ჯეფ ბეზოს, გმადლობ!

ჯეფ ბეზოს, გმადლობ!

ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ მილიარდერი ენტონი პრატი, რომელიც ნაგვის უსასრულო მარაგს ყუთების უსასრულო მარაგად აქცევს, ონლაინ-ვაჭრობაში გადასახლებიდან სარგებლის ნახვას აპირებს.

როცა ალერსიანი, ფორთოხლისფერთმიანი ავსტრალიელი მილიარდერი, ენტონი პრატი – კაცი, რომელიც მთლიანად გადამუშავებული მუყაოს ყუთების უმსხვილესი ამერიკული საწარმოს უკან დგას – ვალპარაიზოში (ინდიანა) მდებარე თავის ქარხანას გათვალიერებინებს, იძულებული ხარ, გარეთ ბრინჯაოს დაფასთანაც შეჩერდე: „მუჰამედ ალისგან, 15 ივლისი, 2000“. „იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ყველა დროის მეორე უდიდესი ბოქსერები ვართ“, – ხითხითით ამბობს პრატი და როგორც ჩანს, ამ სიტყვების თამაშით ერთობ კმაყოფილია.

გაცვეთილი ხუმრობები და მეგობრობა მუჰამედ ალისთან პრატის ბედნიერების ერთადერთი წყარო როდია. მის კერძო მფლობელობაში მყოფი Pratt Industries-ი ამერიკის გოფრირებული შესაფუთი საშუალებების $35-მილიარდიან ინდუსტრიაში ყველაზე სწრაფად მზარდ მოთამაშეს წარმოადგენს და ის ყუთების ერთადერთი მსხვილი მწარმოებელია, ვინც 100%-ით გადამუშავებულ ქაღალდს იყენებს. მთელი ქვეყნის ქაღალდის ნაგვის – გახუნებული გაზეთებისა და პიცის ცხიმიანი ყუთების – მოგროვებითა და ხელახალ შესაფუთ საშუალებებად გარდაქმნით, პრატმა, ერთი მხრივ, FORBES-ის შეფასებით, $3.4-მილიარდიანი ქონება დააგროვა, მეორე მხრივ კი ის დღეში დაახლოებით 50,000 ხეს უნარჩუნებს სიცოცხლეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღევანდელი ონლაინ-შოპინგის ეპოქაშია, სადაც ყველაფერს ყუთებით გვიგზავნიან. „ჩვენ გადამუშავება ჯერ კიდევ მაშინ დავიწყეთ, სანამ გადამუშავება კაი პონტი იქნებოდა“, – ამბობს 55 წლის პრატი.

ბოლო 15 თვის მანძილზე კომპანიამ, რომელიც ქონიერსში (ჯორჯია) მდებარეობს, ამერიკაში $450 მილიონის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. აქედან განსაკუთრებით აღსანიშნავი $260-მილიონიანი ქაღალდის ქარხანაა (ეს კომპანიის მეოთხე ქარხანაა), რომელიც ვალპარაიზოში, იმ ყუთების ქარხნის გვერდით ააშენეს, სადაც მუჰამედ ალის ავტოგრაფის ნახვაა შესაძლებელი. საშემოსავლო გადასახადებისა და ამორტიზაციის თანხების გამოკლების გარეშე, ფირმის შემოსავალი $260 მილიონს შეადგენს ($2-მილიარდიან გაყიდვებზე) და, პრატის აზრით, ეს რიცხვი $300 მილიონსაც გადააჭარბებს, როცა სექტემბერში ახალი ქარხანა ონლაინ გამოჩნდება (ის თავის პირველ დიდ ნაბიჯს ახლომდებარე ჩიკაგოში – აშშ-ის ერთ-ერთ უმსხვილეს ყუთების ბაზარზე – დგამს). ჯამში, კომპანია 26 შტატსა და მექსიკაში 130-ზე მეტ დაწესებულებას ამუშავებს, მათ შორის ქაღალდის ქარხნებს, ყუთების ქარხნებსა და სადისტრიბუციო ცენტრებს, და ყოველდღიურად 3,000 ტონაზე მეტ ქაღალდს იყენებს. ეს საკმარისია, რომ 12 მილიონი ყუთი აწარმოო ისე, რომ ერთი ხეც არ დააზიანო. „ინდუსტრიაში ახალგამომცხვარი მოწინავე მოთამაშეები არიან, – ამბობს BMO Capital Markets-ის მმართველი დირექტორი, მარკ უაილდი. – გამორჩეული შემთხვევაა“.

პრატის თავგადასავალი 1991 წელს, მაქონში (ჯორჯია) დაიწყო – ერთი არაეკონომიური ქაღალდის ქარხნით. ეს მაშინ იყო, როცა ავსტრალიიდან აშშ-ში გაგზავნეს. ავსტრალიაში მისი ოჯახი გადამუშავებულ შეფუთვის საშუალებათა გიგანტ კომპანიას, Visy-ს ფლობდა, რომელიც 1948 წელს მისმა დიდმა ბაბუამ დააარსა (დღესVisy და Pratt Induestries-ი Pratt-ის შვილობილ კომპანიებს წარმოადგენენ). ამერიკაში ჩასულმა პრატმა მალევე შეამჩნია თავისუფალი ნიში ბაზარზე. ქაღალდს ყველა ხისგან ამზადებდა. რატომ არ მიმართავდნენ ნაგავსაყრელებს და რატომ არ გადაამუშავებდნენ ქაღალდს, როგორც ამას Visy აკეთებდა ავსტრალიაში? მალევე პრატმა მაქონის ქარხანა დახურა და კონკურენტთა მიერ წარმოებული ნარჩენების გადამუშავებაზე ფოკუსირდა.

ამ გადაწყვეტილებამ, რომელიც პრატმა ათი წლით ადრე მიიღო, ვიდრე მომხმარებელთა მხრიდან მწვანე პროდუქტებზე ისტერიკა ატყდებოდა, დომინოს ეფექტივით იმუშავა. კონკურენტებისგან განსხვავებით, რომლებიც ქარხნებს ხე-ტყის წყაროებთან ახლოს აშენებენ, ხოლო შემდეგ ქაღალდს დიდ ქალაქებთან ახლომდებარე ქარხნებში გზავნიან, პრატი თავის ქარხნებს ლოჯისტიკურად ყველაზე გონივრულ ადგილებში აშენებს – პირდაპირ დიდ ქალაქებთან ახლოს, რომლებიც სავსეა სამრეწველო ნარჩენებით (და კლიენტებითაც), რის შედეგადაც ტრანსპორტირების ხარჯები, თავისთავად, ეზოგება.

და რადგანაც ამერიკულ ბაზარზე შედარებით ახალბედაა და თავის ქარხნებს თავადვე აშენებს (ნაცვლად იმისა, რომ, მის კონკურენტთა უმრავლესობის მსგავსად, უკვე არსებული ქარხნები შეიძინოს), პრატი ერთ-ერთ ყველაზე უფრო მოწინავე და ეფექტიან ტექნიკურ აღჭურვილობას ფლობს ინდუსტრიაში. გარდა ამისა, საკუთარი სამშენებლო კომპანია აქვს, რომელიც ქარხნების აშენებაშია სპეციალიზებული და, შესაბამისად, მშენებლობა იაფი უჯდება. უფრო ახალი ტექნოლოგიები და გადამუშავების შედარებით მარტივი პროცედურა საშუალებას აძლევს, ოთხჯერ ნაკლები თანამშრომელი იყოლიოს, ვიდრე მის კონკურენტებს ჰყავთ დაქირავებული. „კოსმოსურ შატლს ვაშენებთ, რათა იმ ადამიანებს შევეჯიბროთ, რომლებიც კვლავ სპიტფაიერებს აფრენენ“, – ამბობს პრატი.

მიუხედავად ამისა, ის მაინც თავის კონკურენტებზეა დამოკიდებული: მან მათი გადაგდებული ქაღალდი უნდა მოაგროვოს და დაგზავნოს ქარხნებში. და სხვა თუ არაფერი, ქაღალდის ბოჭკოს გადამუშავება მხოლოდ მანამდეა შესაძლებელი, ვიდრე ეს ბოჭკო დაშლას დაიწყებს. მაგრამ ამერიკის ქაღალდის ბაზრის მასშტაბებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მისი კონკურენტები სტანდარტულ (და მოგებიან) მეთოდებში არიან ჩაფლულნი, პრატი მომავალს იმედიანად უყურებს.

მისი აზრით, Pratt Industries-ი, რომელიც ამერიკულ ბაზარზე 5%-ზე ნაკლებს აკონტროლებს, მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში გაყიდვებს $4 მილიარდამდე გააორმაგებს, ხოლო გლობალური გაყიდვები $10 მილიარდამდე გაიზრდება. ეს მოიცავს $1 მილიარდს მისი იმ ახლადგახსნილი კალიფორნიული საწარმოდან, რომელიც სერიოზული ნაბიჯია ამ შტატის ხილისა და ბოსტნეულის მასიურ ბაზარზე. პრატი ასევე ცდილობს, ისეთ დიდ მომწოდებლებს დაუმეგობრდეს, როგორებიც არიან Amazon-ი და U.S. Postal Service-ი, და ფსონს იმაზე დებს, რომ ონლაინ-ვაჭრობის აღმასვლა ყუთებზე გაზრდილ მოთხოვნას მოასწავებს, მით უფრო, იმ კლიენტებს შორის, ვისთვისაც გარემოს დაცვა მნიშვნელოვანია. და პრატი თავისი ნაწარმის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ხაზის გაფართოებას აგრძელებს. ეს მსუბუქი წონის მქონე შესაფუთი საშუალებებია.

პრატი აშშ-ის კომპანიებზეცაა დამოკიდებული: მან ხომ მათი გადაგდებული ნაწარმიც უნდა აქციოს ყუთებად, ამის გამო კი მისი მოქმედების არეალი ამერიკული საწარმოებითაა შეზღუდული. ეს მას იმგვარ პოზიციაში აყენებს, ბევრი რომ არასახარბიელოდ ჩათვლიდა, მაგრამ პრატი მაინც ოპტიმისტურად ეყრდნობა სექტორს, რომელიც სხვებმა, ერთ დროს, არაპრაქტიკულად მიიჩნიეს. პრატის თანახმად, დღეს ინდუსტრიის ბუმია, ქვეყნის რეგენერაციული ბუნება კი უდავოდ საკმარისია, ახალბედა „მოკრივე“, კიდევ რამდენიმე რაუნდზე რომ წარდგეს. „ჩემი პოლიტიკა ამერიკაში ასეთია: მდგრადი განვითარება მარად! – ამბობს პრატი. – ჩვენი აზრით, გარემოს დაცვა ისეთი ტალღაა, მალე ნამდვილად არ გადაივლის“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *