ის, რაც 2020-ის აგვისტომდე მოხდა

აქტიურ დიპლომატიურ სამსახურში რომ ვყოფილიყავი, მოხსენებით ბარათს აუცილებლად დავიწყებდი შემდეგი სიტყვებით: "განვლილ საანგარიშო პერიოდში“...

2020 ისე დაიწყო, თითქოს სხვა არც არაფერი უნდა ყოფილიყო ჩემს გლობალურ დღის წესრიგში, გარდა საერთაშორისო უსაფრთხოებისა და პოლიტიკის საკითხებისა. 3 იანვარს ყველაზე გავლენიანი ირანელი სამხედროს, გენერალ ქასემ სოლეიმანის ბაღდადის აეროპორტში მკვლელობას უნდა განესაზღვრა მომდევნო თვეების, და შესაძლოა წლებისაც, მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური ტენდენციები. ისედაც დაძაბულ აშშ-ირანის ურთიერთობებს თუ დავამატებთ აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიას, რომლის ერთ- ერთ მთავარ, საშინაო მოხმარების საგარეო პოლიტიკურ თემას 2020-მდე სულ ცოტა ხნით ადრე წარმოადგენდა ირანი – მისი ბირთვული პროგრამით დაწყებული, სპარსეთის ყურეში ტანკერებზე გახშირებული თავდასხმებით გაგრძელებული და აშშ- ის ადმინისტრაციის “მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკით განპირობებული სულ უფრო და უფრო მკაცრი სანქციებით დასრულებული, თამამად შეიძლებოდა სპარსეთის ყურეში და, უფრო ფართოდ – ახლო აღმოსავლეთში, სამხედრო დაპირისპირების პროგნოზირება. ყველას ენის წვერზე ჰქონდა კითხვა: იქნება თუ არა ომი ირანთან?“ ეს არ იყო მხოლოდ ექსპერტების ვარაუდები. მსოფლიო ლიდერები და წამყვანი სახელმწიფოების პირველი დიპლომატები აკეთებდნენ განცხადებებს – ზოგი მათგანი ძალიან ომახიანს და ზოგიც ძალიან შეშფოთებულ და “შავღრუბლიანს“.

როდესაც ირანმა ერაყში განთავსებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის ცოცხალი ძალისა და ტექნიკისგან დაცლილ ბარაკებზე, პრაქტიკულად წინასწარ შეთანხმებული, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რასაც, ფაქტობრივად საათებში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მისთვის არადამახასიათებელი, მოდუნება/დამშვიდებაზე ორიენტირებული განცხადება მოჰყვა, ხოლო ირანის ისლამური რესპუბლიკის პროპაგანდისტულმა მანქანამ რამდენიმე ჩაფერფლილი შენობა-ნაგებობის კადრების დემონსტრირება ქასემ სოლეიმანის მკვლელობაზე გამანადგურებელ შურისძიებად შეფუთა, თუმცა იქვე დასძინა, რომ მას არ სურს ომი ამერიკასთან, მსოფლიომ შვებით ამოისუნთქა: ომი არ იქნება.

ამ დამშვიდებას კიდევ უფრო პოზიტიური და იმედის მომცემი ამბავიც მოჰყვა: 2020 წლის 15 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა და ჩინეთის პირველმა ვიცე-პრემიერმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო შეთანხმების პირველი ფაზის ხელშეკრულებას. ირგვლივ ყველა კმაყოფილი იყო: ამერიკელი ფერმერი/ამომრჩეველიც, ჩინელი კომუნისტიც, ევროპელი ბიზნესმენიც და თქვენი მონა-მორჩილი საერთაშორისო მიმომხილველიც.

ამ დროს, ზუსტად იმავე დღეს, როდესაც ეს უმნიშვნელოვანესი შეთანხმება ფორმდებოდა, ჩინეთის უჰანის პროვინციიდან აშშ-ის ჩრდილოდასავლურ ვაშინგტონში დაბრუნდა ამერიკელი, რომელსაც დაუდგინდა...

ერთს, მეორეს, მეასეს, მეათასეს ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და ესპანეთში დაუდგინდა იგივე...

დაუდგინდა, მაგრამ ჯერ მაინც არ იმჩნევდნენ – პოლიტიკოსები პოლიტიკოსობდნენ, კორპორაციების ბოსები ბოსობდნენ, ტურისტები ტურისტობდნენ, უძველესი პროფესიის ერთგული მუშაკები კი ჩვეულ რიტმში... შრომობდნენ.

აი, რაც მერე მოხდა, ახლა კი ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ თვეების წინ კარგა ხანს შოკიდან ვერ გამოვედით. არც კი მინდა გახსენება და, სრულიად შეგნებულად, ყველას ლექსიკონში უცებ რომ დამკვიდრდა რამდენიმე საკვანძო სიტყვა, მათი ხსენება.

თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროს პირობებში საგანგებო სამიტებიდან, “საოჯახო“ ფოტოების, ერთობლივი დეკლარაციებისა და კულუარული ინფორმაციების მაგივრად, მივიღეთ ერთ ეკრანზე გამოტანილი ხან 7, ხან 20, ხან 28 და ხან კიდევ სულაც “ორმოზდარვა“ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანი, საყვარლად ჩარჩოებში მოქცეულნი და ერთურთთან ათასობით კილომეტრით მოუბარნი.

გაჩერდა! დიახ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გაჩერდა ეკონომიკები, გაჩერდა (ცოტა ხნით) ომები, გაჩერდა სპორტი, კულტურა, დასვენება და ახალი ფილმების გადაღება. რად გვინდოდა ფილმები? რაც მანამდე გვინახავს ფანტასტიკის ჟანრიდან და გაგვიგია “სიმფსონებისგან“, თურმე იმაში ამოვყავით თავი ჩვენ თვითონ; ოღონდ ყველამ ერთად – შვიდმა მილიარდმა ადამიანმა.

ხო, გაჩერებაზე გამახსენდა და რაც ზემოთ ჩამოვთვალე და კიდევ რაც არ ჩამოვთვალე, იმან ერთ-ერთი პირველი (რას დაარტყამდა სხვას) ნავთობის ფასები დააგდო ნოკდაუნში. თითქოს სოლიდარობის დრო იყო, მაგრამ სადაც რუსეთია, იქ “სოლიდარნოსტ“-ს რა უნდა. ოპეკი – იუპეკი (აღმოსავლურად “აბრეშუმს“ ნიშნავს – ლოგიკაში ჯდება, ისეთი ამბები ატყდა ნავთობზე). ჩვენ არ ვიცით, ვისაც წარმოების გაზრდა არ გნებავთ, გაგვატარეთო. საუდის არაბეთმა გზაც დაულოცა და სადაც შენი წარმოების მოცულობების ზრდა დაიკვეხნო, იქ ჩემიც არ დაგავიწყდესო. უჰ, როგორ მიყვარს ნავთობის ფასების ვარდნაზე თვალყურის დევნებაა?! მართლა მაგარ აზარტში ვვარდები.

მე კი მიყვარს, მაგრამ აბა, მე ვინ რას მკითხავს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტსა და საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს შორის შუამავლის როლი იკისრა და “ბრენტის“ მარკის ბარელი ნავთობის ფასის 10 დოლარამდე ვარდნა ჰაერში გააჩერა. ჩვენში რომ დარჩეს, არც დღეს ვარ ძალიან უკმაყოფილო (ამ ბლოგის წერის მომენტში ბრენტის ფასი 43 დოლარია).

გაჩერდა - მეთქი, აკი გითხარით, მაგრამ არა ყველგან – მაგალითად, ლიბიაში, ნავთობით ასევე ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყანაში. იანვრის პირველ რიცხვებში გაერო-ს მიერ აღიარებულმა ლიბიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება თურქეთისთვის სამხედრო დახმარების ოფიციალურად თხოვნის შესახებ. ო, რა მოულოდნელად (ვითომ) ჩამოჰკრა უბედურების ზარმა ამბოხებული მარშალ ჰაფთარის თავზე! მოულოდნელად, თუ მოსალოდნელად, ისეთი ძალით შემოსცხო ასკერთა არმიამ, რომ დღეს უკვე კარგა მოშორებით არიან დედაქალაქ ტრიპოლიდან, მისი აღების ზეიმისთვის სამზადისში მყოფი ჰაფთარის, ვაგნერისა და კიდევ მავანთა სამხედრო ძალები.

მანამდე ხომ სირიაშიც ვითარდებოდა პროცესები. იქაც თურქეთი, ისევ რუსეთი და... ამა თუ იმ ფორმითა და ზომით – დასავლეთი.

რუსეთი რამდენჯერმე ვახსენეთ. ჩვენ, ქართველები, ნაკლებად, მაგრამ ის, რაც პრეზიდენტმა პუტინმა ჰქმნა, ანუ როგორც ის “განულდა“, ბევრი დასავლელი გააკვირვა და, იმედია, გამოაფხიზლა.

დასავლეთს კი თავისი პრობლემები ემატებოდა და ემატებოდა. მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობაო, კი ექნებათ დასავლელ პოლიტიკოსებსა და ჩინოსნებს გაგონილი მაინც დიდი ილიას სიტყვები (მათმა ელჩებმა რომ იციან, ამაში არაერთხელ დავრწმუნდით), ალბათ “ძალა ერთობაშიაც“ (ეგ თუ არა, “ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის“ მათი დიდი მწერლის მოფიქრებულია), მაგრამ რად გინდა – დიდი ბრიტანეთი წავიდა და უკან მოხედვაც არ უნდა, დარჩენილებს კი მდგომარეობიდან გამოსასვლელად დასახარჯი 740 მლრდ ევროს გადანაწილება სხვადასხვანაირად უნდათ.

რა კარგად დავიწყე, გახსოვთ? “... გაფორმდა აშშ-ჩინეთის ისტორიული შეთანხმების პირველი ფაზის ხელშეკრულება“... სადღაა ასეთი იმედის მომცემი სიახლეები! ჰონკონგში “ერთი ქვეყნის, ორი სისტემის“ პრინციპი დასამარდა, კომუნისტური პარტიის აგიტ. პროპი კიდევ უფრო მეტად აბობოქრდა, მაგრამ, რაც მთავარია, მთელი დანარჩენი მსოფლიო გადაირია, ასე ჩუმად ეს ღამურა/ები როგორ გაგიფრინდათ და ერთი სიტყვა არ დაგცდათო.

გადარეულნი იყვნენ მოწინავენი და მოკრძალებულნი. ვის აქვს კამპანია ჩვენისთანა? ეპითეტებით, ბრალდებებით და მუქარებით აღსავსე? რა თქმა უნდა, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. ვიღას ახსოვს ირანი და სპარსეთის ყურე? მთელი მსოფლიო ახლა აშშ-ჩინეთის ცივ ომზე ლაპარაკობს. მსოფლიო ლაპარაკობს, დონალდ ტრამპი კი მოქმედებს.

შედეგად იხურება საკონსულოები ორივე მხარეს, სარკისებურად განიხილება სანქციები და აქტიურად გადაადგილდება მთელ მსოფლიოში უზარმაზარი ავიამზიდები. იმედია, ვინც არ უნდა მოიგოს აშშ-ის არჩევნებში, ასეთი რეჟიმი 3 ნოემბრამდე გაგრძელდება. იმედია...

ალბათ თქვენც დააკვირდებოდით, რომ ბლოგებშიც და სატელევიზიო მიმოხილვებშიც სულ ვცდილობ ხოლმე, შეძლებისდაგვარად ღია ფერებსა და ტონალობებში მოგაწოდოთ მსოფლიოში მიმდინარე ამბები.

აბა, ცოტა “ლაითად“ თუ არ შევხედეთ, ისე როგორ გინდა, აღწერო ის, რაც მოხდა აგვისტოს 2020-მდე?

პ.ს. როგორც წესი, ასეთ ბლოგს მომავლის პროგნოზის შემცველ რამდენიმე აბზაცსაც დავურთავდი ხოლმე, მაგრამ ის, რაც და როგორც ამ დრომდე მოხდა, ამ რისკის აღების ყოველგვარ სურვილს მიკარგავს.

ჩვენ გირჩევთ

ყველაზე პოპულარული

Forbes Georgia. 2020 წლის აგვისტო-სექტემბრის ნომერი

ყველაზე პოპულარული

ყველაზე პოპულარული

წინა სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ კოდაში ნუშის ბაღი გაშენდება
13 August, 2020

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკის დაფინანსებით დიდ ბრიტანეთში სწავლას კიდევ სამი ქართველი სტუდენტი გააგრძელებს
14 August, 2020
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
თუ ნატვრაა, ნატვრა იყოს!
ინტერვიუ | Nov, 16, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker