითხის მოგვარებაში, რათა მათ ანაზღაურების ნათელი კრიტერიუმები შეიმუშაონ. ჩვენ ვცადეთ ამის გაკეთება, რომ სქესს არ ჰქონოდა მნიშვნელობა და ანაზღაურების განსაზღვრა მხოლოდ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით მომხდარიყო. ამაზე ყველა ქვეყანაში ყველა დამსაქმებელმა უფრო მეტი უნდა იფიქროს.

იცვლება წარმოდგენა ბიზნესში ქალის როლის შესახებ. 2019 წელს საქართველოში გამოკითხულთა 39% ფიქრობდა, რომ კაცები უკეთესი ბიზნესლიდერები არიან, ვიდრე ქალები. 2013 წელს ამ აზრს გამოკითხულთა 58% იზიარებდა. როგორ ფიქრობთ, ეს რისი დამსახურებაა? სად უნდა გავააქტიუროთ მუშაობა?

ეს საკმაოდ პოზიტიური და წამახალისებელი ტენდენციაა. როგორც ჩანს, ეს დამოკიდებულებების უფრო ფართო ცვლილების ნაწილია. ეს ასევე დაეხმარება საქართველოს და ნებისმიერ ქვეყანას, რომ ჰქონდეს წარმატებული საქმიანი ქალების უფრო და უფრო მეტი მაგალითი. როგორ უნდა დავაჩქაროთ ეს პროცესი? ეს კარგი შეკითხვაა. ამას დრო სჭირდება. შვედეთშიც ასეა. მაგალითად რომ ავიღოთ დიდი ზომის კერძო კომპანიების საბჭოები, იქ მამაკაცები დომინირებენ. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მამაკაცებს მნიშვნელოვანი როლი გვაკისრია, უფრო მეტი ნიჭიერი ქალის წარმატებას შევუწყოთ ხელი. ამ მხრივ საქართველოში არაერთი პროექტია ამოქმედებული. მათ შორის არის ჩვენ მიერ მხარდაჭერილი EBRD-ის პროგრამა, რომელსაც “ქალები ბიზნესში“ ჰქვია.

არსებობს არაერთი პროექტი, რომლებშიც ხშირად ფიგურირებენ მეწარმე ქალები, თუმცა რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არ არის საკმარისი მათი წახალისებისთვის. როგორ ფიქრობთ, რა ახალი შესაძლებლობების შექმნაა საჭირო ქვეყანაში მეწარმე ქალების როლის გასაძლიერებლად?

საქართველოში ჩემი თითქმის ორწლიანი ყოფნის პერიოდში არაერთ მეწარმე ქალს შევხვედრილვარ. ძალიან დიდი ნიჭი, ინოვაცია და ინსპირაციაა მეწარმე ქალებს შორის ამ ქვეყანაში. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს კარგი გარემო ყველა მეწარმისთვის – ქალებისთვისაც და მამაკაცებისთვისაც. ამასთან არანაკლებ მნიშვნელოვანია, ყველაფერი დაიწყოს ადრეულ ეტაპზე – სახლსა და სკოლაში, რათა თანაბარი შესაძლებლობა მივცეთ ბიჭებსა და გოგონებს, გამოავლინონ ინიციატივები, იყვნენ ნოვატორები. ვფიქრობ, ეს ნიჭი ყველა ბავშვს ბუნებრივად აქვს. ხანდახან ჩვენ ეს უნდა გავაღვივოთ. როდესაც გაიზრდებიან, უნდა უზრუნველვყოთ თანაბარი შესაძლებლობები, რათა მათ თავიანთი ინტერესები და ნიჭი განავითარონ. ასევე გავაგრძელოთ მხარდაჭერა მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისა და მცირე ბიზნესების, მიუხედავად იმისა, მათ ქალი მართავს თუ კაცი.

მაგრამ, ბატონო ტიდერსტრომ, საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გენდერული ნორმები კვლავაც ახდენს გავლენას ოჯახური ვალდებულებების განაწილებაზე, რაც ქალებს სწორედ სხვა შესაძლებლობების გამოყენებაში უშლის ხელს. როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს მამაკაცების როლი ამ მხრივ ვითარების გაუმჯობესებისთვის?

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ქალებსა და მამაკაცებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი ძალაუფლება, რომ საზოგადოება ჩამოაყალიბონ და საკუთარი ცხოვრება შექმნან. პრაქტიკაში ვიცით, რომ თანასწორი საზოგადოებები არის უფრო უსაფრთხო, ჯანსაღი და უფრო მდიდარი ყველასთვის – როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. რა თქმა უნდა, თუ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყნები იყოს სრულად წარმატებული, ჩვენ ამ პროცესში მთელი საზოგადოება უნდა ჩავრთოთ, საერთო ნიჭი გამოვიყენოთ და არა მხოლოდ მამაკაცების. თქვენს კითხვას რომ მივუახლოვდე, თანასწორობა არ არის მნიშვნელოვანი მხოლოდ ქალებისთვის. თანასწორობის მიღწევით ყველა გამარჯვებულია და ამაში მამაკაცებიც უნდა იყვნენ ჩართული.

დაბოლოს, ვფიქრობ, ჩვენ უნდა ჩამოვიშოროთ ძველი სტერეოტიპები ქალებისა და მამაკაცების როლებთან დაკავშირებით, ეს ეხება საოჯახო საქმეებზე პასუხისმგებლობასაც. ამ მიმართულებით ჩვენ ვხედავთ დამოკიდებულებების თანდათანობით შეცვლას საქართველოში, ისევე როგორც სხვა ბევრ ქვეყანაში. საქართველოში ახალგაზრდების ნახევარზე მეტი არ დაეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ქალები სახლში უნდა დარჩნენ, ეს არის პოზიტიური ტენდენცია, რასაც ჩვენ ბევრ ქვეყანაში ვხედავთ. თუმცა კვლევიდან ვიცით, რომ ქალები ჯერ კიდევ საგრძნობლად მეტ საოჯახო საქმეს ასრულებენ, ვიდრე მამაკაცები. მე ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს იმისა, თუ რატომ უნდა იყოს ასე. ვფიქრობ, მთავარია, მამაკაცებმა გადადგან ნაბიჯი და ოჯახში უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღონ.

იმისათვის, რომ მამაკაცები ჩართული იყვნენ ოჯახის საქმეებში, და, რაც მთავარია, მამა – ბავშვის აღზრდის პროცესში, ალბათ პირველ რიგში საჭიროა მამებისთვის დეკრეტული შვებულების უზრუნველყოფა, რაც საქართველოში გამოწვევაა. როგორ ფიქრობთ, სად უნდა დაიწყოს ამ პრობლემის მოგვარება?

ეს კითხვა ჩემს გულთან ძალიან ახლოსაა. თუ ნახავთ კვლევას, აღმოაჩენთ, რომ ქალებისა და მამაკაცების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ორივე სქესის წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს დეკრეტული შვებულების გამოყენების შესაძლებლობა და ეს ძალიან კარგია. მე მინდა, წავახალისო საქართველო, რომ განაგრძოს განვითარება დეკრეტული შვებულების სისტემის როგორც დედებისთვის, ასევე მამებისთვის. ბუნებრივია, ამას ყველა ქვეყანაში დრო სჭირდება. ეს არ არის “უფასო“, თუმ ცა ამ სისტემის დანერგვა ნამდვილად ღირს ძალიან ბევრი მიმართულებით – ბავშვებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ ახლო ურთიერთობა დედებთან და მამებთან ადრეული ასაკიდანვე. ასევე დედებისთვის, რათა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დედობა სამსახურს შეუთავსონ. ეს ოჯახის ეკონომიკისთვისაც კარგია.

შვედეთის გამოცდილება რომ მოვიყვანო, ჩვენ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ვაშენებდით ამ სისტემას, რომელიც ეტაპობრივად ხდებოდა გენდერულად უფრო და უფრო თანასწორი. შედეგად დღეს ჩვენ გვაქვს სისტემა, სადაც მშობლებს შეუძლიათ, აიღონ 480-დღიანი (დაახლოებით 16 თვე) ანაზღაურებული დეკრეტული შვებულება. ამ 16 თვიდან, თითოეული მშობლისთვის სამი თვეა განსაზღვრული, რომელთა მეორე მშობლისთვის გადაცემაც არ შეიძლება, რაც ემსახურება მამების წახალისებას, აიღონ დეკრეტული შვებულება. ამას გარდა, შესაძლებელია კიდევ აუნაზღაურებელი დეკრეტული შვებულების დამატება, ვიდრე ბავშვი რამდენიმე წლის არ გახდება. როგორ მუშაობს ეს ყველაფერი შვედეთში? მივაღწიეთ თუ არა გენდერულ თანასწორობას? არა. ჩვენ ჯერ ამ ნიშნულამდე არ მივსულვართ. დედები ანაზღაურებული დეკრეტული შვებულების დაახლოებით 70%-ს იყენებენ, ხოლო მამები – 30%-ს. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ მამების მიერ დეკრეტის გამოყენების სიხშირე იზრდება. მაგალითად, 10-15 წლის წინ მამების მხოლოდ 15% იყენებდა ანაზღაურებული დეკრეტული შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მხრივ ზრდა გაგ რძელდება.

რაც შეეხება ჩემს პირად გამოცდილებას, მე და ჩემს მეუღლეს სამი შესანიშნავი შვილი გვყავს. მე სამივეს შემთხვევაში გამოვიყენე დეკრეტული შვებულების შესაძლებლობა, ისევე როგორც ჩემმა მეუღლემ. შემიძლია ვთქვა, რომ ეს სამი პერიოდი ნამდვილად საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში. ეს ნამდვილად დიდი შრომაა, მაგრამ ამან შესაძლებლობა მომცა, კარგად გავცნობოდი ბავშვებს, შემექმნა და განმევითარებინა მჭიდრო კავშირები მათთან. დაბოლოს, მინდა ვთქვა, რომ დეკრეტული შვებულების დროს გავხდი საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული, როგორც მშობელი და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ასევე გამოვიმუშავე არაერთი პრაქტიკული უნარი, რომლებიც მადგება სხვადასხვა სიტუაციაში, მათ შორის – სამსახურშიც.

ასე რომ, მინდა წავახალისო ყველა მამაკაცი საქართველოში, ჩაერთონ ბავშვების გაზრდისა და განვითარების პროცესში, რასაც ბევრი მათგანი უკვე აკეთებს. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც დეკრეტული შვებულების აღება შეუძლია. სხვებსაც წაახალისებს ამით. თუ არ გაქვთ ამის შესაძლებლობა, სხვა გზით დაამყარეთ ახლო ურთიერთობა ბავშვებთან. ეს იქნება ჩემი რეკომენდაცია ყველა მამისთვის მთელ მსოფლიოში.

როგორ უნდა წაახალისოს საჯარო და კერძო სექტორებმა მამების მიერ ამ უფლებით სარგებლობა?

ვფიქრობ, ამ კუთხით როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორებს დიდი როლი აკისრიათ. რომ დავიწყოთ საჯარო სექტორით, რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ გაგრძელდეს დეკრეტული შვებულების სისტემის განვითარება და მამებსაც მიეცეთ დეკრეტული შვებულების გამოყენების შესაძლებლობა, პოლიტიკური ინიციატივაა საჭირო. ასევე კანონმდებლობა და რეფორმები. საქართველოში, ისევე როგორც შვედეთში, საჯარო სექტორი დიდი დამსაქმებელია. რაც შეეხება კერძო სექტორს, კომპანიებს შეუძლიათ, შექმნან კარგი მაგალითები, არა მგონია, რაიმე აფერხებდეთ მათ, რომ წინ წავიდნენ და დეკრეტული შვებულება შესთავაზონ როგორც დედებს, ასევე მამებს. შვედეთის მაგალითით, ეს ბიზნესსაც წაადგება. სხვა მიზეზების გარდა, როდესაც კომპანია თანამშრომელს დეკრეტის შესაძლებლობას სთავაზობს, ეს დამსაქმებელს საუკეთესო კადრების აყვანასა და მათ შენარჩუნებაში ეხმარება.

რა დრო დაგჭირდათ როგორც ქვეყანას, რომ გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლის კუთხით მისაბაძ მოდელად ჩამოყალიბებულიყავით პრაქტიკულად მთელი მსოფლიოსთვის?

დიდი დრო დაგვჭირდა იმ დონემდე მივსულიყავით, სადაც ახლა ვართ. ჯერ არ დაგვისრულებია მუშაობა, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ სრულ თანასწორობას მივაღწიოთ. ჩვენ საკმაოდ ფართო და ყოვლისმომცველი მიდგომა გვაქვს თანასწორობის იდეისადმი. რა თქმა უნდა, ბევრი ვიმუშავეთ კანონმდებლობის თვალსაზრისით, და რეფორმების კუთხით – ჩვენ უკვე ვისაუბრეთ დეკრეტული შვებულების სისტემაზე. ჩვენ ასევე გავაუმჯობესეთ ბავშვებზე ზრუნვის ხელმისაწვდომობა და ხარისხი საბავშვო ბაღებში, შემიძლია, რეფორმების გრძელი სია წარმოვადგინო... ამის პარალელურად ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ ცნობიერების ამაღლებაზე, და ამას ვაგრძელებთ, ასევე - ახალგაზრდების განათლებაზე. არის საინფორმაციო კამპანიები და ასევე ძალიან ხელშემწყობი იყო “ინფლუენსერებისგან“ პოზიტიური მაგალითები. კერძო სექტორმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა. ასევე მედიამაც და სამოქალაქო საზოგადოებამაც.

დაბოლოს, რატომ არის პრიორიტეტული ეს თემა შვედეთის მთავრობისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ – გენდერული თანასწორობის პროექტი ხომ სწორედ შვედეთის მთავრობამ დააფინანსა საქართველოში...

თქვენ მართალი ხართ. ეს არის შვედეთის მთავრობის პრიორიტეტი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო პოლიტიკაშიც. უკვე რამდენიმე წელია, შვედეთს ფემინისტური საგარეო პოლიტიკა აქვს. რას ნიშნავს ეს? ეს არის სამ სიტყვასთან დაკავშირებული, რომლებიც R-ით იწყება. ჩვენი სურვილია, დავეხმაროთ ქვეყნებს, უზრუნველყონ ქალებისა და მამაკაცების თანაბარი უფლებები (Rights) – ეს არის პირ ველი R. მეორე – რომ დაიცვან თანაბარი რეპრეზენტაცია, მათ შორის პოლიტიკაში. და მესამე – დავეხმაროთ სხვა ქვეყნებს, რომ უზრუნველყონ რესურსების თანაბარი განაწილება.

რაც შეეხება საქართველოს, უკვე ოც წელზე მეტია, შვედეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორი და განვითარების პარტნიორია. ჩვენ მივესალმებით საქართველოს ევროპულ არჩევანს და ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან დაკავშირებულია ევროინტეგრაციის რეფორმების მხარდაჭერასთან. როდესაც ვსაუბრობთ გენდერული თანასწორობის რეფორმების მხარდაჭერაზე, ჩვენ ამას ორი მიმართულებით ვახორციელებთ. არის პროექტები და პროგრამები საქართველოში, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება გენდერულ თანასწორობას. მეორე არის გენდერული თანასწორობის პერსპექტივის ინტეგრაცია ყველა სხვა პროექტში, რომელთაც მხარს ვუჭერთ. ჩვენ გვინდა, დარწმუნებული ვიყოთ, რომ გენდერული თანასწორობა ინტეგრირებულია ყველგან. ეს არის ჩვენი მიდგომა საქართველოს მხარდაჭერის კუთხით. ამ პროექტებით უკეთეს შედეგებს მივიღებთ, თუ მათში ქალებიც იქნებიან ჩართული და მამაკაცებიც.

წინა სტატია

Coronavirus Cost Global Tourism $320 Billion In Just Five Months
30 ივლისი, 2020

შემდეგი სტატია

Amazon, Apple, Facebook, and Google CEOs face 5-hour grilling with mixed results
30 ივლისი, 2020
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker