“იაპონურ კომპანიებს საქართველოს კარგად შესწავლა სჭირდებათ“ | ინტერვიუ ელჩთან

“იაპონურ კომპანიებს საქართველოს კარგად შესწავლა სჭირდებათ“ | ინტერვიუ ელჩთან

იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური კავშირების ისტორია 1990-იანი წლებიდან იწყება და თანდათან ვითარდება, თუმცა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ციფრებში საკმაოდ მწირედ გამოიყურება. როგორ უნდა მოვიზიდოთ იაპონური ინვესტიციები, გავზარდოთ ექსპორტის მოცულობა იაპონიაში, და რა შესაძლებლობები შეიძლება შესთავაზოს საქართველომ იაპონურ კომპანიებს – ამ საკითხებზე Forbes Georgia-მ და BMG-მ იაპონიის სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარასთან ინტერვიუ ჩაწერა. ელჩი ამბობს, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, მის გამოსაყენებლად კი  სწორი სტრატეგიაა საჭირო.

ბატონო ელჩო, ვიცით, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში იაპონიის მთავრობამ $2.2 მილიარდის მობილიზება გადაწყვიტა, რათა იაპონური კომპანიები ჩინეთიდან გამოეყვანა. შეიძლება თუ არა მოვიაზროთ საქართველო, როგორც წარმოებისა და ოპერირების ალტერნატიული ქვეყანა იაპონური კომპანიებისთვის?

პასუხი მარტივია. დიახ. საქართველოს აქვს დიდი შესაძლებლობა, რომ ახლა მიიღოს იაპონური ბიზნესები, თუმცა ეს არის მიწოდების ქსელის საკითხი. ასევე რისკების მართვის თეორია გვეუბნება, რომ არ ჩავდოთ ყველა კვერცხი ერთ კალათში. ამ სტრატეგიას იაპონიაში დიდი ხანია, განიხილავენ. ეს უცებ არ მომხდარა. ჩვენ ვხედავთ, რომ იაპონური ბიზნესების ჩინეთში აკუმულირება მართლაც ძალიან დიდია. ამიტომაც მიწოდების ქსელის მენეჯმენტს ესაჭიროება დივერსიფიცირება – ლოგისტიკის ცენტრის და ასევე წარმოების ობიექტების გადანაწილება, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მე არ ვამბობ, რომ ჩინეთს პრობლემა აქვს. ჩვენ უდიდესი ბიზნესკავშირები გვაქვს ჩინეთთან. სწორედ ამიტომ აღმოვაჩინეთ ერთ დღეს, რომ იაპონური ბიზნესების აკუმულაცია ჩინეთში უზარმაზარია და  ეს არ არის კარგი იდეა რისკების მართვის თვალსაზრისით. ამიტომ შევეცადეთ, წარმოებები და ლოგისტიკური ცენტრები ჩინეთის საზღვრებს გარეთაც გაგვევრცელებინა. ამ მხრივ ერთ-ერთი შესანიშნავი იდეაა ამ წარმოებების ისევ იაპონიაში დაბრუნება, როგორც რეპატრიაცია.  

ამასთან, იაპონური კომპანიებისთვის სამხრეთაზიური ქვეყნები საკმაოდ ნაცნობია. ამიტომაც ზოგიერთი წარმოების ნაწილის იქ გადატანაზე ფიქრობს. ისინი მიესალმებიან ახალ შესაძლებლობებს, როგორიცაა, მაგალითად, საქართველო. ნამდვილად ვისურვებდი, რომ ქართულმა კომპანიებმა კონკურენტული წინადადებები შესთავაზონ იაპონურ კომპანიებს. ეს კარგია ქართული კომპანიებისთვისაც. თუ ისინი მონაწილეობას მიიღებენ მიწოდების ქსელში, ვფიქრობ, ეს უდიდესი შესაძლებლობა იქნება ქართული ბიზნესისთვის, კიდევ უფრო გაზარდონ თავიანთი კონკურენტუნარიანობა.

გასულ წელს იაპონიიდან საქართველოში $39 205 300-ის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, რაც დიდი რიცხვი არ არის. როგორ ფიქრობთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ იმისათვის, რომ ეს მაჩვენებელი გაზარდოს და იაპონელი ინვესტორები საქართველოში მოიზიდოს?

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უცხოელი ინვესტორების ნდობის ბარომეტრია. რაც უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს საქართველოში, მით უფრო მეტის ინვესტირების სურვილი ექნებათ. იაპონიიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების გასული წლის მონაცემებით არ ვარ კმაყოფილი, თუმცა, ჩემი აზრით, ეს რიცხვი რეკორდულად მაღალია. . მიმდინარე წელს TEPCO-მ გადაწყვიტა საქართველოში ინვესტიციების განხორციელება და ეს რიცხვი, ვფიქრობ, გაიზრდება. ვიმედოვნებ, რომ ეს პოზიტიური ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. ამავე დროს იაპონურმა კომპანიებმა  კარგად უნდა შეისწავლონ საქართველო, რა შესაძლებლობებია და რა რისკებია ამ ქვეყანაში. ყოველი ბიზნესი მოიცავს რისკებს, ასე რომ ბიზნესი შესაძლებლობებისა და რისკების ერთგვარი ბალანსია.

როგორ ფიქრობთ, რა არის იაპონელი ინვესტორებისთვის საქართველოში რისკები და შესაძლებლობები?

რაც ყველაზე მთავარია, ყველა საკმაოდ ფრთხილობს მოსალოდნელი არჩევნების გამო. ინვესტორები აკვირდებიან, რა მოხდება არჩევნებზე. დიპლომატიურ კორპუსს ნამდვილად სურს, რომ დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს. ჩვენ გვჯერა ქართველი ხალხის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია არა მხოლოდ იაპონელი, არამედ ამერიკელი და ევროპელი ინვესტორებისთვისაც. საქართველოსთვის სტაბილურობის დემონსტრირება, სოციალ-ეკონომიკური სტაბილურობაა მნიშვნელოვანი. ეს ერთგვარი ტესტია ქვეყნისთვის, რათა მეტი და მეტი ინვესტორი მოიზიდოს.

როგორც ვიცით, გასულ წელს იაპონურ-ქართული ბიზნესფორუმი ჩატარდა, რომელსაც ისეთი მსხვილი იაპონური კომპანიები ესწრებოდნენ, როგორიცაა TEPCO, რომელიც უკვე ახსენეთ, TOYOTA, MITSUBISHI, და ა.შ. რა შედეგები მივიღეთ ამ შეხვედრიდან?

ეს ღონისძიება საკმაოდ წარმატებული იყო.  გასულ წელს, მარტში, ყოფილი პრემიერი იაპონიაში გაემგზავრა და ღვინის გამოფენას დაესწრო. ასევე ყოფილი პრემიერი ტოკიოში ბიზნესფორუმსაც შეუერთდა, გასულ წელს, ოქტომბერში, ჩვენ მოვაწყვეთ მსგავსი ღონისძიება თბილისში. EBRD-მაც გამართა ვებინარი იაპონური კომპანიებისთვის, რათა მათთვის საქართველოს შესაძლებლობები წარედგინა. ჩვენ ეს ღონისძიებები დაახლოებით ექვსი თვის მანძილზე გავმართეთ. ბიზნესფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, ერთხელ და ორჯერ გამართული ბიზნესფორუმი რეალურ ბიზნესს ვერ შექმნის.  ამიტომაც ვფიქრობ, უფრო მეტი ინდივიდუალური კომპანიები უნდა გავცვალოთ. წლევანდელი წელი ძალიან  მნიშვნელოვანი წელია ორივე მხარისთვის, რათა კარგად გავუგოთ ერთმანეთს და და რეალური ბიზნესი ვაკეთოთ. თუმცა, სამწუხაროდ, კორონავირუსი ხელს უშლის ბიზნესგანწყობებს არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ მთელ მსოფლიოში.   

ამასთან, საქართველომ უდიდესი სამუშაო გასწია. მჯერა, რომ საქართველომ გაუგზავნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მესიჯი იაპონურ კომპანიებს, რომ არის უსაფრთხო. თქვენი ქვეყანა გარშემორტყმულია დიდი მეზობელი ქვეყნებით, თუმცა თქვენ პანდემიის მართვა კარგად მოახერხეთ. ეს არ არის იოლი. ეს კიდევ ერთი ძალიან დიდი კონკურენტული უპირატესობაა.

გაქვთ თუ არა ინფორმაცია რომელიმე კონკრეტული იაპონური კომპანიის შესახებ, რომელიც საქართველოში ოპერირებას გეგმავს?

დიახ. მაქვს ინფორმაცია, რომ არაერთი იაპონური კომპანიის საბჭოში მიმდინარეობს დისკუსია საქართველოსთან დაკავშირებით. ასე რომ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. თუმცა კონკრეტული კომპანიების დასახელება ჯერ ძალიან ადრეა. იაპონური კომპანიები, როგორც წესი, დიდ დროს უთმობენ შესწავლას – გამოიყენონ ესა თუ ის შესაძლებლობა თუ არა.

ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია, რომ იაპონური და ქართული მხარე ხვდებიან ერთმანეთს, განიხილავენ სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს და ა.შ. თუმცა საქართველოდან იაპონიაში ექსპორტის მოცულობა, მაგალითად, თუ 2019 წელს შევადარებთ 2018 წელს, მცირედით – დაახლოებით ერთი მილიონით – $12,325,500-მდე არის გაზრდილი. როგორ  უნდა გავაძლიეროთ ეს მცდელობები და გავზარდოთ ექსპორტის მოცულობა?

ნება მიბოძეთ, საქართველოსა და იაპონიის სავაჭრო კავშირები განვმარტო. მაგალითად, იაპონიამ საქართველოში დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ოდენობის ექსპორტი განახორციელა, რაც საქართველოსთვის იმპორტია. იაპონიის ექსპორტი ძირითადად მოდის ავტომობილებსა და მის ნაწილებზე საქართველოში შიდა მოხმარებისა და საქართველოდან რეექსპორტისთვისაც. ასე რომ, შესაძლოა, იაპონიიდან განხორციელებული ექსპორტი საქართველოში, შემდეგ საქართველოს ექსპორტად იქცეს სხვა ქვეყნებში. საქართველოდან იაპონიაში ექსპორტირებული ძირითადი პროდუქტი კი არის ალუმინი და ქართული ღვინო, მაგრამ მცირე რაოდენობით. ჩემი სურვილია, რომ გაიზარდოს ქართული ღვინის ექსპორტი. იაპონია ღვინის მოყვარული დიდი ბაზარია. 50 წლის წინ, როდესაც მე პატარა ვიყავი, ძალიან ცოტა იაპონელი სვამდა ღვინოს.

როგორც ვიცი, იაპონიაში წლიურად საშუალოდ 180 მლნ ლიტრი იყიდება. ეს უდიდესი ბაზარია, ამიტომაც მგონია, რომ ქართულ ღვინოს იქ დიდი შესაძლებლობა ეძლევა. თუმცა, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? ეს არის მნიშვნელოვანი. როგორ უნდა შეაღწიოს იაპონიაში ქართულმა ღვინომ? თქვენ ახლები ხართ, იაპონიაში ძალიან ცოტამ  იცის ქართული ღვინის შესახებ. თუ ძალიან კონკურენტულ იაპონურ გარემოში გსურთ მოხვედრა, ვფიქრობ, ძალიან კარგად შედგენილი მარკეტინგული და ბრენდინგ-სტრატეგია გჭირდებათ. სწორი სტრატეგია უმნიშვნელოვანესი პირობაა ქართული ღვინის სამომავლო წარმატებისთვის.

საინტერესოა ასევე, ღვინის გარდა კიდევ რომელ ქართულ პროდუქციას აქვს პოტენციალი იაპონიის ბაზარზე?

თუ აგროპროდუქტებზე ვისაუბრებთ, ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს ქართული თაფლი. სამწუხაროდ, თაფლი საკმაოდ მძიმეა და როდესაც იაპონიაში ჩავდივართ, საჩუქრებად ყველასთვის ვერ მიგვაქვს. თუმცა, ქართულ პროდუქციაზე შემადგენლობის მითითებაა საჭირო, რასაც ითხოვენ როგორც იაპონურ კომპანიებში, ასევე სხვა ქვეყნებშიც. ეს საკვების უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარეობს, რაც საქართველომაც უნდა დააკმაყოფილოს.. ვფიქრობ, ამ კუთხით წარმატების მიღწევა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კი ქართულ აგროპროდუქტებს  საკმაოდ კონკურენტუნარიანს გახდის, რათა განვითარებულ ბაზრებზე მოხვდეს – იქ,სადაც საკვების უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს ითხოვენ.

იაპონურმა რესტორნების ქსელმა “მაცუიამ“ ქართული კერძის – “შქმერულის“ – გაყიდვა დაიწყო. უფრო მეტიც, ცოტა ხნის წინ ეს კერძი გამოკითხვებით ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა. ძალიან საინტერესოა, როგორ მოხვდა შქმერული“ იაპონიაში?

ეს გრძელი ისტორიაა და შევეცდები მოკლედ მოგიყვეთ. „მაცუიას“ რესტორნების ქსელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელია იაპონიაში, რომელიც საუკეთესო კერძებითაა ცნობილი. ერთ დღესაც მათ ინტერნეტში მოძებნეს საინტერესო გემოები მსოფლიოში და ასე აღმოაჩინეს “შქმერული“. არ ვიცი რატომ, მაგრამ “მაცუიას“ მარკეტინგის სამსახურმა გადაწყვიტა, რომ აერჩია “შქმერული“. შესაძლოა, ეს თქვენმა ღმერთმა შესთავაზა… (იცინის). თუმცა, ეს მცირედით განსხვავებული იყო ქართული “შქმერულისგან“, ვინაიდან ეს არის “სეტ-მენიუ“ და მას ახლავს ბრინჯი და მისო-სუპიც. და ეს ყველაფერი ღირს შვიდი დოლარი, რაც ძალიან იაფია. იაპონელმა მომხმარებელმა აღმოაჩინა, რომ ძალიან კარგი იყო ქართული და იაპონური გემოების შერწყმა.  

ცოტა ხნის წინ გახლდით რაჭის სოფელ შქმერში, სადაც ავთენტური „შქმერული“ თავად დავაგემოვნე და მინდა აღვნიშნო, რომ ის გაცილებით უფრო კარგია, ვიდრე იაპონური “შქმერული“. ამიტომაც მინდა მოვიწვიო “მაცუიას“ ქსელის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, რომ აქ დააგემოვნოს ნამდვილი “შქმერული“.

ბევრი ამბობს, რომ საქართველოს არაერთი უპირატესობა და შესაძლებლობა აქვს, მათ შორის კარგი მდებარეობა, ზღვაზე გასასვლელი, აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი დერეფანი,  ასევე ლამაზი ბუნება,  სამზარეულო. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის ქვეყნის მთავარი პოტენციალი ეკონომიკური განვითარებისთვის?

გეთანხმებით, რომ ამდენი აქტივი გაქვთ. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს აქტივები გამოვიყენოთ. და როგორ გამოვიყენოთ? რა თქმა უნდა, ტურიზმის სააგენტომ, ღვინის სააგენტომ დიდი სამუშაო გასწია. თუმცა, თუ თქვენ გსურთ, რომ მოიწვიოთ იაპონელი ტურისტები საქართველოში, თქვენ უნდა გააკეგამოიკვლიოთ, რა სურთ მათ, რომ აქ გააკეთონ. და ასევე, თქვენ რა გსურთ, რომ იაპონელმა ტურისტებმა საქართველოში გააკეთონ. ეს არის სტრატეგია. ჩემი შვილი ლონდონში ცხოვრობს და ძალიან უყვარს აქ ჩამოსვლა. მისთვის საქართველო არ არის მხოლოდ ბუნება და სამზარეულო, არამედ ძალიან მაღალი დონის მუსიკა, ხელოვნება.  დიდი იშვიათობაა, როდესაც ასეთი პატარა ქვეყანა ასე მდიდარია. თქვენ შეგიძლიათ ძალიან საინტერესო ნარატივი შექმნათ, რათა იაპონელი ტურისტები მოიზიდოთ.

როგორც წესი, იაპონელი ტურისტები ჯგუფური ტურებით ჩამოდიან საქართველოში და ძალიან ჩქარობენ, ვინაიდან ისინი მოდიან ჯერ ბაქოში, შემდეგ თბილისში და შემდეგ ერევანში, და ეს ყველაფერი – ერთ კვირაში. ასე რომ, მათ არა აქვთ დრო, რომ გაეცნონ ქართულ სუფრას, წავიდნენ მინდვრების სანახავად, და ა შ. ეს ძალიან სამწუხაროა. მე კი მინდა, რომ ქართულ სილამაზესა და სტუმარმასპინძლობას  გაეცნონ იაპონელი ტურისტები, ვინაიდან ეს მათ გამოცდილებას გაამდიდრებს.

ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ ტურიზმი არის ყველაზე დიდი პოტენციალი საქართველოსთვის?

არა, მხოლოდ ტურიზმი არა. ასევე ჰიდრორესურსები, და Tepco-მ უკვე გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსვლა. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს სოფლის მეურნეობის ინდუსტრია. თუმცა, სამწუხაროდ, ახლა საქართველოს სოფლის მეურნეობა არ არის განვითარებული და მოდერნიზებული. საჭიროა გაუმჯობესება ხარისხის კონტროლის თვალსაზრისით, ასევე წარმოების რაოდენობის სტაბილურობა და ა.შ. სოფლის მეურნეობა ძალიან საინტერესოა იაპონური კომპანიებისთვის. ასევე ღვინის წარმოება და ტანსაცმლის წარმოება. თუ თქვენ იქნებით ჩაბმულები მიწოდების ქსელში, შესაძლოა, რაღაც ნაწილი, ვთქვათ, იწარმოოს საქართველოში, მაშინ თქვენ გექნებათ უწყვეტი, შეუზღუდავი შესაძლებლობები. თქვენ გაქვთ უამრავი აქტივი და შესაძლებლობა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორ გამოიყენებთ მას.

მჯერა, რომ საქართველოს შეუძლია, სათანადოდ  კონკურენტუნარიანი გახდეს და ასევე შეასრულოს ვალდებულებები – ეს ძალიან მნიშვნელოვანია იაპონური კომპანიებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, არამედ ყველა უცხოური ბიზნესისთვის.

გასულ წელს იაპონიის წამყვანმა საკონსულტაციო საინჟინრო კომპანია Nippon Koei-მ დაიწყო ანაკლიის პროექტის დეტალური შესწავლა. შემდეგ ვიცით, რაც მოხდა, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდა. საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება ამ პროექტთან დაკავშირებით…

ბევრი ადამიანისგან გამიგია, რომ ანაკლია მნიშვნელოვანია. ძალიან ვწუხვარ, რომ ანაკლიის პროექტი შეჩერდა.ის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებისთვის, თუმცა ეს ქართულ მხარეზეა დამოკიდებული. ნება მიბოძეთ, ვისაუბრო Nippon Koei-ზე, რომელიც ძალიან გამოცდილი კომპანიაა. მან ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა ჩაატარა. ამ კომპანიას ჰყავს ძლიერი ექსპერტები და მათ აქვთ წარმატების მაგალითები აზიის ქვეყნებში. მათი დასკვნით, ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის ოპერირება დამაიმედებელია. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუ ადეკვატურად განვითარდება ღრმაწყლოვანი პორტი, ანაკლიის ქალაქი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა – დამაკავშირებელი გზები აეროპორტთან, პორტთან, შიდა გზები თუ სარკინიგზო ხაზები. განსაკუთრებული ინფრასტრუქტურის გარეშე სპეციალური ეკონომიკური ზონა ვერ იმუშავებს. ასე რომ, ვიმედოვნებ, იაპონური კომპანია გაუძღვება ამ კუთხით ეკონომიკური ზონის განვითარებას.

სპეციალური ეკონომიკური ზონა იქ მცხოვრებლებს გარკვეულ პირობებს უწესებს:  მაგალითად, როდესაც კომპანია შემოდის და ამ ზონაში აშენებს ქარხანას, ერთ-ერთი მოთხოვნა არის ნარჩენების მართვა, ასევე დასაქმებულების ტრენინგები. საერთო ჯამში, ასეთი პირობები ხელს უწყობს ბიზნესკულტურისა და გარემოს გაუმჯობესებას. თითოეულ მცხოვრებს და კომპანიას სურს, ისარგებლონ ძალიან მოხერხებული და კომფორტული სპეციალური ეკონომიკური ზონის მომსახურებებით. ეს კარგია ქართველი ხალხისა და მთავრობისთვის, ვინაიდან დაახლოებით 100 საერთაშორისო კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დაიწყებს ოპერირებას ამ ჩვენი პირობების მიხედვით. ეს პირობები კი შექმნილია იმისთვის, რომ ეს კომფორტული იყოს ადგილობრივებისთვის და ქვეყნისთვის. ეს კარგი კომბინაციაა სხვადასხვა მხარისთვის – არა მხოლოდ კომპანიისთვის, რომელიც იქ ფულს გააკეთებს, არამედ ხალხისთვის, მთავრობისთვის, საზოგადოებისთვის. ასე რომ, ვიმედოვნებ, რომ ისინი დაბრუნდებიან.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *